"რამდენჯერ მითხრა, - დედა, სახატავი ნივთები რომ მქონდეს, რამდენ კარგ რამეს გავაკეთებდიო. ამას ძალიან განვიცდი..." - კვირის პალიტრა

"რამდენჯერ მითხრა, - დედა, სახატავი ნივთები რომ მქონდეს, რამდენ კარგ რამეს გავაკეთებდიო. ამას ძალიან განვიცდი..."

"სალამი. მე თქვენ არ მიცნობთ, მე ბელა ვარ, 8 შვილის დედა. ყველაზე პატარა 6 თვის ევაა, რომელიც მიზეზთა გამო, ხელოვნურ კვებაზე მყავს. ვარ უკიდურეს მდგომარეობაში. წლებია, ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში და ვინაიდან მისი შეცვლა მოგვიხდა, სოციალური დახმარება შეგვიჩერეს... მერიდება, მაგრამ დახმარება უნდა გთხოვოთ, თუ ამის საშუალება გექნებათ; დამეხმარეთ, რომ ევასთვის ვიყიდო საკვები, რომელსაც მას ექიმის რჩევით ვაძლევ, რძე კი საკმაოდ ძვირი - 17 ლარი ღირს, საამისო თანხაც კი აღარ მაქვს... წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის", - ბელა მამფორია ამბობს, რომ ამ მესიჯის დაწერისკენ იმ სიმწარემ უბიძგა, რომელსაც შიმშილის შიში ჰქვია. დიახ, ბავშვი რომ საკვების გარეშე არ დარჩეს, ამისი შიში. მას ტელეფონით დავუკავშირდი:

- მრავალშვილიანი დედა ვარ, 3 სრულწლოვანი და 5 არასწრულწლოვანი შვილი მყავს. გარდაბნის რაიონში, გიგანტის დასახლებაში ვცხოვრობთ. ძალიან გაგვიჭირდა, თორემ არ შეგაწუხებდით...

- მიამბეთ თქვენს ოჯახზე. მეუღლე დაუსაქმებელია?

- ვერ მუშაობს, ე.წ. ინვალიდია, კასტილებით გადაადგილდება. ერთადერთი, სოციალური დახმარების იმედად ვართ და სამი თვით ისიც მოგვიხსნეს. ცხადია, ეს ჩვენ გამო მოხდა, მაგრამ რა გვექნა, ბინა უნდა გამოგვეცვალა, ჩვენი საკუთრება ხომ არ იყო... იმ პერიოდში ჩვენი ერთადერთი შემოსავალი მეუღლის პენსია გახლდათ.

- ბინის ქირას რითი იხდით?

- სოციალურ დახმარებას ვანაწილებთ საამისოდ.

- არც რომელიმე რაიონში გაქვთ უძრავი ქონება?

- სამწუხაროდ, არა, სოფელიც არ გვაქვს...

- მეუღლეს რა შეემთხვა, რატომ დასჭირდა ყავარჯნები?

- ავარიაში მოჰყვა და ბარძაყის ადგილას მიიღო მოტეხილობა. 3-4 ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ ფეხი ნორმალურად არ შეუხორცდა. მას მერე 7-8 წელი გავიდა. სანამ ეს მოხდებოდა, სოციალური დახმარება არც მოგვითხოვია, მეუღლე "სვარშჩიკია" და ხან სად მუშაობდა, ხან - სად, მაგრამ საქმის კეთება არ ეზარებოდა და თავიც გაგვქონდა. ახლა კი ხარჯებს ვერ ავუდივართ. ჯერ მარტო, 4 მოსწავლე გვყავს სახლში და ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული.

- თქვენ პროფესიით ვინ ხართ?

- დიასახლისი ვარ, ვზივარ სახლში და ვზრდი ბავშვებს. ჩვენს მეზობლად ფერმები აქვთ და სანამ უმცროსი შვილი გამიჩნდებოდა, ხანდახან ვახერხებდი ამ ფერმაში მუშაობას, ცოტაოდენი დამატებითი შემოსავალი რომ ჰქონოდა ოჯახს, მაგრამ ახლა ამასაც ვერ ვახერხებ.

- უფროსი შვილი რამდენი წლისაა?

- უფროსი 21 წლისაა, ცოლი ჰყავს და ცალკე ცხოვრობენ, ერთი გოგონაც გათხოვილია და ისიც მეუღლის ოჯახშია, ცხადია. მხოლოდ ერთი სრულწლოვანი, 18 წლის ვაჟი ცხოვრობს ჩვენთან.

- სადმე სწავლობს?

- არა, არ სწავლობს. მუშაობა ურჩევნია, მაგრამ ჯერ ვერაფერი იშოვა.

- პროფესია რომ მიიღოს, ამაზე არ გიფიქრიათ?

- კი, მაგრამ როგორ უნდა მიიღოს? ვერაფერს ვახერხებთ...

- ყველაზე მეტად, თქვენს ოჯახს რისი პრობლემა აქვს?

- საკვები და ტანსაცმელი გვიჭირს ყველაფერზე მეტად. ოჯახში ბევრი რამ გვაკლია, მაცივარიც კი არ გვაქვს, მაგრამ ამას ვინ ჩივის.

- პატარას ხელოვნურ საკვებს აჭმევთ. რატომ?

- აწყინა ჩემმა რძემ, ამის გამო საავადმყოფოშიც ვიწექით და მას მერე აღარც მიმიცია.

- რომელ კლასში არიან თქვენი შვილები?

- ერთი მერვე კლასშია, ორი მეოთხეში და ერთიც - მეორეში... ერთ-ერთი გოგონა ძალიან ნიჭიერია და ხატვის წრეზე უნდა სიარული, მაგრამ წრე კი არა, იმის საშუალებაც არაა, რომ ფანქრებით და ფურცლებით მოვამარაგო. რამდენჯერ მითხრა, - დედა, სახატავი ნივთები რომ მქონდეს, რამდენ კარგ რამეს გავაკეთებდიო. ამას ძალიან განვიცდი...

- მე ვიცი, რომ სოციალურად დაუცველებისთვის არის უფასო წრეები.

- კი, მაგრამ ეს შუაგულ ქალაქში, ჩვენკენ კი უფასო არაფერია, სამწუხაროდ...

P.S. თუ ვინმეს ოჯახის და განსაკუთრებით, პატარა ევას დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ გიორგი ბეგაშვილის ანგარიშზე: (თიბისი ბანკი) GE18TB7160845064300018 ან საქართველოს ბანკში ბელა მამფორიას სახელზე გახსნილ ანგარიშზე: GE80BG0000000499243044

ან თუ გსურთ, ოჯახს დაუკავშირდეთ, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე: 558 25.60.81.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)