თამარ გაბუნია ე.წ. სისხლიან ბანერებზე: "ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა სხვა თემით" - კვირის პალიტრა

თამარ გაბუნია ე.წ. სისხლიან ბანერებზე: "ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა სხვა თემით"

"ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა, გნებავთ სოციალური, ეკონომიკური და გნებავთ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით გაკრული ბანერების ნაცვლად "სისხლიანი ბანერების" გაკვრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასება ვერ იქნება პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს.

"ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს, ამ შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს. რა მოხდა, როგორ მოხდა და რამდენად დაირღვა ხელშეკრულების პირობები თუ არ დაირღვა, ამაზე ორი მხარი იმსჯელებს და შეთანხმდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ეს საკითხი უკვე წამოწეული და დაწყებული.

ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ეს ცალსახაა, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას ემხრობა. ის, რომ ბოლო დღეების განმვლობააში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, გასაგებია ეს ყველაფერი და კიდევ უკეთესი იქნება, რომ მეტი აქცენტი მედიაში გაკეთდეს თავად უშუალოდ ვაქცინაციის თემებზე, რადგან სხვანაირად ჩვენ ვერანაირად ვერ დავუბრუნდებით და ვერ მივიღებთ იმ ტემპს, რომელიც გვინდა, რომ ვაქცინაციის პროცესში მივიღოთ,"- განაცხადა გაბუნიამ.