"ჩეჩენს უთქვამს, არც შენ და არც მეო და ჩვენი სახლისთვის ყუმბარსატყორცნი უსვრია. ასეთი შემთხვევა ხშირი იყო. ქართველების სახლს ვერ იყოფდნენ" - კვირის პალიტრა

"ჩეჩენს უთქვამს, არც შენ და არც მეო და ჩვენი სახლისთვის ყუმბარსატყორცნი უსვრია. ასეთი შემთხვევა ხშირი იყო. ქართველების სახლს ვერ იყოფდნენ"

"ბევრი ოცნება ავიხდინე, მაგრამ ყველაზე მთავარი - აფხაზეთის სცენაზე სიმღერა - აუსრულებელია"

ბედის ბორბალმა აფხაზეთის პატარა ქალაქ ოჩამჩირიდან ლას-ვეგასში გადაისროლა. მანამდე კი იყო ბევრი განსაცდელი, დევნილობა, სიდუხჭირე, მშობლიური კერის გაუსაძლისი მონატრება, იმედგაცრუება, მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში მუსიკა და ცეკვა ეხმარებოდა. "კვირის პალიტრას" აფხაზეთიდან დევნილი, ამჟამად ლას-ვეგასში მცხოვრები ქართველი ირაკლი რუსია ესაუბრა:

- აფხაზების ძალადობის კვალდაკვალ არც ქართველების როლი უნდა დაგვავიწყდეს. ჩემს მეზობლად ტორუები ცხოვრობდნენ და მათ შეუცვივდნენ "მხედრიონელები", ქართული პასპორტები თუ გაქვთ, გვაჩვენეთო. სამი ძმა იყვნენ, ერთ-ერთი ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, რომელმაც ძარცვისას მოუსწრო, ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა, რა დროსაც ორი დაიღუპა, მაგრამ სხვებმა ძვირფასეულობის წაღება და გაქცევა მოასწრეს. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით სოფლებში ხშირი იყო, რადგან ქალაქში ამბავი სწრაფად გახმაურდებოდა ხოლმე და ერიდებოდნენ. აფხაზები ნიშნის მოგებით გვეუბნებოდნენ, აი, თქვენი ქართველები, მათი იმედი გქონდათ, მაგრამ თქვენც გაწიოკებენ. დაიმახსოვრეთ, არ შერჩებათო... რამდენიმე მეზობელი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე წავიდა ოჩამჩირიდან, ქართველებთან გასაყოფი რა გვაქვსო და აფხაზეთში არც დაბრუნებულან.

ერთი წელი ზუგდიდში მამიდის სახლში ვცხოვრობდით, ათამდე მეზობელთან ერთად ვიყავით შეფარებული. აფხაზეთში დაბრუნებას პირი არ უჩანდა და მამამ გადაწყვიტა თბილისში წავსულიყავით. მამა ხელოვანი იყო და თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი მოგვცა. მაშინ სამინისტროს ექვემდებარებოდა სიმღერისა და ცეკვის სამხედრო ანსამბლი "მამული", მე და ჩემი ძმა იქ ვცეკვავდით. მამაც ანსამბლში მუშაობდა. ათი წელი ვიმუშავეთ.

- აფხაზეთის სახლზე რამე იცით?

- სოხუმის აღების შემდეგ ოჩამჩირეში ჩვენს სახლზე ჩეჩენ მოხალისეს მიუწერია: "ზანიატო". ერთი კვირის შემდეგ ოჩამჩირის სოფელ არადუდან ჩამოსულა აფხაზი არშბა, ჩეჩნის აბრა მოუხსნია და სხვა გაუკრავს, ეს სახლი ჩემიაო. როგორც ჩანს, ჩეჩენმა არ დაუთმო და ერთმანეთისთვის ცეცხლი გაუხსნიათ. ჩეჩენს უთქვამს, არც შენ და არც მეო და ჩვენი სახლისთვის ყუმბარსატყორცნი უსვრია. ასეთი შემთხვევა ხშირი იყო. ქართველების სახლს ვერ იყოფდნენ და "საკუთრების" შესანარჩუნებლად ერთმანეთს ხოცავდნენ.

სოხუმის სახლში არც ვიცი, ვინ ცხოვრობს, ან შეიძლება დანგრეულიც არის. ვინაიდან გარშემო სულ ქართველები ცხოვრობდნენ, იქაურობა ყველამ მიატოვა და ამბის მომტანი არავინ დარჩა. რუსეთში ცხოვრების წლებში უამრავი აფხაზი გავიცანი, ზოგი ისეთი ვნახე, ბავშვობიდან რომ მახსოვდა, ქართველს არ ესროლა და იქაურობას გაერიდა.

- აფხაზეთში დარჩენილ ახლობელ აფხაზებთან კავშირი არა გაქვთ? - ის აფხაზები ომამდე გადასახლდნენ რუსეთში, დარჩენილებთან სოციალური ქსელით გვაქვს კონტაქტი, მაგრამ ჩემი ოჯახის დანგრეული ბედნიერი წლები ვერ მიპატიებია. როდესაც სოხუმი დაეცა, ჩვენ ჯერ კიდევ ოჩამჩირეში ვიყავით. თითქმის არავის ეგონა, რომ ვერასდროს დავბრუნდებოდით. ენგურისკენ მიმავალ გზაზე ლოთი ქობალიას ხალხი იდგა. ხალხმა, რომლის მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაწვალები აფხაზებსა და ჩრდილოკავკასიელებს დარჩა, სახლიდან მხოლოდ ის წამოიღო, რასაც ზურგზე მოიკიდებდა, ისინი კი იდგნენ და ომს გამოქცეულ ადამიანებს ამოწმებდნენ, იარაღი ხომ არ მოგაქვთო... ცუდად გასახსენებელი ბევრია, მაგრამ მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ახლაც მგონია, რომ აუცილებლად დავბრუნდებით. ჩემი ყველა ცეკვა, სიმღერით ნათქვამი სიტყვა, ლაჟვარდოვან აფხაზეთში დატოვებულ ბედნიერ ბავშვობას ეძღვნება და მჯერა, რომ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდებით.

- ამერიკაში როგორ აღმოჩნდით?

- სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე, მაგრამ შევარდნაძის მმართველობის წლები იყო და ჩემი პროფესიით რეალიზების შესაძლებლობა არ მქონდა. შემდეგ კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქართული ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო გალობის ფაკულტეტზე. პარალელურად ანსამბლ "აფხაზეთში" ვცეკვავდი და ვმღეროდი. მერე სანქტ-პეტერბურგის ქართულმა სათვისტომო "ივერიამ" მიგვიწვია ქართული კულტურის ცენტრის ჩამოსაყალიბებლად. იმ წლებში ბევრი ჩვენი თანამემამულე წავიდა რუსეთში, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც, სიმართლე უნდა ითქვას, ისედაც ცუდად საუბრობდნენ ქართულად, იქ კი უფრო შეამცირეს მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია. 70 ათასზე მეტი ქართველი მოგროვდა. ქართული სკოლაც გაიხსნა, ჩამოვაყალიბეთ ქართული კულტურის ცენტრი, ეკლესიაც აშენდა. რუსულად მოლაპარაკე ქართველები მშობლიურ ენაზე ამეტყველდნენ. ვმართავდით კონცერტებსაც. ეროვნულ საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ სხვა ქვეყანაში წასვლაზე, უფრო მასშტაბურ პროექტებზეც ვფიქრობდი...

2011 წელს სანქტ-პეტერბურგში გამართულ ფესტივალზე ამერიკის ქალაქ კლივლენდიდან ჩამოვიდა საეკლესიო გუნდი, რომელსაც ძალიან მოვეწონეთ, და ამერიკაში მიგვიწვიეს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ იყო, ამიტომ მტრის ხახაში დაარსებული ქართული ანსამბლის ამერიკაში წასვლა, თანაც უფასოდ, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. თუმცა, როდესაც მოწვევა მოგვივიდა, ამერიკის საელჩოში განაცხადი მაინც შევიტანეთ. ჩვენდა გასაოცრად, საელჩომ გასვლითი ღონისძიება სრულად დააფინანსა და 20-მდე კაცს ვიზებიც მოგვცა.

ერთი თვის განმავლობაში ამერიკის რვა შტატი მოვიარეთ, გრანდიოზული კონცერტები გავმართეთ და პეტერბურგში დავბრუნდით. მას შემდეგ ყოველ წელს დავდიოდით ამერიკაში გასტროლებზე. 2018 წელს, მორიგი გასვლითი ღონისძიებისას, დარჩენა შემომთავაზეს... ამერიკაში საქართველოზე ბევრს არც სმენია, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა, მით უმეტეს, რომ ლას-ვეგასი შოუების ქვეყანაა და მაყურებლის ძებნა ან რეკლამაზე მუშაობა არ გვიწევს, ყველაფერს ორგანიზატორები აგვარებენ. ჩვენი მოცეკვავეების უმეტესობა ქართველია, გვყავს ორი ამერიკელი პროფესიონალი მოცეკვავეც - ძალიან მოეწონათ ქართული ცეკვები და ორწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ ანსამბლში ავიყვანეთ. ამერიკელი მომღერლებიც გვყავს... ბევრი ოცნება მქონდა, ზოგი ავიხდინე, მაგრამ ყველაზე მთავარი - აფხაზეთის სცენაზე სიმღერა - აუსრულებელია.