"ნინიმ 26 მაისს ჰიმნი იმღერა, გაუმარჯოს მიშასო, ხომ არა?" - კვირის პალიტრა

"ნინიმ 26 მაისს ჰიმნი იმღერა, გაუმარჯოს მიშასო, ხომ არა?"

"ჯუ დეს მოლოდინში", სწორედ ისე, როგორც "გოდოს მოლოდინში"...

ახლა დროა ისეთი, კინომსახიობებს განსაკუთრებით არ გაუმართლათ... წლები, როცა საუკეთესო როლები შეიძლებოდა ეთამაშათ, ამაოდ დაიკარგა... იმედა კახიანს 40 გმირი ჰყავს განსახიერებული, ათეული წლებია, მხატვრულ ფილმში არავის გადაუღია...

- იყო დრო, როცა 2-3 ფილმზე ერთად ვმუშაობდი, რომ მომენდომებინა, მეტზე ვიმუშავებდი. მეცოდება ჩემი შვილის თაობა. მათი ცხოვრება ისე წავიდა, რომ ვერაფერი გააკეთეს. აწი რა იქნება, არ ვიცი, მთელი თაობა დაიჩაგრა...

- თქვენი ქალიშვილი, შვილიშვილი უსაქმოდ, მგონი, არასოდეს დარჩენილან...

- კი ბატონო, ერთ-ორ ფილმში გადაიღეს ეკა.  ნინი უკვე 25 წლისაა, ძველი დრო რომ ყოფილიყო, ერთიცა და მეორეც რამდენიმე ფილმში იქნებოდნენ გადაღებული. შინ გვეწვია დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო, ნინის შესთავაზა შოუში მონაწილეობა და მისცა მოცარტის არია, შეისწავლეო. არ შვრება... არ მინდაო! ნინიმ  თეატრალური ინსტიტუტის დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. იქ პედაგოგს აჰყავს ჯგუფი და მთელი 4 წლის მანძილზე  ერთი ლექცია არ ჩაუტარებია ხელმძღვანელს, ასისტენტი ხან ატარებდა, ხან - არა... ისე დაამთავრა, არაფერი უსწავლია. ახლა დაუძახა რობიკო სტურუამ, "ვეფხისტყაოსანში" ნესტან-დარეჯანის როლი მინდა მოგცეო... გაგიჟდა ნინი - არ წავალო. რატომ-მეთქი... რა ვქნა, რომ მითხრას, ლექსი წაიკითხე, ვერ წავიკითხავო. არ წამიკითხავს ლექსი არასდროსო. გავიდა დრო, სხვა როლზე დაუძახა, არც იმაზე დასთანხმდა. შემხვდა რობიკო ერთხელ. რა არის, რა უნდობლობაა ასეთი, რა სჭირს ნინისო. უნდობლობა კი არ არის, იმისი შედეგია, რაც ასწავლეს თეატრალურ ინსტიტუტში...

KvirisPalitra.Ge- როგორც ვიცი, მამა საბჭოთა წყობილების მსხვერპლი იყო.

-  მამა თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა და სწავლობდა უნივერსიტეტში. პატარა ოთახი ჰქონდა პლეხანოვზე. დააპატიმრეს და გადაასახლეს. რამდენიმე წლის წინ მივედი და ავიღე ცნობა, 24 წლის ბიჭს წაყენებული აქვს ბრალდება: საბჭოთა წესწყობილების ძირგამომთხრელი საქმიანობა. სინამდვილეში აი, რა მოხდა: მამასთან  მეზობელი ჩამოვიდა სოფლიდან, დაიწყო მილიციაში მუშაობა. მცხეთაში ყოფილან ერთად. რაღაც უხუმრია მთავრობაზე. მეორე დღეს დააპატიმრეს და გადაასახლეს. მერე გაირკვა, რომ ამან დაასმინა. 6 წლის მერე მამა დაბრუნდა გადასახლებიდან. ქუჩაში შეხვდა ეს კაცი. თურმე, რომ დაინახა, გაიქცა... მამამ გააჩერა, რაც იყო, იყო, გაპატიეო. მამას ქალაქში ცხოვრება ეკრძალებოდა, სოფელში გადასახლდა. 62 წლისა გარდაიცვალა. ბოლო წელს იწვა... მისულა ის გამცემი სანახავად და კედლისკენ გადაბრუნებულა, ზურგი უქცევია. ეს იყო მისი ერთადერთი პროტესტი.

10 წლის რომ გავხდი, მამაჩემის მამიდამ წამომიყვანა თბილისში. ორ წელიწადში გარდაიცვალა. მას მერე სულ მარტო ვცხოვრობდი. ბევრჯერ ვყოფილვარ ისეთ სიტუაციაში, რომ შეიძლებოდა, სულ სხვანაირად წარმართულიყო ჩემი ცხოვრება. ნარკომანია არ იყო მაშინ, მაგრამ ქურდობა-ჯიბგირობა - გიყვარდეთ... მტკვრის პირზე ყომარის თამაში მიდიოდა... გადავრჩი, თორემ, რასაც სხვა აკეთებდა, იმას მეც ვაკეთებდი...

ჩვენ ისე გავიზარდეთ, სტალინი რომ მოკვდა, ვიფიქრეთ, ერის მამა გარდაიცვალაო. მაშინ 18 წლის ვიყავი. ვიდექით სტალინის ძეგლთან. ერთ დღეს გამოაცხადეს: ამხანაგებო, ჯუ დეა ჩამოსულიო - მაო ძედუნის მერე მეორე კაცი იყო ჩინეთში.  ჩვენთან ჩამოვიდა, რომ მხარი დაგვიჭიროსო. წავედეთ ჯუ დესთან კრწანისში. ვდგავართ ტალახში, ვყვირით: ჯუ დე, ჯუ დე! გამოვიდა ვიღაც: ამხანაგებო, ჯუ დე გაცივებულია, ვერ გამოვაო. ჩვენ - რას ჰქვია, ვერ გამოვა?! საქართველოს ბედი უნდა გადავწყვიტოთო! მოკლედ, იმდენი ვიყვირეთ, რომ გამოვიდა ჯუ დე - ნახევარმეტრიანი კაცი... მოვიდა ჩვენთან და რაღაც თქვა,  ერთადერთი სიტყვა გავიგონეთ: ლენინი. მიბრუნდა და წავიდა.

რა თქვაო, - ვიკითხეთ. გაუმარჯოს ლენინსო! რა ლენინი, ჩვენ სტალინის საქმეზე ვართ მოსულიო. დავიწყეთ ისევ ყვირილი. რა ექნა საწყალს, გამოვიდა ისევ, თქვა ისევ რაღაც და ახლა ორი სიტყვა გავიგეთ: "ლენინ" და "სტალინ". მიბრუნდა და წავიდა. რა თქვაო, - ვიკითხეთ. ლენინსაც გაუმარჯოს და სტალინსაცო. გაგვიხარდა: მთავარია, ჩვენ ვიდგეთ სტალინის ძეგლთან, ჯუ დე აქ არის, ესე იგი, მოვა ჩინეთის ჯარი, გაყრის რუსებსო...

ახლა რომ ვუყურებ სიტუაციას, ზუსტად იგივე ამბებია - მოვლენ და "დაგვეხმარებიანო", რომ გაიძახიან.

მერე წავედით გორში. გორელი ამხანაგები  დავამშვიდეთ - ნუ გეშინიათ, ჯუ დე აქ არის და ყველაფერი კარგად იქნება-თქო...

ღამით დავბრუნდით თბილისში. არ წახვიდეთ ძეგლთან, ხალხი დახოცესო, - გვითხრეს... ვინ დაუჯერა, მაინც გავედით. ზემელი გადახერგილი იყო ავტობუსებით. სასტუმრო "თბილისთან" ყველაფერი დალეწილი დაგვხვდა, სისხლიც იყო ასფალტზე...  მოვიდნენ ტანკებით, ღია მანქანებით და იქიდან დამიზნებული ტყვიამფრქვევებით. შემოგვარტყეს ალყა... ჩააქრეს სინათლეები ქალაქში და   ატყდა სიბნელეში სროლა.  მერე გზა გახსნეს და გაიქცა ხალხი.  ისმოდა კვნესა, ტირილი. გამთენიისას ძლივს მივედი შინ. დილით ბიჭებმა ამბავი მოიტანეს: ჩვენი სკოლელები დაღუპულან. საავადმყოფოებში დაჭრილები არიანო... აი, ასე იყო...

ამიტომ ვამბობ ჩვენი ბოლოდროინდელი ამბების გამო: ასე არ შეიძლება. ადრე სხვა იყო, ახლა სხვა დროა... ან ის რა არის, ვინმე რამეს რომ იტყვის და ერის მოღალატეობას მიაწებებენ. თუ არასწორად ფიქრობს, შეიძლება უთხრა, არ არის მასეო, მაგრამ მოღალატეობა მიაწერო, სწორი არ არის.

ნინის გამო ათასი კაცი მირეკავს და მეუბნება, - რატომ იმღერა ჰიმნი საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავზეო... მომღერლისთვის ყველაზე დიდი პატივია, შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლისთავზე ჰიმნი იმღერო. ეს მოღალატეობაა?

- ალბათ ელოდნენ, რომ რაღაც პროტესტს გამოხატავდა ღამით მომხდართან დაკავშირებით...

- მან ჰიმნი იმღერა, გაუმარჯოს მიშასო, ხომ არა? შენი ქვეყნის თავისუფლების 20 წლისთავი ნამდვილად აღსანიშნია და ძალიან კარგია, რომ აღვნიშნეთ. მსახიობისათვის  კი მთავარია ჯერ მსმენელი, მაყურებელი და მერე პოლიტიკა... თუ ვინმე ჯერ პოლიტიკოსია და მერე - მსახიობი, მე ასე არ ვფიქრობ...

P.S. იმედა კახიანმა ისიც მითხრა, საქართველოს თავს დატეხილ უახლეს ისტორიაზე ჯერ არაფერი დაწერილა სათანადო, არც პიესა, არც რომანი. ალბათ გავა დრო და დაიწერება მნიშვნელოვანი წიგნები XX საუკუნის 90-იანი წლების ამბებზე და არა მარტოო... ახლა, როცა ჩვენი საუბარი დასრულდა, გონებაში გამიელვა: და ამ წიგნს ერქმევა "ჯუ დეს მოლოდინში", სწორედ ისე, როგორც "გოდოს მოლოდინში"...