"გოგა ჩანადირმა ფოტოს გადაღება რომ მთხოვა, ვუთხარი, მეშინია, ამას ხმაური არ მოჰყვეს-მეთქი - ასეც მოხდა... კომენტარებმა გული მატკინა..." - კვირის პალიტრა

"გოგა ჩანადირმა ფოტოს გადაღება რომ მთხოვა, ვუთხარი, მეშინია, ამას ხმაური არ მოჰყვეს-მეთქი - ასეც მოხდა... კომენტარებმა გული მატკინა..."

"ჩემი გადაწყვეტილების გამო ოჯახის წევრებს ერთადერთი კითხვა ჰქონდათ: "შეძლებ?" ეს იყო 2017 წელს. მას შემდეგ დღემდე ვმუშაობ, თუმცა, თავდაპირველად მართლაც გამიჭირდა. ძნელია ადგომა, როდესაც ყველაზე ღრმა ძილი დგება. როდესაც იცი, რომ შვილებს გამოღვიძებისას ვერ გაუღიმებ, თუმცა, მეუღლესთან ვტოვებდი, საიმედო ხელში, ის კი ჩემი შინ დაბრუნებისთანავე მიდიოდა სამუშაოდ. დღესაც ასეა..."

თბილსერვის ჯგუფის მეეზოვის, ეკა ონიანის ფოტო სოციალურ სივრცეში პოლიტიკურ მოვლენებსაც კი ფარავს. ახალგაზრდა მიმზიდველი ქალბატონი მეეზოვის უნიფორმითა და სანდომიანი ღიმილით ადამიანებს სითბოს აღუძრავს, თუმცა თვითონ ძალიან უკვირს, რატომ გამოიწვია ასეთი გამოხმაურება. რა არის გასაკვირი შრომაშიო, ამბობს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი საქმეს ლაპარაკს ამჯობინებს, მით უფრო, ისეთ საქმეს, როცა ყოველდღე დილის 4 საათზე უნდა წამოხტე, მცირეწლოვანი შვილები მძინარე დატოვო და დარსა და ავდარში ქუჩის დასასუფთავებლად გასწიო.

- როდესაც ასეთ სამსახურში მუშაობას იწყებდი, ოჯახის ყველა წევრი დაგეთანხმა? ეს ადვილი საქმე არ არის და, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არც - პრესტიჟული.

- ახლობლების დარწმუნება ადვილად შემიძლია, მით უფრო, რომ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ არსებობისთვის, არამედ შვილებისთვის მივიღე. ეს ლამის ერთადერთი სამსახურია, რომლის სტაბილურობაზე დაყრდნობა შეიძლება. რაც მთავარია, თან მუშაობ და თან შვილებთან ყოფნისთვისაც დიდი დრო გრჩება. ჩემი სამუშაო დღე დაახლოებით დილის თორმეტის ნახევარზე მთავრდება, მერე კი შვილების გვერდით ვარ. ჩემი შვილები იმ ასაკში არიან, როცა დედა აუცილებლად გვერდით უნდა ჰყავდეთ. მათ დედის სითბო, სიყვარული და მეცადინეობაშიც დახმარება სჭირდებათ. ბექა 10 წლის არის, ილია - 7-ის. ჩემი გადაწყვეტილების გამო ოჯახის წევრებს ერთადერთი კითხვა ჰქონდათ: "შეძლებ?" ეს იყო 2017 წელს. მას შემდეგ დღემდე ვმუშაობ, თუმცა, თავდაპირველად მართლაც გამიჭირდა. ძნელია ადგომა, როდესაც ყველაზე ღრმა ძილი დგება. როდესაც იცი, რომ შვილებს გამოღვიძებისას ვერ გაუღიმებ, თუმცა, მეუღლესთან ვტოვებდი, საიმედო ხელში, ის კი ჩემი შინ დაბრუნებისთანავე მიდიოდა სამუშაოდ. დღესაც ასეა. რაც უნდა მოხდეს, სანამ შვილებს დედა სჭირდებათ, ისინი დედის გვერდით უნდა იყვნენ. არანაირ თანხას და ძვირფასეულობას არ გავცვლი იმ მზერაში, რომლითაც ისინი შინ დაბრუნებულს მეგებებიან. ჯერჯერობით მეორე ცვლაში სწავლობენ და სკოლაშიც მე მიმყავს, მერე კი თავადაც გაიგნებენ გზას. თავიდან საქმეც არ იყო ადვილი, მაგრამ მიჩვევა ჩემმა კოლექტივმა გამიადვილა.B ბევრმა, ალბათ, არც იცის, რა თბილი ხალხი მუშაობს ამ სამსახურში.

- ალბათ, სამუშაო დროს ერთმანეთს იშვიათად ხვდებით. - როცა ვმუშაობთ, ასეა, მაგრამ როცა დილით ყველა ადგილზე მხვდება, ერთმანეთს მოვიკითხავთ, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს გავიზიარებთ და ხანდახან შინიდან წაღებულ ნუგბარსაც ვინაწილებთ. ჩვენ განსაცდელსა თუ სიხარულში ერთმანეთს არ ვტოვებთ. არც საქმეა მაინცდამაინც ძნელი, ამიტომ არ მესმის, რატომ უკვირთ, რომ ახალგაზრდა ქალი მეეზოვედ მუშაობს. ჩემს ფოტოს, რომელიც გოგა ჩანადირმა გადამიღო და სოციალურ ქსელში მართლაც უსწრაფესად გავრცელდა, უამრავი ისეთი კომენტარი მოჰყვა, რომლებმაც გული მატკინა. სხვათა შორის, როდესაც გოგამ ფოტოს გადაღება მთხოვა, კი ვუთხარი, გადავიღებ, მაგრამ მეშინია, ამას ხმაური არ მოჰყვეს-მეთქი. გაეცინა, რატომ უნდა მოჰყვეს ხმაურიო, მაგრამ მოჰყვა. თუმცა, იმდენი თბილი გამოხმაურებაც მივიღე, სხვა ყველაფერი დაიჩრდილა და ამისთვის მადლობელი ვარ. ისე, პირადადაც ბევრი მწერს, რა ძალა გადგას, ახალგაზრდა ქალი მეეზოვედ, გროშებზე რომ მუშაობო. ბევრი შემოთავაზებაც მივიღე - ზოგი ძიძობას მთავაზობდა, ზოგი - რესტორანში მიმტანობას და მეტ ხელფასს, მაგრამ არსად წავედი. ჩემი სამსახური არავის სამსახურზე ნაკლები არ არის. თან შვილების გაზრდაში მეხმარება. გარდა ამისა, ჩემი ქვეყნის გარეშე ყოფნა არ შემიძლია, აქ, ახლობლების გარემოცვაში, თავს ბედნიერად ვგრძნობ, ამიტომ უცხოეთში სამუშაოდაც ვერასდროს წავიდოდი...

- თუმცა, ამბობენ, დასუფთავების სამსახური ადრე უფრო დაფასებული იყო, განსაკუთრებით - გიგი უგულავას დროსო. - ჩვენთან ბევრი მუშაობს, ვინც წინა ხელისუფლების დროსაც აქ იყო და არავის უთქვამს, ადრე უფრო კარგად ვიყავითო. სხვათა შორის, ხელფასი მოგვემატა. რაც შეეხება ქალაქის ახლანდელ მერს, არავის დახმარება არ მჭირდება იმის დასანახავად, რომ ის ძალიან კარგი და თბილი ადამიანია.