"გამოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არ არის ვაქცინაციის პროცესი, რაც, სამწუხაროდ, ბუმერანგივით შემოგვიტრიალდა" - კვირის პალიტრა

"გამოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არ არის ვაქცინაციის პროცესი, რაც, სამწუხაროდ, ბუმერანგივით შემოგვიტრიალდა"

"თუ ვაქცინაციის ტემპს არ გავზრდით, ნოემბრის ბოლოდან მეხუთე ტალღა დაიწყება"

ეპიდემიოლოგიური ვითარების სიახლეებით და ანალიზით "კვირის პალიტრას" ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ესაუბრება.

- დაიწყო სტაბილიზება მეოთხე ტალღის, მაგრამ საქართველოსთვის ყოველდღე საშუალოდ ორი ათასამდე შემთხვევა მაინც ბევრია. 2 000 რეალურად მათი რაოდენობაა, ვისაც ანალიზი ჩაუტარდა, ინფიცირებული კი გაცილებით მეტია. ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაც შემცირებულია, მაგრამ მაინც საყურადღებოა, რადგან როდესაც 5000-მდე ადამიანი კლინიკაში რჩება და 1100 მძიმე პაციენტად ითვლება, ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 30-დან 40-მდეა და ეს ჩვენ ქვეყნისთვის სერიოზული მაჩვენებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, პიკის პერიოდი გადავლილია, სტაბილიზაციის ნიშნები არის, პოზიტიურობის მაჩვენებელიც დაახლოებით 6,5%-ია.

- როცა ამბობთ, რომ სინამდვილეში ყოველდღიურად 2000-ზე მეტი შემთხვევაა, რამდენს გულისხმობთ? ან როგორ ითვლით? - ეს ნებისმიერ ქვეყანაში ერთნაირად ითვლება: ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მრავლდება ორზე. ანუ ჩვენთან დღეისათვის რეალურად 4 ათასამდე ინფიცირებულია. მათ შორის ზოგი უსიმპტომო იქნება, თვითონაც რომ ვერაფერს გრძნობს. რასაც ამ წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ვირუსზე დაკვირვებით ვხედავთ, სამი თვე არის აღმავალი პერიოდი, მომდევნო სამი თვე შედარებით სტაბილურია, მერე ისევ ახალი ტალღა იწყება.

- მეხუთე ტალღას როდის უნდა ველოდოთ? - სამ თვეში. თუ ვაქცინაციის ტემპს არ გავზრდით, ნოემბრის ბოლოდან, დეკემბერში, ვირუსის გავრცელება კვლავ აღმავალი ხაზით წავა.

- მოზრდილი მოსახლეობის 26%-ზე მეტი აიცრა, 60%-მდე ისევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თანაც როგორც ამირან გამყრელიძემ ბრძანა, 60%-იც არ არის საკმარისი, დელტა შტამი ისეთი ვერაგი აღმოჩნდაო. - უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ მსოფლიოს საინფორმაციო სისტემები აცრილი მოსახლეობის რაოდენობის დადგენისას მოსახლეობას მოზრდილებად და ბავშვებად არ ჰყოფს. ითვლიან, მთელი მოსახლეობიდან რამდენია აცრილი. ჩვენი ქვეყნის მონაცემებს საერთაშორისო სისტემების მიხედვით თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ რეალურად ორჯერ აცრილი გვყავს მოსახლეობის 19,2%. დავუშვათ, შევძელით მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ორჯერ აცრა, რაც ვაქცინაციის ეროვნული გეგმით არის განსაზღვრული. ეს არის მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი, რაც საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 45%-ია და მაინც ცოტაა. ამ გეგმის შესრულებასაც საფრთხე ემუქრება, თუ ვაქცინაციის კამპანია არ გააქტიურდა, ამიტომ ეს სამიზნეები გადასახედია. დღეს ევროპისა და მსოფლიოს იმ ქვეყნებშია სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება, სადაც მოსახლეობის 70-80%-ია აცრილი და ისინიც მხოლოდ 2022 წლის გაზაფხულზე ელოდებიან პანდემიის დასრულებას. ეს არ ნიშნავს, რომ იქ არ იქნებიან კორონავირუსით დაავადებული ადამიანები, მაგრამ ისინი არ მოხვდებიან კლინიკებში, ეს კი ნიშნავს, რომ პანდემია დასრულდა. ჩვენ აქამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი და თუ სერიოზული ძალისხმევა არ გამოვიჩინეთ, ალბათ, 2022 წლის ბოლომდე მოგვიწევს ამ აღმავალ-დაღმავალ ტალღებზე საუბარი, რაც ძალიან სამწუხარო იქნება როგორც ადამიანური დანაკარგის, ასევე ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით. თუ პანდემია ბევრ ქვეყანაში დასრულებულად გამოცხადდა, ჩვენი კი ისევ გაწითლებული ან ნარინჯისფერი დავრჩით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა შემცირდება და ტურიზმი, როგორც ეკონომიკის მთავარი გენერატორი, სერიოზულად დაზარალდება.

დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მოსახლეობის 20-30%, ვინც ყოყმანობს და მათ სჭირდებათ მიხმარება, რომ ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღონ. ამისთვის ერთგვარი საინფორმაციო შტურმია მოსაწყობი. ჩვენ ამ ადამიანებთან ინფორმაცია კარდაკარ უნდა მივიტანოთ.

სახელმწიფო როგორც დღეს იქცევა არჩევნების რეკლამირებისთვის, ასევე უნდა მოიქცეს ვაქცინაციის პროპაგანდისთვის. სარეკლამო სისტემები სრულად უნდა გადაერთოს ვაქცინაციაზე...

- ვაქცინაციის რეკლამირებისთვის რომელ ბილბორდებსაც იყენებდნენ, რამდენიმე წაართვეს... - ეს სერიოზული დარტყმაა ვაქცინაციის კამპანიისთვის. შესაძლოა ამან მილიონ ადამიანზე გავლენა ვერ მოახდინოს, მაგრამ მორალურად მაინც არის ზურგის ქცევა. გამოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არ არის ვაქცინაციის პროცესი, რაც, სამწუხაროდ, ბუმერანგივით შემოგვიტრიალდა და აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 25 000-დან 10-12 ათასამდე შემცირდა. ახლა ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ვაქცინის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის გავრცელებას და დეზინფორმაციის განეიტრალებას. ფოკუსჯგუფებთან ბევრი მუშაობაა საჭირო. ვფიქრობ, სახელმწიფომ სავალდებულო ვაქცინაციაზეც უნდა იფიქროს, თორემ სხვანაირად მიზანს ვერ მივაღწევთ.

- ისრაელში უკვე გადაწყდა, რომ აუცრელ პედაგოგებს სკოლაში არ შეუშვებენ... - ჩემი აზრით, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს...

- ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პორტუგალიაშია. საინტერესოა, ეს როგორ მოახერხეს... - ვერ გეტყვით, რა მოიმოქმედა პორტუგალიის ხელისუფლებამ, მაგრამ ვიცი, რომ იქ მოსახლეობის 80%-ზე მეტია აცრილი. იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 70%-ზე მეტი აცრილია, პანდემია აქტუალური თემა აღარ არის. შვებულების დროს მე აშშ-ში ვიყავი, რამდენიმე შტატში მომიწია ყოფნამ და კოვიდი არსად აქტუალური აღარ არის, იმიტომ, რომ საზოგადოების უმეტესობა აცრილია და თავისუფლად ცხოვრობს: დადიან ქუჩებში, კაფეებში, ბარებში, კინოებში... იქ წყალდიდობა და ხანძარი უფრო მნიშვნელოვანი თემები იყო, ვიდრე კოვიდი. ვირუსი დიდხანს იქნება ჩვენთან, ის არ გაქრება, როგორც გრიპი, მაგრამ თუ აცრით თავს დავიცავთ, დაავადების შემთხვევაში არ მოვხვდებით კლინიკებში და არ გადავტვირთავთ სამედიცინო სისტემას, ეს კი ნიშნავს პანდემიის დასრულებას. ერთეულ შემთხვევებს ჩვენ, ალბათ, ათწლეულების განმავლობაში ვერ გავაქრობთ.

- "ფაიზერს" ნოემბერში ვადა გასდის და თენგიზ ცერცვაძემ სიტყვა საბოტაჟი ახსენა - რას აკეთებთ, ხალხო, სად არის გასაფუჭებელი წამალიო?! - "ფაიზერის" სხვადასხვა პარტიაა შემოტანილი და ყველას განსხვავებული ვადა აქვს. ის პარტია, რომელსაც ახლა გასდის ვადა, გამოიყენება ნოემბრამდე. ყოველდღიურად 10-12 ათასი ადამიანი იცრება, უმეტესობა - სწორედ "ფაიზერით". ანუ თვეში 300 ათასი "ფაიზერია" საჭირო, ამიტომ ეს პრობლემა საქართველოს არ დაუდგება. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არეგულირებენ ამ პროცესს. ჯერ მოკლევადიანი ვაქცინები იხარჯება, შემდეგ ისინი, რომელთა ვადა უფრო ხანგრძლივია. თითიდან გამოწოვილია შიში, რომ ვაქცინები შეიძლება გაგვიფუჭდეს და მათი გადაყრა დაგვჭირდეს.

- ჯანმომ "რეგენერონით" მკურნალობის რეკომენდაცია გასცა. რა წამალია ეს, ჩვენთან გამოიყენებენ თუ არა და რა შემთხვევაში?

- "რეგენერონი" არის წამალი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილს. ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი "რეგენერონი" გაუკეთეს ტრამპს, როდესაც ავად იყო. ეს არის მზა ანტისხეულები, ხელოვნურად სინთეზირებული "კოვიდ 19"-ის წინააღმდეგ. ის ძვირად ღირებული პრეპარატია. დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის მისი შეძენა ძნელია და არც წარმოების ინტენსივობაა ისეთი, რომ ყველა დააკმაყოფილონ. მდიდარი ქვეყნები მას წარმატებით იყენებენ, ძირითადად, რისკჯგუფის პაციენტებთან. დაავადებიდან 10 დღეზე მეტი არ უნდა იყოს გასული, თორემ მერე ამ პრეპარატის გამოყენებას აზრი არ აქვს. ბევრ ქვეყანაში მას ამბულატორიულად იყენებენ, მაგალითად, აშშ-ში პაციენტები წვებიან დღის სტაციონარში, გადაისხამენ პრეპარატს და რამდენიმე საათის შემდეგ სახლში მიდიან. ის მკვეთრად ამცირებს ალბათობას, რომ რისკჯგუფის ადამიანებს დაავადების მძიმე ფორმა განუვითარდეთ - ბოჭავს ვირუსს და აბრკოლებს ორგანიზმში მის გამრავლებას.

- აცრის მაგივრად იყენებენ? - არა, აცრის შედეგად ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ეს კი მზამზარეული ანტისხეულებია.

- ან ერთი უნდა გაიკეთო, ან - მეორე? - ამ პრეპარატს აცრილ ადამიანსაც უკეთებენ, აცრა მას ხელს არ უშლის.

- აცრილებს ნაკლები ანტისხეულები აქვთ, ვიდრე კოვიდგადატანილებსო, წერდა ერთი ცნობილი ექიმი თავის ფეისბუკგვერდზე. - ეს არ არის გასაკვირი, თუმცა სხვადასხვა კვლევა ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებს აქვეყნებს... ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების იმუნიტეტი ძალიან მყარია. თუმცა არ უნდა დაველოდოთ კოვიდის ბუნებრივად გადატანას და საჭიროა აცრა. თუ ვაქცინირებული გადაიტანს ინფექციას, მას მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტი დარჩება. მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ ელოდება ვირუსის ბუნებრივად გადატანით გამომუშავებული მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას და ამის გამო აცრაზე უარს არ ამბობს. ადამიანებს მაინც სჭირდებათ ვაქცინაცია, მიუხედავად იმისა, გადაიტანეს თუ არა კოვიდი.

- ახალ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატებზე რას იტყვით? ცნობილია, რომ რამდენიმე კომპანია მათ შესაქმნელად მუშაობს. - ბევრი პრეპარატი უკვე მეორე, მესამე კვლევის ფაზაშია; "ფაიზერიც" ატარებს კვლევას, მაგრამ ჯერჯერობით ფინალურ ეტაპზე არც ერთი არ გასულა. პირველადი შედეგები წლის ბოლოს უნდა იყოს. ვნახოთ.

- ბოლო დროს კოვიდის რომელიმე ახალი თვისება ხომ არ გამოვლინდა, რომელიც საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი არ არის? - ახალი თვისება არა...

ამჟამად ყურადღებას იქცევს კოვიდის მიუ შტამი, რომელიც პირველად კოლუმბიაში აღმოჩნდა, ახლა კი დასტურდება მსოფლიოს 39 ქვეყანაში, მათ შორის - თურქეთსა და რუსეთში, მაგრამ მისთვის შემაშფოთებელი ვარიანტის სტატუსი არ მიუნიჭებიათ, ის ჯერ მხოლოდ ინტერესის ვარიანტია. რაც უნდა ძლიერად სახეცვლილი იყოს მიუ, თუ გავრცელების სიჩქარით დელტა ვარიანტს არ გაუსწრებს, ის დომინანტური ვერ გახდება, ანუ დელტას ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ჯერჯერობით დასკვნები მაინც ადრეა.