გოგოთურ ჭინჭარაულის უძველესი ისტორიული კოშკი შველას ითხოვს - კვირის პალიტრა

გოგოთურ ჭინჭარაულის უძველესი ისტორიული კოშკი შველას ითხოვს

"როდესაც ბოლშევიკებმა ქაქუცა თბილისიდან გამოდევნეს, ის ხევსურეთში წამოვიდა, უკან კი მდევარი მოჰყვებოდა. პაპაჩემი რუს მდევარს სოფელ მაღაროსკარში დახვდა და უკანვე გაყარა, ქაქუცა კი ჩვენს კოშკში წამოვიდა და იქ ცხოვრობდა"

თითქმის ყველა მოვლენა, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება, ხანდახან უნებლიეთ გაფიქრებინებს, რომ ქართველებს მომავლის იმედი არ უნდა გვქონდეს,M მაგრამ ასე როდია - ჩვენ მიღმა, ვნებით დამძიმებული, აზიმზიმებული ქუჩების მიღმა, ცხოვრობენ ღირსეული ადამიანები, რომელთა ზნეობა ქმნის სწორედ ჩვენს მომავალს. ისინი თავიანთ საქმეს ჩუმად აკეთებენ და, რაც მთავარია, ყოველთვის არიან თითოეული ჩვენგანის გვერდით.

პირაქეთ ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში, ოთხი და-ძმა ჭინჭარაული ცხოვრობს. მათ შორის უმცროსი გოგი ჭინჭარაულია, კაცი, რომელსაც აქაურობა არასოდეს მიუტოვებია.

ჭინჭარაულების ეზოში მთელ ხევსურეთში უძველესი ისტორიული კოშკიც მისი აღსადგენია, ათეული წლები იტანჯებოდა მამა-პაპათა დანატოვრის ჩამოშლის შემყურე, რადგან შველისათვის სახსარს ვერ პოულობდა. მერე აიღო რკინის ჯოხი, ჩაიცვა რკინის ქალამანი და ჩეხეთის საელჩოს მიადგა, სადაც, საბედნიეროდ, ქართულ ძეგლებზე შეყვარებული ადამიანები აღმოჩნდნენ.

გოგი ჭინჭარაული:

- პაპაჩემი, გოგოთურ ჭინჭარაული, ისტორიული პიროვნება იყო. სამწუხაროდ, ხევსურეთშიც კი არცთუ ბევრმა იცის ამის შესახებ, არადა 1918 წლიდან 1921 წლამდე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა სისხლის ფასად უჯდებოდა, პაპაჩემი ერთ-ერთი იყო, რომელიც ამ ბრძოლაში ხევსურთა ჯარით მონაწილეობდა. ეს ჯარი, 400 კაცი, პაპამ ხევსურეთიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის თხოვნით ჩამოიყვანა, ქაქუცას კიდევ გენერალმა მაზნიაშვილმა სთხოვა ხევსურების ჯარში ჩაწერა.

- ეს ცნობილი ამბავია ხევსურთა 400-კაციანი რაზმის ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლისა, თუმცა თუ მათ პაპათქვენი მეთაურობდა, ვერავინ მეტყოდა... - არა მხოლოდ... როდესაც ბოლშევიკებმა ქაქუცა თბილისიდან გამოდევნეს, ის ხევსურეთში წამოვიდა, უკან კი მდევარი მოჰყვებოდა. პაპაჩემი რუს მდევარს სოფელ მაღაროსკარში დახვდა და უკანვე გაყარა, ქაქუცა კი ჩვენს კოშკში წამოვიდა და იქ ცხოვრობდა.

ასე რომ, ჩვენს საგვარეულო კოშკს დიდი მოვლენები აქვს გადატანილი, რაც მეამაყება. სწორედ ამიტომ ვიბრძოლე მთელი ძალ-ღონით მის აღსადგენად, თუმცა, წვალების მიუხედავად, საშველი დიდხანს არ გამოჩნდა, ვიდრე ჩეხებამდე არ მივაღწიე. მათ მითხრეს, პროექტი დაწერე და ვნახოთო. დავწერე და ზოგი საფეხური უკვე მოვიგე კიდეც. იმედი მაქვს, საქმეს ბოლომდე მივიყვან, თუმცა,

როცა ჩეხეთის საელჩოსთან თანამშრომლობა დავიწყე, საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურიც მოვიდა და დახმარებას შემპირდა. ესეც კარგია - საკუთარი ისტორიის შენარჩუნებაში თუ თავად ქართველებმა არ მივიღეთ მონაწილეობა, სხვის იმედად როდემდე უნდა ვიყოთ!..

- საოცარი ამბავია... საუკუნეა გასული გოგოთურ ჭინჭარაულის გმირობიდან და მისი შთამომავალი ასე ცდილობს მისი კოშკის აღდგენას... - გენეტიკა რამდენიმე შთამომავლის კი არა, საუკუნეების განმავლობაში არ წყდება, ერი ხომ ცოცხალი ორგანიზმია, თუმცა არამხოლოდ ამიტომ ვიბრძოდი კოშკის შესანარჩუნებლად - წინაპართა სახელის მოუვლელობა ჩემთვის უპატიებელია,A ასე რომ, სანამ ძალა შემწევს, ამ უპატიებელ შეცდომას არ დავუშვებ.