"მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ჩამოვედიო, პირველად სტიქარი ღვთისმშობლობის დღეს ჩაუცვია და ღვთისმშობლობის დღეს მივაბარეთ მიწას" - კვირის პალიტრა

"მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ჩამოვედიო, პირველად სტიქარი ღვთისმშობლობის დღეს ჩაუცვია და ღვთისმშობლობის დღეს მივაბარეთ მიწას"

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ოჯახის ახლობელი, რომელიც ახალგაზრდას გასვენებაში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"მე პირველად ვიყავი ჩემზე ასაკით უმცროსი ადამიანის გასვენებაზე. 30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. არსად მინახავს ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოს და ისე მოეფრქვიოს სამარეზე.

რამდენი მუჭაც იყო იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა საბურთალოს სასაფლაოს აღმართიდან. ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა: "ნიკო ჩემო დედამიწაზე ანგელოზოო", მაგრამ ვერც ლოცვამ, ვერც ტირილმა და გოდებამ ვერ გამოაღვიძა იგი უკვდავი ძილიდან. საუკუნო ხსოვნა და მარადიული სასუფეველი გამორჩეულ ქართველს.მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად" - წერს ზურა გოგოხია.

ასევე ოაჯხის ახლობელი ნინო ზამბახიძე წერს, რომ ნიკოს დაკრძალვის დღეს, უკრაინიდან ჩამოვიდა მისი პირველი მოძღვარი:

"მამა კონსტანტინი ნიკოს პირველი მოძღვარია რომელიც უკრაინიდან ჩამოფრინდა დღეს! მისთვის უნდა ვიგალობოო თქვა, პირველი აღსარება მისთვის ჩაუბარებია! გული გამეგლიჯა , როცა გვითხრა, რომ მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ვარ და მე ჩამოვედიო. ისე კი ნამდვილად სასწაულია პირველად სტიქარი ღვთისმშობლობის დღეს ჩაუცვია და ღვთისმშობლობის დღეს მივაბარეთ მიწას! წავიდა ჩვენი მომავლის ბიჭი ნიკო", - წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.