"ვინც ნამკურნალებია C ჰეპატიტზე ან ვინც ახლა მკურნალობს, მათთან, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, გართულება ნაკლებად მოსალოდნელია" - კვირის პალიტრა

"ვინც ნამკურნალებია C ჰეპატიტზე ან ვინც ახლა მკურნალობს, მათთან, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, გართულება ნაკლებად მოსალოდნელია"

კოვიდპანდემიამ ძალიან დიდი დაღი დაასვა მსოფლიოს და, ცხადია, ჩვენს პატარა ქვეყანას, ბევრი ძვირფასი ადამიანი გამოგვაკლდა და არც ის ვიცით, ხვალ რა გველის. მისგან მომდინარე შეზღუდვებმა, ე. წ. ლოკდაუნებმა კი ბევრი ადამიანი დააბრკოლა, თუნდაც კლინიკებში სხვადასხვა დაავადების გადასამოწმებლად ან სამკურნალოდ მისვლას რომ აპირებდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ადამიანები აღმოჩნდნენ, და არა მარტო ისინი, ვინც მკურნალობდა, ისინიც, ვინც სკრინინგის მიზნით აპირებდნენ მისვლას.

ეს სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს კომპანია "გილიარდის" თანადგომით დაიწყო საქართველოში და მართლაც უნიკალურია, რადგან იგი უახლესი მედიკამენტებით პაციენტების უფასო მკურნალობას ითვალისწინებს. სასიხარულოა, რომ პროგრამა 2025 წლამდე გაგრძელდა და მისით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია სარგებლობა, მთავარია, უპირველესად, ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი და დარწმუნდეს, აქვს თუ არა მას C ჰეპატიტი, ხოლო დადასტურების შემთხვევაში მიაკითხოს მისთვის სასურველ კლინიკას და ჰეპატოლოგს.

ეს გზა უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიარა და არათუ ღვიძლის შედარებით მსუბუქი დაზიანების მქონე პაციენტებმა, არამედ - უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებმაც კი დაძლიეს ვირუსი და, შესაბამისად, ღვიძლთან ერთად სიცოცხლეც გადაირჩინეს. ამ ადამიანების ჯგუფმა - პაციენტების ორგანიზაციებმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, C ჰეპატიტის პრევენციისთვის დაიწყეს საინფორმაციო კამპანია - "იჩოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!" ვფიქრობთ, ამგვარი ნაბიჯი სწორედ დღეს, პანდემიის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობისთვის, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლოების ნაწილმა რატომღაც უარი თქვა ამ სიკეთეზე - სკრინინგსა და მკურნალობაზე, რომელიც მსოფლიოში ძალიან ძვირად არის შეფასებული, საკუთარ სამშობლოში კი სრულიად უფასოდ შეუძლია მიიღოს. მით უფრო, არც ვიცით, როდის დასრულდება კოვიდი და მასთან ერთად რა შეიძლება დამართოს ორგანიზმს მეორე მძიმე ვირუსმა. ამ ინტერვიუთი ვეცდებით, ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ C ჰეპატიტისგან მომდინარე საფრთხეზე, თანაც - სწორედ პანდემიის დროს, დანარჩენი კი თითოეულმა თავად განსაჯეთ.

თამარ რუხაძე, ექიმი-ინფექციონისტი:

- ჩვენს კლინიკებში მიმართვიანობის შემცირება, რა თქმა უნდა, კოვიდპანდემიამაც გამოიწვია. ვისაც დადასტურებული ჰქონდა C ვირუსი, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის გამო უჭირდა გადაადგილება, აგრეთვე, ვერ მოდიოდნენ სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდით დაინფიცირების შიშის გამოც. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის მიმდინარეობის სწორედ ამგვარ ურთულეს პერიოდში ჩვენ ყველანაირად ვუწყობდით მათ ხელს - მკურნალობის კურსი რომ არ შეწყვეტოდათ, რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს იქაურ კლინიკებში ვუგზავნიდით მედიკამენტებს და მათ ადგილზე ურიგებდნენ.

- კოვიდპანდემიის დაწყებიდან მალევე ხალხში გავრცელდა ხმა, თითქოს C ჰეპატიტნამკურნალები პაციენტები ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, რადგან ძლიერი ვირუსოთერაპია ჰქონდათ ჩატარებული და მათ კოვიდი არ დაემართებოდათ, თუმცა ასე არ აღმოჩნდა - კოვიდი C ჰეპატიტზე ნამკურნალებ და განკურნებულ ადამიანებსაც შეეყარათ. რას შეიძლება დაფუძნებოდა ეს ინფორმაცია თუ ვარაუდი, იყო ამის თქმის საფუძველი?

- ეს ნამდვილად არ გამართლდა, რადგან მათ C ჰეპატიტის დასამარცხებლად კი ჰქონდათ ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობა, მაგრამ ჰარვონიც და სხვა ანტივირუსული პრეპარატებიც არის C ვირუსის საწინააღმდეგოდ და ის არ ვრცელდება ყველა ვირუსზე. COVID-19-ით ინფიცირებისგან არავინ არის დაზღვეული და დაცული - არც ის, ვინც C-ზე იმკურნალა და განიკურნა, არც ის, ვინც მასზე ახლა მკურნალობს და არც ის, ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება C ჰეპატიტთან.

კოვიდი არის ჰაერწვეთოვანი ინფექცია და, შესაბამისად, მისი დამართვის ალბათობა სულ სხვა მიზეზებზეა დამოკიდებული. უბრალოდ, ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც ნამკურნალებია C-ზე ან ვინც მასზე ახლა მკურნალობს, მათთან, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, გართულება ნაკლებად მოსალოდნელია და თუ რატომ, ამას ახლავე აგიხსნით:

არსებული ინფორმაციით, ზოგადად, ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პირებს შესაძლოა ჰქონდეთ COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობის გაზრდილი რისკი. ეს რისკიც დამოკიდებულია და დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანების სიმძიმეზე - რაც მეტია დაზიანება, მით მეტად რთულად შეიძლება წარიმართოს COVID-19. საერთოდ, B და C ჰეპატიტების შემთხვევაში, კოვიდით სიკვდილიანობის რიცხვი გაზრდილი არ არის - დღესდღეობით ჩატარებული კვლევების მიხედვით, ასეთი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ... მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი: კორონავირუსი იწვევს ცვლილებებს ღვიძლში, იმიტომ, რომ ის რეცეპტორები, რომელსაც ვირუსი უჯრედში შესაჭრელად იყენებს, ღვიძლშიც გვხვდება. ამიტომ ღვიძლი ახალი კორონავირუსის ინფექციისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ პოტენციურ საფრთხეს. მინდა სწორად გამიგოთ - ფილტვი ძირითადი სამიზნეა, ღვიძლი კი ერთ-ერთი პოტენციური საფრთხე! გააგრძელეთ კითხვა