"იმისთვის, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა იყოს თავიდან აცილებული, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 80% უნდა აიცრას" - კვირის პალიტრა

"იმისთვის, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა იყოს თავიდან აცილებული, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 80% უნდა აიცრას"

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა იყოს თავიდან აცილებული, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 80% უნდა აიცრას. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, თუ არსებული ტემპი შენარჩუნდება, ქვეყანაში ოქტომბრის ბოლომდე ვაქცინაციის მაჩვენებელი 40-45%-ს მიუახლოვდება.

"60 პროცენტი იყო ჩვენი პირვანდელი სამიზნე. ბუნებრივია, რაც უფრო მეტი იქნება იმუნური მოსახლეობა, მით მეტი იქნება დაცვის ხარისხი, როგორც მიმდინარე, ასევე ახალი შტამებისგან. რეალურია ის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს მოცვის 60 %-იან სამიზნეს. დღევანდელი მაჩვენებლით ჩვენ ვართ ამ სამიზნის მიღწევის, დაახლოებით, ნახევარზე. 3 მილიონ 400 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს მთლიანად, ახლა მილიონ 700 ათასს მივუახლოვდით. თუ ეს ტემპი შევინარჩუნეთ, ძალიან რეალურია, რომ დეკემბრამდე მივაღწევდით ამ მაჩვენებელს. თუმცა, საყურადღებოა ვაქცინაციის ტემპის შემცირება. ამდენად, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება აქტივაცია ყველა იმ შესაძლო ზომის, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, საგანმანათლებლო კამპანიის დონეზე. თხოვნა მექნება, რომ მედიასაშუალებებმა მეტი დრო დაუთმონ ვაქცინაციის პრომოციას და ყველა მოქალაქეს დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში, ჯერ ერთი, რომ ჩაიტაროს აცრა და მეორე - იყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ვაქცინებზე. დღეს საკმაოდ კარგი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გვაქვს, მობილური ბრიგადები აგრძელებენ მოძრაობას და ვაქცინაციის პროცესით მოცვა არის საკმაოდ აქტიური. ასევე, ჩვენ შეგვიძლია დამატებით, ინდივიდუალური მოთხოვნებიც განვიხილოთ, თუ რომელიმე ბიზნესგარემოს ურჩევნია, რომ ადგილზე მივიდეს მობილური ბრიგადა და იქ ჩატარდეს აცრები, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ და განვახორციელოთ. თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, ოქტომბრის ბოლომდე უკვე უნდა გადავცდეთ ნახევარს და მივუახლოვდეთ 40-45%-ს, მერე დარჩება ყველაზე რთული სეგმენტი მოსაცველი წლის ბოლომდე. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მე-5 ტალღა, მნიშვნელოვანია, რომ 60%-საც გადავცდეთ და გავხადოთ ჩვენი სამიზნე მოზრდილი მოსახლეობის 80%", - განაცხადა გაბუნიამ.