კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

დოკუმენტში გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები.

მათივე ინფორმაციით, შეფასება ემყარება საჯარო და ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას. ანგარიშის შინაარსზე კი კოალიციის წევრი ორგანიზაციები მუშაობდნენ.

როგორც კოალიციაშია აღნიშნავენ, დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა.

ასევე, განხილულია 5 – 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.

როგორც რეკომენდაციების ნაწილშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა შეფასდეს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები; საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ და მკაფიოდ, არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები თუ ქმედებები; საქართველოს პარლამენტის წევრებმა ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეუხებლობას.

საქართველოს მთავრობას მიმართავენ რეკომენდაციებით, რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ; საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტი და უზრუნველყოს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი; მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას; საქართველოს მთავრობამ მიიღოს ზომები მედიის წარმომადგენლებისათვის კანონით გარანტირებული უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მედიაზე ძალადობის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასამართლომ საქმეთა განხილვა წარმართოს დროულად, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შეისწავლოსთავდამსხმელების მოტივაცია და თითოეულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტოს,როგორ ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში მედიის უსაფრთხოების დაცვა.

" ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიებისპროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით",- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://mediacoalition.ge/ge/a/02a736f4