"როგორ ფიქრობთ, რატომ არის დღეს ასეთი შეტევა ჩვენს ეკლესიაზე­?" - კვირის პალიტრა

"როგორ ფიქრობთ, რატომ არის დღეს ასეთი შეტევა ჩვენს ეკლესიაზე­?"

"მთავარი ზნეობაა. როცა ადამიანს ზნეობა აქვს, არასოდეს მიიყვანს საქმეს ხელჩართულ ბრძოლამდე!"

ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების შესახებ სასაუბროდ პოეტ ერეკლე საღლიანს დავუკავშირდით.

- სამწუხაროდ, ჯერ არ აღმოჩნდა საქართველოში ხელისუფლება, რომლის უმთავრესი მიზანი იქნებოდა ხალხის ცნობიერების ამაღლება, ხალხის ენაზე საუბარი. როცა ხელისუფლების მთავარი სამოქმედო კრედო ეს არ არის, მისი მიზანი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა, მაგრამ არ ღირს ძალაუფლება იმად, რა მნიშვნელობასაც ესენი ანიჭებენ. სხვათა შორის, მე მხოლოდ ამ ხელისუფლებაზე არ ვლაპარაკობ. ყველაზე მთავარია, საარჩევნო კანონი შეიცვალოს, იმიტომ, რომ თუ სისტემა არ გარდაიქმნა, ის ნებისმიერ ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, მოექცეს ხალხს ისე, როგორც გვექცევიან.

ხომ გახსოვთ, ხალხის სახელით, ისე, რომ ხალხი ბაიბურში არ იყო, წინა ხელისუფლებამ ომი წამოიწყო რუსეთთან და რა შედეგიც მივიღეთ, ვხედავთ. ხალხს დღესაც არავინ არაფერს ეკითხება, ამიტომ რომ გითხრათ, ამ არჩევნებისგან ძირეულ ცვლილებებს ველოდები-მეთქი, ტყუილი იქნება.

- აბა, რას ელოდებით? - ეს არჩევნები იქნება გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც ეს ხელისუფლება ატარებს. არ არის შექმნილი საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული მოდელი, არის მხოლოდ და მხოლოდ კერძო პირთა ინტერესები. უბედურება ისიც არის, რომ ამ კერძო პირების უმეტესობა არაპროფესიონალია. მრავალთათვის ხელისუფლება მეწველ ძროხად გადაიქცა.

- ყველას აწუხებს ფარული ჩანაწერების თემა... - მილიონჯერ მითქვამს, რომ ეს არის უდიდესი სიბინძურე. ზოგიერთი იმასაც კი კადრულობს, მაპატიეთ და, ადამიანის საწოლში აფათუროს ხელი. ეს არც სახელმწიფოს კანონით, არც ზნეობრივად გამართლებული არ არის. საუბარი იმაზე, რომ ამით სახელმწიფოს უშიშროება გიცავს, ტყუილია. ამ მოსმენებშიც კერძო ინტერესებია. ეს ყველაფერი გამიზნულია ანგარიშსწორებისთვის, პოლიტიკური ვნებების დასაცხრობად და, რა თქმა უნდა, ამას ნორმალური ადამიანი მხარს არ დაუჭერს. გენიალური ნათქვამია: "რასაც არ კრძალავს კანონი, კრძალავს წესიერება". აი, ეს წესიერება უნდა იყოს უმთავრესი ნებისმიერი ადამიანისთვის.

- ვის სჭირდება ამ კადრებისა და ფარული ჩანაწერების გასაჯაროება?

- ცალკეულ პიროვნებებს. მე და თქვენ რომ ხელი არ მიგვიწვდება არც ჩანაწერებზე და არც იმაზე, ვინმეს მოქმედება გადავიღოთ, ფაქტია. რა თქმა უნდა, მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩარეული. კონკრეტულად, ვინ, ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ამ ბინძურ საქმესთან საერთო არაფერი მაქვს. გასაჯაროება ვის უნდა აინტერესებდეს? ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ ვინ არიან, ვერ გეტყვით.

- როცა გამოთქვამენ ვარაუდს, ვინ ჩაიდინა ეს ყოველივე, რატომღაც ხშირად საყვედურობენ მთავრობას კოაბიტაციის გამო - მაღალ ეშელონებში სამუშაოდ ბევრი ძველი ჩინოსანი დარჩაო... - ვინც ეს წინა ხელისუფლებაში ჩაიდინა, ის უკვე გამოჭერილია თავისი ბინძური საქციელით და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებას მოემსახურება, უარს არ იტყვის.

თანაც ხელისუფლებამ უკეთესი მონა ვინ უნდა იშოვოს, ვიდრე დისკრედიტებული ადამიანი შეიძლება იყოს! ეს ყველაფერი სისტემის ბრალია და რომ არ მოგატყუოთ, ყველა ხელისუფლება ამ სისტემის ერთგვარი მსხვერპლიცაა, რადგან სწორედ სისტემამ მისცა მათ ყველაფრის საშუალება. როცა აბსოლუტურ ძალაუფლებას განუსაზღვრელი ვადით ფლობ, იწყებ ლპობას, გახრწნას...

- სიძულვილის ენამ დაისადგურა ჩვენს ყოველდღიურობაში... - რა გითხრათ... ფაქტობრივად, სტილი დამკვიდრდა, სიძულვილის ენაზე საუბრის სტილი. ეს უბედურებაა. ვინც ყველაზე მეტად ილანძღება, ყველაზე მეტად, მაპატიეთ, იქაფებს პირს, ის ხდება შემდგომ ცნობილი პიროვნება. საზოგადოების ყურადღებას სწორედ ასეთნი იქცევენ და არა ისინი, ვინც შეიძლება რაღაც გონივრული თქვან. როცა სამოქალაქო დაპირისპირების პირას ვიყავით, გამოვედი და ვთქვი სიტყვები პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსიდან: "საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი". გვულისხმობდი, რომ განსხვავებული აზროვნება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა იყოს საფუძველი იმისა, შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდეთ. და რა მოხდა, არ გაინტერესებთ? სტვენა დამიწყეს, იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მომზადებული იყო სისხლისღვრისთვის.

სანამ უფსკრულის პირას მივალთ, გონს მოსვლა გვიჭირს, როგორც კი უფსკრული გამოჩნდება, ვიღვიძებთ. ახლაც მაგის იმედი მაქვს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში გონივრული აზრი გაიმარჯვებს.

- საიდან მოვდივართ და სად მივდივართ?

- ეგ რომ ვიცოდე... ყოველი ჩვენგანი მოდის ჩვენი მფარველი ძალიდან. რწმენა არის შემეცნების უმაღლესი ფორმა, რომელსაც ასე ებრძვიან დღეს ფსევდოლიბერალები. ახლა გამახსენდა მერაბ კოსტავას ლექსი: "წილხვედრ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად, /მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო. / ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,/ შემდეგ ეს მიწა და საქართველო". მოვდივართ სწორედ სულიერი სამყაროდან, მაგრამ იქ რომ არ მივდივართ, ფაქტია. სამწუხაროა, რომ დღეს დაიკარგა შინაგანი ხედვა, შინაგანი აღქმა.

ვერ ხვდებიან, რომ იდეები ძალადობით არ ინერგება. აი, ამ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ფონზე შეიძლება გერმანული და იტალიური ფაშიზმიც კი გაფერმკრთალდეს. მსგავს ძალადობას, როცა უზნეობას პირდაპირ სულში გჩრიან, მე ნამდვილად არ მოვსწრებივარ! და კიდევ ერთი რამ - მაცდურია წუთისოფელი. მაგალითად, ამქვეყნიურ ილუზიაში დანთქმულ სულს ხშირად ავიწყდება სამშობლო, სამშობლოს განცდა კი უმაღლესი განცდაა.

- სოციალური პრობლემები იმატებს, პანდემიამ მძიმე კვალი დაგვატყო, პოლიტიკაც განსაკუთრებული ძალით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში... - თქვენ თვლით, რომ პოლიტიკა შემოიჭრა? მე მგონი, ეს პოლიტიკის გარდა ყველაფერია. დიდი პოლიტიკოსების თაობა რომ წავიდა, იმის მერე იშვიათობაა ნორმალური პოლიტიკოსი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამხელა სახელმწიფოა აშშ და ერთადერთი ნორმალური პრეზიდენტი იყო რეიგანი. ნახეთ, რა ხდება იმის შემდეგ!... პოლიტიკა არის ის, რომ რეიგანმა ძალის გამოყენების გარეშე დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა, თუმცა იმის თქმა, რომ მთლად რეიგანმა დაშალა, ტყუილია. სსრკ დაშალა იმან, რომ ეკონომიკა იყო სუსტი და ისედაც დაიშლებოდა, მაგრამ რეიგანმა ოცდაათი წლით დააჩქარა ეს პროცესი.

რაც შეხება სოციალურ გაჭირვებასა და პანდემიას, ეს ერთი დიდი პრობლემის სახესხვაობებია. ჩემი აზრით, არც პანდემიაა შემთხვევითი. დედამიწა თვითონ არის მარეგულირებელი. ხდება ის, რომ დიდი დარტყმისა და ტკივილის შედეგად გონების თვალი გაახილოს ადამიანმა.

რა თქმა უნდა, სოციალური ვითარება მძიმეა, იმიტომ, რომ არც ერთი ხელისუფლება არ ფიქრობდა საქართველოში საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ამის გარეშე კი ქვეყანა წინ ვერ მიდის. 1932 წელს, როცა რუზველტი აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად, მან უპირველესად სწორედ საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყო ხელი და 1939 წელს აშშ ეკონომიურად და სამხედრო თვალსაზრისით უკვე უძლიერესი სახელმწიფო იყო.

აქ არიან ოლიგარქები, რომლებიც დიდ ფინანსებს ფლობენ და განაწილებული აქვთ ყველაფერი. მე პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ამას ვხვდები და როგორ დავიჯერო, პოლიტიკოსები ვერ ხვდებიან?!

- რა არის მთავარი? - მთავარი ზნეობაა. როცა ადამიანს ზნეობა აქვს, არასოდეს მიიყვანს საქმეს ხელჩართულ ბრძოლამდე! მაგრამ უბედურება ის არის, რომ აქ პოლიტიკური ინტერესები ყველაფერს უსწრებს.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის დღეს ასეთი შეტევა ჩვენს ეკლესიაზე? იმიტომ, რომ ეკლესიის პოლიტიკად ქცევა სურთ, რაც ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, რადგან ჩვენს ეკლესიას ისეთი მწყემსი ჰყავს, შეუმჩნეველი არაფერი რჩება. თავისი დიდი შინაგანი ძალით, ლოცვითა და საქმით უმკლავდება ყველაფერს. ის მაგალითის მიმცემია არამარტო მორწმუნეებისთვის, არამედ პოლიტიკოსებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში მყოფნი უფრო მეტად ეკითხებოდნენ და უგდებდნენ ყურს მას.