"იდეებ რა ვუყო" - კვირის პალიტრა

"იდეებ რა ვუყო"

ეს ტარიფი სიყვარულივითაა "ვერტიკალური და თანაც ბრუნვადი..."

"გამოდის, კონდიციონერი თუ გაქვს, ნაგავიც მეტი გაქვს?"

"უგულავამ სააკაშვილისაგან დამოუკიდებლად გაიკეთა ყულაბა და ფულის შეგროვება დაიწყო"

დასუფთავების გადასახადი ამიერიდან პირდაპირპროპორციულია მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობისა. ეს ტარიფი "ვერტიკალური და თანაც ბრუნვადი" სიყვარულივით არის, ვერაფერს გაუგებ კაცი. რა შუაშია მოხმარებულ ელექტროენერგიასთან დასუფთავების ტარიფი, მომკალით და ვერ გავიგე. მოკლედ, მოსახლეობას მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 5 თეთრის გადახდა მოუწევს. მართალია, თბილისის მერია გვიმტკიცებს, რომ ამით სოციალური თანასწორობა აღდგა, მაგრამ ვერც ამ ლოგიკას ჩავწვდი.

ტარიელ ხიზანეიშვილი, თბილისის მერის მოადგილე: "ყოველთვიურად დასუფთავებისათვის საჭირო თანხა 3 მილიონ ლარს შეადგენს, მოსაკრებლიდან შემოსული თანხის ოდენობა კი 2 მილიონ ლარს არ აღემატება და მერიას სუბსიდირება უხდება. ეს უსამართლობაა, რადგან ზოგიერთ ბინაში ჩაწერილი არიან პირები, რომლებიც სინამდვილეში იქ არ ცხოვრობენ და ბინის მეპატრონეს ზედმეტი თანხის გადახდა უწევს.  აბონენტს გადასახადი უნდა დაერიცხოს იმის მიხედვით, რამდენი სულიც ცხოვრობს ბინაში და ამის ინდიკატორი მოხმარებული ელექტროენერგია იქნება. ასეთი სისტემით დასუფთავების ხარჯი თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს გაუძვირდება"(?).

KvirisPalitra.Geთინა ხიდაშელი, საკრებულოს წევრი: "დასუფთავების გადასახადი რომ უნდა გადავიხადოთ, ცხადია, მაგრამ ტარიფი მომსახურების ადეკვატური ხომ უნდა იყოს? ძალიან მარტივად შეიძლება ტარიფის დადგენა. თუ იცი, რა ჯდება თბილისში დასუფთავება და რამდენი კაცი ცხოვრობს, რა უნდა ტარიფის დადგენას, გაყოფ და მიიღებ კოეფიციენტს.  რაც ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობას შესთავაზა, აბსურდია. გამოდის, კონდიციონერი თუU გაქვს, ნაგავიც მეტი გაქვს? ქალაქის ხელისუფლებამ იცის, რა ჯდება დასუფთავება ქალაქში, მაგრამ არ გვეუბნება, რამდენი კაცი ცხოვრობს დედაქალაქში. სხდომაზე ძალიან საინტერესო "აღიარებითი ჩვენება" მოგვცა "ნაციონალურმა მოძრაობამ".

- ბატონ ხიზანეიშვილს წამოსცდა, თბილისში 800000 კაცი ცხოვრობსო. 2010 წლის თბილისის საარჩევნო სიაში კი მილიონი ჰყავდათ შეყვანილი.

რატომ მალავენ მოსახლეობის რიცხოვნობას? ამით ცდილობენ თავიდან აიცილონ უხერხული შეკითხვები მომავალი არჩევნებისთვის. ამას გარდა დასუფთავების გადასახადი უკონტროლოა. ფული, რომელსაც ვიხდით, კაცმა არ იცის, სად მიდის.

გიგი უგულავა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გუდაურის ფონდი დააარსა, ეტყობა, ფულს აგროვებს მომავალი არჩევნებისთვის. ეს ფონდი შავი ხვრელია, სადაც ბიზნესისგან ფულს ამოიღებენ.

ჩვენმა მერმა სააკაშვილისაგან დამოუკიდებლად გაიკეთა ყულაბა და ფულის შეგროვება დაიწყო. ახლა დასუფთავების ტარიფის გაზრდით ცდილობს ხალხისგან მეტი ფულის წაღლეტას. ლაპარაკია დაახლოებით 40 მილიონზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში არ მიდის. ირიცხება დასუფთავების მომსახურების ცენტრში და იქიდან სად წავა, ამის გაკონტროლება ჩვეულებრივი მოკვდავისთვის შეუძლებელია".

კიდევ ერთი გადასახადი, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება თბილისის მოსახლეობას, წყლის გამრიცხველიანების ხარჯებია.

ჩვენი ინფორმაციით, თბილისში პირველ ეტაპზე 50000 მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს. მონტაჟისა და მრიცხველის საფასური 100 ლარია და ის აბონენტმა უნდა გადაიხადოს. ჩვენ შევამოწმეთ მსოფლიო ბაზარზე არსებული მრიცხველების ფასი და ის 20-დან 45 ლარამდე მერყეობს.

ამასთან, აბონენტმა მაინცდამაინც "ჯორჯიან ვოთერ ენდ კომპანის" მიერ შეთავაზებული მრიცხველი უნდა დაამონტაჟოს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი მოთხოვნა. მომხმარებელს უფლება აქვს, აირჩიოს მრიცხველი, ეს მომწოდებელი კომპანიის გადასაწყვეტი არ არის. კომპანიას არც იმის უფლება აქვს, აბონენტს მრიცხველის დამონტაჟება დაავალოს, რადგან სემეკის 2008 წლის #32 დადგენილებაში ნათქვამია, რომ მრიცხველის დაყენება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ აბონენტის ნება-სურვილით. როგორც გავიგეთ, მრიცხველები ისრაელიდან შემოდის შუალედური კომპანიის მეშვეობით და შეღავათიან ფასადაც.

სამონტაჟო სამუშაოებში კომპანიას, რომელმაც მრიცხველი უნდა დაამონტაჟოს, მიზერულ თანხას უხდიან და მკაცრად აფრთხილებენ, აბონენტთან არ წამოსცდეს, რას უხდის დამქირავებელი.

თინა ხიდაშელი: "თუ კომპანია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყიდოთ მრიცხველი, მაშინ მას ნამდვილად არ ეკითხება, რომელი ფირმის მრიცხველს დავამონტაჟებინებთ. წესით, ეს მისი საქმე არ უნდა იყოს, მაგრამ მოსახლეობისთვის ფულის წაგლეჯის საშუალებას გაუშვებენ ხელიდან? მეტიც, მრიცხველის ფული მოსახლეობამ არ უნდა გადაიხადოს. კომპანიის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ გამრიცხველიანებამ არ უნდა მიაყენოს მომხმარებელს დამატებითი ხარჯი.

მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რა წერია ხელშეკრულებასა და კანონში? "ჯორჯიან ვოთერ ენდ კომპანის" ისე გადასცეს "თბილისის წყალი", ტენდერი არც ჩაუტარებიათ. "თბილისის წყალი" ქალაქის მერმა და ვიცე-მერმა კორუფციული გარიგებით ჩაუგდეს   ხელში სრულიად გამოუცდელ კომპანიას. ამ კომპანიას აქვს ვალდებულებები, რომლის მიხედვით თბილისის მოსახლეობის გამრიცხველიანება 2012 წლის მაისისთვის უნდა დასრულდეს.

ამ ეტაპზე ქალაქის სამი მეოთხედი მაინც ხომ უნდა იყოს გამრიცხველიანებული? გრაფიკი თბილისში 2011 წლის 1-ელი იანვრიდან აღარ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღემდე მოქმედებს. გიგი უგულავამ განაცხადა, ვისაც გრაფიკი აქვს, ძველი ტარიფით გადაიხდისო, მაგრამ ეს კიდევ ერთი ტყუილი აღმოჩნდა. სულ გრაფიკი მაქვს და ახალი ტარიფით ვიხდი გადასახადს".