"სკოლის დირექტორი ილია ჭავჭავაძეც რომ იყოს, ვერაფერს გააკეთებს" - კვირის პალიტრა

"სკოლის დირექტორი ილია ჭავჭავაძეც რომ იყოს, ვერაფერს გააკეთებს"

"მოსწავლეების უცოდინარობის გამო დირექტორის დასჯა განტევების ვაცის ძებნაა"

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ათეული სკოლის დირექტორი თანამდებობას დატოვებს.  სკოლებში, რომლის მოსწავლეებმაც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს, განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია ადმინისტრაციის საქმიანობას შეისწავლის. სამინისტროს აზრით, დაბალი აკადემიური მოსწრება იმის მანიშნებელია, რომ სწავლება სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი.

CAT-ის სისტემით ჩატარებულ საატესტატო გამოცდებში 50.000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. რვა საგანში მოსწავლეთა 30%-მა მაღალი შეფასება მიიღო, 5%-ს საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ირწმუნებოდა, გამოცდაზე მოსწავლეებს უმარტივესი დავალებების შესრულება მოუწევთ, 6 ათასმა მოსწავლემ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (გამოცდაზე 5,5-ქულიანი ბარიერი არსებობდა) ვერ გადალახა.

მას შემდეგ, რაც დირექტორების მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი, "კვირის პალიტრის" რედაქციას  დაუკავშირდა განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის (ლია ანდღულაძის) ყოფილი მოადგილე იათამზე კოტეტიშვილი, რომელიც სკოლაში არსებულ პრობლემას სრულიად სხვა მიზეზით ხსნის:

იათამზე კოტეტიშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი: "დირექტორები დამნაშავე არ არიან, 6 ათასი მოსწავლე რომ ჩაიჭრა. დირექტორს ხომ სუსტი მასწავლებლის მოხსნაც კი არ შეუძლია. დამნაშავეები განათლების სამინისტროს ის ჩინოვნიკები არიან, რომლებიც ცუდად ატარებენ სახელმძღვანელოების შესარჩევ კონკურსს. დაწყებითი კლასებისთვის სამი უხარისხო სახელმძღვანელო უკვე შერჩეულია და ამის გამო პასუხისმგებლობას ისევ დირექტორებს დააკისრებენ. თუკი ბავშვებს ცუდი სახელმძღვანელოთი ასწავლიან, შედეგიც ძალიან ცუდი იქნება. განათლების სისტემაში მაფიაა.

წიგნების ავტორები გარიგებული არიან განათლების სამინისტროსთან. სასწავლო გეგმიდან ამოაგდეს უნიკალური მათემატიკის სახელმძღვანელო დაწყებითი კლასებისთვის, რომელიც პიაჟეს (ცნობილი ფსიქოლოგი) თეორიაზე იყო დამყარებული და მეცნიერულად დამუშავებული. Dდიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაწყებითი სწავლების განყოფილებაში (რომელსაც ვხელმძღვანელობ) 20 წელი მუშაობდა ჯგუფი ამ სახელმძღვანელოს შექმნაზე. სხვებივით ერთ და ორ წელიწადში კი არ მოგვიმზადებია.

მოსწავლეების უცოდინარობის გამო დირექტორის დასჯა განტევების ვაცის ძებნაა. დირექტორი ვალდებულია, რამდენიმე სახელმძღვანელოდან ერთი აირჩიოს. თუ სახელმძღვანელო არ ვარგა, რა ქნას? განათლების სამინისტროს ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობისა და უვიცობის ბრალია, რომ კარგ და ცუდ სახელმძღვანელოს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. Aშესაძლოა, ეს შეგნებული მავნებლობაც არის.

რა შუაშია დირექტორი? ბავშვები პირველი კლასიდანვე რეპეტიტორებთან დადიან, რადგან მხოლოდ სკოლის ცოდნით ბავშვი მინიმალურ კომპეტენციასაც ვერ გადალახავს, ყოველ შემთხვევაში, კარგ ნიშანს ვერ მიიღებს"

მერაბ ჯიბლაძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე: - სკოლის მთავარი პრობლემა სახელმძღვანელოა (განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო საგნებში). იმის გამო, რომ სახელმძღვანელოები არა აქვთ, Aმასწავლებელიც ცუდ დღეშია და მოსწავლეც. დირექტორის მოხსნას აზრი არა აქვს, თუკი სკოლაში ნორმალური სახელმძღვანელო არ შევა და მასწავლებელიც მაღალი კვალიფიკაციის არ იქნება.

- სავალალოა, რომ 6 ათასი მოსწავლე მინიმალური სირთულის დავალებას ვერ ართმევს თავს.

- ეს განათლების სისტემის ნგრევის ლოგიკური შედეგია. ჩვენი საჯარო სკოლა, ფაქტობრივად, დაწყებით განათლებას იძლევა, ამიტომ გვიჭირს კარგი სპეციალისტების აღზრდა. დღეს ბავშვებს განათლებას ვერ ვაძლევთ. სკოლის დირექტორი ილია ჭავჭავაძეც  რომ იყოს, ვერაფერს გააკეთებს. ამის გამო პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება.  თუ წიგნი არ შეიცვალა, ვინც უნდა დაინიშნოს მინისტრად და სკოლის დირექტორად, არაფერი გვეშველება. არადა, Kკარგი წიგნი რომ შევიდეს სკოლაში, ისეთი სისულელეები უნდა გააკეთო, რომ ამაზე არ წავა წესიერი მეცნიერი.

- რას გულისხმობთ?

- ვისაც უნდა, იმას შეაქვს სახელმძღვანელო სკოლაში. ავტორები ურიგდებიან სკოლის დირექტორებს. როგორც მითხრეს, თითოეულ წიგნზე 2-2 ლარს აძლევენ. სამეცნიერო კონტროლის გარეშე არ შეიძლება წიგნის სკოლაში შეტანა.

- წელს ხომ შეიცვალა სახელმძღვანელოები?

-  არც ერთი არ ვარგა. Kკომისია, რომელიც გრიფს ანიჭებს სახელმძღვანელოს, მაღალი დონის (არანაკლებ მეცნიერებათა დოქტორები) უნდა იყოს. ახლა კი შეიკრიბებიან ვიღაცები და ანიჭებენ წიგნებს გრიფებს. სანამ არ იქნება მაღალპროფესიული ჟიური, მანამ იქნება დემოკრატიას ამოფარებული ეს ბაკქანალია. როდესაც 12 წლის განმავლობაში ბავშვი არაფერს სწავლობს, წიგნს ნაკლებად ეტანება, ჩლუნგდება. ეს მიზანმიმართული პოლიტიკა 1992 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. მაშინ მინისტრის მოადგილე ვიყავი და წამოვედი. არ მომწონდა ის პოლიტიკა. ახლა ძალიან ძნელია ვითარების გამოსწორება, მაგრამ ყველა უნდა ვეცადოთ.