"ჩვენი ერი 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზეც ვერ გამოვიდა "ძველი აღთქმის" ტყვეობიდან" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ერი 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზეც ვერ გამოვიდა "ძველი აღთქმის" ტყვეობიდან"

მამა პეტრე (კვარაცხელია) იმ სასულიერო პირების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავიანთ პოზიციას არ მალავენ და მედიასთან დაუფარავად საუბრობენ. მამა პეტრეს ჩვენს სამშობლოში და ქართულ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

- შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართველ საზოგადოებაში ქაოსია: ის უამრავ ნაწილად არის დაყოფილი და ვერც ერთ საკითხში თანხმობას ვერ აღწევს. მაინც რა ხდება ჩვენს თავს?

- გამოგიტყდებით, აღარაფერი მიკვირს: მე მახსოვს დღეები, როცა ახალბედა სასულიერო პირი ვიყავი და ჩემ ირგვლივაც აბსოლუტურ ქაოსს ვხედავდი. ვნანობდი კიდეც, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი და სასულიერო პირი გავხდი. ალბათ იკითხავთ, რატომ: ჩემდა სამწუხაროდ, ღმერთის სახელით მოსაუბრე ადამიანებში დიდი სიცარიელე დამხვდა. ზოგიერთ მათგანს აბსოლუტურად მახინჯი დამოკიდებულება ჰქონდა არა მარტო სხვების, არამედ ერთმანეთის და ეკლესიის მიმართ, რამაც ჩემში დიდი გულისტკივილი და იმედგაცრუება გამოიწვია.

- როგორ მოერიეთ ამ იმედგაცრუებას?

- ალბათ იმით, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი განცდები და შეხედულებები საზოგადოებისთვის გამეცნო. ამაში სოციალური ქსელიც მეხმარებოდა და საჯარო გამოსვლებიც. ცხადია, ჩემი ინტერვიუები და საზოგადოებასთან გამართული შეხვედრები ყველას არ მოსწონდა და ჩემ მიმართ აგრესიას ვგრძნობდი - არ მინდობდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ! ზოგიერთი სასულიერო პირის "კურთხევით" სოციალურ ქსელში გვერდებსაც ქმნიდნენ ჩემს წინააღმდეგ. ჩემი გამოსვლები აბსოლუტურად სახარებასა და ქრისტეს მოძღვრებაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ ამ ხალხს მაინც დიდი აგრესია ჰქონდა. დიახ, მე ეს ყველაფერი გამოვიარე და გადავლახე, ამასობაში, მე და საზოგადოება ერთმანეთს დავეწიეთ და ახლა უფრო მეტი ადამიანი მიგებს, უფრო მეტს ესმის, რას ვამბობ. უფრო მეტიც, ბევრი ცდილობს, ჩემი მოსაზრებები გაიზიაროს.

- მაინც რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ქართველ საზოგადოებაში ხედავთ?

- ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებას აფერხებს, არის ის, რომ ვერ ვიზრდებით, კუს ნაბიჯებით მივდივართ და ერთსა და იმავე, მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ამ წრის გარღვევის სურვილი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. რატომ? - იმიტომ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც 1980-1990-იანი წლებიდან მოდის, აბსოლუტურად დეგრადირებული და დაშტამპულია. ადამიანს, რომლის აზროვნება ჩარჩოებშია მოქცეული, შეიძლება სახარების მიმართაც პროტესტი გაუჩნდეს. მე ხშირად ვამბობ: ჩვენი ერი 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზეც ვერ გამოვიდა "ძველი აღთქმის" ტყვეობიდან. თითქოს, ისევ "ძველ აღთქმას" ვუბრუნდებით, მაგრამ ახალი თაობა, გინდა თუ არა, მაინც იზრდება და ყველაფერი იცვლება. 2001 წლის შემდგომ დაბადებული, თავისუფალ ქვეყანაში გაზრდილი და უკვე ჩვენ გარშემო მყოფი თაობა ვერაფრით შეეგუება იმ სიბინძურეს, რაც წლების განმავლობაში რელიგიის სახელით ვრცელდებოდა. რას ვგულისხმობ? - არც ერთი რელიგია და მით უმეტეს, მართლმადიდებლობა, არასდროს ქადაგებდა ძალადობასა და შურისძიებას. ეს, "ძველი აღთქმა" იყო დაფუძნებული გამონათქვამზე - "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ", ახალი აღთქმა კი გვასწავლიდა და გვასწავლის: თუ მარჯვენა ლოყაში გაგარტყეს, მარცხენაც მიუშვირეო.

- ამ სიტყვებს ბევრი სწორად ვერ იგებს.

- გეთანხმებით, სახარება იმას კი არ ამბობს, ვიღაცას თავი მოვაკვლევინოთ, არა - ეს სიტყვები ნიშნავს: გაატარე, ყურადღება არ მიაქციო და ძალადობას არ მიმართოო... რაც ყველაზე მთავარია: ღმერთს მიენდე, შენში იყოს სიკეთის მარცვალი, შენ გაავრცელე სიკეთე, ბედნიერება და მაშინ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში რელიგიის არასწორი აღქმა და გაგებაა. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი იჩემებს, რომ აღმსარებელი და მაზიარებელია, მაგრამ მათი ცხოვრების წესი რადიკალურად განსხვავდება ქრისტეს სწავლებისგან. ჩვენ აუცილებლად უნდა დავსვათ ასეთი შეკითხვა: ვამტკიცებთ, რომ აღმსარებლები და მაზიარებლები ვართ, მაგრამ "ძველ აღთქმაში" ჩავრჩით თუ "ახალ აღთქმაში" გადმოვინაცვლეთ?! თუ ამ შეკითხვას გულწრფელ პასუხს გავცემთ, მივხვდებით, რომ ჩვენი აღქმა, ჩვენი მენტალობა ქრისტეს მოძღვრებასთან და ქრისტეს ეკლესიასთან ახლოს არ დგას. "ძველი აღთქმიდან" წამოსული ადამიანი "ახალ აღთქმას" ასე იოლად ვერ შეეგუება და ვინც ცდილობს, "ახალი აღთქმის" მიხედვით იცხოვროს, იმასაც ებრძვის და ეომება. ასე იწყება პრობლემები და დაპირისპირება ჩვენს საზოგადოებაში. აბა, როგორ შეიძლება ორი ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ აღმსარებელი და მაზიარებელია, ერთმანეთის დაუძინებელი მტერი იყოს? ცხადია, არ შეიძლება.

- ჩვენს ქვეყანაში რატომ ხდება მსგავსი დაპირისპირება?

- იმიტომ, რომ აქ ყველაფერი ფასადური და ზედაპირულია. ყველაზე მეტად საეკლესიო მოძღვრებას, "ახალ აღთქმას" და "წმინდა წერილს" ფანატიკოსი ადამიანები გმობენ და ებრძვიან, რომლებიც "ძველ აღთქმაში" ჩარჩნენ და ქრისტეს სახელით, ისევ ქრისტეს ეკლესიის დაუძინებელი მტრები არიან. ჭეშმარიტი მორწმუნე აგრესიით და შურისძიების წყურვილით ვერ იხელმძღვანელებს, ის ძალისმიერი მეთოდებით ვერავის გაუსწორდება.

- "კოვიდ 19"-ის წყალობით, ქართველ საზოგადოებაში კიდევ ორი დაპირისპირებული ჯგუფი გაჩნდა - ე.წ. ანტივაქსერები და ვაქსერები.

- ეს განსაცდელი მთელ მსოფლიოს დაატყდა თავს და კიდევ უფრო დაგვეხმარა, ჩვენი ნამდვილი სახის გამოაშკარავებაში. მისი დახმარებით, მართლა ვირუსივით გავრცელდა ადამიანების გულში წლების განმავლობაში ჩაკირული აგრესია, შურისძიება, ბოღმა და სიძულვილი. ეს ვირუსი თითქოს წყალგამყოფი ზოლი გახდა - მან ჩვენი საზოგადოება ნაწილებად დაშალა და დაარღვია. ასე გაჩნდნენ ვაქსერები და ანტივაქსერები. "ვაქსერი" ფიქრობს, რომ ვაქცინა ღვთის საჩუქარია და კაცობრიობა ამით გადარჩება, "ანტივაქსერის" აზრით კი, ეს ანტიქრისტეს ბეჭედია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავიცრათ. ორივე სუბიექტური აზრია. ვფიქრობ, რომ არსებობის უფლება ორივეს აქვს: თუ ერთი მხარე მიიჩნევს, რომ ვაქცინა ღვთის საჩუქარია, დაე, ეგონოს ასე და თუ მეორე ფიქრობს, რომ მედიცინის ყველა სიახლე ბრმად არ უნდა მივიღოთ, დაე, ასე იფიქროს. რა საჭიროა ამის გამო ერთმანეთის დაუძინებელი მტრები გავხდეთ და ვირუსის სახელით, ერთმანეთი დავამციროთ? მგონი, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შინაგანი კულტურა, შინაგანი ინტელექტი გვაკლია. ახლა ვიღაც გამოხტება და იტყვის, - რა კავშირშია წიგნის კითხვა რელიგიასთანო? - ძალიან მჭიდრო კავშირშია და იცით, რატომ? - "წმინდა წერილმა," რომელსაც ჩვენ ეკლესიაში ვკითხულობთ, ჩვენამდე წერილების სახით მოაღწია და თუ არ წავიკითხავთ, ბოლომდე ვერც გავიაზრებთ და ვერც გავიზრდებით. ეს - ერთი, ახლა მეორე: ჩვენი რელიგია - მართლმადიდებლობა ყოველთვის მწიგნობრული რელიგია იყო და სწორედ წიგნებით გადაეცემოდა თაობიდან თაობას; ბოლოს კი - მესამე: როდესაც ვიღაცები იჩემებენ, ქრისტეს მოციქულები წიგნიერები კი არა, უბრალო მებადურები იყვნენო, რა უნდა ვუპასუხო? - ეს ხომ სრული აბსურდია და ამგვარ "არგუმენტებზე" პასუხის გაცემაც უხერხულია. ისინი სულიწმიდის მადლით იყვნენ განათებული. განათლება მარტო წიგნის კითხვას არ ნიშნავს, მაგრამ რა ჰქვია ადამიანს, რომელიც რელიგიის სახელით წიგნს არ კითხულობს? - მე ვფიქრობ, ის სიბნელეში მყოფია. შეიძლება მას შუქი ხელს უშლიდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა იცით, რა არის? - ასეთი ხალხი სხვასაც არ აძლევს "შუქის ანთების" უფლებას. ის სიბნელეში ცხოვრებას არის დაჩვეული და უნდა, ყველამ ასე იცხოვროს.

- წმინდა სინოდმა სპეციალური დადგენილება მიიღო, რომ აცრა არა ეკლესიის, არამედ მედიცინის საქმეა და თითოეულმა ადამიანმა გადაწყვეტილება პიროვნულად უნდა მიიღოს.

- ვფიქრობ, რომ ამ პირობებში ვაქცინაცია საჭირო, დროული ნაბიჯია, მაგრამ მე, სასულიერო პირმა როგორ უნდა მივცე ვინმეს მითითება, გინდა თუ არა აიცრას ან - არ აიცრას? ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი პრობლემა ზედაპირული რელიგია და ზედაპირული რწმენა-წარმოდგენებია. ამ ყველაფრის გამომჟღავნება ამ ვირუსმა შეძლო, რომელსაც "კოვიდ 19" ჰქვია, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ამაზე უფრო საშიში ვირუსიც არსებობს - ეს არის აგრესიის, სიძულვილის და ფანატიზმის ვირუსი. "კოვიდ 19"-ს კაცობრიობა როგორმე მოერევა, მაგრამ ეს ვირუსები თუ არ დავგმეთ და ჩვენში არ ჩავკალით, აუცილებლად ბოლოს მოგვიღებს.

- დაბოლოს, ოქტომბერში საქართველოში კიდევ ერთი არჩევნები ჩატარდება. ბევრი ფიქრობს, რომ ცვლილებების დროა, თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

- ვინც რა უნდა თქვას, თაობა, რომელიც თავისუფალ საქართველოში გაიზარდა, ბნელით მოცულ ადამიანებს არ შეეგუება და გაიმარჯვებს, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, მოდი, ჩვენ შევცვალოთ ის, რაც გვაზარალებს და ამ თაობასთან ერთად ჩვენც გავიზარდოთ. ეკლესია ხომ ცოცხალი ორგანიზმია და სადაც სიცოცხლეა, იქ ცვლილებებიც არის, იქ არის ფერისცვალებაც და ზრდაც. ვინც მიიჩნევს, რომ გასაზრდელი და შესაცვლელი არაფერი სჭირს, ის უკვე ჭაობშია ჩარჩენილი და თხოვნა გვაქვს - ამ ჭაობში ჩვენც ნუ ჩაგვითრევს. დიახ, ამ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებლად მოხდება. რა მნიშვნელობა აქვს არჩევნები რამდენად სუბიექტური და ტენდენციური იქნება, საზოგადოებაში იმხელა პროტესტია დაგროვილი, რომ ჯანსაღი ფრთა თავის სათქმელს მაინც იტყვის. მე არჩევნებზე დიდ იმედებს არასდროს ვამყარებ. ჩემთვის არაფერს ნიშნავს, სათავეში რომელი პარტია იქნება... მთავარი ის არის, რომ გვყავს ძალიან მაგარი მომავალი თაობა, რომელიც დემოკრატიული, ცივილიზებული გზებით იტყვის თავის სათქმელს და ნებისმიერ ძალას, რომელიც ქვეყნის, ეკლესიისა და წინსვლის დაუძინებელი მტერია, საკადრის პასუხს გასცემს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"