ღია წერილი დემოკრატიულ საზოგადოებას - კვირის პალიტრა

ღია წერილი დემოკრატიულ საზოგადოებას

ამერიკის პოეტების აკადემიას;

ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციას;

საერთაშორისო PEN-კლუბს;

საერთაშორისო PEN-კლუბის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ უიჯინ შულგინს;

ამერიკის PEN-ცენტრს - ბატონ ლარი სიმსს;

ყველა ნაციონალურ PEN-ცენტრს;

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს;

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს;

ჩემი ინგლისური წიგნის კონსულტანტს, ბოსტონის უნივერსიტეტის საპატიო რექტორს ჯორჯ მაკგურნს;

ყველა ჩემს უცხოელ მეგობარსა და კოლეგას.

მოგმართავთ საქართველოდან საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე მხარდაჭერისთვის.

მოგმართავთ, რადგან მჯერა სამყაროში თქვენი არსებობის, ჩემი რწმენა იმის შესახებ, რომ თქვენ არსებობთ, არ არის ჩემი გულუბრყვილობის ან მიამიტობის ნაყოფი.

არა, ეს რწმენა არის ჩემი ცხოვრების არჩევანი. მეტიც, სიკეთის რწმენა და სამართლის პოვნის იმედი, არა მხოლოდ არჩევანი, არამედ პოეტისათვის წმიდათაწმიდა მოვალეობაცაა.

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ძალზე მძიმეა. აგრესიულ გარე ფაქტორებთან და მძიმე სოციალურ ვითარებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს შიდა კონფლიქტი, მორალური კონფლიქტი ხელისუფლებასა და საზოგადოებას, მოსახლეობას შორის.

ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კონფლიქტი გულისხმობს ორ ძირითად ტენდენციას შორის მარადიულ შეუთავსებლობას.

ეს ტენდენციებია: დოსტოევსკისეული - თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი ნებადართულია და კანტისეული - ზნეობრივი კანონი ჩემში.

"ყველაფერი ნებადართულიათი" ხელმძღვანელობს საქართველოს ხელისუფლება, "ზნეობრივი კანონი ჩემში" - არის საზოგადოების ცხოვრების წესი. ამ ორი ტენდენციის შეუთავსებლობა იწვევს მუდმივ შიდააშლილობას საქართველოში, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მას როგორც სახელმწიფოს და ბუნდოვანს ხდის ხვალინდელი დღის პერსპექტივას.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მძვინვარებს ანტირუსული დეკლარირებული სრული ისტერია, რაც არანაირად არ აისახება მის საქმიანობაზე. თუ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია სახელმწიფოს მართვის დღევანდელი რუსული მოდელი, ამ შემთხვევაში ის თავად უნდა განსხვავდებოდეს მისგან.

მრავალჯერ მივმართე საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაეთავისუფლებინა სასამართლო, გაეთავისუფლებინა ტელე-მედიასივრცე, გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები. არ დაერბია მშვიდობიანი მანიფესტაციები, თუკი მისთვის მართლაც ძვირფასი იყო დემოკრატიული ღირებულებანი და მართლაც მიუღებელია სახელმწიფო მართვის დღევანდელი რუსული მოდელი. რეალობა კი ის არის, რომ დღეს საქართველოში შექმნილია სახელმწიფო მართვის რუსული მოდელის ზუსტი მიკროასლი, რაც ხელს უწყობს რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებას. იდენტურობა იმდენად თვალსაჩინოა, რომ სიამის ტყუპის ერთიმეორისგან დისტანცირება, ვფიქრობ, შეუძლებელია.

რუსეთ-საქართველოს მართვის მსგავსების საილუსტრაციოდ ისიც იკმარებდა, რომ სააკაშვილი განუხრელად დაადგა პუტინიზაციის გზას და ამისთვის საპრეზიდენტო ორი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლების შესანარჩუნებლად მორჩილ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებები მიაღებინა.

საქართველოს მოქალაქე დღეს ორმაგად დაუცველია. დაუცველია, როგორც გარე აგრესიისგან, ასევე შიდა აგრესიისგან, რაც ყოველდღიურად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დასტურდება ხელისუფლების მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გათელვით.

შიდა და გარე აგრესია, ორივე ერთნაირად შემზარავია და თუ შემეკითხებით, ამ ორს შორის რომელია კიდევ უფრო შემზარავი, გიპასუხებთ, რომ ეს შიდა აგრესიაა. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ რეჟიმით დაბეჩავებული, ღირსებაწართმეული მოქალაქე, გარე აგრესიის დროს, სამშობლოს დამცველად ვეღარ გამოდგება.

საქართველოს ხელისუფლების მოჩვენებითი ანტირუსული ისტერია გამიზნულია მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებისათვის, რაც გულისხმობს დასავლეთის და შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერას. უპირობო და უკონტროლო მხარდაჭერა კი, თავის მხრივ, გულისხმობს ნებადართულ ძალადობას. ეკონომიკური დახმარებები დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობამდე ვერანაირად ვერ აღწევს და რაც კიდევ უფრო სავალალოა, ეს მოჩვენებითი ისტერია ახალისებს და მიზეზს უქმნის რუსეთის აგრესიას, რასაც ეწირება საქართველოს ტერიტორიები.

ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაციამ, სახელისუფლებო ბალანსის დარღვევამ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტიტუტების დასუსტებამ, სასამართლოს დაბეჩავებამ მოგვცა შემდეგი სურათი: საქართველოში სანაგვე ყუთშია მოსროლილი საკუთრების უფლება, ტოტალურად ყალბდება არჩევნები, იდევნება თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი აზრი, თავისუფალი სიტყვისა და აზრის მატარებელი ადამიანი. ამ რეალობის ამსახველი დოკუმენტური მასალა ნახა მთელმა გარე სამყარომ, როცა 2007 წლის 7 ნოემბერს მრავალათასიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია არსებულმა რეჟიმმა სასტიკად დაარბია.

ხალხის რბევის კადრები რამდენჯერმე გადაიცა CNN-ისა და BBC-ის საშუალებით. ასევე უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს 2009 წლის აპრილის დღეებში მშვიდობიანი დემონსტრანტების ფიზიკური ანგარიშსწორების, რაც დეტალურად აისახა საქართველოს მაშინდელი სახალხო დამცველის ანგარიშებში. სულ ახლახან 2011 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხელისუფლებამ მომიტინგეებს მორიგი სასაკლაო მოუწყო. ხელისუფლებისგან კონტროლდება ტელემედიასივრცე.

დღეს საქართველოში ასამდე პოლიტპატიმარი იხდის უკანონოდ სასჯელს. გათელილია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ე.წ. "განათლების რეფორმით" სამეცნიერო დისციპლინებს და სასწავლო პროცესს ხელისუფლებამ დაუპირისპირა აგრესიული პრიმიტივიზმი, ხოლო თავისუფალ მოქალაქეს -  პოლიტიკური პოლიცია და სწორედ ამ ფონზე შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ყოფილი ლიდერების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერა და მისი ლიდერის დემოკრატიის შუქურად გამოცხადება, ალბათ, დამეთანხმებით, რომ აღიქმება როგორც ცინიზმი და მრავალსაუკუნოვანი კულტურის ისტორიის მქონე ქართველი ხალხის იგნორირება. რეჟიმის უპირობო მხარდაჭერა და აღნიშნული სახოტბო ეპითეტები ვერანაირად ვერ გამოდგება დემოკრატიის ინტეგრაციის ხელშემწყობად. ამ დითირამბებმა კიდევ უფრო თავდაჯერებით გააქეზა საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ, საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობისკენ, რაც მოქალაქეებში ბადებს ანტიამერიკულ განწყობილებებს.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატების დეპარტამენტის მოხსენებაში ჩაწერილია, რომ საქართველოში "გაუარესდა სიტყვის, პრესის და შეკრებების თავისუფლების პატივისცემა". ასევე, 2009 წლის 19 მაისს "ჰუმან რაით ვოჩის" ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოლი კარტნერმა ღია წერილით მიმართა საქართველოს მთავრობას, სადაც "მიმდინარე მშვიდობიანი მიტინგების მონაწილეთა კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე გამოთქვამს აღშფოთებას პოლიციის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის, გაუპატიურებით დაშინების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ".

თუმც ზემოაღნიშნული ჩანაწერიც და ახლანდელი კრიტიკული შენიშვნებიც ხუნდება ან საერთოდ იკარგება იმ მჭექარე ეპითეტებსა და მქუხარე ოვაციებში, რასაც ადგილი აქვს ქართული ხელისუფლების მიმართ აშშ-ის პოლიტიკური ელიტის თვალსაჩინო და პოპულარული წარმომადგენლების მხრიდან. დღევანდელი ქართული რეჟიმის ავტორები საპროტესტო აქციების მონაწილეებს გარე სამყაროს გასაგონად ნათლავენ წარუმატებელ ადამიანებად, ვინც მათ მიერ გატარებულ "რეფორმებს" ვერ აჰყვა. სინამდვილე სრულიად განსხვავებულია.

მერწმუნეთ, რომ თუ ვინმეს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიუღწევია ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში ან სხვა რაიმე საქმიანობაში, ან ამ აქციების უშუალო მონაწილეა, ან თანამგრძნობი და გულშემატკივარი.

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში ისტორიულმა შემთხვევითობამ მოიყვანა ხალხი, რომელიც აზროვნების წესით, ვნებებით, სულისკვეთებით სულიერი მემკვიდრეები არიან XX საუკუნის ოციანი წლების ბოლშევიკური რეჟიმისა. მაშინდელი და ახლანდელი ქართული ხელისუფლება ერთი მედლის ორი მხარეა. ერთი აღიარებდა საბჭოთა რუსეთის უზენაესობას, მეორეს დეკლარირებული აქვს ამერიკული დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების ერთგულება. სინამდვილეში ეს ორი ხელისუფლება ერთია. ამ ორ ხელისუფლებას შორის დრო წაიშალა. მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. ერთადერთი განსხვავება არის საბჭოთა რუსეთსა და დემოკრატიულ ამერიკას შორის. სწორედ საბჭოთა რუსეთსა და დემოკრატიულ ამერიკას შორის განსხვავება არის ჩემი ამ მომართვის ერთადერთი სტიმული.

შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩაწერილი თომას ჯეფერსონის ფრაზა, რომ ადამიანს აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება, რა თქმა უნდა, არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს. ის ზოგადად ადამიანს ეხება და თითოეულის წმინდა, ბუნებითი უფლებაა. სხვა შემთხვევაში დემოკრატიის ინტეგრაცია ყოველგვარ აზრს დაკარგავდა. და რადგან საქართველოს მოქალაქეს დღეს შეზღუდული აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება, ამის გამო მოგმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.

2009 წელს ლინცში (ავსტრია) მივმართე მხარდაჭერისთვის საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის 75-ე კონგრესის დელეგატების ასამბლეას და დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, ასამბლეამ მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომლის ადრესატიც არის ქართული ხელისუფლება და რომლის სამი ძირითადი პოსტულატი ასეა ჩამოყალიბებული:

- შეწყდეს თავდასხმები ჟურნალისტებზე;

- შეწყდეს კონტროლი საზოგადოებრივ მაუწყებლებზე;

- საქართველოს მედია გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

ამჯერად მოგმართავთ თქვენ, ძვირფას კოლეგებს შეერთებულ შტატებში, რათა თქვენი ქვეყნიდან წამოსულ პოლიტიკურ მხარდაჭერას თავისუფლების სურნელი ახლდეს და თავისდა უნებურად არ ასაზრდოოს აღვირახსნილი რეპრესიული რეჟიმის ვნება, რათა გაირღვეს პოლიტიკოსების სიცრუით ამოვსებული საინფორმაციო ვაკუუმი, რათა ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა. ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება და დემოკრატია მთელ სამყაროსა და საქართველოში, სადაც მას დღეს ასე ძალიან უჭირს. თუ საქართველო ის ქვეყანა უნდა იყოს, სადაც ზესახელმწიფოები თავიანთ ურთიერთობებს გაარკვევენ, ჩვენთვისაც და ვფიქრობ, ყველასთვის უმჯობესი იქნება, რომ ის იყოს არა კონფლიქტის, არამედ შეთანხმების ადგილი.

როგორც წერილის დასაწყისშივე აღვნიშნე, სიკეთის რწმენა ჩემი არჩევანია და მჯერა, რომ შეერთებული შტატები დღეს ის ქვეყანა და ასპარეზია, სადაც ამ რწმენის გადარჩენა შესაძლებელია.

თავისუფლების ქანდაკება არასოდეს არ უნდა გახდეს კიჩი, ეს მთელ სამყაროს მიაყენებს ზიანს. ის უნდა დარჩეს თავისუფლების მარადიულ ჭეშმარიტ სიმბოლოდ.

ცოტა ხნის წინ ინგლისურად ითარგმნა და ნიუ-იორკში წიგნად დაიბეჭდა ჩემი ახალი პოემა სათაურით "შენთვის". მე მოუთმენლად ველი ამერიკელ მკითხველთან შეხვედრას. ასევე მოუთმენლად ველი დემოკრატიული საზოგადოების რეაქციას.

P.S. წინამდებარე მიმართვა უკვე დაწერილი მქონდა, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ ვინც რეჟიმს ახორციელებს, განურჩევლად იმისა, შტატების მტერია თუ მოკავშირე, არ უნდა ჰქონდეს ამერიკის მხარდაჭერის იმედი.

მიმაჩნია, რომ შტატების პრეზიდენტმა საუკუნის ფრაზა წარმოთქვა საპირწონედ ცნობილი გამონათქვამისა: "ის ნაძირალაა, მაგრამ ის ჩვენი ნაძირალაა".

პრეზიდენტის განაცხადის ჩემეული შეფასება ასეთი იყო (ტელეკომპანია "კავკასია"): ბატონი ობამას განცხადება შეერთებულ შტატებს მისი დამფუძნებელი მამების პრინციპებთან დააბრუნებს, ხოლო საქართველოს მოსახლეობას შანსს უჩენს, დაბალანსებული პოლიტიკის საშუალებით მოიპოვოს სივრცე თავისი სულიერი თავგადასავლის გასაგრძელებლად.

ამას მოჰყვა ობამას შემდეგი განცხადება, რომ შეერთებული შტატები უნდა დაუბრუნდეს მისი დამფუძნებელი მამების პრინციპებს.

შტატების პრეზიდენტის ახალი ტენდენცია არ არის მხოლოდ პოლიტიკური სიბრძნის ნაყოფი, ის ამავე დროს რეალობის განცდის შემოქმედებით ინტუიციასაც ეყრდნობა, ვინაიდან მოვიდა ახალი რეალობა, - მამისეულ სახლში დაბრუნების, გაურკვევლობის ბურუსიდან მშობლიურ წიაღში დაბრუნების ეპოქა.

სახელმწიფო ინტერესებს ამოფარებული პოლიტიკური თვალთმაქცობებიდან ადამიანის ინტერესებთან დაბრუნების ეპოქა დადგა.

ბატონი ობამას ზემოაღნიშნული განცხადება ნაკარნახევია შტატების მხარდაჭერით გათავხედებული რეჟიმების აღვირახსნილი ძალადობით საკუთარ მოსახლეობაზე, მაგრამ ეს განცხადება არ არის მხოლოდ იძულებით გამოწვეული, ეს პრეზიდენტის სულისკვეთებაა, აზროვნების კატეგორია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტისეულმა ახალმა ტენდენციამ, როგორც ჩანს, სახელისუფლებო იერარქიის ყველა საფეხურზე სრულფასოვნად ჯერ ვერ გაჟონა. ცივი ომის ინერციით შეპყრობილმა მოხელეებმა ჯერ ვერ აუღეს ალღო პრეზიდენტისა და საკუთარი ქვეყნის ხვალინდელ პერსპექტივას.

ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დემოკრატიის მედროშის გადარჩენა თითოეულ ჩვენგანს და ზოგადად მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჭირდება. მივესალმები ბატონი ობამას ახალ ტენდენციას და იმედს ვიტოვებ, რომ აშშ-ს და ზოგადად დემოკრატიულ საზოგადოებას შესწევს მტერ-მოყვრის გარჩევის უნარი.

საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა თავის არჩევანი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ზოგადად თავისუფლების სასარგებლოდ და თვალსაჩინო ბრძოლას აგრძელებს ძალადობის, დიქტატურის წინააღმდეგ.

ჯერი თქვენს არჩევანზეა...

წინ, დამფუძნებელი მამებისაკენ!

 

საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლექსების წიგნისთვის SALVE;

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორი

საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის მთავარი პრიზის - რომის პაპის მედლის მფლობელი;

ვერონის კულტურის აკადემიის საერთაშორისო მედლის მფლობელი;

ბურბონთა სამეფო კარის მიერ მინიჭებული წმინდა გიორგის ორდენის კავალერი და რაინდის I ხარისხის ტიტულის მფლობელი;

შვეიცარიის კულტურის საზოგადოების UNIVERSUM-ის კულტურის უვადო ელჩი საქართველოში;

თურქეთის, ბურსის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრიზის მფლობელი;

საერთაშორისო PEN-კლუბის წევრი და ქართული PEN-ცენტრის დამფუძნებელი;

ამერიკის პოეტების აკადემიის წევრი;

2001 წელს შვედეთის აკადემიის ნობელის კომიტეტის მიერ აღიარებული კანდიდატი ნობელის პრემიის მოსაპოვებლად ლიტერატურაში.

ქართველ მკითხველს ბოდიშს ვუხდი შემოქმედებითი რეგალიების ჩამონათვალისთვის.

                                                                                                                                    დათო მაღრაძე