"პოდიუმზე სიარულს თავზე დალაგებული წიგნებით ვსწავლობდი" - კვირის პალიტრა

"პოდიუმზე სიარულს თავზე დალაგებული წიგნებით ვსწავლობდი"

"16 წლის ვიყავი, როდესაც "მის იტალია" გავხდი, 21 წლისამ კი მოდელობა დავიწყე"

მოდის განუმეორებელი ეპოქა, ჯანი ვერსაჩეს ჩვენებები და ვალენტინოს მაღალი მოდა - ეს არის იტალიელი მოდელის, ალდა ბალესტრას, ყველაზე სასიამოვნო მოგონებები თავის კარიერაზე. იტალიის ყველაზე ლამაზ გოგონად წოდებული მოდელი მიიჩნევს, რომ 1970-იან წლებში მოდის ინდუსტრიაში მეტი ენთუზიაზმი და ნაკლები მატერიალური შესაძლებლობები იყო, რაც წლებთან ერთად შეიცვალა. ამჟამად ალდა ბალესტრა სახელგანთქმული მოდელისა და მისი მეგობრის, ვერა ლენდორფის ნამუშევრების კურატორია. როგორი იყო 1970-იანი წლების მაღალი მოდა, რას ითხოვდა ჯანი ვერსაჩე მოდელებისგან და როგორ სწავლობდნენ პოდიუმზე სიარულს? "კვირის პალიტრას" "მის იტალია 1970" ალდა ბალესტრა ესაუბრება.

- 1970 წელს თქვენ გახდით "მის იტალია". აქედან დაიწყო თქვენი სამოდელო კარიერა?

- 16 წლის ვიყავი, როდესაც "მის იტალია" გავხდი, 21 წლისამ კი მოდელობა დავიწყე. ამ შუალედში ჩვეულებრივი სტუდენტი ვიყავი ჩემს ქალაქში, ტრიესტში, თუმცა იქ უკვე მიცნობდნენ და მას შემდეგ, რაც სამოდელო სააგენტოში ვიარე, ადგილობრივ ჩვენებებშიც ვმონაწილეობდი. ახლა ძალიან სასაცილოდ მახსენდება ეს პერიოდი... პოდიუმზე სიარულს თავზე დალაგებული წიგნებით ვსწავლობდი. ბალეტზეც დავდიოდი და ეს ძალიან გამომადგა, როცა პოდიუმზე მოვხვდი.

- პირველ ჩვენებას გაიხსენებთ? - მას შემდეგ, რაც სტუდენტი გავხდი, არდადეგებიდან აშშ-ში დავბრუნდი ენის შესასწავლად და უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ლიტერატურისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწორედ მაშინ შევხვდი ჯორჯო რაპეცის, რომელიც იმ პერიოდში ავანგარდული ბრენდის, Gიორგია ფასჰიონ-ის წარმომადგენელი იყო. რამდენიმე პრეზენტაცია გავმართე მომხმარებლებისთვის და როდესაც ფლორენციაში ჩავედი, სწორედ ჯორჯომ გამაცნო ჯანი ვერსაჩე. ჯანიმ გაცნობისთანავე მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო მის ჩვენებაში, რომელიც ზუსტად ჩვენი გაცნობის დღეს იყო დაგეგმილი ფლორენციაში, პიტის სასახლეში. მაშინ, 1975 წელს, ეს ადგილი ჩვენებებისთვის ყველაზე პოპულარული იყო.

- ჯანი ვერსაჩე მოდელების მიმართ მომთხოვნი იყო? - ჯანისთან შეხვედრა მართლაც სასწაული იყო! ის სპონტანური ადამიანი გახლდათ და მომცა სრული თავისუფლება. მაშინ გამოუცდელი მოდელი ვიყავი და ჩემს კითხვას: "როგორ გინდა, გავიარო პოდიუმზე?" ვერსაჩემ უპასუხა: "შენ როგორც მოგესურვება, ისე გაიარე!" და ასეც მოვიქეცი - ჩემი გამოსვლა სპონტანური და თავისუფალი იყო, ამიტომ წარმატებაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოვიდა. ვერსაჩე მიყვარდა სწორედ იმ თავისუფლებისთვის, რომელიც მომანიჭა და იმ შესაძლებლობისთვის, რაც მომცა ახალბედა მოდელს. ამ ჩვენების შემდეგ, 1980-იან წლებში, მილანში დიდხანს ვიმუშავეთ ერთად.

- ცხოვრობდით მილანში, პარიზში, ნიუ-იორკში... რომელია მოდის ქალაქი? - რთული კითხვაა. იმ დროში რომ დამაბრუნა, პარიზს ვიტყოდი, თუმცა ახლაც პარიზია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გული იტალიასთან უფრო ახლოსაა. მოდა პარიზში უფრო გიჟური და თამამია, დიზაინერებიც უფრო რისკიანები არიან. იტალია უფრო კომერციულ ასპექტში განიხილება.

- თქვენს კარიერაში ბევრი დასამახსოვრებელი წუთი ყოფილა... - ნამდვილად, ძალიან ბევრი, არც კი ვიცი, რომელი ერთი გამოვყო...

ახალგაზრდა იტალიელი ქალი მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში მარტო ვცხოვრობდი და ეს მაშინ ხშირი არ იყო. დავდიოდი სხვადასხვა ქალაქში, ვეცნობოდი ქვეყნების კულტურას.

რომში ვალენტინოსთან ვიმუშავე. მაშინ გავუგე გემო, რა იყო მაღალი მოდა. პარიზში პირველად გამოვჩნდი ჟურნალ Elle-ს გარეკანზე. იმ პერიოდში ეს ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემა იყო. ნიუ-იორკში კი "ლორეალისთვის" სარეკლამო ფოტოები სახელოვანმა ირვინგ პენმა გადამიღო. 1985 წელს გავიცანი ვერა ლენდორფი, იგივე ვერუშკა, რომელიც ნიუ-იორკში თავისი შემოქმედების პრეზენტაციისთვის იყო ჩამოსული. შემდეგ ვერუშკა სახელოვანი მოდელი გახდა.

- ერთხელ თქვით, რომ მოდის ინდუსტრიაში ყოფნამ განუმეორებელ პერიოდში მოგიწიათ, მაშინ, როდესაც ენთუზიაზმი და ვნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფული და ბიზნესი. შეიცვალა რამე ამ წლების განმავლობაში?

- შეიცვალა. ჩემი თაობის მოდელების უმეტესობამ მოდელობა რომ დავიწყეთ, ბრენდები ისეთი სახელგანთქმული არ იყვნენ, როგორც ახლა. მზა ტანსაცმელი, იგივე "პრეტ-ა-პორტე", მაშინ მკვიდრდებოდა, მოდელობა კი არ აღიქმებოდა როგორც ნამდვილი ბიზნესი. ყოველ შემთხვევაში, იტალიაში ასე იყო. ჩვენ კარგი ხელფასი გვქონდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც 1990-იან წლებში. მოდის ბიზნესი 1980 წლებიდან აყვავდა და მოდელების ანაზღაურებამაც მოიმატა. მაშინ გახდნენ მოდელები ცნობილები, გავლენიანები, საზოგადოებამ გაიგო მათი სახელები. ჩემს დროს მოდა არ იყო ასეთი პოპულარული, როგორიც ახლაა.

- რა არის მთავარი, როცა მოდის სფეროში მუშაობ?

- მოდელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გეგმა B - თუ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა, ამისთვის მზად უნდა იყო და იცოდე, როგორ "გამოძვრე" სიტუაციიდან. ყოველთვის უნდა აკეთო ის, რაც მოგწონს. თუ ეს არ არის მოდა, მაშინ ჯობს, სწრაფად გაეცალო მოდის სამყაროს. ჩემი წარმატება ენთუზიაზმის, ვნების, სიყვარულის დამსახურებაა, რომელსაც ჩემი საქმის მიმართ განვიცდი.

რას საქმიანობს ამჟამად ყველაზე პოპულარული მოდელი ვერუშკა?

ვერა ფონ ლენდორფი, იგივე ვერუშკა, გერმანელი მოდელი და მსახიობი, ამჟამად 82 წლისაა. 1970-იან წლებში ვერა ლენდორფი ითვლებოდა ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად მოდელად - 1975 წელს მისი დღიური ანაზღაურება 10 000 დოლარი იყო. ყველაზე პოპულარული მოდელი ასევე ცნობილია ეპატაჟური ხასიათით, "ვოგის" რედაქტორთან კონფლიქტით (რომლის შემდეგ დიდხანს აღარ გამოჩენილა პოდიუმზე) და მონაწილეობით კამპანიაში "ჩვენი გავიკეთეთ აბორტი". 1971 წელს გერმანული გამოცემა "შტერნის" 6 ივნისის ნომრით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 274-მა ქალმა გაიკეთა აბორტი, რის შესახებაც თავად განაცხადეს, არადა, იმ პერიოდში აბორტი არალეგალურად ითვლებოდა. სწორედ ამ ქალებს შორის იყო ვერა ლენდორფიც. გერმანელი მოდელი ბოლოს 2018 წელს გამოჩნდა შვედური ბრენდის, Aცნე შტუდიოს-ს სარეკლამო ბანერზე...