"წარმოიდგინეთ, ეს ოცნება რომ აგიხდება, რა შეგრძნება დაგეუფლება ადამიანს: ჩემთვის ყველაფერი განათდა"
"წარმოიდგინეთ, ეს ოცნება რომ აგიხდება, რა შეგრძნება დაგეუფლება ადამიანს: ჩემთვის ყველაფერი განათდა"
პირველკურსელებისთვის ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ძირითადად განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული: სკოლის ნაცვლად, მოზარდები უკვე უნივერსიტეტში მიდიან, ახალ მეგობრებს იძენენ, მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება... რამდენიმე ადამიანს ვთხოვეთ, უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პირველი დღე გაეხსენებინა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

თაკო კორინთელი:
"როცა შევიტყვე, რომ უნივერსიტეტში (ჟურნალისტიკის ფაკულტეტი) ჩავაბარე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ვაიმე, კურსზე ახლა ვინ დამხვდება და ვინ როგორ მომექცევა-მეთქი, ამაზე არ მინერვიულია. ისეთი კომუნიკაბელური ვარ, რომ ვიცოდი,
როგორც კი აუდიტორიაში შევიდოდი, მაშინვე ყველას დავუმეგობრდებოდი. რაც შეეხება ჩაცმულობასთან დაკავშირებულ სამზადისს, სკოლაში, პირველი სექტემბრის სამზადისით ისეთი გამწარებული ვიყავი (მშობლები 2 ზომით დიდ ქურთუკებს გვაცმევდნენ, მომავალ წელსაც რომ გამოგვდგომოდა), რომ უნივერსიტეტში მსგავსი არაფერი გამიმეორებია (იცინის)..."

თემო ნიქაბაძე:
"მორიდებულობის, უცხოობის განცდა არ მქონია. ერთი სიტყვით, უნივერსიტეტის
კარი ხმაურიანად შევაღე. გარკვეულ აქტივობებშიც ჩავერთე: დღის დასასრულს, საზეიმო სუფრასთან შევიკრიბეთ საღამოს წამყვანის ამპლუით... მიუხედავად ყველაფრისა, სიმართლე გითხრათ, პირველ დღეს, ცოტა არ იყოს, მაინც ვღელავდი: სკოლისგან განსხვავებული სწავლის სტილი, ლექციები გველოდა... ცოტათი იმაზეც ვნერვიულობდით, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი ლექტორი, რადგან ვიცოდით, რომელი პედაგოგი იყო მკაცრი და რომელი - არა. ასე ვთქვათ, ამის შიშიც მქონდა, მაგრამ მალევე დავძლიე..."

ბუბა მირცხულავა:
"ერთ დღეს რომ გავიღვიძე, სკოლის ნაცვლად, უნივერსიტეტში წავედი, სადაც ახალი ადამიანები დამხვდნენ. ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო. ისეთი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, რომ გავგიჟებულიყავი, - ვაიმე, უნივერსიტეტის ცხოვრება რა მაგარია-მეთქი! უბრალოდ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ლექტორებს იმ დახვედრისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება..."

გია ჯაჯანიძე:
"მთელი ბავშვობა და ყმაწვილობის პერიოდი, არანორმალური სურვილი მქონდა, თეატრალურ უნივერსიტეტში მესწავლა. წარმოიდგინეთ, ეს ოცნება რომ აგიხდება, რა შეგრძნება დაგეუფლება ადამიანს: ჩემთვის ყველაფერი განათდა, აელვარდა, გავბედნიერდი, გავიხარე და ამ საოცრად დადებით ემოციებში მყოფი, თეატრალურ უნივერსიტეტში წავედი. მრავალფეროვნება და საინტერესო სიტუაცია დამხვდა: რუსთაველზე უამრავი ბედნიერი გოგო-ბიჭი დავინახე. რადგან რაიონიდან ჩამოსული გახლდით, ჩემთვის ეს სიხარული ასმაგი იყო, ვიდრე მათი - ასე მგონია..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები