"სტოკჰოლმის სინდრომი" - კვირის პალიტრა

"სტოკჰოლმის სინდრომი"

1973 წელს სტოკჰოლმის ერთ-ერთ ბანკში საშიში დამნაშავეების ბანდა შეიჭრა. მათ სამი ახალგაზრდა ქალი მძევლად აიყვანეს. დამნაშავეები 6 დღეს იყვნენ საცავში გამაგრებული. ტრადიციულად, დიდძალ ფულსა და ბანკიდან გაშვებას ითხოვდნენ.

ყაჩაღები თავიდან ცუდად ექცეოდნენ მძევლებს. ორი დღის განმავლობაში მათ საჭმელს არ აძლევდნენ. ქალებს კისერზე ძაღლებივით თოკი ჰქონდათ გამობმული და მოკვლითაც ემუქრებოდნენ, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. მძევალი ქალები მოძალადეებს იმდენად დაუახლოვდნენ, იმდენად აღივსნენ სიმპათიით, რომ მათთან ნებაყოფლობითი (ყოველგვარი ძალდატანების გარეშე) სექსიც კი ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ მძევლებს მოგვიანებით შეეძლოთ ბანკის დატოვება, მათ ეს არ გააკეთეს და დარჩნენ. ყველაფერი კრიმინალებისათვის ცუდად დამთავრდა - პოლიციამ ისინი დააკავა. სასამართლოზე მძევალი ქალბატონები ერთხმად გაიძახოდნენ, რომ ბანდიტები  მათ კარგად ექცეოდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ყოფილი მძევლები ციხეში მივიდნენ დამნაშავეებთან და დაინიშნენ კიდეც.

ამ ფსიქოლოგიურ ფენომენს, რომელიც მსხვერპლსა და აგრესორს შორის წარმოქმნილი სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული  რეაქციაა, "სტოკჰოლმის სინდრომი" დაერქვა. მე არა ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ მაინც საინტერესოდ მომეჩვენა 40 წლის წინ სტოკჰოლმის ბანკში შეყუჟული მძევლებისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შედარება. სიმართლე რომ ითქვას, ბევრი ჩემი თანამოქალაქე, იმ ქალბატონების არ იყოს, შფოთისა და შიშის ტყვეა. მათთვის ეს ხელისუფლება აღიქმება  საკუთარი მიზნების მისაღწევად ბევრ რამეზე წამსვლელ საშიში ადამიანების ჯგუფად, მაგრამ ზოგიერთ ჩვენგანს ხშირად არ გვინდა იმის დაჯერება, რომ ძალადობა, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ, ჩვენს თავს ხდება (ეს ნორმალური ფსიქიკური რეაქციაა).

ჩვენ ხშირად არაცნობიერად ვშორდებით რეალობას, ამიტომ, როცა ვიღაცები ადარებენ ხელისუფლებას კრიმინალთა ბანდას, ჩვენ არ გვინდა ამის დაჯერება. არადა, მარტივია: ხომ მოკლეს სამი დემონსტრანტი 26 მაისს (ეს ყველამ იცის), ხომ დააგდეს ორი ცხედარი მაღაზიის სახურავზე და ხომ ჩაატარეს რამდენიმე მეტრში "აღლუმი"?! ამის შემდეგ ვინმე შეიძლება დაეჭვდეს, რომ ხელისუფლება მოძალადეა? ან თუნდაც გადასახადების ყოველდღიური დრაკონული ზრდა ავიღოთ. არ ჰგავს ეს იმ ბანდიტის ქცევას, რომელსაც მოქალაქე მძევლად ჰყავს აყვანილი და გამოსასყიდს ითხოვს?

მაგრამ ჩვენ ვითმენთ კი არა,  ზოგჯერ პირიქით, ერთგვარ თანაგრძნობასაც გამოვხატავთ ხელისუფლების მიმართ.

ვეცადოთ, რომ გავერკვეთ. ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს ზემოთ ხსენებული "სტოკჰოლმის სინდრომი" და მისი წარმოქმნის რამდენიმე მიზეზი დაასახელეს. აგრესორსა და მსხვერპლს შორის ჰუმანიზაციას ორი მთავარი  მიზეზი აქვს:

1. ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ურთიერთქმედების შეზღუდვა. ტყვეებს უხვევენ თვალებს, ჩვარს სჩრიან პირში და მისთ.

მარტო იმის გახსენება რად ღირს, რამდენჯერ და რა დოზით მოახდინეს მედიაზე ზეწოლა. ტელევიზიების მისაკუთრება და მათი მეშვეობით პირდაპირი პროპაგანდირება სწორედაც თვალების ახვევას შეიძლება შევადაროთ.

2. ძალადობის რაციონალურად ახსნის მცდელობა. აი, მაგალითად: თუ ერთ-ერთ მძევალს კლავენ, ამას მისივე აგრესიულობით ხსნიან.

აქაც ანალოგია სახეზეა. საქართველოში ხომ რუსეთის პერმანენტული "შეთქმულება" მოქმედებს. ყველა შესაძლო "გადაცდენა" სწორედ ამ მიზეზით აიხსნება. ძალადობა გარდაუვალია, რადგან მისი მეშვეობით უფრო დიდ უბედურებას - რუსეთის შემოჭრას უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომ 26 მაისის მიტინგზე ნაცემი ხალხი თავად არის დამნაშავე - ისინი ხომ ითხოვდნენ, რომ მათ მიმართ ძალადობა განხორციელებულიყო?!

ამრიგად, ამ საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენით შეიძლება აიხსნას ჩემთვის აქამდე გაუგებარი - "ისევ მიშა ჯობია" - განწყობა, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ ეს განწყობა არ არის ბუნებრივი. ბანკის ჩახუთულ საცავს მიღმა თავისუფლებაა. თავისუფალ სივრცეში არ არიან მოძალადეები. იქ ყოველგვარი იარაღის მიშვერისა და ცემის გარეშე თავად ავირჩევთ, ვინ უნდა მოგვწონდეს და ვინ - არა. შეიძლება ბევრ ჩვენგანს დაავიწყდა, რომ თავისუფლება არსებობს, შეიძლება უკვე განვიმსჭვალეთ "სტოკჰოლმის სინდრომით", მაგრამ უნდა ვებრძოლოთ ამ დეპრესიას. უნდა უკუვაგდოთ ძალადობის შიში და ამ შიშით შობილი მოძალადის "სიყვარულის" ქიმერა.

შალვა რამიშვილი