"30 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. სიყვარულია ჩვენი მამოძრავებელი ძალა... სწორედ მან გააცნო მსოფლიოს ჩემი ხელოვნება"
02-10-2021
"30 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. სიყვარულია ჩვენი მამოძრავებელი ძალა... სწორედ მან გააცნო მსოფლიოს ჩემი ხელოვნება"
"ევროპის გამორჩეულ მხატვრებს შორის ჩემი გვარი ანბანის მიხედვით ფიროსმანის შემდეგ მოხვდა"
გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი ეკა ფერაძე მსოფლიო სახელოვნებო წრეებში კარგად არის ცნობილი. მისი მრავალმხრივი შემოქმედების შესახებ სისტემატურად იწერება ჟურნალ Vogue-ში, ნახატები "სოთბის" აუქციონზე არაერთხელ გაიტანეს და მთელ მსოფლიოში სოლიდურ ფასად იყიდება.

- ქალბატონო ეკა, ახლახან "ლუვრში" გქონდათ გამოფენა...

- "ლუვრში" უკვე მეოთხედ მქონდა გამოფენა... აქ ჩემი პირველი გამოფენა საშინელ პერიოდს დაემთხვა: თბილისში წყალდიდობა იყო და მახსოვს, როგორ განვიცდიდი ადამიანების
ტრაგედიას... საქართველოში მომხდარმა კატასტროფამ ჩემზე ძალიან იმოქმედა და ლუვრის გამოფენის სიხარული სათანადოდ ვერც შევიგრძენი...
რაც შეეხება გამოფენებს, თავად ვწყვეტ, სად წავიდე, იმის მიხედვით, სად უფრო მეგულება ნამდვილი ხელოვნებით დაინტერესებული დამთვალიერებელი... ჩვევად მაქვს, როდესაც ჩემს სტენდს ავაწყობთ, მერე სხვების ნამუშევრებს ვათვალიერებ. ჩემი სტენდის აწყობაში მეუღლე, ზოგჯერ
უფროსი შვილებიც მეხმარებიან. ჩემი მეუღლე რომ გვერდით არ მედგას, ამდენს ვერ შევძლებდი!

- თქვენი 3D ნამუშევრები სრულიად განსხვავებულია...
- დიახ, ძალიან იშვიათია და ამიტომ განსაკუთრებულად უყვართ! ბრიტანეთში, საფრანგეთში, ამერიკაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში უკვე ამ ნამუშევრებით მიცნობენ. ბოლო დროს შექმნილ ტილოებს "თავისუფლება" დავარქვი, სადაც პატარა ფიგურები, ადამიანები არიან გამოსახული... ადრე ძალიან დიდ ტილოზე ვხატავდი ფერად პორტრეტებს, მაგრამ მერე ვიფიქრე, თუ დიდ ტილოებზე შეიძლება ამ პორტრეტების, დიდი სახლების დახატვა, რატომ არ შეიძლება ასეთივე პატარა ზომისა შევქმნა-მეთქი?! მართლაც, დავხატე და პირველად ნიუ-იორკში გავიტანე. ძალიან მოეწონათ და დაინტერესდნენ. ზოგიერთს ჰგონია, რომ პატარა კაცუნები ცალკე არიან შესრულებული და შემდეგ ტილოზე დაწებებული. როცა ვამბობ, რომ დახატულია, განცვიფრებას ვერ მალავენ. სამწუხაროდ, ბევრმა მხატვარმა მოიპარა და სცადეს, ზუსტად ისეთივე ნამუშევრები შეექმნათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ყველას ჩვენი ტექნიკა გვაქვს და შეუძლებელია იგივე შექმნან, რაც უნდა სცადონ!


ყველას შეუძლია ამ ტილოებზე თავისი თავი, ოჯახის წევრი, შეყვარებული, თავისი ცხოველებიც კი იპოვოს. ადამიანს თავისუფალად ცხოვრება უნდა შეეძლოს. იმ ქვეყნად ვერაფერს წავიღებთ, მხოლოდ ის სილამაზე გაგვყვება, რომელსაც ჩვენი თვალით ვნახავთ და ის სიკეთე, რომელსაც დავთესავთ.
ჩემს ნახატებზე ადამიანები თოკებზე კიდიან და ზოგ დამთვალიერებელს ისინი აკრობატები ჰგონია. სინამდვილეში ეს ცხოვრების მიზანია - ყველას სურს მწვერვალზე ავიდეს, მაგრამ ირგვლივ უამრავი დაბრკოლებაა და ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან მწვერვალზე ასვლაში! დღეს საქართველოში უფრო შემორჩათ ერთმანეთის სიყვარული. ევროპაში ასე აღარ არის და მინდა ჩემს ნახატებში პოზიტივი ჩანდეს.

- ძალიან მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება...
- დიახ და ეს ძალიან მომწონს... ხელნაკეთი ჩანთები, სუნამოებიც კი შევქმენი. ჩემი ხელნაკეთი ჩანთები იყიდებოდა საქართველოში, საფრანგეთში, რუსეთში...

- თქვენი შექმნილი კორსეტი ანჯელინა ჯოლიმ შეიძინა. სად და როგორ შეხვდით ერთმანეთს?
- ანჯელინა ჯოლი ჩემს მენეჯერს დაუკავშირდა და ისე შეიძინა, მე არ შევხვედრივარ...

- თქვენ მსოფლიოს იმ ხელოვანთა სიაში ხართ, რომელთა ნამუშევრები განსაკუთრებულად ძვირია...
- დიახ, ასეა, მაგრამ მე ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ევროპის გამორჩეულ მხატვრებს შორის ფიროსმანის შემდეგ მოვხვდი... სათანადო შემოწმება გავიარე, თუ სად, რომელ გამოფენებში მქონდა მონაწილეობა მიღებული, რომელი ქვეყნის კატალოგებში იყო ჩემი ნამუშევრები... ხშირად გამოფენებზე სამი საპრიზო ადგილიდან ამიღია პირველი ადგილიც და მეორეც... ეს ყველაფერი მსოფლიოს მხატვართა ბაზაში იყო და ამის მიხედვით მეც აღმოვჩნდი მათ შორის, სადაც ჩემი გვარი ანბანის მიხედვით ფიროსმანის შემდეგ მოხვდა.

ვაპირებ, ჩემი ნამუშევრების კოლექციონერებისა და ჩემი ხელოვნების თაყვანისმცემლებისთვის მაჯის საათი გამოვუშვა... მაინტერესებს რას შევძლებ... "
ყველაფერში მეუღლე მიდგას გვერდით. სწორედ მან შეძლო, ჩემი ხელოვნება მსოფლიოსთვის გაეცნო. თვითონაც ხელოვანია. 30 წელია, ერთად ვართ. სიყვარულია ჩვენი მამოძრავებელი ძალა... ყოველდღე შეყვარებულებმა უნდა გავიღვიძოთ და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.
ანანო
03 ოქტომბერი 2021 13:57
წარმატებებს გისურვებთ! ძალიან კარგი ნამუშევრები გაქვთ
აია
03 ოქტომბერი 2021 00:12
მაქვს ქალბატონი ეკას ნამუშევრები. უკვე ოჯახის წევრებად აღვიქვამ თითოეულ ნახატს ისე მიყვარს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?