"ქოციონალები" და "ნაციონალები" ერთი და იგივე ძალაა, რომელსაც უცხოეთიდან ერთი და იგივე ბოსები მართავენ. რაც დღეს ხდება კოჰაბიტაციის შედეგია" - კვირის პალიტრა

"ქოციონალები" და "ნაციონალები" ერთი და იგივე ძალაა, რომელსაც უცხოეთიდან ერთი და იგივე ბოსები მართავენ. რაც დღეს ხდება კოჰაბიტაციის შედეგია"

"მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს, მიუბრუნდეს მამა-პაპის ადათ-წესებს. აუცილებელია დავიცვათ ჩვენი ეკლესია, პატრიარქი და ვიყოთ ჩვენი დიდი წინაპრების დარი მართლმადიდებლები. მართლმადიდებლობამ გადაარჩინა საქართველო და მოიყვანა აქამდე, არა ფსევდომართლმადიდებლობამ და უბრალო რიტუალების შესრულებამ ეკლესიაში. გონიერად და ცნობიერად უნდა ვიყოთ ქრისტიანები, უფალს მოუხმოს ყველამ. ესაა გამოსავალი. მოსახლეობას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ უშველის, უფლის გარდა", - ამბობს ჩვენთან საუბარში პოეტი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი და მწერლის თვალით დანახულ რეალობასა და საქართველოზე გვიყვება:

ვირუსი კაცობრიობის გასაჟლეტად?!

- ვფიქრობ, პანდემია მსოფლიოში ხელოვნურად არის შექმნილი. აბსოლუტურად წინასწარ დაგეგმილი მოვლენაა, რომლის მიზანი დედამიწაზე კაცობრიობის შემცირებაა. ვირუსის ხელოვნურად შექმნა ღმერთის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რადგან სახარების უპირველესი ღირებულებითი დებულებაა "არა კაც ჰკლა". მიმაჩნია, რომ კაცობრიობის გასაწყვეტად ბიოლოგიური ომი მიმდინარეობს... მე არ ვიცი, ვინ როგორ აფასებს, ვინ როგორ ითბობს ამით ხელს, მაგრამ ეს უდიდესი ცოდვაა კაცობრიობის წინაშე, რაც სამყარო არსებულა დასაბამიდან დღემდე.

"პანდემიის დროს მუზები სევდიანობენ"...

- ამასობაში, ამ პანდემიაში ჩემი წიგნის მეორე ტომი გამოვიდა, 720-გვერდიანი "გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან-მოურავები", რომელსაც 40 წელი ვწერდი (პირველი ტომი 2018 წელს გამოვიდა). მუზები პანდემიის დროს სევდიანობენ, დარდიანობენ, მუზები ნაღვლობენ... უამრავი ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა ჩემ გარშემო. მე თვითონ, ჩემმა ოჯახმა და საახლობლომ, საბედნიეროდ, მშვიდობიანად გადავიტანეთ ვირუსი. მახსენდება, როდესაც სამამულო მკურნალობის მეთოდებს იყენებდნენ, ჩვენთან გაცილებით ნაკლები იყო გარდაცვლილთა რაოდენობა. ჯერ არც ვირუსია შესწავლილი და თანაც იმდენი ახალი შტამი მოდის, ვაქცინაცია არ მიმაჩნია გადამრჩენლად. გვახსოვს, როდესაც შემოიტანეს ვაქცინა, მისი შენახვის პირობებზე ლაპარაკობდნენ ბატონები იმნაძე (რომელმაც, სხვათა შორის, გარდაცვლილად მომიხსენია თქვენს გაზეთში და მერე ბოდიში მომიხადა) და გამყრელიძე, რომ ვაქცინები მინუს 80 გრადუსზე ინახება, მერე 70 გრადუსზე ჩამოვიდნენ. ახლა ავტობუსებში რომ ცრიან, რა, სპეციალური სამაცივრე დანადგარებია? მეორეც, აცრის პუნქტებში არანაირი დეზინფექცია არ ტარდება, ხალხი შედის-გამოდის და ვინ იცის, ვინ რისი მატარებელია?

აუცილებელია მოსახლეობის იმუნიტეტი გაძლიერდეს. არსებობს არაერთი ჰომეოპათიური საშუალება, რომლითაც შეგვიძლია წარმატებით ვებრძოლოთ პანდემიას.

"შეხედულება, მწერალი პოლიტიკაში არ უნდა იყოსო, მცდარია"

- იტყვიან ხოლმე, რა უნდა მწერალს პოლიტიკაშიო. არ ვედრები, მაგრამ ილია ჭავჭავაძეც იყო პოლიტიკაში და ბრწყინვალე პოეტი იყო, გრიგოლ ხანძთელი იყო უდიდესი სასულიერო პირი და მწერალი, მაგრამ იყო პოლიტიკაში. პოლიტიკაში იყო მერაბ კოსტავა, რომლის სახითაც უდიდესი პოეტი დაკარგა საქართველომ. აღარაფერს ვამბობ ზვიად გამსახურდიაზე, რომელსაც პირადად ვიცნობდი და ერთად ვბეჭდავდით ჩვენს ნაწარმოებებს ჟურნალ "ცისკარში". ასე რომ, შეხედულება, მწერალი პოლიტიკაში არ უნდა იყოსო, მცდარია. თავის დროზე, პოლიტიკაში იყო აკაკი ბაქრაძეც, პარლამენტის წევრობაზე კენჭს იყრიდა ჯანსუღ ღვინჯილია... რომელი ერთი დავასახელო... მწერალი უფრო პირუთვნელად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მეტი პასუხისმგებლობა აქვს ერის წინაშე. ერის მესაყვირის ფუნქცია მწერალს არასდროს დაუკარგავს, უბრალოდ, მწერლის მესაყვირის ფუნქცია გადაფარა დღევანდელი გაყიდული ტელევიზიების ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ... რეალური ცხოვრება საქართველოში სხვაა და ტელეპაექრობებში სულ სხვას ხედავს მაყურებელი. ჩვენ რეალობას ვართ მოწყვეტილი, მწერალი კი ყოველთვის რეალობას წარმოაჩენს. ჩვენმა დიდმა კლასიკოსმა ჭაბუა ამირეჯიბმა უდიდესი პოლიტიკური ნაწარმოები შექმნა "დათა თუთაშხიას", "გორა მბორგალის", ასევე "გიორგი ბრწყინვალეს" - სამი დიდი რომანის სახით. ბედნიერება მქონდა, ვყოფილიყავი მისი ამ ნაწარმოების გამოცემების რედაქტორი, ისევე, როგორც დოჩანაშვილის ოთხტომეულის. მათ ნაწარმოებებში წარმოჩენილი პრობლემატიკა ყველაზე დიდი პოლიტიკაა.

"რაც დღეს ხდება კოჰაბიტაციის შედეგია"

- რეალურად თუ ვიტყვით, ხალხს მოჰბეზრდა არჩევნები. ქოციონალები და ნაციონალები ერთი და იგივე ძალაა, რომელსაც უცხოეთიდან ერთი და იგივე ბოსები მართავენ. ერთი და იმავე თამაშს თამაშობენ, ქვეყნის დამღუპველ თამაშს, ეს კი კოჰაბიტაციის შედეგია. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მითხრეს, ორი სიტყვით დამეხასიათებინა დღევანდელი პოლიტიკური ვითარება. თქვენც იმავეს გპასუხობთ - სამწუხაროდ, კოჰაბიტაციის შედეგად მივიღეთ ბიძინა სააკაშვილი და მიშა ივანიშვილი. ამიტომ საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს, რათა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გაიტანოს ის პარტიები, რომლებიც ებრძვიან საქართველოს დედაეკლესიას, პატრიარქს, ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას... ქვეყნის სათავეში კი უნდა მოვიდნენ ეროვნულ-პატრიოტული ძალები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებს გაატარებენ და არა უცხოელი ბოსების, კლანებისა და ოლიგარქების. მიშაც ოლიგარქია და ესენი შეხმატკბილებულად ახრამუნებენ ქართველი ერის კუთვნილ ქონებას.

ყველა არჩევნების წინ სააკაშვილი გვითვლის, მოვდივარო. არადა, მშიშარა და ქვეშაფსიაა. ის აქ ჩამომსვლელი არ არის და თუ მაინც ჩამოვიდა, ეს ცხადყოფს, რომ გარიგებაა და მჭიდროა კოჰაბიტაციაა "ოცნება"-"ნაციონალებს" შორის. ეს არის ბუას პრინციპი - როდესაც ბავშვი საჭმელს არ ჭამს, ბებია კარზე აბრახუნებს, აი, გუდიანი კაცი მოვა, თუ არ შეჭამო. ამას აკეთებს "ქართული ოცნება" ყველა არჩევნების წინ "მიშა მოდის", ძახილით აშინებს ამომრჩეველს და მისგან საფრთხობელას ქმნის, ვითომ ესენი ანგელოზები არიან, ის კი ბუა იყოს.

ნანა ფიცხელაური