"იმ დღეს აფეთქებას შემთხვევით გადავურჩი" - კვირის პალიტრა

"იმ დღეს აფეთქებას შემთხვევით გადავურჩი"

"მახსენდებოდა ეს ცხელი მიწა, მისი ცხელი, მტვრიანი ჰაერი, შავი ჩიტები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გაუჩერებლად ხმაურობდნენ. და საავიაციო ნავთის სუნი... მახსენდებოდა ყველაფერი და ავღანეთი მენატრებოდა"

სამხედრო ჟურნალისტი გიორგი თუხარელი სამსახურებრივი მისიით ექვსჯერ იყო ავღანეთში. ნახა მშვიდობისმოყვარული ავღანელებიც და ისინიც, ვინც ომით ცდილობდნენ უკან დაბრუნებას. თუმცა ქვეყნის სათავეში "თალიბანის" თითქმის უბრძოლველად მოსვლამ მაინც ძალიან გააოცა.

- ავღანეთში სამი მისიის განმავლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ვიყავი. სამივე მისია განსხვავებული იყო. პირველ მისიაზე საბრძოლო ნათლობაც მივიღე. პატრულირებაზე ვიყავით, როდესაც პირველმა მანქანამ რაღაცას გადაურა. გავაჩერეთ. უკან მომავალი კოლონაც გაჩერდა. თურმე დიდ თვითნაკეთ მოწყობილობას გადავუარეთ, მაგრამ ვერ მოასწრეს აფეთქება თუ სხვა მიზეზით არ აფეთქდა, არ ვიცი, მაგრამ გადავრჩით. როდესაც სპეციალისტებმა ამოიღეს, 60 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა მიწაში ჩაფლული. ერთი კვირის შემდეგ იმავე სოფელში ჰუმანიტარული მისიის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. სამხედროები მსუბუქად დაშავდნენ, მაგრამ ის, რომ ერთი კვირის წინ იმავე სოფელში ვიყავით და შეიძლებოდა მსგავსი რამ ჩვენც დაგვმართოდა, იყო სტრესი, რომელიც არასდროს გვაძლევდა მოსვენებას. სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ყველა ნაბიჯზე იგრძნობოდა ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი.

რამდენიმე პროვინციაში მომიწია ყოფნამ. მოსახლეობის ცხოვრების დონე სრულიად განსხვავებულია. ქაბულში კაპიტალურად აშენებული სახლებიცაა, სამხრეთის პროვინციებში კი იყო რაიონები, სადაც ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ალიზის სახლებში ცხოვრობდნენ. ასეთი პროვინციებში ნატოს კოალიციამ უამრავი პრობლემა მოაგვარა, სასმელი წყალი გაიყვანა, ჭაბურღილები გააკეთა. ხალხს სხვადასხვა ბიზნესი დაუფინანსა. მთავარი იყო, იდეა ჰქონოდათ და რომ წაეხალისებინათ, უფინანსებდნენ.

- ექვსჯერ იყავით ავღანეთში, სამჯერ როგორც ჟურნალისტი და სამიც მისიით. ამ დროის განმავლობაში მოსახლეობაში ცვლილება იგრძნობოდა?

- მოსახლეობასთან პირველი მისიის დროს უფრო მქონდა კონტაქტი. 2015 წელს ISAF-ის ოპერაციაც დასრულდა და ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" მისია დაიწყო, რაც სრულიად განსხვავდებოდა ISAF-ისგან. ამ დროს შეიზღუდა ბაზის ტერიტორიიდან გასვლაც. ავღანეთის არმიას ქვეყნის უსაფრთხოებაზე თავად უნდა ესწავლა ზრუნვა, ნატოს ძალებს კი მხარდაჭერის ფუნქცია ჰქონოდათ, ოპერაციებიც შემცირდა...

თუ პირველი მისიის დროს ქაბულში შეჯავშნული ავტომობილით რაიმეს საყიდლად შეგვეძლო გასვლა, რადგან უსაფრთხოების პირობები ამის შესაძლებლობას გვაძლევდა, მეორე მისიის დროს ქაბულში ქუჩაში ვერ დავდიოდით, რადგან ყოფილა შემთხვევები, ტერორისტს მანქანაზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქებია. ასე რომ, მეორე და მომდევნო მისიის შემდეგ მოსახლეობასთან კონტაქტი შეიზღუდა. 2017 წლის შემდეგ, უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე, ბევრი რამ შეიცვალა.

ექსტრემისტულ ჯგუფებს ამა თუ იმ ჟურნალისტის თუ ბლოგერის ეროვნება და საქმიანობა ნაკლებად აინტერესებდათ. მათ მტრად აღიქვამდნენ და მორჩა.

ავღანეთის არმია

- 2009 წელს, როგორც ჟურნალისტი პირველად ნატოში ამერიკის წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში მოვხვდი. ამ ვიზიტის დროს ავღანეთის ავიაციის გენერალი გაგვაცნეს, მასთან ინტერვიუ უნდა ჩაგვეწერა. გვითხრა, ძალიან მრცხვენია, რომ "თალიბანის" რიგებში ვიყავიო. თურმე ადრე მათ რიგებში ყოფილა, "თალიბანის" რეჟიმის დამხობის შემდეგ კი კოალიციის მხარეს გადავიდა და ავღანეთის ნაციონალურ არმიას შეუერთდა, "თალიბანიც" დაგმო. ეჭვიც არ მეპარება, მისი დაბრუნების შემდეგ მათთან გადავიდოდა. ეს იქაურებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. განათლების დონიდან გამომდინარე, იქ პრინციპების ერთგულება ძნელია, პერიფერიებში განსაკუთრებით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან მებრძოლი და თავისუფლებისმოყვარე ერია. არ მოსწონდათ "თალიბანი". ის ხალხს თავისუფლებას უზღუდავდა. ქალების მიმართ დამოკიდებულებაც სასტიკია, ისევე როგორც საზოგადოდ "თალიბანის" რეჟიმი.

"იმ დღეს აფეთქებას შემთხვევით გადავურჩი"

- ხშირი ურთიერთობა მქონდა ავღანელ თარჯიმნებთან. უმეტესობა ახალგაზრდა იყო. კარგი მოსაუბრეები იყვნენ. ზოგი მათგანი ბაგრამის ბაზაში ქაბულიდან დადიოდა, ქაბულიდან ბაგრამამდე 60-70 კილომეტრი იყო, მაგრამ სამსახურის გამო ამხელა გზას გადიოდნენ. თუ გარეთ საშუალო ხელფასი თვეში 50 დოლარი ჰქონდა, ამერიკულ ბაზაში დაქირავებულს 700-800 დოლარს უხდიდნენ. მას შემდეგ, რაც ბაზაში დასაქმებულმა ავღანელმა თავი აიფეთქა, ბაზებში მათი მუშაობა შეიზღუდა. გაირკვა, რომ ბაზაში დასაქმებულებს ფრჩხილებით შეჰქონდათ ასაფეთქებელი და იქვე ამზადებდნენ ბომბს. თურმე ტერორისტული აქტისთვის დიდხანს ემზადებოდა. იცოდა, რა დროს აეფეთქებინა თავი - ვეტერანების დღისადმი მიძღვნილი მარათონზე, სტარტის ადგილას, რომელიც ჩვენი საცხოვრებლიდან 100-150 მეტრში იყო. იმ აფეთქებას შემთხვევით გადავურჩი, ვაპირებდი მონაწილეობას, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე და გადავრჩი.

იმ დღეს ოთხი სამხედრო დაიღუპა. ათზე მეტი მძიმედ დაშავდა. მათ შორის არც ერთი ქართველი არ ყოფილა. მაშინ ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულმა ისახელა თავი სწორი და ოპერატიული მოქმედებით - ერთ-ერთი გაქცეული ტერორისტი დააკავეს. მეორემ თავის აფეთქება ვერ მოასწრო, ან შეეშინდა და დაიბნა, ამასობაში კი ქართველებმა დააკავეს.

"ცალფეხა ბიჭუნა ტერორიზმის სისასტიკეს კარგად ასახავდა"

- ავღანელები ძალიან თავისებური ხალხია. ბავშვებთან დამოკიდებულებაშიც კი... ავღანელი მამები ბავშვებს არ ეფერებიან, ითვლება, რომ სისუსტის გამოვლინებაა. გოგოს მოსამსახურედ თვლიან. შვილადაც არ მიაჩნიათ, თუ ავღანელს კაცს ერთი გოგო და ორი ბიჭი ჰყავს, ამბობს, რომ ორი შვილი ჰყავს.

ერთხელ ფარვანის პროვინციაში მომცრო მიწურთან მივედით. თხები შევნიშნეთ, რაც ნიშნავდა, რომ იქ შედარებით შეძლებული ადამიანი ცხოვრობდა. სოფელში კაპიტალური სახლი თითქმის არავის ჰქონდა. სიღარიბე სუფევდა. ბავშვები ნაჭრისგან შეკერილი ბურთით თამაშობდნენ. ერთ ბიჭს ფეხი არ ჰქონდა. ის ბიჭუნა ტერორიზმის სისასტიკეს კარგად ასახავდა.

სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი სახეა ჰუმანიტარული ოპერაცია. ჰუმანიტარული მისიის მიზანია ადგილობრივებისთვის საჭირო ნივთებით დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვება. მშვიდობიანი ოპერაციების დროს სულ რიგები იდგა, გაჭირვებული ხალხი მოდიოდა. მახსოვს, ბავშვებს ველოსიპედის საბურავზე რკინის ჯოხები ჰქონდათ გამობმული და იმას დააგორებდნენ. სულ ხალედ ჰოსეინის "ფრანით მორბენალი" მახსენდებოდა, მაგრამ იმდენი წლის განმავლობაში სულ სამჯერ ვნახე ფრანით მორბენალი ბავშვი, იმდენად მძიმე სიღარიბეში ცხოვრობენ... ქაბულშიც კი, სადაც ცხოვრების დონით ბევრად მაღალია, ზამთარში გათბობა რომ არ ჰქონდათ, პლასტმასის ნივთებს წვავდნენ. ქალაქში საშინელი სუნი იდგა.

"საქართველოში დაბრუნებულს ავღანეთი მენატრებოდა"

ექვსჯერ ვიყავი ავღანეთში. ჩასვლიდან რამდენიმე დღეში შინ დაბრუნებამდე დარჩენილ დღეებს ვითვლიდით. წამოსვლამდე კი საერთოდ არ გვეძინა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლიდან ერთ თვეში უკვე მოუსვენრობა გვიპყრობდა, ავღანეთი გვეძახდა. არ ვიცი, ასეთი რა მიზიდულობა აქვს იქაურ გარემოს. პირველი მისიის შემდეგ ვამბობდი, მეორედ არ წავალ-მეთქი, მაგრამ ერთ თვეში ისევ მომინდა, მეორე მისიის მერეც იგივე ვთქვი, მაგრამ მესამედაც წავედი. შემდეგ სამსახური შევიცვალე, მაგრამ ავღანეთი სულ მახსოვდა... ხან ფოტოებს ვათვალიერებდი, ხან მოგონებებს ამომიგდებდა სოციალურ ქსელში, ან რაღაც ახალი ამბავი ჩნდებოდა ავღანეთზე და მაშინვე მახსენდებოდა ეს ცხელი მიწა, მისი ცხელი, მტვრიანი ჰაერი, შავი ჩიტები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გაუჩერებლად ხმაურობდნენ. და საავიაციო ნავთის სუნი... მახსენდებოდა ყველაფერი და იქაურობა მენატრებოდა.

"ჯაჰანგირ აბასი, ჩემი დაუვიწყარი პერსონაჟი"

- რომ დავაჯამოთ, წელიწად-ნახევარი გავატარე ავღანეთში. ვფიქრობ, ამდენი დროის ერთ ქვეყანაში გატარების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ იქ ვიცხოვრე...

ერთ დაუვიწყარ პერსონაჟს გავიხსენებ - ჯაჰანგირ აბასს, რომელიც ისტორიის ლექტორი და თარჯიმანი იყო. ძალიან საინტერესო ამბებს გვიყვებოდა ავღანეთსა და ავღანელებზე. იცოდა გურგინ-ხანის შესახებ ისტორიები, თქმულებები. გურგინ-ხანი გიორგი მეთერთმეტეა, რომელიც ირანის მხრიდან იბრძოდა და ერთხანს ავღანეთს მართავდა. ამბობდა, რომ ავღანეთში ყველას ეშინოდა გურგინ-ხანის. ქართულსა და დარის ენაში არსებულ საერთო მნიშვნელობის სიტყვებზე უყვარდა საუბარი - ხალხი, თარჯიმანი, ზარალი და ა.შ.

მასთან ერთად ჰუმანიტარულ მისიაში მომიწია ყოფნამ და რესპონდენტები მომიყვანა. ერთმა თავისი ოჯახის ისტორია მიამბო: ვიდრე ამერიკელები შემოვიდოდნენ, თალიბებმა დედა მომიკლეს, ქუჩაში დახვრიტესო. შელაპარაკება მოუვიდა მათთან და ესროლესო. მამამ ირანში წაგვიყვანა, ერთხანს იქ ვცხოვრობდით, მაგრამ შემდეგ მამა სახლიდან გაიქცა, ჩემი და კი ასაკიან კაცს გაჰყვა ცოლად და მას შემდეგ აღარ მინახავს.

ნატოს ოპერაციის შემდეგ დავბრუნდი ქაბულში და მას შემდეგ აქა ვარ, პურის მცხობლად ვმუშაობო...

ჯაჰანგირს რა ბედი ეწია, არ ვიცი. იმედია, "თალიბანს" გამოასწრო, ვინაიდან მასსა და მის ოჯახს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ბოლო ხანებში უამრავმა თარჯიმანმა დატოვა ავღანეთი. იმ ნაკადში იმედია, ჯაჰანგირიც იყო...

ასევე მახსოვს ჩემი საუკეთესო მეგობრები და პროფესიონალი სამხედროები გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი. მათთან ერთად ავღანეთში სამსახური დიდი პატივი იყო.

"ამდენი წვალების შემდეგ "თალიბანი" ისევ დაბრუნდა"

- არ ველოდი რომ ავღანეთში ვითარება ასე სწრაფად უარესობისკენ შეიცვლებოდა. ზოგი ამბობს, როდემდე უნდა ეხარჯა კოალიციას რესურსი, ოდესმე ხომ უნდა აიღონ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ნაციონალურმა არმიამ ხელში მართვის სადავეო, მაგრამ ვერ აიღო. ვერ დაიცვეს ქვეყანა. ამდენი წვალების შემდეგ "თალიბანი" ისევ დაბრუნდა.

"უდიდესი გამოცდილებაა, როდესაც უსაფრთხოების კონტრიბუციის ნაწილი ხარ..."

- ავღანეთში ნატოს ოპერაცია იყო, ერაყში კი ამერიკა და კოალიცია ოპერირებდნენ. ომის მიზეზიც სხვადასხვა იყო. სამხედრო ოპერაციების მიზეზიც სხვა იყო. ხალხიც ძალიან განსხვავებულია, ავღანელები მრავალეთნოსური ხალხია, ხაზარები, პუშტუნები, ტაჯიკები, უზბეკები და სხვ. ერაყში ირანული და არაბული გავლენა მეტია. სხვა ეთნოსია და წეს-ჩვეულებებიც განსხვავებული აქვთ. კლიმატიც ცხელია და მშრალი.

მეამაყება, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ერაყშიც და მემსახურა ავღანეთშიც. უდიდესი გამოცდილებაა, როდესაც უსაფრთხოების კონტრიბუციის ნაწილი ხარ... ცხელ მიწაზე ქართული მისია დასრულდა, მაგრამ რჩება ისტორიები ჩვენს გმირ სამხედროებზე, რომლებმაც გიორგი მეთერთმეტესავით სიცოცხლე ავღანეთში დატოვეს.