"დედაჩემი ყოველ წუთს მირეკავდა, მაგრამ ზოგჯერ ტელეფონი არ იჭერდა... სანერვიულო აღმოჩნდა, მაგრამ კარგი გამოცდილებაც მივიღე"
20-09-2021
"დედაჩემი ყოველ წუთს მირეკავდა, მაგრამ ზოგჯერ ტელეფონი არ იჭერდა... სანერვიულო აღმოჩნდა, მაგრამ კარგი გამოცდილებაც მივიღე"
პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების გამო ჩაშლილი კონცერტების შემდეგ, მომღერალი თათა გიორგობიანი თბილისის ცხელ ამინდს შინ აფარებს თავს. მიაჩნია, რომ სიტუაციას უნდა მოვერგოთ და პასუხისმგებლობა გავიაზროთ...

- თათა, როგორ ხარ, ზაფხული როგორ გაატარე?
- კარგად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, კონცერტები გაუქმდა, ისევ ხალხის უსაფრთხოებისთვის. სამწუხაროდ, პირველ რიგში, პანდემია მუსიკოსებს, ხელოვან ადამიანებს "გვირტყამს": ჩვენთვის შექმნილი სიტუაცია ორმაგად რთულია, რადგან ჯანმრთელობაზეც უნდა ვიზრუნოთ და სამსახურზეც,
საყოფაცხოვრებო პრობლემებზეც... მოსახლეობის დიდი ნაწილი (განსაკუთრებით - ხელოვნების სფეროში დასაქმებული) ფაქტობრივად, უმუშევარი დარჩა, მაგრამ ვფიქრობ, როგორც პანდემიის წინა სამი ტალღა გადავიტანეთ, რაღაცნაირად, მეოთხე ტალღასაც დავძლევთ, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით. ამის დიდი იმედი მაქვს. ამჟამად სხვა რაღაცებზე "გადავერთე": ვხატავ, ვცეკვავ, იოგით ვარ
დაკავებული, ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ მასალებს ვკითხულობ...

- ალბათ რეგულაციების გამკაცრებამდე კონცერტებში მონაწილეობა მოასწარი. როგორ ახერხებდი რეკომენდაციების დაცვას?
- პანდემია ყველასთვის დიდი გამოწვევაა: არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ სათავეში პროფესიონალი ადამიანები გვყავს, რომლებიც ხალხს რჩევებს აძლევენ, მაინც შეუძლებელია, რეკომენდაციები 100%-ით შესრულდეს. ყველა ქვეყანაში ასე ხდება, მაგრამ თანადგომით და ინდივიდუალურ დონეზე პასუხისმგებლობის აღებით შევძლებთ, მაქსიმალურად დავიცვათ თავი. პირადად მე აცრისკენ არავის მოვუწოდებ; არც - იმისკენ, რომ არ აიცრან. ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, კაცობრიობის მნიშვნელოვანი ღირებულება თავისუფლებაა. პირადად მე ავიცერი, რადგან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა მქონდა (თუმცა დისტანციას ვიცავდი). ჩემს ბენდშიც უმრავლესობა აიცრა. თავს ასე ვიცავდით. ზემდგომ ორგანოებს რაც შეეხება, რომლებიც სრულიად სახელმწიფოში სიტუაციას არეგულირებენ, რა თქმა უნდა, ხალხის სასიკეთოდ მოქმედებას ცდილობენ. კარგი იქნება, თუ მათ რეკომენდაციებს, რჩევებს გავითვალისწინებთ, პასუხისმგებლობას ყველა გაიაზრებს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ერთმანეთს ვუფრთხილდებით. უნდა გავერთიანდეთ, რომ პანდემია მალე დავძლიოთ.

- ბათუმში თქვენს კონცერტებზე ხალხი პანდემიასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს იცავდა?
- ხალხს სცენიდან მიკროფონითაც ხშირად მოვუწოდებდით, რომ პირბადეები არ მოეხსნათ. დაცვის თანამშრომელიც ამისკენ მოუწოდებდა... ფართობიც, სადაც კონცერტი იმართებოდა, ისე იყო გათვლილი, რომ ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა შესაძლებელი ყოფილიყო. მეგობრები ალბათ მაინც ერთად იდგნენ... საბოლოო ჯამში, რეკომენდაციებს ზოგი იცავდა, ზოგი - არა. ესეც ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა. დღეს ვიღაცები თბილისის ქუჩებშიც პირბადის გარეშე დადიან. ყველა საკუთარ თავზე აგებს პასუხს...

- კორონავირუსი გადაიტანე?
- კი. სხვათა შორის, ორჯერ გადავიტანე: ჯერ 2019 წლის ბოლოს, დეკემბერში, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი მქონდა. 7 დღე პარალიზებული ვიყავი, შემდეგ ფილტვების ანთებაში გადამეზარდა და ანტიბიოტიკებიც დამჭირდა... მეორედ უკვე დადასტურებულად კორონავირუსი გადავიტანე, ოღონდ - ადვილად. თან, უნებურად მთელ ოჯახს გადავდე. საავადმყოფო პაციენტებით გადაჭედილი იყო. მივიჩნიე, რომ იქ არ უნდა გადავსულიყავი, რადგან ადგილი მძიმე პაციენტებს უფრო სჭირდებოდათ. სახლში დავრჩი. ცალკე ოთახში იზოლირებული ვიყავი, მაგრამ რაღაცნაირად, ოჯახის წევრებს ვირუსი მაინც გადაედოთ. საბედნიეროდ, ყველამ იოლად გადავიტანეთ. დღეს მეც და ჩემი ოჯახის წევრების უმრავლესობაც აცრილები ვართ...
- პანდემიასთან დაკავშირებულმა გამკაცრებულმა რეგულაციებმა საზაფხულო არდადეგებშიც შეგიშალა ხელი?
- პრინციპში, იმდენად ბევრი კონცერტი გვქონდა დანიშნული, რომ ფაქტობრივად, დასვენების დრო არ გვრჩებოდა. რაკი ისე მოხდა, რომ კონცერტები ჩაიშალა, დრო გამოგვითავისუფლდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში დასასვენებლად წასვლა მიზანშეწონილი არ არის. ჯობია, ცოტა ხნით თავშეკავებულად მოვიქცეთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, სახლებში დავრჩეთ... მოკლედ, დასასვენებლად ვერსად წავედი, თუმცა მეგობრებთან ერთად, სვანეთის ნახვა და საერთოდ, მთელი საქართველოს მოვლა მინდოდა, რადგან ვფიქრობ, საზღვარგარეთ წასვლას ჯობია, შიდა ტურიზმს შევუწყოთ ხელი და საკუთარი ქვეყანა ხელახლა აღმოვაჩინოთ. საქართველოში უამრავი ულამაზესი ადგილი გვაქვს, რომლის შესახებაც კარგად ჯერ ჩვენც არ ვიცით... სამწუხაროდ, გეგმები ვერ განვახორციელე...

- გახსოვს, უფროსების მეთვალყურეობის გარეშე პირველად როდის დაისვენე?

- მახსოვს: დაახლოებით 20 წლის ვიყავი. ბორჯომის ტყე-პარკში, სამეგობრო ლაშქრობაში წავედით, კარვები წავიღეთ. დაახლოებით 8 ადამიანი ვიყავით. დედაჩემი გაგიჟებული იყო, ისე ნერვიულობდა! ყოველ წუთს მირეკავდა, მაგრამ ზოგჯერ ტელეფონი არ იჭერდა... უფროსების გარეშე პირველი დასვენება ძალიან ემოციური და სანერვიულო აღმოჩნდა, მაგრამ კარგი გამოცდილებაც მივიღე, თან ლამაზი მოგონებები, დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა...

- საერთოდ, როგორი ტიპის დასვენებაა შენთვის ყველაზე კომფორტული?
- სხვათა შორის, ზღვაზე მეტად, მთა მიყვარს. არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი წარმოშობის ბრალია - რაჭველი ვარ (იღიმის), თუმცა მთავარია, ბუნებასთან ახლოს ვიყო. ადამიანი აქ სხვაგვარად იმუხტება - ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად... ყველასთვის აუცილებელია, რომ წელიწადში რამდენჯერმე მაინც ბუნებაში გავიდეს...

- ახლა თბილისის ცხელ ამინდს სად აფარებ თავს?
- მთაწმინდაზე ვცხოვრობ. აქ შედარებით გრილი, მწვანე გარემო გვაქვს. ეს ყველაფერს მიადვილებს, თუმცა მაინც რთულია, რა თქმა უნდა. ჯობს, ცოტა ხნით მოთმინება გამოვიჩინოთ, სიტუაციას შევეგუოთ, საკუთარი თავი მოვთოკოთ - ასეთი დრო დაგვიდგა. იმედია, მომავალში ყველაფერი უკეთ იქნება: გარეთ ლაღად გავალთ, ერთმანეთს ვნახავთ, გადავეხვევით, მოვეფერებით (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები