"ხომ არიან გოგონები, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელი ჰყავთ, ეფლირტავებიან... მსგავსი რამ არასდროს ჩამიდენია" - კვირის პალიტრა

"ხომ არიან გოგონები, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელი ჰყავთ, ეფლირტავებიან... მსგავსი რამ არასდროს ჩამიდენია"

"მისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით. ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია. სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია. კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას. მასში ორი ადამიანი ცხოვრობს, ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მოდელ თათია თექთურმანიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია არის მეცნიერება, რომელიც მეტ-ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ღრმად ჩახედული არა ვარ, არც პირადი რუკა მაქვს შედგენილი. ვიცი, რომ ტყუპის ნიშნით ვარ დაბადებული და ცვალებადი ხასიათი მაქვს.

- ეს არა მხოლოდ ტყუპის თვისებაა, არამედ ხასიათის ცვალებადობით მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანებიც გამოირჩევიან. - სახლიდან რომ გავდივარ, მანქანაში 2-3 წყვილ ტანსაცმელს ვდებ: ვიცი, დილით რასაც ჩავიცვამ, შეიძლება ცოტა ხანში იმ სამოსში კომფორტულად ვეღარ ვიგრძნო თავი და, ცუდი განწყობა რომ არ დამეუფლოს, უნდა გამოვიცვალო. ვერ ვიტყვი, რომ დამღლელი თვისებაა, უბრალოდ საჭიროა, საკუთარ თავს ხელი შეუწყო. შეიძლება ერთი წლის წინანდელი ცუდი ფაქტი გამახსენდეს და იმის გამო მოვიწყინო, მაგრამ ხასიათი უმიზეზოდ არასდროს მეცვლება.

- "ხშირად დეპრესიულია, რაც განმარტოებისკენ უბიძგებს, ამის გამო გარშემო მყოფებს ამოუცნობ, მარტოსულ და ძნელად გასაგებ ადამიანად მიაჩნიათ". - არ ვეთანხმები. დეპრესიისკენ მიდრეკილი საერთოდ არ ვარ, ცხოვრებაში არ მქონია. მყავს მეგობრები, რომლებიც ანტიდეპრესანტებს იღებენ, რომლებსაც პრობლემასთან გასამკლავებლად პროფესიონალის ჩარევა დასჭირდათ. ასე არასდროს დამმართნია, არც ცუდი ფიქრები მქონია. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს თავზე ვიმუშაო. განმარტოების სურვილი პერიოდულად მიჩნდება, სიმყუდროვე და შინ მარტო ყოფნა მიყვარს. ახლა მარტო ვცხოვრობ, სულ მეკითხებიან, - არ იწყენ? არის ხოლმე მომენტები, როცა მინდა მეგობრები მოვიდნენ, ან მე გავიდე, მაგრამ მარტო დარჩენის არ მეშინია, საკუთარ თავთან მარტო ყოფნა მსიამოვნებს.

- ვინმეს უთქვამს, მარტოსული, ამოუცნობი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებო? - არასდროს, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.

- "ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი". - ძლიერი პიროვნება ვარ, დანებება, თვითგვემა არ მჩვევია. როცა პრობლემას ვაწყდები, თავს მაქსიმალურად ვიმხნევებ, ფეხზე მყარად ვდგავარ და გონების მობილიზებას ვახდენ.

- "ბევრი მათგანი გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა". - გამბედაობა მათ სჭირდებათ, რომლებსაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმის ეშინიათ. ადამიანებთან ყველაფერს ადვილად ვაგვარებ, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. როცა რაიმეს შეძენა მინდა, ყველა მაღაზიას თუ არ მოვივლი, თუ არ ვნახავ, შევამოწმებ, სადმე რამე არ გამომრჩეს, თუ არ დავრწმუნდები, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებ, ისე არ შევიძენ.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია". - ტემპერამეტიანი და ფეთქებადი ვარ, თავნება - ნაწილობრივ. საკუთარ თავს ძალიან ვენდობი, ვაფასებ, მომწონს ჩემი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმიღია, ვთვლი, რომ გააზრებული და სწორი ნაბიჯები მაქვს გადადგმული. ახლობლებს რჩევა შეიძლება ვკითხო, მოვუსმინო, შესაძლოა გავითვალისწინო კიდეც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ შეგრძნებებს ვუჯერებ და ისე ვმოქმედებ, როგორც თავად მიმაჩნია მართებულად. კარგი ინტუიცია მაქვს. რაც შეეხება ფეთქებადობას, შეიძლება უმნიშვნელო დეტალმაც კი წონასწორობიდან გამომიყვანოს. მაგალითად, უზრდელობამ, რომელიც შეიძლება ჩემკენ სულაც არ იყოს მომართული. ახლახან შემთხვევა მქონდა, საჭესთან ვიჯექი, მივდიოდი და ჩემ წინ მიმავალი მანქანიდან ნაგავი გადმოყარეს. ამის გატარება არ შემიძლია, თვალზე ბინდი მეკვრება. ფარები ავუნთე, ფანჯარა ჩამოვწიე, შენიშვნა მივეცი. იმ წუთში აგრესიას ვერ ვიკავებ.

- "არ იცის წყენის გულში ჩახვევა". - წყენის ხარისხს გააჩნია, გულს თუ მატკენენ, ჩახვევა ვიცი კი არა, არასდროს დამავიწყდება. შეცდომების პატიება მეგობრებისთვის განსაკუთრებით მიჭირს. ადვილად შემიძლია ადამიანზე გული ავიცრუო, ისეთ რამეს თუ შევამჩნევ, რაც ჩემი გაგებით, მორალში არ ჯდება, რის გამოც ადამიანს პატივს ვცემ.

- ასე ბევრი ადამიანი დაგიკარგავს?

- მეგობრები დამიკარგავს.

- როგორ ფიქრობ, ცნობისმოყვარე ხარ? - სასწაულად ცნობისმოყვარე ვარ. ერთადერთი, რაც არ მაინტერესებს, სხვა ადამიანების ცხოვრებაა.

- "ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს", - ამბობენ ასტროლოგები. - გამორიცხულია, დიდი ტყუილია. ცნობისმოყვარე ვარ, როცა მეგობარი მირეკავს და მეუბნება, - რაღაც უნდა მოგიყვე და საღამოს დაგირეკავ. - საღამოს რატომ? რას ამბობ, ახლა მითხარი... როცა მეუბნებიან, შენთვის სიურპრიზი მაქვსო, ინტერესით ვკვდები. ნუ მეუბნები, რა. აი, ამ დონეზე ძალიან ცნობისმოყვარე ვარ.

- "ის წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო". - შეიძლება ასე ითქვას, ჯანსაღი ამბიცია მაქვს, ეს საჭიროა.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება". - 100%-ით ვეთანხმები. დეტალებისგან შედგება ურთიერთობა და მნიშვნელობას ამიტომ ვანიჭებ. ადამიანთან, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, ისე უნდა ვიქცეოდე, როგორც მინდა, მე მომექცნენ. არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც არ მინდა, მე გამიკეთონ, შესაბამისად, ჩემს ყველა ნაბიჯს გააზრებულად ვდგამ. ჯერ ვფიქრობ და მერე ვმოქმედებ, ყოველთვის ძალიან ვუფრთხილდები იმას, რაც ჩემთვის ღირებულია.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია, ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ". - სადაქალოში ორი, ტირილის ხასიათზე მყოფი თუ არ ვემთხვევით (იცინის), მაგ შემთხვევაში, შეიძლება. ადამიანებთან ურთიერთობა მარტივად შემიძლია. მთავარია, პიროვნება მომეწონოს, თავისი ქცევებით ჩემთვის გამაღიზიანებელი არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხულია, მასთან ურთიერთობის სურვილი გამიჩნდეს.

- "მისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით". - გონება და გული ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს.

- საერთოდ, ცხოვრებაში გონებით უფრო ხშირად მოქმედებ თუ იმას აკეთებ, რასაც გული გეუბნება? - ჩემი წინათგრძნობა ხშირად ამართლებს, გულს ვენდობი, მაგრამ ჩემი გული გონებას ხშირად არ ეწინააღმდეგება, თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია". - (იცინის) ასეა, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნობაზე არაა დამოკიდებული, მიდგომა, მანერები მნიშვნელოვანია.

- "მოსწონს ფლირტი და ადვილად იპყრობს სხვის ყურადღებას".

- არ მიყვარს ფლირტი, არაფრის მომტანი ურთიერთობები, უაზრო მესიჯობა... არ არსებობს, მიმოწერის დონეზეც ვინმესთან ურთიერთობა მქონდეს, სიმპათია თუ არ მაქვს. ხომ არიან გოგონები, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელი ჰყავთ, ყველასთან ცოტა-ცოტა დროს ატარებენ, ეფლირტავებიან, საჩუქრებს იღებენ, ერთთან ყავას სვამენ, მეორესთან - ჩაის, უღიმიან. მსგავსი რამ არასდროს ჩამიდენია.

- ახლა შეყვარებული ხარ? - არა.

- "ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას". - ადამიანის გრძნობებით თამაშს ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.

- "მასში ორი ადამიანი ცხოვრობს, ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება, ასეთივე სისწრაფით იცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამსახურს და სანაცნობო წრესაც კი". - ცვალებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ სამსახურსა და სანაცნობო წრეს ხშირად არ ვიცვლი, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მიჭირს.

- ცინიკოსი ხარ? - არა, ყველა ცინიკოსი ადამიანის მიმართ ცუდად ვარ განწყობილი, ვითომ ხუმრობით ცინიკურად რომ გაკნინებენ, ამ თვისებას ვერ ვიტან. სხვას რომ ვხედავ, შენიშვნას ვაძლევ.

- ჯიუტია, ზოგჯერ მისი გადარწმუნება შეუძლებელია". - ჯიუტი ვარ. შეიძლება ვინმემ თავის აზრზე ჩემი გადაყვანა მოახერხოს, მაგრამ ამას მაინც არ ვაღიარებ.

- "ადამიანებში უარყოფით თვისებებს ადვილად ამჩნევს და არ პატიობს".

- მართალია. ასეთ ადამიანზე გული მიცრუვდება, მარტივად ვიჭერ მის ცუდ თვისებებს და მერე ურთიერთობის სურვილი მიქრება.

- "არაპუნქტუალურია, ყველგან აგვიანებს". - მაქსიმალურად ვცდილობ, ყველგან თავის დროზე მივიდე, რაღაც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზით თუ არ მოხდა. ჩამეძინა, დრო ვერ გავთვალე და მსგავსი მიდგომები არასდროს მჩვევია.

- "მფლანგველია, ფულის განიავებაზე გიჟდება". - ფულის ხარჯვა მიყვარს, მაგრამ იმდენს არასდროს ვხარჯავ, მეორე დღეზე რომ აღარ ვიფიქრო.

- ასეთია შენი ასტროპორტრეტი, რას იტყვი? - საინტერესოა, როგორც ველოდი, ნაწილობრივი თანხვედრა იყო.

თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"