"ჯოჯოხეთი რიკოთზე" - კვირის პალიტრა

"ჯოჯოხეთი რიკოთზე"

რიკოთზე მომხდარი წარღვნის შედეგების აღნუსხვას სურამიდან ვიწყებ. მდინარე სურამულას ორივე ნაპირის მიმდებარე ქუჩები ნაომარს ჰგავს, სახლები სტიქიისგან დარბეული და დანგრეულია. სურამსა და ჩუმათელეთში უხუცესებს გადმოცემითაც არ ახსოვთ მსგავსი რამ.

დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში მდინარემ ყველაფერი დააზიანა - სახლები დატბორა, სარდაფები და პირველი სართულები ქვა-ღორღით და შლამით ამოავსო. ხალხი, ფაქტობრივად, მშიერი და შიშველი დატოვა. მძიმე სანახავია ნაგვის გროვები, აწ უკვე დაშრეტილი მდინარის ნაპირებთან რომ დახვავებულა. აქ ის ნაგავიც არის, რომელსაც წლების განმავლობაში მოსახლეობა ყრის მდინარის კალაპოტში.

ჩუმათელეთში იმ უბანს ვსტუმრობ, სადაც ყველაზე მეტად დაზარალდა მოსახლეობა. ერთი საცხოვრებელი სახლისგან მხოლოდ კედელია დარჩენილი. დაღუპული მარინა ჩილინდრიშვილი სწორედ ამ კედელთან უპოვიათ მაშველებს... ქალები მთხოვენ, მაშველებისადმი მადლიერების შესახებ ქვეყანას ვამცნო: "როდესაც გიჭირს და ხედავ, რომ ადამიანები გვერდით გიდგანან, იოლია გასაჭირის გადატანა. რომ არა სატყეო სამსახურის ბიჭები და შიდა ქართლის რეგიონის სამაშველო სამსახური, მართლა უსაშველო მდგომარეობაში ჩავცვივდებოდით. დღე და ღამე მუშაობენ!"

ხაშურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე: "მოვარდნილი მდინარის  გამტარობა იმანაც გაართულა, რომ მოსახლეობა წლების მანძილზე კალაპოტში ნაგავს ყრის და იგი შევიწროებულია. ახლა ზარალს ვითვლით. დაზიანებულია 11 ხიდი და ისინი უმოკლეს დროში უნდა აღვადგინოთ. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოგვივიდა დახმარება, რომელიც ხალხს უნდა გავუნაწილოთ."

სოფელი დაღუპულებს გლოვობს. ერთ-ერთი - ლამზირა კორკოტაძე ჯერაც არ დაუკრძალავთ. ის ყველაზე გვიან იპოვეს. ქალი მეუღლესთან ერთად მუშაობდა სასადილო "რიკოთულაში". ქმარი გადარჩა, იმ დღეს მას დაბადების დღე ჰქონია. ნუგზარ კორკოტაძე იხსენებს, რომ ცოლს ბოლოს ღვარცოფამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა, ეხუმრებოდა, დღეს, როგორც იუბილარს, ნაყინი უნდა მიყიდოო, მერე გაწვიმდა... ნუგზარი ნანობს, რომ ცოლს ერთი წლის წინ მისივე თხოვნით დააწყებინა მუშაობა "რიკოთულაში" - გვიჭირდა, მხოლოდ ჩემი შემოსავალი არ გვყოფნიდა  და არ მომასვენაო...

ნუგზარ კორკოტაძე: - როდესაც სასადილო "რიკოთულაში" წყალი შემოვარდა, თავის გადარჩენას ვცდილობდი, მეგონა, ჩემი მეუღლე და მეგობრები  სამშვიდობოს იყვნენ გასული. დაახლოებით საათ-ნახევარი ვებრძოდი სტიქიას. ტალღას ჯერ სამზარეულოში გავექეცი, მერე მაგიდაზე ავედი. იქაც რომ კისრამდე მომწვდა წყალი და წყვდიადი ჩამოწვა, ღმერთს ვთხოვე, ნუ მომკლავ-მეთქი. ბეჭებში მორი დამეტაკა... საათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ კარის განგრევა შევძელი... მციოდა... ძალიან დიდი ხანი დამჭირდა სამშვიდობოს გამოსასვლელად. კოვშიან "კა 700"-ს გადაჰყავდა ხალხი.

მე რომ გამომიყვანა გზაზე, უცნობმა გამიჩერა“"ნივა", დაბრძანდითო. სულ ტალახიანი ვარ, მანქანას ვერ დაგისვრით-მეთქი. რადგან გადარჩით, მანქანის დასვრას ვინ ჩივისო, ძალით ჩამსვა და სახლში მომიყვანა. მეგონა, ცოლს შინ ვნახავდი. აქ მეორე ჯოჯოხეთი დამხვდა - გადარეულ მდინარეს მიენგრია ყველაფერი. ვაჟს შორიდან დავუძახე, დედა სად არის-მეთქი? არ მოსულაო. ეს მეორედ მოსვლას ნიშნავდა ჩემთვის. ჩავიცვი და სასწრაფოდ მის საძებნელად გავვარდი. მხოლოდ იმის გარკვევა შევძელი, რომ მდინარის ტალღამ ქალი  გაიტაცა სასადილოდან. "ცდილობდა, რაღაცისთვის ჩაეჭიდა ხელი, ჩვენც უზარმაზარი ჯოხი მოვიშველიეთ, რომ დაგვეჭირა, მაგრამ ვერაფერს გავხდით, ტალღამ ხევში მოისროლაო," - ამბობდნენ პოლიციელები. ლამზირა გომში მეთევზეებმა იპოვეს.

ნუგზარ კორკოტაძის თქმით, დაღუპულთაგან ყველა გაჭირვებაში ცხოვრობდა. ვარა ფოფხაძეს სახლი ჰქონია ახალი ნაყიდი და ბანკში 8.000 ლარი დარჩენია გადასახდელი. ოჯახს მისი შემოსავლით გაჰქონდა თავი, ახლა კი, ალბათ, ბანკი სახლს გაუყიდის და ღია ცის ქვეშ დარჩებიანო.

გზას რიკოთისკენ მივუყვები. გვირაბამდე, გზის მარცხენა მხარეს მდებარე დასასვენებელი და სავაჭრო კომპლექსი აღარ არსებობს. იმ ადგილზე, სადაც ოდესღაც პატარა მაღაზიები იყო და გამუდმებით მუსიკის ხმა ისმოდა, ახლა მხოლოდ ქვა-ღორღით გავსებული, სრულად ან ნაწილობრივ დანგრეული შენობებია. ერთ-ერთი სასადილოს წინ ავტობუსი მდგარა, რაღაც ნაწილი გაფუჭებია. მოცეკვავე ბავშვთა ანსამბლი მიჰყავდა უცხოეთშიო, ამბობენ თვითმხილველები. ბავშვები სასადილოდან ახალი გამოსული ყოფილან, წარღვნა რომ დაწყებულა. საპატრულო პოლიციელებს უმარჯვიათ  და გახელებულ ტალღებში მუხლამდე მდგომთ 42 ბავშვი სამშვიდობოს გაუყვანიათ. შემდეგ წყალმა ავტობუსი დაძრა და KvirisPalitra.Geხევში გადააგდო, რამდენიმე დღის წინ ამოუთრევიათ ხევიდან. ახლა გზაზე დგას, როგორც იმედგაცრუებული სიკვდილის სიმბოლო.

რიკოთის გვირაბი სარემონტო სამუშაოების გამო კიდევ ერთი წელი იქნება დაკეტილი. შემოვლითი გზით გადავდივართ მეორე მხარეს. გვირაბიდან სოფელ ხევამდე 25 ადგილზე გზა თითქმის გაუგლეჯია რიკოთულას. წყალდიდობის შედეგად 8 მეტრით აწეულა. სადაც შესაძლებლობა მიეცა, კალაპოტი სიგანეში გაშალა, სადაც სივიწროვე იგრძნო, კედლები ჩამოშალა და  გზაც ჩაანგრია.  ერთგან, რომელიც, მეგზევეების თქმით,  ურთულესი მონაკვეთია, გახლეჩილი ასფალტის ნაპრალში ხელი თავისუფლად ეტევა. ამ მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები  ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ ახლა ერთხელაც რომ გაწვიმდეს, აქ დგომა სახიფათო იქნება - გზის ჩანგრევა და მდინარეში ჩავარდნაა მოსალოდნელი.

მთელ გზაზე 24 საათის განმავლობაში მეგზევეები მუშაობენ. საავტომობილო გზების  დეპარტამენტის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ორშაბათისთვის გზაც გაიხსნება.

კლდეებზე სპეციალური ტექნიკის გარდა მთამსვლელებიც მუშაობენ - ამტვრევენ ჩამოსაცვენად გამზადებულ ლოდებს და მათ დანგრეული გზის საფრის ამოსავსებად იყენებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანი:  - თავიდან აქ მართლა ჯოჯოხეთი იყო. როდესაც მირეკავდნენ, რა მოხდაო, ვპასუხობდი, წარღვნა დაიწყო-მეთქი. ყველგან ერთდროულად  დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. 2-3 დღეში ყველაფერი დასრულდება. ამის შემდეგ ეს გზა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება. ახლა მთავარია, ქვეყნის მთავარ საგზაო არტერიაზე მოძრაობა აღდგეს. მდინარესაც ვუცვლით კალაპოტს, რომ მომავალში დაცული ვიყოთ და მსგავსი კატასტროფა აღარ მოხდეს.

რიკოთზე ყოფნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთანაც მოვახერხე გასაუბრება.

- ბატონო რამაზ, შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება?

- არა, რადგან წარმოუდგენელი რამ მოხდა. არავინ ელოდა, რომ 40 წუთის განმავლობაში მთაში იმაზე მეტი ნალექი მოვიდოდა, ვიდრე ოდესმე მოსულა ერთი თვის განმავლობაშიც კი.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ გომბორზე ახალი აშენებული გზა ერთ წელიწადში ჩაგექცათ და ეს გაუმართლებელი ხარჯი იყო...

- ოპონენტებს შევახსენებ, რომ ერთადერთი ობიექტური წერილი ამ თემაზე სწორედ "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა. ამ წერილში ავტოსატრანსპორტო გზების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის შედეგი, რაც ამჯერად გვაქვს გომბორზე, მოსალოდნელი იყო. არავის დაუმალავს, რომ გზაზე რამდენიმე მონაკვეთი მეწყრულია და მიმდინარეობს  დაკვირვება.

ამასთან, ამ გზის აღდგენითი სამუშაოები დააფინანსა მსოფლიო ბანკმა, რომელიც ეკონომიკურად გაუმართლებელ პროექტებზე ფულს არ ხარჯავს. პროექტში გათვლილია სარეაბილიტაციო თანხებიც და გზის სარემონტოდ ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაიხარჯება. ახლა გომბორზე მეწყრისგან დამცავი ინოვაციური პროექტი ინერგება. ვიმედოვნებთ, გაგვიმართლებს და ამას ოპონენტებიც ვეღარ უარყოფენ. გადაეცით ოპონენტებს, ჩასხდნენ ავტომობილებში და ნახონ,  გურჯაანიდან შემოვლით გზაზე დიდხანს სიარულს ჯობს თუ არა გომბორის გავლით თბილისიდან თელავში ერთ საათში ჩასვლა?