"ჩვენ ერთად ვართ და გვიყვარს ერთმანეთი" - ვინ არის უკრაინელი დეპუტატი, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილი ოჯახს ქმნის - კვირის პალიტრა

"ჩვენ ერთად ვართ და გვიყვარს ერთმანეთი" - ვინ არის უკრაინელი დეპუტატი, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილი ოჯახს ქმნის

ფოტოგალერეა

1-ელი ოქტომბერი საქართველოში ყველასათვის მოულოდნელად დაიწყო, სოციალურ ქსელში უეცრად გავრცელდა ვიდეო, საიდანაც ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი აცხადებდა, რომ გადმოკვეთა საზღვარი და ბათუმშია. ამბობდნენ, რომ ეს იყო დადგმული ვიდეო და სააკაშვილი ამ დროს უკრაინაში იმყოფებოდა, თუმცა საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ექსპრეზიდენტი დააკავეს.

ცოტა ხნის შემდეგ საზოგადოებამ მოულოდნელად შეიტყო, რომ მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის რადას წევრი ელიზავეტა იასკომ ოჯახი შექმნეს... ამის შესახებ ინფორმაცია თავად სააკაშვილმა ვიდეოში გაავრცელა:

"მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც. ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. ამაზე ვფიქრობ ბევრს, მაგრამ მე და ლიზა ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას უსურვოთ ბედნიერება".

ვინ არის ლიზა იასკო?

ელიზავეტა, იგივე ლიზა იასკო უკრაინის რადას IX-ე მოწვევის წევრი, უკრაინელი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგია. პოლიტიკის გარდა ის კულტურის საკითხების ექსპერტადაც ითვლება.

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რჩეული კიევში 1990 წელს, 17 ოქტომბერს დაიბადა. დაასრულა ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. აქვს როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის ხარისხი.

სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც უკრაინული საზოგადოების პრეზიდენტი იყო. გაცვლითი პროგრამით სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტშიც.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას, რამდენიმე თვის წინ უკრაინული გამოცემა Strana.ua. წერდა, რომ სააკაშვილსა და იასკოს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, სერიოზული ურთიერთობა აქვთ.

"ამის შესახებ გამოცემას წყვილის გარემოცვა უყვება, რომელთა ინფორმაციით, გოგონა პერიოდულად სააკაშვილის რეზიდენციაში - ლესნიკის დასახლებაში მდებარე ქართულ-უკრაინულ სახლში ცხოვრობს. მათი პირველი ერთობლივი ფოტოები ჯერ კიდევ ივნისში გამოქვეყნდა, თუმცა, ძირითადად გადაღებული იყო საქმიან შეხვედრებსა და საერთო გარემოცვაში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან. წყვილი ზაფხულის შემდეგ ერთადაა და მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ", - წერდა გამოცემა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და იასკოსთან ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ, უკრაინის დეპუტატმა, ფრაქცია "Слуга народа"-ს წევრმა განაცხადა, რომ მათ ერთმანეთი უყვართ:

"ჩვენ ერთად ვართ, მხარს ვუჭერთ და გვიყვარს ერთმანეთი", - განაცხადა იასკომ. მან უკრაინის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს დახმარება სთხოვა.

"ეს ვიდეო მიხეილის საქართველოში გამგზავრებამდე ჩავწერეთ იმის შესახებ, რომ ერთად ვართ და გვიყვარს ერთმანეთი. მე მხარს ვუჭერ მის ბრძოლას, რადგან მხოლოდ ასეთ მებრძოლებს, რომელთაც აქვთ დიდი გული და დიდი სიყვარული სახელმწიფოს მიმართ, შეუძლიათ მსოფლიოს შეცვლა! მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მიყვარხარ", - დაწერა სოციალურ ქსელში სააკაშვილის რჩეულმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული გამოცემები დიდი ხნის წინ წერდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი 22 წლით უმცროს დეპუტატზე იყო შეყვარებული. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა