"უცნაურად მოვწყდი, დამეძინა, თითქოს ნარკოზი მქონდა გაკეთებულიო"
19-09-2021
"უცნაურად მოვწყდი, დამეძინა, თითქოს ნარკოზი მქონდა გაკეთებულიო"
"1966 წლის 14 სექტემბერს დავიბადე გორის სამშობიაროში. მყავდა ტყუპისცალი და. ჯერ ის დაბადებულა - 2,500 გრამი და შემდეგ მე - 2,700 გრამი. დედას უთხრეს, ერთ-ერთი ბავშვი სუსტი იყო და დაიღუპაო, მაგრამ არავითარი საბუთი არ მიუციათ. არც ცხედრის გადასვენება შეუთავაზებიათ და სხვებისგან განსხვავებით, არც თანხა გამოურთმევიათ მის დასამარხად... ბევრჯერ გამიჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება ცოცხალი იყოს, მაგრამ ძებნის დაწყებას ვერ ვბედავდი. 6 წლის წინ ერთი ქალის ნათქვამმა საამისო სტიმული მომცა. მან აღნიშნა,
- ბორჯომიდან დადის ერთი ქალი, რომელიც ძალიან გგავსო. ამ ქალს ვუთხარი, ტყუპისცალი უნდა მყოლოდა და არ მყავს. იქნებ რამე გვაკავშირებს. გთხოვ, მის მოძებნაში დამეხმარე-მეთქი. ამ ქალმა არათუ დახმარება არ გამიწია, სულ გაქრა. ახლახან, როდესაც დიდი ძალისხმევის შემდეგ ვიპოვე და წლების წინ ნათქვამი შევახსენე, უარყო, ასეთი
არაფერი მითქვამსო... არ ვიცი, ამის მიზეზი რა გახდა, მაგრამ მე გამიმძაფრდა დის ძებნის სურვილი. იქნებ ჩემი ეჭვი გამართლდეს და ნანატრი და ამ ასაკში მაინც ვიპოვო", - ეს 55 წლის მზია ტერტერაშვილის წერილია. სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვეძებ" დადებული მისი ფოტოს ქვეშ უამრავი კომენტარია და უმეტესობა ასეთი ხასიათის: "ვაიმე, ვიღაცას გამსგავსებ და ვერ ვიხსენებ". ზოგმა პირდაპირ მისწერა, რომ მსახიობ ეკა მჟავანაძეს ძალიან ჰგავს, მაგრამ მოგეხსენებათ, ქალბატონი ეკა არავის ეძებს, ის ბიოლოგიური მშობლების ოჯახში გაიზარდა და დედმამიშვილებიც ჰყავს, რომლებიც ასევე ძალიან ჰგვანან მას.

- გორში, სოფელ კარალეთში ვცხოვრობ. ჩემი მშობლები გვიან, 30 წლის ასაკში დაქორწინდნენ. ერთ წელიწადში დედა ფეხმძიმედ დარჩა, მაგრამ როგორც მიამბობდა, 7 თვის ორსულს, 1964 წელს "მუცელი მოსწყდა". წაუყვანიათ თბილისში, ნახალოვკაში ამშობიარეს და როგორც დედას უთხრეს, ჩვილი გარდაცვლილი დაიბადა. მეორე ფეხმძიმობა იყო 1965 წელს და დედამ უკვე გორში იმშობიარა. ამბობდა, - ჩემი პატარა ამჯერად თვითონაც ვნახე, მკვდარი იყოო. ექიმს ადანაშაულებდა, - იმან თავი გაუტეხაო.

- გაუვარდათ ბავშვი?
- არ ვიცი, გაუვარდათ თუ მაშით დააზიანა ექიმმა, მაგრამ დედა იმეორებდა, თავი გაუტეხესო... მესამე მშობიარობა ჩემზე იყო, 1966 წელს. რადგან მანამდე ორჯერ იმშობიარა და ორივე შემთხვევაში ბავშვის გარეშე დაბრუნდა შინ, ბებიას ის წინასწარ წაუყვანია გორის სამშობიაროში და იქ დაუწვენია. 15 აგვისტოს მამიდა გარდამეცვალა და ამ დროს დედა უკვე სამშობიაროში ყოფილა, მე კი 14 სექტემბერს ვარ დაბადებული. გამოდის, მშობიარობამდე ერთი თვე საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. სანამ დედა გარდაიცვლებოდა, რამდენჯერმე მოვაყოლეთ მშობიარობის ამბავი. ჰყვებოდა, იმდენი ექიმი იყო და მარტო რუსი ქალი იძახდა, რომ ტყუპს გავაჩენდი. როცა მუცელი ამტკივდა, შემიყვანეს ბლოკში და პირველი ბავშვი რომ დაიბადა, გავიგონე, თქვეს, მკვდარიაო. მერე არაფერი მახსოვს, რადგან უცნაურად მოვწყდი, დამეძინა, თითქოს ნარკოზი მქონდა გაკეთებულიო. უკვირდა, არ ვიცი რა დამემართა, რადგან ფიზიოლოგიური მშობიარობა მქონდა და წესით არ უნდა დამძინებოდაო. იმასაც ჰყვებოდა: სანამ დამეძინებოდა, ეს სიტყვები გავიგონე: "მეორე პალატაში რომ ქალია, მივცეთო". ჰოდა ვიფიქრე, რადგან ჩემს შვილზე თქვეს, რომ მკვდარი დაიბადა, იმისი შვილი უნდა მოეცათ და ძლივს ამოვთქვი, რომ ეს არ გაეკეთებინათ, მერე არაფერი მახსოვსო. როცა გონს მოვიდა, ისიც არ იცოდა, რომ ცოცხალი ვყავდი. ჩემმა შვილმა ჰკითხა ერთხელ: გარდაცვალების ცნობა თუ გამოგატანესო? - არა, მაგრამ ის ვის ახსოვდა? იმის დარდი მქონდა, ეს ერთი შვილი, ძლივს რომ შემრჩა, კარგად მყოლოდაო. მართლაც, მშობლები თავს მევლებოდნენ. მამაჩემი პედაგოგი გახლდათ, ბავშვები ძალიან უყვარდა და იტყოდა ხოლმე, რა მოხდებოდა, ერთი შვილიც შეგვრჩენოდაო.


- როგორც ამბობთ, სამშობიაროში ერთი თვე გაატარა. ვინმეს არ დაუახლოვდა? შესაძლოა იმ დროს იქ მყოფმა რომელიმე პაციენტმა ან ექიმმა, ვინც დღეს ცოცხალია, იცოდეს სიმართლე...
- ერთადერთი ქალი ვიცი, რომელიც ცოცხალია. დედამ და ამ ქალმა ერთ დღეს იმშობიარეს. აუცილებლად მივალ მასთანაც, იქნებ იცის რამე. დედა ამ ქალს ხშირად ახსენებდა, კარგი ადამიანიაო.

- იმ ქალზე, ვისზეც თეთრხალათიანები ამბობდნენ, გვერდით პალატაშიაო, დედათქვენმა არაფერი იცოდა?
- არა, სამწუხაროდ, მასზე არაფერი იცოდა.


- ქალზე ჰყვებოდით, რომელმაც ეჭვი გაგიღვივათ, რომ თქვენი ტყუპისცალი შეიძლება ცოცხალია...
- ხშირად მიხდება დიღმის მასივში ყოფნა. იქ სახაჭაპურეში მივდიოდი ლამის ყოველ კვირას. ერთ-ერთი მათი თანამშრომელი ხშირ-ხშირად მეუბნებოდა: ვა, რა მაგრად ჰგავხარ ერთ ბორჯომელ ქალსო. ერთხელაც ვუთხარი, - იცი, რომ ტყუპისცალი ვარ? გამიკითხე ერთი, ვინ არის-მეთქი. ცოტა ხანში ამ ქალმა სამსახური გამოიცვალა. რომ მოვიკითხე, მითხრეს, - წავიდა, ჩვენთან აღარ მუშაობსო. დიდხანს ვეძებე და ბოლოს მაინც მივაგენი. ამ სამი თვის წინ დავურეკე და ვკითხე, რამე ხომ არ გაგიგია-მეთქი? - უიმე, არ მასოვს, ეგ როდის გითხარიო. არადა, მე და ჩემი ბიჭი ერთად მივდიოდით ამ სახაჭაპურეში, ეს ქალი სულ ამას მეუბნებოდა და რა, ორივეს გველანდებოდა? რომ ვუთხარი, როგორ არ გახსოვს-მეთქი? - არა, ბორჯომთან შეხება არ მაქვსო. თან დასძინა, - უფ, შენ რა კარგი მაწონი მოგქონდაო. ის თუ გახსოვს, რომ კარგი მაწონი მქონდა, რას მეუბნებოდი ლამის ყოველ კვირა, ის არ გახსოვს-მეთქი? მაგრამ უარყო.

მერე ჯგუფი "ვეძებ" ვიპოვე და აქაც განვათავსე პოსტი, იმედით, - იქნებ ვინმემ მიმამსგავსოს იმ ქალს-მეთქი... იცით, მთელი ცხოვრება ვიღაცას ვეძებდი და ამის გამო, სულ ვიღაცას "ვეწებებოდი" - ხან დეიდაშვილებს, ხან მეგობრებს, მერე გავთხოვდი და ქმრის დედამამიშვილებს მივეჯაჭვე.

- თქვენს პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა...
- კი, ხან ვის მიმამსგავსეს, ხან - ვის და მეც მოვიძიე საქართველოს მასშტაბით ყველა (იღიმის). ბევ
რმა აღნიშნა, მსახიობ ეკა მჟავანაძეს ჰგავხარო. მერე ქალბატონი ეკას დისშვილმა დააკომენტარა: დეიდაჩემს 2 და ჰყავს და ისინიც ჰგვანან ერთმანეთსო. მართლაც, მარტო გარეგნობით ვერაფერს დაადგენ, მაგრამ ასეთ დროს ხავსსაც ეჭიდები ადამიანი და მეც კახეთში მასწავლებელს დავუკავშირდი, ქუთაისში - მკერავს, თბილისში - "პარიკმახერს"... მოკლედ, სად არ ვიარე...


ერთი კარგი ამბავი უნდა გითხრათ. ერთმა ანონიმურად გამომიგზავნა ფეისბუკ-ლინკი, ამ ქალს ძალიან ჰგავხართო. ეს ქალბატონი ამჟამად იტალიაშია, ქალაქ ბარიში. ამ ქალაქში ჩემი სოფლიდანაც არიან წასულები და მათ ვკითხე, შემთხვევით ამა და ამ ადამიანს ხომ არ იცნობთ-მეთქი? კიო და დამაკავშირეს. გავიცანით ერთმანეთი და მერე მითხრა: ჩემი და ვერ იქნები, მაგრამ მართლა ძალიან მგავხარ. ისე, მე სამ ძმას ვეძებ; სამი მშობიარობა დედამ ისე გამოიარა, სახლში არც ერთი შვილი არ გამოატანესო. მერე მთხოვა, გამაწევრიანე იმ ჯგუფში, სადაც შენ ხარო. დილას გავაწევრიანე და საღამოს მირეკავს: მზია, ძმა ვიპოვეო. ლამის გავგიჟდი სიხარულისგან. - რას ამბობ, ნონა-მეთქი? - კი, ჩემი მკვდრად გამოცხადებული ძმა კახეთში ვიპოვეო. მერე ჩამოვიდა ეს გოგო საქართველოში, გაიკეთეს დნმ-ტესტი და დადასტურდა მათი და-ძმობა. იქნებ მეც შევძლო და გავიკეთო ეს ტესტი. ვინ იცის, იქნებ ჩემი დაც მეძებს და ამ გზით გაგვიადვილდება შეხვედრა... იცით, ხშირად არაფრის გამო, მეც მეცვლება ხასიათი. შეიძლება წამიერად გავხდე ცუდად. ახალგაზრდობაშიც ასე იყო. ჰოდა, იქნებ ტყუპის ინტუიცია არ შეცდეს, ღმერთმა ქნას ვიპოვო.

- საკუთარი ინიციატივით თუ შეგეხმიანათ ვინმე?
- თერჯოლელი გოგო შემომეხმიანა, დედაჩემია ზუსტად მაგ დღეს, 1966 წლის 14 სექტემბერს დაბადებული. არაფერი იცის თავის წარმომავლობაზეო. ბიძამ, რომელიც იყო ხაშურელი, საავადმყოფოს მთავარი ექიმი, თურმე ჩვილი აიყვანა და თავის დას ჩაუყვანაო. რაღაც გვარები მითხრა, მაგრამ არ დაემთხვა... კიდევ ერთი გორელი ქალი შემომეხმიანა, 66 წელს დაბადებული, მაგრამ ჩვენ შორის გარეგნული მსგავსება არაა, ჩემნაირი ფუმფულა არ გახლავთ (იცინის).
"იუსტიციაშიც" მივედი, გორში და დედაჩემის მშობიარობის რიგითობის საბუთი მოვითხოვე. უწერია, რომ 1965 წელს გააჩინა ბავშვი, რომელიც გარდაიცვალა და მეორე მშობიარობად მინიშნებულია 1966 წლის 14 აპრილი, მაგრამ მე სინამდვილეში 14 სექტემბერს დავიბადე, ჩემი ტყუპისცალი კი ნახსენებიც არაა. ეს არასწორი ჩანაწერიც მაიმედებს, რომ შესაძლოა ვიპოვო.
სამი შვილი მყავს და ისინიც სტიმულს მაძლევენ. ხშირად მეუბნებიან, ვინ იცის, იქნებ გვყავს დეიდა და დეიდაშვილებიო. მეც ამის იმედი მაქვს...

P.S. თუ ჩვენთან დაკავშირებას მოისურვებთ, შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე: 558 25.60.81. ანონიმურობა გარანტირებულია.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?