"ემიგრაცია არის სამშობლო სხვა სამშობლოში. ქართველი ემიგრანტი ქალი ძლიერი, თავდადებული და მეომარია!" - კვირის პალიტრა

"ემიგრაცია არის სამშობლო სხვა სამშობლოში. ქართველი ემიგრანტი ქალი ძლიერი, თავდადებული და მეომარია!"

"მსოფლიოში მიმოფანტული ემიგრანტი ქალები ვიმსახურებთ იმას, რომ წელიწადში ერთხელ თავი შევახსენოთ სახელმწიფოსა და საზოგადოებას..."

რამდენიმე თვეა, რაც სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი "ემიგრანტი ქალი". ჯგუფის ხელმძღვანელმა თამარ ზოიძემ ემიგრანტი ქალები შემოიკრიბა და ყველამ ერთად, დიდი "აურზაური" მოაწყო. მხიარულების, ერთმანეთის თანადგომისა და დიდი სიყვარულის სურნელი ტრიალებს ამ ჯგუფში.

4 სექტემბერს ბარსელონაში მცხოვრები ემიგრანტი ქალები, ნამდვილი ფერიებივით, თეთრ კაბებში გამოწყობილები შეიკრიბნენ ერთი იდეის გარშემო, რომ 4 სექტემბერი საქართველოში გამოცხადდეს უქმედ და იყოს "ქართველი ემიგრანტი ქალის დღე". ამ ლამაზ საღამოს კონკურსიც გამართეს, სახელწოდებით "მის ემიგრანტი". წვეულების ორგანიზატორები თამარ ზოიძე და ქრისტი აფხაძე იყვნენ. "ჩვენ, ემიგრანტი ქალები, გაწეული შრომისთვის ვიმსახურებთ წელიწადში ერთ დღეს შევახსენოთ თავი სახელმწიფოსა და საზოგადოებას, დღეს ჩვენი ქვეყანა ჩვენს მხრებზე დგას", - გვითხრა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქრისტი აფხაძემ.

- ქალბატონო თამარ, როგორც ჯგუფის დამაარსებელმა, გვითხარით, როგორ გაჩნდა ეს იდეა?

თამარ ზოიძე:

- ჯგუფის შექმნის იდეა გაჩნდა ძალიან სპონტანურად. ერთ-ერთ ჯგუფში დამაბულინგეს, რის გამოც დაახლოებით 200-მდე გოგონამ დავტოვეთ ჯგუფი და ახალი შევქმენით. შემდეგ გადავწყვიტეთ ივენთის და "მის ემიგრანტის" ჩატარებაც.

- რისი თქმა გსურდათ ამ კონკურსით და საერთოდ, ამ წვეულებით?

- ემიგრაცია არის სამშობლო სხვა სამშობლოში. ჩვენ ყველაფერ იმას მოწყვეტილები ვართ, რაც საქართველოში ხდება. აქ მოვიწყვეთ პატარა სამშობლო. საქართველოში ყოფნისას ამ სფეროში მქონდა გარკვეული გამოცდილება. მინდოდა, რაღაც ახალი წამომეწყო ემიგრანტი ქალებისთვის. აი, ასე შეიქმნა ეს ყველაფერი, შემდეგ მოხდა ის, რომ მე და ქრისტიმ ერთად ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა, გავერთიანდით და ამ საღამოს ორგანიზატორობაც შევითავსეთ. იგივე ივენთი იგეგმება უახლოეს პერიოდში მადრიდშიც. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მსგავსი საღამოები ყოველ წელიწადს ჩატარდება და ეს მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას.

- ქალბატონო ქრისტი, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეთ, რომ წვეულების ყველა მონაწილე შემოსილიყო თეთრი სამოსით. რატომ მაინცდამაინც თეთრი?

ქრისტი აფხაძე:

- იმიტომ, რომ თეთრი ასოცირდება მშვიდობასთან, ბედნიერებასთან. გვინდოდა, ყველა ემიგრანტ ქალს თავი დედოფლად ეგრძნო. ეს იყო ერთგვარი პერფორმანსი, ღონისძიება გაიხსნა საქართველოს დროშითა და ჰიმნით.

- გამოხვედით ინიციატივით, რომ 4 სექტემბერი გამოცხადდეს "ემიგრანტი ქალის დღედ" და იყოს უქმე. როგორ ფიქრობთ, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ იყო?

- დიახ, ეს არის ხმამაღალი ნათქვამი და მე ვფიქრობ, ქართველ ემიგრანტ ქალს ეთქმის ეს ხმამაღალი სიტყვა. მგონი, მსოფლიოში მიმოფანტული ემიგრანტი ქალები ვიმსახურებთ იმას, რომ წელიწადში ერთხელ თავი შევახსენოთ სახელმწიფოსა და საზოგადოებას...

წვეულებაზე კონკურსიც გაიმართა და დასახელდა "მის ემიგრანტი". ამ ტიტულის მფლობელი სამი შვილის დედა, პროფესიით მუსიკოსი მარიამ ჭიღვარია გახდა. მარიამი იქ შეკრებილი ქალბატონების განწყობაზე ზრუნავდა და წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა.

- რამდენი წელია, რაც ემიგრანტი ხართ და რა გახდა ემიგრაციის მიზეზი?

მარიამ ჭიღვარია:

- 11 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი. ოჯახი შევქმენი და მალევე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ადაპტაციის პერიოდს გადიხარ - ახალი შთაბეჭდილებები, ახალი გარემო, ხალხი... თუმცა გააზრება იმისა, რომ შენ ხარ ემიგრანტი, მოდის თანდათანობით. ხვდები, რომ ახლა შენი სახლი აქაა, უცხო მიწაზე, აქ არც მეგობრები არიან, არც - ოჯახი, არც - მშობლები; უცხო ენა, უცხო ქუჩები, ამას დაერთო ჩემი პირველი ფეხმძიმობაც, მაგრამ გამართლებაა ისიც, რომ გვერდით მყავდა მეუღლე, რომელიც მეხმარებოდა სირთულეების გადალახვაში. ყოფილა რთული პერიოდიც, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ემიგრანტობა ნიშნავს, იყო ერთდროულად ბევრი ვინმე. ჩემთვის მტკივნეული იყო ნოსტალგია და მონატრება. ახლა ვახერხებ, რომ ყოველ წელს ჩავიდე საქართველოში და მოვინახულო ახლობლები.

- პიანისტი ხართ, ესპანეთში თუ ახერხებთ საკუთარი თავის რეალიზებას?

- მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, თუმცა ამ ეტაპზე არ ვმუშაობ პროფესიით, ისევე, როგორც ემიგრანტების უმეტესობა. თუმცა, გამოვნახე ერთადერთი გზა, რომ არ მოვმწყდარიყავი საყვარელ საქმიანობას და ავიყვანე მოსწავლეები, მათ ინდივიდუალურად ვამზადებ.

- "ემიგრანტი ქალი", ასე ჰქვია ჯგუფს, რომელმაც მოაწყო საღამო ემიგრანტი ქალებისთვის და თქვენ დაგასახელეს "მის ემიგრანტად". რას ნიშნავს თქვენთვის ეს სტატუსი და თუ გქონდათ ამის მოლოდინი?

- მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინიც მქონდა და დიდი სურვილიც, მაინც მოულოდნელი სიხარული იყო. დიდი კონკურენცია გახლდათ, ბევრი ლამაზი ქალი ესწრებოდა საღამოს. ჩემთვის ეს დიდი სტიმულია, ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ.

- რა კრიტერიუმით შეირჩა გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში?

- ორგანიზატორების გადაწყვეტილებით სამი ნომინაცია იყო: "მის ემიგრანტი", "მის ინტელექტი" და "მის ელეგანტი". შეირჩა ფარული კენჭისყრით, შემდეგ დაითვალეს ხმები. "ჯგუფის სიმპათია" და "პოზიტივი", ასევე "ყველაზე მზრუნველი ემიგრანტი ქალი" ორგანიზატორებმა შეარჩიეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თამარს და ქრისტინეს ამ ლამაზი საღამოსთვის. ქალბატონებს, ყველას თეთრი სამოსი გვეცვა, ჯგუფის ლოგოც არის თეთრი იასამნისფერში. აქამდე მსგავს კონკურსებში მონაწილეობა არ მიმიღია, ეს პირველი გამოწვევა იყო ჩემთვის, თუ არ ჩავთვლით სწავლის პერიოდში მუსიკალურ კონკურსებს, სადაც ბევრი წარმატება ყოფილა.

- როგორია თქვენი თვალით დანახული ემიგრანტი ქალი?

- ძლიერი, თავდადებული და მეომარი! მე ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სამშობლოში დაბრუნებას.

- აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?

- სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით, როდის დავბრუნდებით საქართველოში, თუმცა ეს ჩვენი ოცნებაა ისევე, როგორც ყველა ქართველის.

ფიქრია რობაქიძე

ჟურნალ "გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან