"ჩვენი ზღვის ფსკერი უდაბნოს ჰგავს, სადაც თვალი მხოლოდ ქვებსა და ქვიშას ხედავს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ზღვის ფსკერი უდაბნოს ჰგავს, სადაც თვალი მხოლოდ ქვებსა და ქვიშას ხედავს"

"ყველაზე დიდი პრობლემა ზღვის დაბინძურებაა. ხანდახან მყვინთავები ისეთ წუმპეში ვმუშაობთ, ცუდად ვხდებით. ნავთობი, გემებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ნარჩენები, პოლიეთილენი ერთმანეთშია აზელილი"

ვისაც ექსტრიმით მონუსხვა არ განუცდია, ალბათ, ვერასოდეს გაიგებს, რატომ ირჩევენ ადამიანები სახიფათო პროფესიებს. ზღვაშიმრავალი ათეული მეტრის სიღრმეზე ფეხქვეშ გამოცლილი ნიადაგისა და უჰაერობით ხრჩობის კომბინაცია ზოგზე ისე მოქმედებს, რომ ცხოვრებაში ზღვისკენ აღარ გაიხედავს, მაგრამ შავი ზღვის მყვინთავს, გოჩა ქოიავას, ეს არ დამართნია. უბრალოდ, სიღრმეში პირველი დამოუკიდებელი ჩაყვინთვისას გაუელვა კითხვამ, უკან დაბრუნდებოდა თუ არა, რომელსაც ვერ უპასუხა, მაგრამ 40 მეტრზე მაინც ჩაყვინთა. მას შემდეგ მუდამ ზღვაშია...

- მყვინთაობა უძველესი პროფესიაა. მაგალითად, 4000 წელს ითვლის კუნძულ ბაჰრეინზე მარგალიტის მაძიებელ მყვინთავთა ისტორიაც და მყვინთავების უძველესი სიმღერაც, რომელსაც ახლაც მღერიან ზღვაში გასვლის წინ. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით დღეს მყვინთავებს თითქოს ნაკლები საფრთხე ემუქრებათ, თუმცა, ხიფათი მაინც მუდამ გველის, რის გამოც არ შეიძლება მყვინთავი გაუბედავი იყოს.

ზღვის საშიში ბინადრები, სიღრმის მაღალი წნევა, აღჭურვილობის ღალატი, ტოქსიკური ნარჩენები უსაფრთხო როდია, მაგრამ მყვინთაობას ხიბლიც აქვს და ამას ვერავინ წაგვართმევს, მით უფრო - დღეს, როდესაც ზღვებსა და ოკეანეებში წყალქვეშა მუზეუმები იხსნება და მნახველები აღფრთოვანებას მყვინთავებს უზიარებენ.

სამწუხაროდ, ჩვენ ამას, ალბათ, დიდხანს ვერ ვეღირსებით, არადა უზღვაო სომხეთმაც კი ბრწყინვალე მუზეუმი გახსნა წყალქვეშ.

- როგორ?! - სევანის ტბაში და უამრავი დამთვალიერებელიც ჰყავთ, ჩვენ კი არ ვინდომებთ. თუნდაც წყალქვეშა ღვინის მუზეუმი რომ გაგვეხსნა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი დამთვალიერებელი გვეყოლებოდა?! მუზეუმი კი არა, ზღვაში ფერმაც ვერ გაგვიხსნია, არადა ზღვისპირა ქვეყნები მათგან კარგ შემოსავალს იღებენ. მეგობართან ერთად, წლებია, მიდიების ფერმის გამართვა მინდა და არ გამომდის. მყვინთავებს ისეთი ხელფასი არ გვაქვს, ეს თავად გავაკეთოთ და არც სპონსორი გამოჩნდა. როგორც ჩანს, მართლაც რთულია სიახლის გააზრება. ხალხს ჰგონია, ხმელეთის საქმე უფრო საიმედოა, არადა ზღვამ უფრო იშვიათად იცის ღალატი. მიდია ძვირად ღირებული მოლუსკია. თუ მოვაშენებდით, მოვიგებდით. გარდა ამისა, მათი მოშენება ისედაც საჭიროა - მიდია თავის კვებით დღეში 60 ლიტრ წყალს ფილტრავს, მაგრამ მრავალი ათეული წელია, ჩვენი დაბინძურებული ზღვის ამ სანიტარს უცხოეთიდან შემოყოლილი მტაცებელი მოლუსკი ნთქავს. ეს არც ისე რთულია: ზღვის ფსკერზე ჩამაგრებული ორი ღუზა და მათზე გაჭიმული თოკებია საჭირო. ახალდაბადებული მიდიები სწორედ ამ თოკებს მიეწებებიან და გაზრდისას ტონობით პროდუქტს მოგცემენ. რთული ამ საქმეში ფერმის მოვლაა, რათა ისევ მტაცებელმა არ გაანადგუროს, ეს კი მყვინთავებს შეგვიძლია - ფერმის დაცვისას ჩვენ მოგვიხდება წყალში საათობით ყოფნა.

- ზღვის მტაცებელი ახსენეთ... - დიახ, რაპანაზე მოგახსენებთ, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში იაპონიის გემებს შემოჰყვა ჩვენს ზღვაში და ისეთი გამრავლების უნარი აღმოაჩნდა, რომ ჩვენი მიდიები განადგურებამდე მიიყვანა. რამდენიმე წლის წინ ჩვენი ზღვის ფსკერიდან გემებით 200 ტონა რაპანა ამოხაპეს და გაანადგურეს, მაგრამ მას ქვირითიც ამოჰყვა, რაც ცუდია...

- ესე იგი ზღვაშიც არა გველევა პრობლემები... - ყველაზე დიდი პრობლემა ზღვის დაბინძურებაა. ხანდახან მყვინთავები ისეთ წუმპეში ვმუშაობთ, ცუდად ვხდებით. ნავთობი, გემებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ნარჩენები, პოლიეთილენი ერთმანეთშია აზელილი, თუმცა, ზღვის ხიბლი და ექსტრიმიც ისეთია, მერე ყველაფერს ვივიწყებთ.

- სიღრმეში ჟანგბადი რამდენ ხანს გყოფნით? - ჟანგბადს ზემოდან გვაწვდიან, მაგრამ თუ ელექტროენერგია გაითიშა, ან ჩვენი წყალქვეშა აღჭურვილობა დაზიანდა, ცხადია, საშიშია. თუ ზემოდან ჟანგბადი შეგვიწყდა და ჩვენმა ჟანგბადის ბალონმაც გვიმტყუნა, შეგვიძლია მეწყვილის ბალონით ვისარგებლოთ. თუ ესეც არ გვაქვს, წყლიდან ამოღწევა მაინც უნდა ვცადოთ.

- ამ დროს შეიძლება ძალიან შეგეშინდეს... - შიში ადამიანური ფაქტორია.

სამუშაოს დაწყების წინ მყვინთავები ფსიქოლოგიურ კურსს გავდივართ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ზოგჯერ პირველ ჩაყვინთვას მაინც პანიკა ახლავს, თან ისეთი, ზოგი ამ სამუშაოზე სამუდამოდ უარს ამბობს. პანიკის პირველი შეტევის მიზეზი აღჭურვილობაა: სიმძიმის ქამარი, სასუნთქი მილი და ა.შ. ეს უცხო საგნებია და ბევრი პირველი პანიკური შეტევისთანავე იწყებს მათ მოხსნას, ეს კი სიკვდილია. სწორედ ამიტომ ახლავთ გამოუცდელებს ჩაყვინთვისას ინსტრუქტორი.

სხვათა შორის, პანიკა მეც დამემართა, ოღონდ არა ზღვაში, არამედ - გვირაბში. გვირაბი ელიავასა და ვარკეთილს შორისაა. როდესაც გაიყვანეს, მაშინვე გრუნტის წყალი ჩადგა. ჩვენ მას ტურისტებისთვის ვამოწმებდით. წყალში იმდენი ვიარეთ, რომ აიმღვრა და ვეღარაფერს ვხედავდი. ამ დროს წამით მაღლა ავიხედე და მაშინვე წყალში ინსტრუქტორი დავკარგე. პანიკურმა შიშმა ამიტანა, თუმცა არ ავყევი და ამით გამოცდაც ჩავაბარე. მას შემდეგ ზღვაში ვარ.

- ღელვა სიღრმეშიც იგრძნობა? - კი. შეიძლება ტალღის ძალამ 20 მეტრზეც ჩამოაღწიოს, თუმცა უფრო მეტი ძალა წყალქვეშა დინებებს აქვს, რომლებიც ხან საით წაგიღებს, ხან - საით. მიმართულება მუდამ იცვლება.

წყლის ბინადრებიდან ყველაზე დიდი საფრთხე ზღვის დრაკონისგან გვემუქრება. ზურგზე ისეთი შხამიანი "ეკალი" აქვს, რომ ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს, თუმცა მყვინთავებმა ვიცით, როგორ ავერიდოთ. მისგან, ძირითადად, თევზები ან დამსვენებლები იწამლებიან.

- ზვიგენზე რას იტყვით? - ჩვენს ზღვაში მხოლოდ ზვიგენი კატრანია, რომელიც ნაპირთან იშვიათად ჩნდება და ძალიან მიყვარს. კატრანი ადამიანს არ ვნებს, თუმცა ზოგიერთ ქვეყნებში მყვინთავები მტაცებელ ზვიგენებსაც კვებავენ და ტურისტების გამო იჩვევენ.

ჩვენს ზღვაში უფრო სახიფათო წყალქვეშა უფსკრულებია, რომელთა სიღრმე 800 მეტრსაც აღწევს. ეს ღრმულები ნაპირზეც არსებობს, მაგალითად, ფოთის ან ურეკის მიდამოებში, მრავალ ათეულ მეტრზე, შესაძლოა, წყალი მხოლოდ მუხლებამდე მოგვწვდეს, მაგრამ უცებ ფეხი ღრმულის ნაპირს დააბიჯო და ჩაინთქა. ამიტომაც აფრთხილებენ ამ ზოლში დამსვენებლებს, თხელ წყალს ნუ ენდობით, შორს ნუ მიდიხართო.

შავი ზღვის ამ უფსკრულებს უამრავი მსხვერპლი შეუწირავს. ალბათ, ბევრს ახსოვს ხუთი წლის წინ შავ ზღვაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი მყვინთავის უცნაური გაუჩინარება. ისინი უცხოეთის გემებმაც ვერ იპოვეს. ჩემი აზრით, ბიჭები სწორედ ასეთ ღრმულში მოხვნენ, საიდანაც ამოღწევა შეუძლებელია. წყლის წნევის გამო გვამიც არასოდეს გამოირიყება.

შავ ზღვაში 200 მეტრის ქვემოთ გოგირდწყალბადია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ჩვენი ზღვისF ფსკერი უდაბნოს ჰგავს, სადაც თვალი მხოლოდ ქვებსა და ქვიშას ხედავს.

- სამაგიეროდ, მიწის ზემოთ გვაქვს სამოთხე... ჩაძირულ ხომალდებსა და წყალქვეშა არქეოლოგიაზე რას იტყვით? - ჩვენი ზღვა რომ ჩაძირული ხომალდების სასაფლაო იქნება, უდავოა - უძველესი სავაჭრო ცენტრი ვიყავით, მაგრამ მათ ნაშთებს მყვინთავები მაინც იშვიათად ვნახულობთ, რადგან სილა ფარავს. თუმცა ყულევში მაინც შემოგვრჩა ბოლოდროინდელი "გემების სასაფლაო". ეს გასულ საუკუნეში ჩაძირული რუსული გემებია, რომლებიც ბევრ განძის მაძიებელს აინტერესებდა. რამდენიმე მწყობრიდან გამოსული გემი აქ განზრახ ჩაძირეს მისილვის შესამცირებლად, გარდა უკრაინული "სკადოვსკისა", რომელიც თავად ეკიპაჟმა ჩაძირა საბედისწერო შეცდომის გამო - ღამით, შტორმისას მათი ღუზების ჯაჭვები ქარიშხალმა გადახლართა, გემი ამოტრიალდა და თავისივე ღუზებზე დაემხო.

- და მაინც, რა გიყვართ ზღვისა ყველაზე მეტად? - ყველაფერი, მაგრამ ძალიან რა გამხარებია, გეტყვით: ზოგჯერ შტორმისას ზღვა კეფალის ლიფსიტებს გამორიყავს და ქვიშაზე ტოვებს. აი, თუ იმ ლიფსიტებს მივუსწარი, პეშვით ავხვეტე და ზღვაში დავაბრუნე, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

მექსიკის სანაპიროსთან, კარიბის ზღვაში, ქალაქ კანკუნთან ახლოს, მდებარეობს ზღაპრულად ლამაზი, უჩვეულო წყალქვეშა მუზეუმი. მისი უნიკალური სკულპტურების წყალობით, რომლებიც ზღვის ფსკერზეა განლაგებული, განსაკუთრებულად საინტერესო ტურისტულ სანახაობად მიიჩნევა მთელ მსოფლიოში.

Museo Subacuatico de Arte (შემოკლებით MUS) კოლექცია წარმოადგენს სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის ადამიანების სკულპტურებს. ტურისტებს, ვისაც ჩაყვინთვა სურს, წყალქვეშ გამოცდილი ინსტრუქტორები მიჰყვებიან. მშვიდი დასვენების მოყვარულებს საშუალება აქვთ ნავით იცურონ, თუმცა, ამ უჩვეულო საზღვაო კოლექციის მთელი სილამაზის შეფასებას ვერ მოახერხებენ.

ეთერ ერაძე