"ვანო და მეგობრებისთვის" ყველაფერი ახლა იწყება... - კვირის პალიტრა

"ვანო და მეგობრებისთვის" ყველაფერი ახლა იწყება...

"მე თეონასთან დუეტით შევდგი ფეხი მუსიკის სამყაროში, თეონამ კი ჩემთან ახალი დუეტით დაასრულა  სიცოცხლე"

ის პატარაობიდანვე მღერის. გულში სულ ღიღინებდა. მაშინაც, როცა უბნელ ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა და მაშინაც, როცა გაკვეთილზე იჯდა. სიმღერა მისი თანამდევი იყო, ახლა კი - სულის საზრდოა, ურომლისოდაც ვერ წარმოუდგენია თავისი ყოველდღიურობა.

ფოლკლორის მოყვარულებმა დათო კენჭიაშვილი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როცა რადიოტალღაზე მისი შესრულებით სიმღერა "შენმა სურვილმა დამლია" დატრიალდა... დატრიალდა და ათასობით თაყვანისმცემელიც შეიძინა. დათო არსად ჩნდებოდა, მისი სიმღერა  კი ყველგან ისმოდა. ბოლოს, პროექტ "ნიჭიერის" ფინალური კონცერტის დღეც დადგა და მუსიკალურმა ბენდმა, რომელსაც სწორედ დათო კენჭიაშვილი თავკაცობდა, მშვენიერი ფონი შეუქმნა პროექტ "ნიჭიერში" გამარჯვებულ ვანო ფიფიას. დათომ პატარა მომღერალი გულმოდგინედ ამეცადინა და მის გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

ბავშვობაში "მართვეში" მღეროდა, შემდეგ კარგახნიანი პაუზა იყო, მერე წარმატებული სიმღერები... დათო იხსენებს:

- დედამ 8 წლისა არტოს ბაღში მიმიყვანა.  ხალხური ინსტრუმენტების წრე შემირჩია. ერთხელ, მეცადინეობის დაწყებამდე, სხვა ბავშვებთან ერთად ვერთობოდი და ისე, სასხვათაშორისოდ წავიღიღინე "თუ ასე ტურფა იყავი". იქვე მდგარა "მართვეს" ლოტბარი ვალერი კუტიძე, ხელი მომკიდა და გუნდში მიმიყვანა. ნოტები დღემდე არ ვიცი ხეირიანად, სულ ვმღეროდი და მეცადინეობა მეზარებოდა. არტოს ბაღში, ხვიჩა ღვთისიაშვილთან ფანდურზე დაკვრას სწავლობდა თეონა ქუმსიაშვილიც (თეონა პოეტ გელა დაიაურის მეუღლეა, რომელიც მუცოში დატრიალებული ტრაგედიისას შვილებთან ერთად დაიღუპა). ჩვენმა პედაგოგებმა გადაწყვიტეს, დუეტი შეექმნათ. მთელი ბავშვობა მე და თეონა ერთად ვმღეროდით "ნუ გიყვარს, ქალავ".

KvirisPalitra.Geსკოლის დამთავრების შემდეგ პირველ სამუსიკო სასწავლებელში გავაგრძელე სწავლა, მაგრამ სიმღერის გარდა არაფერს ვაკეთებდი. სოლფეჯიოზე, მუსლიტერატურაზე და სხვა  გაკვეთილზე დასწრება მეზარებოდა. ამის გამო მეორე კურსიდან გამრიცხეს... ახლახან მითხრეს, რომ იმ მუსიკალური სასწავლებლის დირექტორს, რომელმაც იქიდან გამომისტუმრა, მუსიკალურ ზუმერად ჩემი შესრულებული "შენმა სურვილმა დამლია" აქვს. შემდეგ მომიწია ჯარმა და იქაც ყველა ავამღერე. მამა სამხედროა და უნდოდა, მის გზას გავყოლოდი. მთხოვა, - სამხედრო აკადემიაში ჩააბარეო. ვეღარ გავაწბილე, თუმცა ჩემდა ბედად, 6 თვეში აკადემია გაუქმდა. დედის რჩევით, უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა, საერთაშორისო ბიზნესის განხრით... იქაც "დიდ გაუგებრობაში" მოვხვდი.

დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი, თუმცა უფოლკლოროდ ვერ ვძლებდი და ისევ ჩემს საყვარელ საქმეს დავუბრუნდი. მინდოდა, რადიოეთერში ერთი სიმღერა მაინც დატრიალებულიყო ჩემი შესრულებით. ბევრი ფიქრის შემდეგ ლელა თათარაიძის  სიმღერა "შენმა სურვილმა დამლია" (ტექსტი მიხა ხელაშვილისა) ავარჩიე და ქალბატონ ლელასთან მივედი. მომისმინა და თანხმობაც მაშინვე მითხრა. მენატრებოდა თეონასთან სიმღერა, მაგრამ მერიდებოდა. ის უკვე გათხოვილი იყო, შვილების დედა, არ ვიცოდი, მოიცლიდა თუ არა ჩემთვის.

ბოლოს, დავურეკე. უსაზღვროდ გაუხარდა ჩემი შეთავაზება, შევთანხმდით და ჩავწერეთ "შენ, ჩემო დიდო ტკივილო". ერთი კვირის შემდეგ კი მეგობარი მირეკავს - თეონა აღარ არისო. დაიაურების ტრაგედიამ შემძრა... ავტოკატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა... შინამდე ძლივს მივაღწიე. ჩვენი სიმღერა ჩავრთე და მწუხარებისაგან გავითიშე.

გონს დიდი ხნის მერე მოვედი, სასწაული ის იყო, რომ ჩვენი სიმღერა კიდევ ჟღერდა. უცნაური რამ არის ბედისწერა - მე თეონასთან დუეტით შევდგი ფეხი მუსიკის სამყაროში (ბავშვობის დროინდელ დუეტს ვგულისხმობ), თეონამ კი ჩემთან ახალი დუეტით დაასრულა თავისი კარიერაც და სიცოცხლეც. უცრემლოდ ვერ ვიხსენებ ამ თბილ და ძალიან მოკრძალებულ ადამიანს. მე და თეონას ბევრი პროექტი დაგვრჩა განუხორციელებელი... რაც შეეხება კარდანახელ ვანო ფიფიას, მისთვის არ მომისმენია.

მეგობარმა მთხოვა, ინტერნეტში მომეძებნა მისი გამოსვლა. როცა ვანოს "შენმა სურვილმა" მოვისმინე, გავიფიქრე: - ამ ბავშვს გვერდში უნდა დავუდგე, ძალიან მაგარი იქნება-მეთქი. მეგობრებთან ერთად ვანოს მუსიკალური ფონი გავუკეთე. თავდაპირველად გაოგნებული იყურებოდა აქეთ-იქით. ვანოს ხომ პაპამ ასწავლა სიმღერა და მარტო მღეროდა ხოლმე. ახლა კი, სიმღერაში ჩაერთო ფანდური, დოლი, გარმონი, სხვა მომღერლების ხმები და დაიბნა... რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ მშვენივრად მოარგო თავისი ხმა ჩვენს ბენდს და შედეგიც საუკეთესო მივიღეთ - ვანომ ყველას სიყვარული დაიმსახურა და ხალხის რჩეული გახდა.

მისი გამარჯვების შემდეგ ახალი პროექტი მოვიფიქრეთ - ვგეგმავთ ტურნეს საქართველოში. სხვადასხვა კუთხეს მოვივლით და ჩავატარებთ კონცერტებს. ჩვენს ჯგუფს უკვე ასე ჰქვია - "ვანო და მეგობრები". კონცერტებიდან შემოსული ნაწილი თანხით (ვანოს თხოვნით) ბავშვთა სახლს დავეხმარებით (სადაც ერთხანს ვანო ცხოვრობდა), ნაწილი კი კომერციული იქნება. მინდა, ამ ნიჭიერ ბიჭს დავეხმაროთ საოპერაციოდ ფულის შეგროვებაშიც. ექიმები ამბობენ, ძვირად ღირებული ოპერაცია სჭირდება და აუცილებლად გამოჯანმრთელდებაო. ასე რომ, ყველაფერი ახლა იწყება...