"კობამ ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა... რატომ დაიწყო ჩემი მეუღლისა და სააკაშვილის დაპირისპირება?" - კვირის პალიტრა

"კობამ ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა... რატომ დაიწყო ჩემი მეუღლისა და სააკაშვილის დაპირისპირება?"

"კობას მუდამ უკვირდა, რომ სააკაშვილს, უცნაური ქცევის მიუხედავად, უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა. ამბობდა, ეს კაცი გამუდმებით ტყუის და როგორ შეიძლება, ამდენი მიმდევარი ჰყავდესო!"

კობა დავითაშვილი - პარლამენტის ყოფილი წევრი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი იყო. იგი წლების განმავლობაში იტანჯებოდა იშვიათი და მძიმე სენით, ბეხტერევის დაავადებით. ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობის შემდეგ ექიმებმა ამ დაავადების დიაგნოზი ძალზე გვიან, 2017 წელს დასვეს, რის შემდეგაც მისი სიცოცხლის გახანგრძლივება ვეღარ მოხერხდა. სამედიცინო დასკვნით, დაავადების მაპროვოცირებელი კობა დავითაშვილის ფიზიკური ტრავმები გახდა, რომლებიც არაერთხელ გადაიტანა პოლიტიკურ ბრძოლაში. წლების განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილი პოლიტიკოსის გვერდით მხოლოდ მეუღლე, ინგა ბიწაძე იყო. სიკვდილის წინ გარემომცველ სამყაროსთან მხოლოდ ქალბატონი ინგა აკავშირებდა. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი პოლიტიკოსი რამდენიმე უახლოეს მეგობარს, მათ შორის - ექსპრეზიდენტ სააკაშვილს არა მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების, არამედ მორალური ღირებულებების გამო დაუპირისპირდა. ის მიიჩნევდა, რომ ამ დაპირისპირების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესები იყო, შედეგად კი არა მხოლოდ პოლიტიკოსმა, არამედ მისმა მრავალშვილიანმა ოჯახმა არაერთი სტრესი გადაიტანა. ამ ყველაფრის გახსენება ქალბატონ ინგასთვის მძიმეა და ტკივილიანი, თუმცა ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა.

- ჩემი ოჯახისთვის წარსული უსაშინლესი იყო, თუმცა, ვიცი, მასთან პირისპირ დარჩენა არაერთხელ მოგვიწევს მე და ჩემს შვილებს და ამას უნდა გავუძლოთ. ისე კი, ნელ-ნელა იმასაც ვხვდები, რომ ის მორალი და პატიოსნება, რომლითაც ჩემმა მეუღლემ იცხოვრა, სიმდიდრედ გვექცა და მომავალში ჩემი შვილების საყრდენიც გახდება. კობას არასოდეს არც სიმდიდრის დაგროვებისთვის უზრუნია და არც - თანამდებობისთვის. კომპრომისი რომ დაეშვა, შეჰგუებოდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ყველაფერი ექნებოდა, მაგრამ არ უღირდა. მას ერჩივნა, სიცოცხლეც კი ქვეყნისთვის შეეწირა.

რატომ დაიწყო სააკაშვილისა და ჩემი მეუღლის დაპირისპირება? მხოლოდ იმის გამო, რომ სააკაშვილმა ხელისუფლების ბოროტად გამოყენება დაიწყო, რასაც უამრავი სიბინძურე და არაერთი ადამიანის განადგურება მოჰყვა. კობა გიჟდებოდა, ქვეყნის ასეთი მიზანმიმართული გახრწნა, კაცობის განადგურება და შვილების მომავლის დაღუპვა როგორ უნდა ავიტანოო და შუბლით ეჯახებოდა ამხელა უსამართლობას. ვინც კობას კარგად იცნობდა, იცის, რომ ჩემს ქმარს მუშტი-კრივი სძულდა, მაგრამ სულ მუშტი-კრივში ყოფნა უწევდა, რადგან სხვანაირად შეუძლებელი გახდა. ტელევიზიებით სულ მისი ცემა-ტყეპის კადრები ტრიალებდა.

- როგორ მოხდა, რომ კობა ისეთ ადამიანს დაუმეგობრდა, რომელიც ღირებულებებით მისგან სრულიად განსხვავდებოდა? ეს კაცი თქვენი ერთ-ერთი ვაჟის ნათლიაც კი გახდა. - პარლამენტში დამეგობრდნენ. მაშინ ორივე ერთი მიზნისთვის იბრძოდა. სააკაშვილი ამ დროს იდეებით აღსავსე გახლდათ და ძნელი იყო იმის წარმოდგენა, როგორ შეცვლიდა ხელისუფლება...

თუმცა ჩემი ქმრის გულში ბზარი ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე" გაჩნდა, როცა ბათუმში კობას და მის რამდენიმე თანაპარტიელს ასლან აბაშიძის სპეცრაზმმა დასისხლიანებამდე სცემა, სააკაშვილი კი არც გამოჩენილა. გაოგნებული დაბრუნდა ბათუმიდან - მიშამ ეს როგორ გააკეთა, სპეცრაზმს სასიკვდილოდ როგორ შეგვატოვა, მასზე წარმოდგენა დავკარგეო.

იყო მხოლოდ ერთადერთი საკითხი, კერძოდ, ასლან აბაშიძის პრობლემა, რაშიც კობა სააკაშვილს სრულად ეთანხმებოდა. რადგან ჩემს მეუღლეს აჭარაში სისხლის ღვრის დაწყების ძალიან ეშინოდა, სააკაშვილს აბაშიძის უმტკივნეულოდ აყვანის გეგმაც კი შესთავაზა. მაშინ აბაშიძე უცხოეთში იყო და კობას უნდოდა, ის დაბრუნებისთანავე, აეროპორტში უმტკივნეულოდ აეყვანათ. ამ გეგმამ სააკაშვილი აღაფრთოვანა. სხვათა შორის, ამას გიგა ბოკერია და ზვიად ძიძიგური შეესწრნენ. მაგრამ იმავე წამს მიშამ უცნაური რამ ჩაიდინა - ტელეფონი აიღო და ასლან აბაშიძეს დაურეკა, როგორც კი ჩამოხვალ, აეროპორტშივე დაგიჭერთო!

- დაპატიმრების შესახებ აბაშიძე თვითონვე გააფრთხილა?

- დიახ. კობას მუდამ უკვირდა, რომ სააკაშვილს, უცნაური ქცევის მიუხედავად, უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა. ამბობდა, ეს კაცი გამუდმებით ტყუის და როგორ შეიძლება, ამდენი მიმდევარი ჰყავდესო! კობა ოჯახს არ ეკუთვნოდა, სულ გარეთ იყო, სულ საფრთხე ემუქრებოდა, მე კი დაძაბულობისაგან ვკვდებოდი, რაც ბავშვებზეც მოქმედებდა.

ჯერ კიდევ 2004 წელს მოუწყვეს აჭარაში პირველი ტერაქტი: ბათუმში სამუხრუჭე ღვედები გადაუჭრეს. ავტომანქანა ჩემი ძმის იყო, რის გამოც კობა გულდასმით ათვალიერებდა ხოლმე და ამან გადაარჩინა: მაშინაც ჩემს ძმას დაურეკა, რაღაც მანქანა არ მომწონსო. ჩემმა ძმამ უთხრა, ნელა იარე და გახსოვდეს, მუხრუჭი არ იხმაროო. ქუთაისში ჩამოყვანილ ავტომანქანაში უკვე ჩემმა ძმამ ნახა, რომ სამუხრუჭე ღვედები იყო გადაჭრილი.

- ესე იგი, სასიკვდილოდ გაწირეს... - რა თქმა უნდა და არაერთხელ. ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც...

მახსოვს, 2006 წლის ივნისში, დილის 8 საათზე უცნობმა მამაკაცმა დამირეკა, კობა როდის გამოდის სახლიდან, სალაპარაკო მაქვსო. ვკითხე, ვინ ბრძანდებით-მეთქი და, მეგობარი ვარო. კი ვუთხარი, მეგობარი რომ იყოთ, გეცოდინებოდათ, რომ კობა ამ დროს სახლიდან არ გადის-მეთქი...

ცოტა ხანში მეზობლებმა ეზოში ვიღაც უცნობი ახალგაზრდა დაინახეს, რომელმაც ღამე ეზოში გაატარა და დღისითაც იქ იყო. რამდენიმე დღე ასე რომ გაგრძელდა, მერე მივიდნენ და ჰკითხეს, აქ რა გინდაო. ის გაიქცა, მაგრამ ჩანთა დაუვარდა, სადაც მეზობლებმა იარაღი და კობას ფოტო იპოვეს. ბავშვიც ხომ მიხვდება, ამ კაცს ან კობას ფოტო რაში სჭირდებოდა, ან - იარაღი. ცოტა ხანში ამ ფაქტზე ფორმალურად საქმე აღიძრა და ამ პიროვნების ვინაობაც გაირკვა. ის 25 წლის გიორგი კურტიევი იყო, ქალაქ ორჯონიკიძიდან, დედით - ქართველი, მამით - ოსი, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას ის, რა თქმა უნდა, კილერად არ მიუჩნევია და გაუშვეს იმ მოტივით, რომ ჩვენს ეზოში შემთხვევით მოხვდა. თუმცა კობა ამბობდა, არა მგონია, გაეშვათ, სავარაუდოდ, მოკლესო, 2018 წელს "რუსთავი 2"-ის ეთერში სააკაშვილმა არხეინად განაცხადა, ვინმე გიორგი კურტიევი ჩემმა ხელისუფლებამ კი არა, რუსეთმა მიუგზავნა კობას მოსაკლავადო.

- რატომ უნდა დასჭირვებოდა რუსეთს კობას სიკვდილი?

- არ ვიცი, აქ ლოგიკა არ არის, სამაგიეროდ, ვიცი, რატომ უჩვენა სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელევიზიით ფარული ჩანაწერები ამ მკვლელობის მცდელობამდე ორი კვირით ადრე - სურდათ, მისთვის ჩირქი მოეცხოთ და გაეტეხათ, რასაც, ნაწილობრივ, მიაღწიეს კიდეც...

- თუ არ ვცდები, ეს კაფეს ჩანაწერები იყო, სადაც კობა დავითაშვილი პარტიის შემოწირულობისთვის კერძო პირისაგან 150.000 დოლარს ითხოვს, სანაცვლოდ კი საკრებულოს სიაში ადგილს ჰპირდება, თუმცა პარტიებისთვის ასეთი შემოწირულობები დღეს ჩვეულებრივ ამბად ითვლება. - ეს კანონის საწინააღმდეგო არც მაშინ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ფაქტებს არ მივესალმები

მედიით ხალხის წინაშე ასეთი შეჩვენება ადამიანს კლავს. ამ ამბავმა კობაც გაანადგურა. ვუყურებდი, როგორ იტანჯებოდა. არადა, ფარული ჩანაწერების გაკეთება კანონით აკრძალული იყო. ამქვეყნად არაფერი მეგულება ამაზე საზიზღარი, თუმცა ეს დღემდე გრძელდება. სხვათა შორის, 2018 წელს ისევ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში სააკაშვილმა ამ საქმეში ხელი ვანო მერაბიშვილს დაადო - ჩინეთში ვიყავი, როდესაც ვანომ დამირეკა და მომახსენა, რომ კობა დავითაშვილი უახლოეს ხანში პოლიტიკურ ლეშად იქცეოდა, მე კი ტელეფონი გავთიშე, რადგანაც რუსეთი გვისმენდაო.

- ანუ არ დავუშალეო? - რატომ დაუშლიდა, როცა ამ ჩანაწერებმა კობა გაანადგურა! ეს ამბავი უფრო მძიმე იყო მისთვის, ვიდრე ხელკეტებით ცემა 2007 წლის 7 ნოემბერს, თუმცა მისი განუკურნებელი დაავადებისთვის მაპროვოცირებლად იქცა. ჩემი მეუღლე იმ დღეს ელიავას ბაზრიდან გაიტაცეს და სასიკვდილოდ სცემეს.

ეს ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მაშინ კობას სურდა, რიყეზე დარბეულ და შეურაცხყოფილ ხალხთან ესაუბრა, რისთვისაც მეგაფონი სჭირდებოდა. სწორედ მის შესაძენად წავიდა ელიავაზე. დაუშალეს, მაგრამ არ დაიშალა. ხალხმრავალ ადგილებს იმ დღეს ადეიშვილი აკონტროლებდა. სპეცრაზმმა კობა იცნო, გამვლელ "მარშრუტკაში" შეაგდო და თბილისიდან წაიყვანეს, გზაში კი სულ სცემდნენ. კობა ამბობდა, ამის შემხედვარე "მარშრუტკის" მძღოლი ტიროდა და იხვეწებოდა, ოღონდაც ნუ მოკლავთო. ასე ცემით ჩაიყვანეს იგოეთამდე, იქ გადმოიყვანეს და ცემა განაგრძეს. კასპის რაიონი კობას მშობლიური კუთხეა. არ ვიცი, როგორ შეძლო, მაგრამ ამოულუღლუღია, ბიჭებო, რას შვრებით, მამულში მკლავთო? და გულში "მამაო ჩვენო" დაუწყია. ამ სიტყვებზე თავდამსხმელებმა ცემა შეწყვიტეს და ხელებიც გაუხსნეს. ერთს ისიც უთქვამს, არ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ გვავალებენო. მერე ამ ხალხმა სადღაც დარეკა და ვიღაცის ბრძანებით კობა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იქ გასისხლიანებული ადამიანი, გაჩეხილი თავით, საათ-ნახევარი უპატრონოდ ეგდო, ვიდრე ერთმა სანიტარმა ტელეფონი არ მიუტანა თბილისში დასარეკად. მოგვიანებით ამ სანიტარს ჰკითხეს, როგორ გარისკე, ოთხი შვილის დედა ხარ და არ შეგეშინდაო? მან კი მიუგო, ერთხელ უკვე გავრისკე, როდესაც ქმარი აფხაზეთში გავუშვი და იქ მოკლეს, მეორედ გარისკვა არ გამჭირვებიაო.

ერთი ამბის ატეხის შემდეგ დასახიჩრებული კობა დამიბრუნეს. გადაჩეხილ თავს რომ ვბანდი, აბაზანა ტალახით აივსო - ცემის დროს ტალახში იყო ნათრევი, თუმცა მას ეს მორალურად არ განუცდია, პირიქით, კობასნაირი ადამიანები ამაყობენ ღირსებისა და პატიოსნებისთვის გაღებული მსხვერპლით, მაგრამ ის რკინა არ იყო და ასეთი ფიზიკური ძალადობა მისმა სხეულმა ვერ აიტანა. სწორედ მაშიIნდელმა ტრავმებმა გამოიწვია ბეხტერევის დაავადება, რომელმაც შეიწირა კიდეც. ამ დაავადების შესახებ ჩვენმა მედიცინამ ბევრი არაფერი იცოდა, თორემ ყველაფერს გავაკეთებდი მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. დიაგნოზი ძალიან დაგვიანებული იყო.

- კობა ბოლომდე იბრძოდა უზნეობის წინააღმდეგ, ვიდრე არ ჩავარდა, მაგრამ საოცრად მშვიდად ეკიდებოდა განუკურნებელ სენს. ერთ-ერთ ჩანაწერში ისე მშვიდად ამბობს, ეს ყველაფერი 2007-მა წელმა დამმართაო, რომ განცვიფრებას იწვევს. - დიახ, სულ იბრძოდა, სანამ არ ჩავარდა. ბოლო ბრძოლა მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გადაიტანა. კინაღამ გაგიჟდა, სასამართლოში სარჩელიც შეიტანა - ეს როგორ შეიძლება, ჩვენს შვილებს მომავალი წაართვესო. ინფარქტიც სწორედ ამ დროს მიიღო, თორემ ცოტა ხნით ადრე გული გამოვიკვლიეთ და სრულიად ჯანმრთელი ჰქონდა. ამის შემდეგ რაღაც უცნაურად მოიკრიბა ძალა და ოთხი თვის განმავლობაში სულ სხვანაირად იყო - თითქოს ყველას ემშვიდობებოდა. ბოლოს ისეთმა დეპრესიამ შეიპყრო, ჩემ გარდა არავის იკარებდა. სამყაროსთან მისი ერთადერთი დამაკავშირებელი მე ვიყავი.

- ვის აპატია მისთვის მიყენებული ტკივილები და ვის - არა?

- ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა, რომელიც არასოდეს მიუჩნევია პირად მტრად. მისთვის სააკაშვილი ქვეყნის, მომავლის, ზნეობის დამანგრეველი იყო. სხვები სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, ამბობდა, ეგენი არავინ არიან, რასაც მიშა დაავალებს, იმას გააკეთებენო. კობას ბოლო სურვილი სოფლად წასვლა და იქ ცხოვრება იყო, მაგრამ ვეღარ შეძლო. ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ - ჩემს ქმარს ერთი სიცოცხლე ჰქონდა და ისიც თავის ქვეყანას აჩუქა, მისი ზნეობის, ტრადიციებისა და მომავლის შენარჩუნებას! მისი სიკვდილი ჩვენთვის ტრაგედია იყო, მაგრამ მისი სიცოცხლე დღეს სიამაყედ გვექცა. კობას სახელის ხსენებისას ჩემი შვილები ყველგან ისეთ საოცარ მადლიერებას აწყდებიან, წელში გამართული არიან.