"რომ არა ბარისახო, ალბათ, გავგიჟდებოდი" - კვირის პალიტრა

"რომ არა ბარისახო, ალბათ, გავგიჟდებოდი"

"ვერ წარმომიდგენია, ხევსურეთის გარეშე როგორ ვარსებობდი. მხოლოდ ჩემს ბარისახოს სახლში ვისვენებ, ძალიან მიყვარს აქაურობა და იმ სამ დღეში ყველა და ყველაფერი აქაური მენატრება. ვბრუნდები და მგონია, საუკუნე გასულა, ერთი სული მაქვს, წყაროსთან მოვიკითხო ქალები, სადმე ბავშვი დავინახო... ირგვლივ ფერადი, ჩამოყრილი ფოთლები, ბამბაზიის ხალათებში შეცივნული მოხუცები სხედან და ნაქარგებს და ნაქსოვებს ყიდიან. მიყვარს ეს ყველაფერი, ეს სიყვარულია..."

"მოვედი, მთაო, რომ შენს კალთაში, ჩამოვისვენო დაღლილ ბავშვივით", - თქვა და შეასრულა - 10 წელია, რაც ბარიდან მთაში გადასახლდა და მას შემდეგ შემოქმედისთვის იდეალურ გარემოში განაგრძობს ქართულ სიტყვასთან ჭიდილს. "პოეტი წერს ლექსს, მხატვრული სახეებით მისი სულიერი სამყარო სტრიქონებად იღვრება, მაგრამ საბოლოოდ მაინც რჩება უკმარისობის განცდა, თითქოს მთავარი ლექსი - ოქროს თევზი - ისევ შორსაა, მოუხელთებელი და მიუწვდომელი"... - გვეუბნება ბარისახოელი პოეტი და ექიმი ლელა გაბური და მის სულიერ სამყაროს გვაცნობს..

"არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება"

"იახსრის ბეჭებს ვაკავებ სუნთქვით/და ზეცის თაღებს ვზომავ არშინით,/მოვედი, მთაო, რომ შენს კალთაში/ჩამოვისვენო დაღლილ ბავშვივით..." - ჩემი ეს სტრიქონები მაქვს აჩემებული. მეც მივედი მთასთან და ვისვენებ... მას მერე თბილისში ვეღარ ვჩერდები. შეიძლება მეგობრები მომენატროს, გავიქცე დედაქალაქში, თეატრები მოვიარო, მაგრამ მაქსიმუმ 2-3 დღე და უკან მოვრბივარ. ვამბობ, ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ბარისახო, ის რომ არა, ალბათ, გავგიჟდებოდი. ვერ წარმომიდგენია, ხევსურეთის გარეშე როგორ ვარსებობდი. მხოლოდ ჩემს ბარისახოს სახლში ვისვენებ, ძალიან მიყვარს აქაურობა და იმ სამ დღეში ყველა და ყველაფერი აქაური მენატრება. ვბრუნდები და მგონია, საუკუნე გასულა, ერთი სული მაქვს, წყაროსთან მოვიკითხო ქალები, სადმე ბავშვი დავინახო... ირგვლივ ფერადი, ჩამოყრილი ფოთლები, ბამბაზიის ხალათებში შეცივნული მოხუცები სხედან და ნაქარგებს და ნაქსოვებს ყიდიან. მიყვარს ეს ყველაფერი, ეს სიყვარულია... გინდა სულ აქ იყო და უთხრა შენს კუთხეს, შენს ნაწილს: არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება, არ შეგეშინდეს...

"მინდა ბავშვებმა გარემოში ადაპტირება შეძლონ"

- მთებში ჩამოთოვა, მაგრამ ჩვენთან ჯერ ისე ძალიან არ ცივა. შემოდგომა გვაქვს ულამაზესი და ხავერდოვანი... კორონავირუსის შემთხვევები ჩვენთანაც იყო. რაც პანდემია დაიწყო, ზაფხულში დრო სტუმრიანობაში გავიდა. სასტუმროს ვამუშავებ, დანარჩენ დროს შემოქმედებით აქტიურობას ვუთმობ. მაქვს საზოგადოება "ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისთვის", რომელიც მომავალი თაობის ფიზიკურ თუ სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს. მქონდა რამდენიმე შემოქმედებითი პროექტი: ტრენინგები ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის ტურიზმის მენეჯმენტსა და გარემოს დაცვის საკითხებში, არაერთი შემოქმედებითი საღამო, მაგრამ დროის უკმარისობის გამო ბოლო წლებში ისეთი აქტიურები ვერ ვიყავით. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ ეს მცირედიც მნიშვნელოვანია აქაურებისთვის: სოციალურად დაუცველებს ვეხმარებოდით მედიკამენტებით, საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლით. ეს ყველაფერი ჩემი მეგობრების თანადგომით შევძელი. ხშირად მე მხოლოდ შუამავლის ფუნქცია მქონდა.

ვაპირებ გავაგრძელო საგანმანათლებლო პროექტები, რადგან ჩვენს რეგიონში ტურიზმი აქტიურად ვითარდება და მინდა არაფორმალური განათლებით ბავშვებმა შეძლონ გარემოში ადაპტირება, დასაქმება.

"ხევსურეთის საავტომობილო გზაზე პირველად დაიგო ასფალტის საფარი"

- ბარისახოში ბევრია ისეთი სოფელი, სადაც ახალგაზრდა კი არა, მოხუციც აღარ არის და უბრალოდ, ტოპონიმია დარჩენილი. იქ შეიძლება ცხოვრობდეს 1 ან 2 ოჯახი, რომლებიც ზამთარში მთაში არ რჩებიან, მომთაბარეობენ. პირადად მე მუდმივმცხოვრების სტატუსით ვცხოვრობ, 2011 წლიდან ბარისახოში ვარ. მოსახლეობა ზამთარში უმეტესად ბარისახოსა და კორშაში რჩება, სხვაგან თითქმის აღარავინაა. ამბულატორიაში მუშაობისას ყველა ბენეფიციარი მყავდა აღრიცხული და მხოლოდ 60 მოსწავლე იყო სკოლაში, მაშინ როცა 70-იან წლებში 300-400 მოსწავლეც ჰყავდა ბარისახოს სკოლას... მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ახლა ტურიზმმა მისცა მოტივაცია, მაინც რთულია ყოფა-ცხოვრება.

ადრე ხევსურებს არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ, ძალიან დაიღალა ხალხი ფიზიკური შრომით, ვერ იქმნებოდა ის გარემო, სადაც მოსახლეობას დაბრუნების სურვილი გაუჩნდებოდა. ახლა ბევრი რამ შეიცვალა, ყველა ოჯახში რაღაც შენდება, რაღაც რემონტდება. ტურისტულ ზონად გადაქცევის მერე, რაშიც ხელი შეგვიწყო იმან, რომ გვაქვს შატილი, მუცო და აბუდელაურის ტბები, ადგილობრივებმა ცოტა ამოისუნთქეს. ტურიზმს მოჰყვება სოფლის მეურნეობის განვითარებაც.

ამ პანდემიის აფეთქების მერე ყველა მაქსიმალურად ცდილობს მიწის დამუშავებას, ვისაც არ ჰყავდა ძროხა, გაიჩინა... და ა.შ.

წელს ჩვენს საოჯახო სასტუმროში ტურისტების 80% ქართველი იყო. მცირე რაოდენობით გვყავდა უცხოელი ვიზიტორებიც. მათ ძალიან მოსწონთ საქართველო და ჩვენი ტრადიციული კერძები, განსაკუთრებით ხინკალი, კეცეული, ხაჭო-ერბო...

თუ რამე პრობლემა და გამოუვალი მდგომარეობაა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო ვერტმფრენი მოსახლეობასაც ემსახურება. მოგეხსენებათ, ოქტომბრიდან დათვისჯვრის უღელტეხილს იქით, ანუ პირიქითა ხევსურეთში, გზა იკეტება. თუმცა ბარისახომდე მთელი ზამთრის განმავლობაში გზა გახსნილია. შატილამდე გზის მოსაწესრიგებლად ჯერ კიდევ დიდი ტექნიკური სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ გზა კეთდება. წლების წინ, როცა საშინლად დანგრეულ გზებზე დავდიოდით, სულ ვფიქრობდით, რომ ვერასდროს მოვესწრებოდით ნორმალურ გზას, ისეთს, როგორიც ცივილიზებულ ქვეყანას შეჰფერის.

ახლა თბილისიდან ბარისახომდე არაჩვეულებრივი ტრასაა, მხოლოდ ხიდებია დასასრულებელი. ეს არის ყველაზე დიდი საქმე, რაც ხევსურეთისთვის გაკეთდა. საბჭოთა პერიოდის შემდგომ ხევსურეთის საავტომობილო გზაზე პირველად დაიგო ასფალტის საფარი. ბარისახოსა და კორშაში 60-მდე კომლია.

"შემოქმედისთვის აქ იდეალური გარემოა"

- მე რომ არ ვწერდე, ზამთარში აქ ყოფნა წარმოუდგენლად მომეჩვენებოდა. აბა, რა უნდა აკეთო, როცა გარშემო არაფერი ხდება, ისედაც ცოტა ხალხია და ზამთარში ყველა სახლში იკეტება... მაგრამ როდესაც წერ, ეს თოვლი, აგუზგუზებული ღუმელი და სიმშვიდე გაძლევს იმპულსებს და შემოქმედისთვის იდეალურ გარემოს გიქმნის. კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე 4 ახალი წიგნი დავწერე - 2 საბავშვო, ერთი სამეცნიერო და ერთიც - თარგმანი. ამის გარდა, გამოვეცი პოეზიის ანთოლოგია: ,,ხევსურეთი და ხევსურები ქართულ პოეზიაში"... მკითხველთა დიდი ინტერესი ხვდა წილად ნაშრომს ,,ხევსურეთი ბიბლიის შუქზე", რომელიც წელს განმეორებით გამოიცა. აქვე, ბარისახოს ახლოს, მდინარე არაგვის ნაპირას გვაქვს ულამაზესი მწვანე ჭალა, რომელსაც ,,პოეზიის ჭალას" ვუწოდებთ. ამ ღია სივრცეში ყოველ ზაფხულს ვმართავთ წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრებს... თბილისიდან ჩამოდიან პოეტები, მწერლები, მუსიკოსები და, ფაქტობრივად, ,,მთასა და ბარს ვაერთიანებთ".

"უნდა გავიძლო, ვიდრე სამყაროს სიყვარული არ მოსწყურდება"

- საზოგადოებაში დეფიციტური გახდა კეთილგანწყობილი, ჰუმანური ურთიერთობები, ყველგან აგრესია ჭარბობს. რამ გამოიწვია ეს, ძნელი სათქმელია. ადამიანები, რომლებიც სიყვარულს გასცემენ, დღეს უმცირესობაში არიან, ჩნდება სიმარტოვის ისეთი შიში, თითქოს გინდა გაიქცე და სადღაც ცის კიდეს ჩამოეკიდო, დაიმალო. ვფიქრობ, ეს მაინც ადამიანის ცხოვრებიდან ღმერთის განდევნამ გამოიწვია. ნიცშემ თქვა: "ღმერთი მოკვდა, ყველაფერი დასაშვებია"! რაღაც ანალოგიური ხდება ჩვენს ცხოვრებაშიც. ადამიანებმა ღმერთი განდევნეს სულიდან ისე, რომ ვერ შეიმეცნეს ქრისტესმიერი სიყვარულის არსი. ზოგმა ის კერპად აქცია, ზოგმა შეურაცხყო, ზოგმა დაიჯერა, რომ საერთოდ არ არსებობს და, შესაბამისად, კაცობრიობა დაიცალა სიყვარულის ენერგიისგან...