იქნებ სმენადაქვეითებული გოგონას ოცნება ასრულდეს... - კვირის პალიტრა

იქნებ სმენადაქვეითებული გოგონას ოცნება ასრულდეს...

"ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ სამყარომ ფერები შეისხა..."

ცოტა ხნის წინ თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სმენადაქვეითებულ გოგონათა სილამაზის კონკურსი გაიმართა. "მის საქართველოს" ტიტული აჭარელ მაია ბოლქვაძეს ერგო. საქართველოში კონკურსი ყრუ-მუნჯთა კავშირის ორგანიზებით სამი წელია იმართება. წელს, გამარჯვებული გოგონა პრაღაში, საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

ყრუ-მუნჯთა კავშირის წარმომადგენელი მაია მეტონიძე იმედოვნებს, რომ "მის მსოფლიოს" შესარჩევ პროცესში ქართველი გოგონას მონაწილეობა წარმატებით დასრულდება.

ასეთი კონკურსი საინტერესო სანახავია და ამსხვრევს მითს იმის შესახებ, რომ ყრუ-მუნჯებს სმენისა და მეტყველების გარდა თითქოს სხვა უნარებიც შეზღუდული აქვთ. ისევე, როგორც კონკურსის გამარჯვებული, სხვა მონაწილეებიც შესანიშნავად ფლობენ მომღერლის და კიდევ უფრო შესანიშნავად მოდელისა და მოცეკვავის პროფესიას. მაიკო ბოლქვაძის ცეკვამ ცნობილი კინოფილმიდან "კაბარე" გააოცა მაყურებელი. ამჯერად მაიკო აპირებს ქართული ცეკვით დაიპყროს უცხოელი მაყურებლის და ჟიურის გული.

გოგონა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს რეპეტიციებზე, რათა მისი თითოეული ჟესტი სავსე იყოს ქალური მომხიბვლელობით, რომელიც გამარჯვებისა და ოცნების ასრულების საშუალებას მისცემს. რაზე ოცნებობს? ამაზე თავად მაიკო გვესაუბრა. მას ვიბრაციები ესმის, ხმას ვერ აღიქვამს, ტუჩების მოძრაობაზე ხვდება სხვისი ნათქვამის მნიშვნელობას და თვითონაც სუსტი ხმით გამართულად ამბობს სიტყვებს. თუმცა, ჩვენ მაინც დაგვჭირდა "თარჯიმნის"  დახმარება.

მაიკო ბოლქვაძე: "აჭარელი ვარ. რვა წლის წინ ოჯახით გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად. მანამდე ხულოში საჯარო სკოლაში დავდიოდი. ბაბუაჩემი  სკოლის დირექტორი იყო და ყველა ცდილობდა, როგორმე გაეიოლებინათ ჩემთვის სწავლა. გაკვეთილებზე დაძაბული ვადევნებდი თვალს მასწავლებლის ტუჩების მოძრაობას. თუ რამეს ვერ ვხვდებოდი, ვეკითხებოდი. გაკვეთილების შემდეგ კი ლოგოპედთან მივდიოდი, რომ ბაგეებით მეტყველება მესწავლა.

ცეკვა ათი წლისამ დავიწყე. ოთხი წელი დავდიოდი ქართულ ცეკვებზე, ერთი წელიც სამეჯლისო ცეკვებზე თეა გობეჯიშვილთან. როგორ მესმის? გულით (ეღიმება). თუ გულით არ გესმის, ვერც იმღერებ და ვერც იცეკვებ. ამჯერად ცეკვაში ვვარჯიშობ, ჟესტების ენას ვსწავლობ.

ძალიან მინდა კარგი მოცეკვავე და ფოტომოდელი გავხდე, რომ შემდეგ თვითონ ვასწავლო ჩემსავით სმენადაქვეითებულ პატარებს.

ახლა კონკურსისთვის ვემზადები, შევასრულებ ქართულ ცეკვას, ოღონდ კაცის პარტიას. როდესაც ცეკვას დავასრულებ, ქუდს მოვიხდი და ნახავენ, რომ  ვაჟმა კი არა, ქალმა იცეკვა.

დიდხანს, სანამ ყრუ-მუნჯთა კავშირს აღმოვაჩენდი, სახლში ვიყავი ჩაკეტილი, რადგან ახლობლების დაუხმარებლად კომუნიკაცია მიჭირდა. აქ რომ მოვედი, ჟესტების ენა შევისწავლე და აღმოვაჩინე, რომ სამყარო ძალიან მრავალფეროვანია. სამყარომ ფერები შეისხა და გადავწყვიტე, გამეკეთებინა რაღაც ისეთი, რასაც დამოუკიდებლად შევძლებდი. ეს არის ცეკვა. მე მუსიკას ჟესტების ენაზე ვუსმენ. ჩემი საყვარელი მომღერალი მაიკლ ჯექსონია, ის გარდა იმისა, რომ მღეროდა, ბრწყინვალედ ცეკვავდა კიდეც. მისი ცეკვა მეტყველია, მომღერალი ცეკვითაც ამბობდა სათქმელს. გული მწყდება, რომ აღარ არის და ახალს ვეღარაფერს შექმნის.

მიყვარს კითხვა, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, ვიტანჯები, გამუდმებით ვეკითხები ოჯახის წევრებს, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა. მხოლოდ ბიბლიის ზოგიერთ თავს ვიგებ კარგად. თუ წერა-კითხვის სწავლების დროს პედაგოგი ჟესტიკულაციით არ გიხსნის სიტყვის მნიშვნელობას, მხოლოდ წერას  სწავლობ, მაგრამ არ იცი, რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა. აქედან გამომდინარე, ტვინს სრულფასოვანი ინფორმაცია არ მიეწოდება. ბრმა ხედავს კანის უჯრედებით, ჩვენ თვალებითა და გულისყურით გვესმის და ჩვენი გონებაც ისევე მზად არის ახალი ინფორმაციის მისაღებად, როგორც ნებისმიერი სრულფასოვანი ადამიანისა.

ახლა ჩეხეთში წასასვლად  ვემზადები. ძალიან მინდა საქართველო ვასახელო. ეს თავდაჯერებას შემმატებს. ჩემი გამარჯვება კი ბევრ ჩემისთანას რწმენას ჩაუნერგავს, რომ თუ რამეს მოინდომებენ, მიაღწევენ კიდეც".

მაია მეტონიძე, ყრუ-მუნჯთა კავშირის წარმომადგენელი: - ჩეხი იოსებ რუჰლაჯი უკვე მეთერთმეტე წელია ატარებს ამ ტიპის კონკურსებს. შარშან სანდრა რულოვსის პატრონაჟით "მის მსოფლიო სმენადაქვეითებულს" საქართველომ უმასპინძლა.

მსოფლიო კონკურსი პრაღაში 8 ივლისს გაიმართება. მაიკო 1-ელ ივლისს გაემგზავრება მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად. მის მომზადებაზე ჩვენთან ერთად ზრუნავს "ფეშენ ვიკის" ქართული წარმომადგენლობის პრეზიდენტი მაკა მეტრეველი, მან თავის თავზე აიღო სალონური მომსახურება, სოლარიუმში კანის გარუჯვა. მაიკო სცენაზე დიზაინერ ფატუნა ბუში ჰეტის კაბით წარდგება. მას საშუალება ექნება იბრძოლოს შემდეგი ნომინაციებისთვის:

"მის მსოფლიო", "მის ევროპა", "მის სიმპათია", პირველი და მეორე ვიცე-მისები და "მის უნივერსალი". თითოეული ტიტულის მოპოვება საპატიოა, რადგან გადაწყვეტილებას მაღალი კლასის საერთაშორისო ჟიური იღებს. მხოლოდ "მის უნივერსალს" ირჩევენ ინტერნეტის საშუალებით. მაყურებელი შეტყობინებებით აფიქსირებს თავის სიმპათიას. ამ კონკურსს უგულშემატკივრებს არა მარტო საქართველოს ყრუ-მუნჯთა კავშირი, არამედ მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველი ყრუ-მუნჯები, ვისთანაც ინტერნეტით გვაქვს კავშირი.