"ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ეს წარსულში იყო" - კვირის პალიტრა

"ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ეს წარსულში იყო"

"მეც გამოვიარე და კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება; რას ნიშნავს, გშიოდეს და არ შეგეძლოს საკვების ყიდვა"

ხელოვნებიდან არაერთი ადამიანი წასულა პოლიტიკაში, გამონაკლისი არც მომღერალი გიორგი ჩიტაური გახლავთ. ერთხელ უკვე სცადა არჩევნებში ბედი. ყოფილი "ლეიბორისტი" წელს ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. "სამშობლოსთვის ბრძოლა ყველა ინსტრუმენტით მისაღებია და ამჯერად ასე ვიბრძოლებ ხალხის ბედნიერი მომავლისთვის", - აღნიშნა საუბრისას. გამოუცხადებს თუ არა ამომრჩეველი ნდობას და როგორ აპირებს მომღერალი, მათი იმედი გაამართლოს, ამის შესახებ თავად გვეტყვის.

- ამ ეტაპზე შემოქმედებითი პაუზა გაქვთ თუ ახერხებთ, თქვენს მსმენელს ახალი სიმღერები შესთავაზოთ?

- პანდემიამ ყველა ხელოვანზე ძალიან იმოქმედა და არც მე ვიყავი გამონაკლისი, თუმცაღა მაინც ვახერხებდი სიმღერების ჩაწერას. რეგულაციების გამო სცენაზე დგომა და კონცერტის ჩატარება არ შემეძლო. ეს შეზღუდვები არასწორია და სრულიად მიუღებელია ჩემთვის, ალბათ სხვა ხელოვანი ადამიანებისთვისაც და სრულიად საქართველოსთვისაც. არ მესმის, თუ შეიძლება პოლიტიკოსი შეხვდეს თავის ამომრჩეველს, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლებელია ამდენი ადამიანის ყოფნა, მაშინ ხელოვანს რატომ არ შეუძლია გამართოს სხვადასხვა კულტურული ღონისძიება?! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამის გაკეთება. მხოლოდ სიმღერაზე არ ვსაუბრობ, ჩვენ, ხელოვან ადამიანებს მოგვესპო შემოსავლის წყარო და ამის გამო არავის გადაუხდია ჩვენთვის კომპენსაცია.

- არაერთი საქველმოქმედო აქცია ჩატარებულა თქვენი ხელმძღვანელობით, მაშინაც კი, როდესაც თავად იდექით სიდუხჭირის ზღვარზე. - დიახ, ამაზე საუბარი არ მიყვარს, ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გაჭირვებული ადამიანები არიან, მეც გამოვიარე და კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება; რას ნიშნავს, გშიოდეს და არ შეგეძლოს საკვების ყიდვა. მახსოვს, ბავშვობაში სოფელში საზამთრო ჩამოატარეს გასაყიდად. მშობლები შინ არ იყვნენ, სამუშაოდ გახლდნენ წასულები. სხვა ბავშვები რომ გაიქცნენ საზამთროსკენ, მეც ინსტინქტურად გავიქეცი და მოშორებით დავდექი, რადგან ყიდვა არ შემეძლო, ძალიან კი მინდოდა. ჩემი გეოგრაფიის პედაგოგი გამოვიდა და ორი საზამთრო იყიდა. დამიძახა და ერთი მომცა. ეს იმხელა ბედნიერება იყო ჩემთვის, არასდროს დამავიწყდება. ვცდილობ და ყოველთვის ვეცდები, სანამ ცოცხალი ვარ, გაჭირვებულ ბავშვებს შეძლებისდაგვარად დავეხმარო. მადლობა ჩემს ემიგრანტებს, რომ ამ კეთილ საქმეში მხარში მიდგანან და მარტოს არ მტოვებენ, მათი და ჩემი მეგობრების დახმარებით შევძელი ყველა სიკეთის გაკეთება.

- რატომ გადაწყვიტეთ წასულიყავით პოლიტიკაში, თქვენი სიმღერითაც ხომ შეგეძლოთ წარმატება მოგეტანათ ჩვენი ქვეყნისთვის? - პოლიტიკაც ხელოვნებაა და უკვე ამ ფორმით მინდა ვიბრძოლო. ახლა არ წავსულვარ პოლიტიკაში, წლებია, კენჭს ვიყრი ლეიბორისტული პარტიის სახელით, თუმცა ახლა უკვე "მესამე ძალას" შევუერთდი და მათთან ერთად ვიბრძვი გამარჯვებისთვის. გამარჯვება არ მინდა ჩემი კეთილდღეობისთვის, მინდა შევძლო და წვლილი შევიტანო საქართველოს მოსახლეობის სიდუხჭირიდან გამოყვანაში. ამ პარტიაში არ არიან ადამიანები, რომლებიც ან "პოზიცია" იყო, ან ოპოზიცია, აქ სუფთა ადამიანები არიან გაერთიანებული და იმედი მაქვს, ამას ამომრჩეველი დააფასებს. მინდა ვიბრძოლო ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისთვის.

- როგორ ფიქრობთ, რა იყო თქვენი არაერთი დამარცხების მიზეზი - ლეიბორისტულ პარტიას არ ენდობოდა ამომრჩეველი თუ თქვენ არ გენდობოდათ? - ამაზე საუბარს არ დავიწყებ. თუ პოლიტიკაში ხარ, მოგებისთვისაც მზად უნდა იყო და წაგებისთვისაც.

- თქვენი აზრით, კონკურენტებისგან რა გამოგარჩევთ და რის გამო უნდა შეაჩერონ არჩევანი გიორგი ჩიტაურზე? - თუ გადახედავთ ჩემს საარჩევნო კამპანიას, მიიღებთ პასუხს თქვენს შეკითხვაზე. არ დავიწყებ ჩემს დადებით და უარყოფით თვისებებზე საუბარს. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, რას ვპირდები მე და რას - სხვა ან ვინ უფრო სანდოა. ზუსტად ვიცი, რომ თანამდებობა არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მომეცეს შესაძლებლობა, ადამიანებს მხარში ამოვუდგე.

- თუ ამ არჩევნებშიც დამარცხდებით, კვლავ სცენას დაუბრუნდებით? - სცენა არც დამიტოვებია. ჩემთვის სიმღერა და ხელოვნება ყველაფერია და ალბათ ამის გარეშე გამიჭირდება ცხოვრება. ყოველთვის ვიმღერებ ჩემი მსმენელისთვის იქ, სადაც ამის შესაძლებლობა მომეცემა.

- რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, რა სიახლეებია? - ჩემს პირად ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა და ეს ალბათ საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი. ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ეს წარსულში იყო და ძალიან ვნანობ. დღეს რა ხდება, ვერ გეტყვით, რადგან თვითონაც გაურკვევლობაში ვარ..

ფიქრია რობაქიძე ჟურნალი "გზა"