"სახ­ლში 5 მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავ­და...მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სამსახურში გავიცანით" - ცნობილი პოლიტიკოსის უცნობი ოჯახური ცხოვრება - კვირის პალიტრა

"სახ­ლში 5 მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავ­და...მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სამსახურში გავიცანით" - ცნობილი პოლიტიკოსის უცნობი ოჯახური ცხოვრება

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" თავმჯდომარე, პარლამენტარი იაგო ხვიჩია თანაგუნდელებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იბრძვის. ცნობილია, რომ მისმა პარტიამ ადგილები საარჩევნო უბნებზე უკვე გაყიდა. თურმე პარტიამ ამ გზით 200.000 ლარი მიიღო, რასაც საარჩევნო კამპანიაში დახარჯავს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ცოტა ხანს დაისვენებს, რადგან ორი წელია, არ დაუსვენია...

- იაგო, როგორ ემზადება "გირჩი" არჩევნებისთვის?

- სხვადასხვა რაიონში ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც საკრებულოში ჩვენს ამომრჩევლებს პრობლემური საკითხების მოგვარებაში დაეხმარებიან და ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან. მთავარი პატიოსნებაა, სხვა არც ერთ კრიტერიუმს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. თუ ვიპოვეთ ისეთები, რომლებსაც პატიოსნებასთან ერთად კვალიფიკაცია და გამოცდილებაც აქვთ, ძალიან კარგი.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში პარლამენტარობის დროიდან? შიგნიდან დანახული რეალობა როგორია?

- რომ გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, არ იქნება მართალი. ვიცნობდი კოლეგებს და დიდ იმედს არ ვამყარებდი, მაგრამ მაინც მეგონა, პარლამენტში ყოფნა ჩემი სხვა კოლეგებისთვის სტიმული იქნებოდა, რომ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში მიეღოთ მონაწილეობა და არა იმაში, რასაც ახლა ვუყურებთ. ამას პოლიტიკურ პროცესთან არანაირი კავშირი არა აქვს. რეალური პოლიტიკური პროცესი იქნებოდა პოლიტიკური დებატები, საუბარი და მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე; "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და არა - "კონცერტი". სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი, არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა იმის, რაშიც ოპოზიცია გვარწმუნებს, - რომ ეს "ქართული ოცნების" დამარცხების გზაა.

- იაგო, ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე მოგვიყევით.

- მარტვილის რაიონში, სოფელ თამაკონში, პედაგოგების გარემოცვაში გავიზარდე. მშობლები, ბებია და ბაბუა, მამიდა - პედაგოგები იყვნენ. მე და ჩემს ძმას სახლში 5 მასწავლებელი გვყავდა. 90-იანი წლების "კლასიკური" ბავშვი ვარ, რომელსაც ყველაფერი უნახავს - უშუქობა, უგაზობა, პურის რიგში დგომა, ისიც კი, როგორ დარბოდნენ ქუჩებში შეიარაღებული ფორმირებები. დიდი ჭყონის საშუალო სკოლაში დავდიოდი. კარგი მოსწავლე ვიყავი, რაც მაინტერესებდა, იმ საგნებს კარგად ვსწავლობდი. ბევრს ვკითხულობდი. თავისუფალ დროს ან ფეხბურთს ვთამაშობდი, ან სათევზაოდ მივდიოდი, ან წიგნების კითხვით ვერთობოდი.

- სოფელში ხშირად ჩადიხართ? როგორ გხვდებიან მეზობლები პარლამენტარ იაგოს და იქაც ხომ არ გიწევთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება?

- ჩემი მშობლები სამეგრელოში ცხოვრობენ, ამიტომ თვეში ერთხელ ჩავდივარ. ჩემს სოფელში საარჩევნო კამპანია არასოდეს ჩამიტარებია. დიდი ხანია, იქიდან წამოსული ვარ, შესაბამისად, კარგად არც მიცნობენ. ვისაც უნდა, მომცეს ხმა, ვისაც არ უნდა, ნუ მომცემს, ამით ჩემთვის არაფერი იცვლება.

- მშობლები როგორ უყურებენ თქვენს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას?- მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ყოველთვის მენდობოდნენ, პოლიტიკაში - ჩემმა წასვლამ ისინი ძალიან ააფორიაქა. გინდა თუ არა, ეს ის საქმეა, სადაც აუცილებლად გაილანძღები. თუმცა, ჩემს არჩევანს გაგებით მოეკიდნენ და შეძლებისდაგვარად მხარს მიჭერენ. ძალიან აღიზიანებთ, როცა ვიღაცა მლანძღავს. სულ ვეუბნები, შეუძლიათ გაერთონ, მიგულშემატკივრონ, მაგრამ არ ინერვიულონ. ვღელავ, არ მინდა მშობლებმა ჩემზე იდარდონ, მაგრამ ხშირად უწევდათ. რამდენჯერმე დამიჭირეს და ციხეშიც ვიჯექი (ადმინისტრაციული წესით, აქციების დროს. - ავტ.). ჩემი მშობლების მდგომარეობას განვიცდი, საერთოდ სხვანაირად უყურებდნენ სამყაროს, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერი ხდება და ნელ-ნელა ეგუებიან.

- სკოლის პერიოდიდან რას გაიხსენებთ? "შატალოზე" დადიოდით ხოლმე?

- მამაჩემი იმ სკოლის დირექტორი იყო, სადაც ვსწავლობდი და შესაბამისად, "შატალოების" ორგანიზება მე მიწევდა. ხშირად არ ვაკეთებდით, მაგრამ როცა მთელი კლასი ამას გადაწყვეტდა, განზე არასოდეს გავმდგარვარ. საერთოდ, სკოლის დროინდელი თავგადასავლები სასიამოვნოდ მახსენდება, ძალიან კარგი კლასელები მყავს და მათთან დღემდე ვმეგობრობ.

- სკოლის დირექტორი მამა სახლში დაბრუნებულს გტუქსავდათ?

- თუ დატუქსვა მოუნდებოდა, სკოლაშიც შეეძლო ექნა. უფრო მეტად, დედა მსჯიდა, რომელიც მკაცრი ადამიანი გახლდათ. სჯეროდა, შვილებს თუ მკაცრად აღზრდიდა, წარმატებულები იქნებოდნენ. რაღაც პერიოდიდან მივხვდი - თუ მინდოდა, ჩემს მშობლებს და სხვა მასწავლებლებს არ შევეწუხებინე, კარგად უნდა მესწავლა და ყველა პედაგოგი აფასებდა ჩემს შრომას.

პროფესიით იურისტი ვარ. როგორც ბავშვების უდიდეს ნაწილს, სკოლა რომ დავამთავრე, მეც არ ვიცოდი, ზუსტად რა პროფესია უნდა ამერჩია. არჩევანს სამართალმცოდნეობასა და საერთაშორისო ურთიერთობებს შორის ვაკეთებდი. უცებ რომ შემეცვალა გადაწყვეტილება და სხვა საგნის ჩაბარება დამჭირვებოდა, ამისთვისაც მზად ვიყავი - დამატებით კიდევ ერთი საგანი მოვამზადე. მაღლივ კორპუსში საბუთები რომ შემქონდა, მაშინაც კი არ იცოდნენ ჩემმა მშობლებმა, სად ვაბარებდი. საერთაშორისო ურთიერთობებზე ძალიან დიდი რიგი დამხვდა, უფრო ნაკლები იდგა სამართალმცოდნეობაზე და სადაც ნაკლები იყო, საბუთებიც იქ შევიტანე.

- რამდენად კმაყოფილი ხართ არჩეული პროფესიით?

- უნივერსიტეტში ერთ წელიწადში მივხვდი - რასაც იქ მასწავლიდნენ, იმის 80% არაფერში მჭირდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ იმ პერიოდის სტუდენტობა სასიამოვნო და თავგადასავლებით აღსავსე იყო. დენი არ გვქონდა, ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გახლდათ. სტუდენტობის მოგონებები იმასთან ასოცირდება, პოლიცია ქუჩაში სრულიად უმიზეზოდ რომ გაკავებს და განყოფილებაში მიჰყავხარ, 10 ლარი რომ მაინც წაგართვას... გვასწავლიდნენ იმას, რასაც საბჭოთა კავშირის დროს ასწავლიდნენ. ამან გამოიწვია ჩემი პროტესტი. ბრძოლა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან დავიწყე. კლასიკური გაგებით რაც საქართველოში იურისტობაზე იციან, მე ამით მოწადინებული არასოდეს ვყოფილვარ. მე მტყუან-მართლის გარჩევის ამბავი მაინტერესებდა. ხშირად, ბავშვობაშიც და სტუდენტობაშიც გავრეულვარ ისეთი ტიპის საქმეების გარჩევაში, სადაც მტყუან-მართალი ირჩეოდა, ეს სიამოვნებას მანიჭებდა. იმედი გამიცრუვდა, რადგან მივხვდი, იმ ფაკულტეტზე მტყუან-მართლის გარჩევას არ ასწავლიდნენ. ეს იყო საბჭოთა იურიდიული ფაკულტეტის გაგრძელება, სადაც ადამიანებს ზრდიდნენ ჯალათებად, რომლებსაც თვალის დახამხამების გარეშე შეეძლოთ ადამიანების ციხეში გაშვება. დღეს ამის შედეგს ვიმკით: მართლმსაჯულება საბჭოთა სტილით აღზრდილი პროკურორებით, მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული. ჰოდა, რაღაცნაირად ავუჯანყდი მართლმსაჯულების სისტემას და საბოლოოდ წავედი პოლიტიკაში, თუმცა მოსამართლეობაზე ვოცნებობდი. მტყუან-მართლის გარჩევა ის საკითხია, რომელიც სულ მაღელვებს. ბევრჯერ ე.წ. ქურდებთანაც ვყოფილვარ. სადაც მიბარებდნენ და ლაპარაკი იყო საჭირო, ყველგან მივდიოდი და იმის მტკიცება მიწევდა, მტყუანი ვიყავი თუ მართალი. ყველაფერი გამომივლია, რაც იმ პერიოდს ახასიათებს.

- ახლა რის შეცვლას აპირებთ საკანონმდებლო ორგანოდან? თან, ამისთვის საჭირო იქნება, თანამოაზრეები შემოიკრიბოთ.

- მე გუნდური თამაშის ფანი ვარ, გუნდური მოთამაშე და ვიცი, მარტო ვერ მოიგებ. თუ პოლიტიკაში წარმატების მიღწევა გინდა, გუნდური თამაში უნდა მოგწონდეს. - თუმცა, ზურაბ ჯაფარიძემ, ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ თქვენი პარტია დატოვა, ამაზე გული არ გწყდებათ?

- საერთოდ, გული მწყდება შეცდომაზე, როდესაც უაზრო მიზეზით ადამიანები გებუტებიან... მიუხედავად ამისა, ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან. "გირჩი" ღირდა იმად, გულისწყვეტაც ყოფილიყო, იმედგაცრუებაც და წარმატებებიც. ამ წარმატებებს ყველა ხედავს.

- თქვენი აზრით, როგორ შეძლო "გირჩმა", პოპულარული გამხდარიყო?

- "გირჩი" კვალიფიციური ადამიანის შრომის შედეგია. ამ ხალხის "სივები" რომ წაიკითხოთ, დარწმუნდებით, გასაკვირი არაფერია. კვალიფიციური ადამიანის შრომას ყოველთვის მოჰყვება შედეგი. მეტსაც ველოდი, "გირჩის" შედეგი არასოდეს მომწონებია, ამას აქამდე აღვიქვამდით როგორც წაგებას და არა მოგებას, რადგან ყველამ ვიცოდით საკუთარი თავის ფასი. ჩვენი კოლეგებისგან განსხვავებით, ზუსტად ვიცით, რისთვისაც ვიბრძვით. რაღაც რომ არ გამოგვდის, ვიცით, რა არ გამოგვივიდა და რატომ. მონდომებული ხალხის ერთობლიობა ვართ. ჩემი მეგობრები გიჟად მთვლიდნენ: როცა პოლიტიკაში წავედი, მაშინ ადამიანები პოლიტიკაში არ მიდიოდნენ. ასეთი უცნაური ხალხის ერთობლიობაა "გირჩი".

- პოლიტიკაში წასვლით დღეს კმაყოფილი ხართ თუ იმედგაცრუებული?

- იმედგაცრუებაც ცხოვრების ნაწილია. ვიცი, რომ სიბერეში სიამოვნებას მომანიჭებს ჩემი გაკეთებული საქმეები. საწუწუნო არაფერი გვაქვს. საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი მთავარი ამოცანაა სასამართლოს გათავისუფლება. პარლამენტში ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შვიდ საკითხში, რომელიც ჩამოწერილი გვაქვს, კონკრეტულ წარმატებას მივაღწიოთ.

- თქვენი მშობლები როგორ უყურებენ იმას, რომ მათი შვილი იბრძოდა მარიხუანის ლეგალიზაციისთვის?

- ჩემს მშობლებს არასოდეს ჰქონიათ კარგი დამოკიდებულება მარიხუანასთან. მათ ამ ბრძოლის შინაარსი გაიგეს მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში ეს პროცესი მოვიგე; ავუხსენი ყველაფერი და უფრო ადამიანურად მიუდგნენ ამ საკითხს. საერთოდ, ამ პროექტის მიმართ სულ კრიტიკულები იყვნენ. ადვილი არ არის ამტკიცო, ადამიანის დაჭერა არ შეიძლება იმის მიხედვით, რას მოსწევს და რას დალევს. გასაგებია, თაობებს შორის დიდი სხვაობაა შეხედულებებში, მაგრამ მათ კარგად ესმით, რომ რასაც ახლა ვაკეთებ, ეს საჭიროა.

- მეუღლე როგორ უყურებს ამ ყველაფერს?

- განსხვავებული აზრები არ გვაქვს. შეიძლება თავიდან არ მოსწონდა ის სიგიჟე, რაც ჩემს თავს ხდებოდა საჯარო სივრცეში... როცა პოლიტიკაში მიდიხარ, ადამიანებს გიჟი ჰგონიხარ. პოლიტიკოსებს სამწუხაროდ, რეპუტაცია შელახული აქვთ. ეს უნდა შეიცვალოს... ჩემს მეუღლეს არ აინტერესებს პოლიტიკური საკითხები ისე, რომ თავად ჩაერთოს, მაგრამ საქმეებში ჩემი თანამოაზრეა. პროფესიით იურისტია და ამ სფეროში მუშაობს.

- თქვენს სიყვარულზეც გვიამბეთ.

- პირადი ჩემთვისაა და რომანტიკული ინტერვიუები არ მიყვარს. ჩემს მეუღლესაც არ უყვარს საჯაროობა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთმანეთი სამსახურში გავიცანით.

ჟურნალი "გზა"