"დღემდე ცდილობენ, ჟურნალი­სტის გარდაცვალება ეკლესიას დაუკავშირონ, ამას აკეთებენ ისინი, ვინც აცხადებდნენ, მღვდლები გასაპარსები არიან და ეკლესია ყარსო" - კვირის პალიტრა

"დღემდე ცდილობენ, ჟურნალი­სტის გარდაცვალება ეკლესიას დაუკავშირონ, ამას აკეთებენ ისინი, ვინც აცხადებდნენ, მღვდლები გასაპარსები არიან და ეკლესია ყარსო"

"არ შეიძლება ადამიანს ეძახო ქვეყნის მოღალატე და რუსეთის აგენტი, როცა არანაირი საბუთი არ გაქვს. ეს ცალკე დანაშაულია"

პროკურატურა იძიებს იმ ათასობით ფაილს, რომელიც მედიას ჩაუვარდა ხელში. არის მოსაზრება, რომ სატელეფონო საუბრების შინაარსს, სოციალურ ქსელებში მიმოწერას, მათ შეხვედრებს სუს-ი წლების განმავლობაში აკონტროლებდა და აგროვებდა. მართალია, ჯერ ფაილების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, მაგრამ რამდენიმე პირი - მათ შორის ჟურნალისტები - ასეთ დიალოგებს ადასტურებს. ცნობილია ისიც, რომ ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირების პირად ცხოვრებას და მათ კავშირს ეხება, მათ შორის - რუსეთთანაც. ჩანაწერები მაღალი იერარქების პოლიტიკურ განწყობებსა და სახელმწიფოს მმართველობაში მათ ჩართულობასაც უკავშირდება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თვლის, რომ ეს არის ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა.

- მამა ანდრია, თქვენი აზრით, ვის ინტერესს ემსახურება ამ ჩანაწერების გავრცელება?

- ძნელია ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა, თუმცა არის ნიშნები, რომ ვინც აქამდე ეკლესიის წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებდა, სწორედ იგივე ძალა აქტიურობს ახლაც. ისევ ჩანს ის ტელევიზიები, რომლებიც წლებია ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანიაში არიან ჩართული. მათი მინიშნებები ისეთია, ისე დაუფარავად ავრცელებენ ფოტომასალას, ისე იღებენ ინტერვიუებს და ასახელებენ ამა თუ იმ ტაძრის დეკანოზის ინიციალებს, რომ სრულიად ცხადი ხდება, ვისზეა ლაპარაკი. ეს არის დისკრედიტაციის ახალი ტალღა...

ახლა მათი ძალისხმევა ერთდროულად მიმართულია სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ. ეკლესია მუდმივად ცდილობს იყოს გამაერთიანებელი, თუმცა თუკი რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფი, პოლიტიკური პარტია თუ ტელევიზია ისეთი ფასეულობების დანერგვას დაუჭერს მხარს, რომლებიც ეკლესიისთვის მიუღებელია, ეს ჩვენგან ნეგატიურად შეფასდება. ეკლესია მუდამ იქნება ცოდვის მამხილებელი, შესაბამისად, ეკლესია ყოველთვის აღმოჩნდება საზოგადოების ამ ნაწილის საპირისპირო მხარეს და ეს სულაც არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული. ეს დაკავშირებულია იმ ფუნდამენტურ შეხედულებებთან, რომლებიც ეკლესიაში ცოცხლობს.

- საყურადღებო იყო სოსო გოგაშვილის განცხადებები. მან არ გამორიცხა, რომ ეს სახელმწიფომ გააკეთა ეკლესიის წინააღმდეგ. - თუ დადგინდა, რომ ეს სუს-იდან გამოჟონილი ინფორმაციაა, მაშასადამე, შეცდომებია დაშვებული. ეს განგებ გაკეთდა თუ შემთხვევით, მაინც მძიმედ აისახება სახელმწიფოს ავტორიტეტზე. დანამდვილებით ვერ გეტყვით, ვინ რა გააკეთა, გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა.

- იცოდით, რომ სუს-ი გისმენდათ? - დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს, რომ შესაძლებელია მას ვინმე უსმენდეს. თუ მოსასმენი აპარატურა თავისუფლად იყიდება, ეს შეიძლება გააკეთოს არა მარტო სახელმწიფომ, არამედ ვინმე სხვამაც. შეიძლება ეჭვად ყოველთვის მქონდა, მაგრამ დარწმუნებით ეთქვა ვინმეს, თქვენ მოსმენის ობიექტი ხართო, ასეთი რამ არ ყოფილა.

- საუბრის დროს მაინც ფრთხილობდით? - ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო საუბრის დროს კი არა, ვფრთხილობ ჩემს საქმიანობასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც. ეს ისედაც ქრისტიანული ცხოვრების წესია, მაგრამ როცა ასეთ პოზიციაზე მსახურობ, ყოველგვარი პროვოკაციისგან თავდაცვა გამძაფრებულია.

- პერიოდულად ვრცელდება ჩანაწერების ფრაგმენტები, პირადი ცხოვრების ამბები, რაც მძიმე მოსასმენია. ეს ხომ არ დააზარალებს ეკლესიას ან მას მრევლს ხომ არ დააშორებს? - ეკლესიას ვერ დააზარალებს. შეიძლება ვინმე დააბრკოლოს, მაგრამ ეს სხვადასხვა საკითხია. თუ ეს არის ცილისწამება, მაშინ ეკლესია გაძლიერდება, რადგან ყველა განსაცდელის დათმენა მხოლოდ გაძლიერებას ემსახურება. თუ გამოიკვეთა ფაქტები, რომლებიც სხვადასხვა სასულიერო პირის მიმართ ბრალდებებს დაადასტურებს, ეკლესია ამ შემთხვევაშიც გაძლიერდება, რადგან ამას მოჰყვება რეაგირება და განწმენდა, თუმცა ჯერჯერობით ეს მასალა არ იძლევა საშუალებას, რომ მასზე დაყრდნობით სერიოზულად ვიმსჯელოთ.

- ეს მასალები ხელმისაწვდომია საპატრიარქოსთვის? ხომ არ შეისწავლეთ რომელიმე ფაქტი? - ჩვენთვის მასალები ხელმისაწვდომი არ არის. ტელევიზიებს ვთხოვეთ მოეწოდებინათ. საჯაროდ დავწერე კიდეც, რომ როცა შეკითხვებს გვისვამენ, ჩვენ კი არ ვიცით, რაზე დაყრდნობით, მათ სანდოობასაც ვერ ვაფასებთ. ფრაგმენტებად რაღაც გვაქვს, მაგრამ ეს გაცილებით ცოტაა. მხოლოდ რამდენიმე ფაილი ჩამიგდეს, ისიც ჩემთან დაკავშირებული.

- თქვენი საუბარი, რომელიც გავრცელდა, ავთენტურია? მართლაც ითხოვეთ რუსეთში შვილების მოქალაქეობისთვის დახმარება? - შარშან ამტკიცებდნენ, რომ რუსული სადაზვერვო სპეცსამსახურის თანამშრომელი ვარ. წელს ამბობენ, რომ თურმე ვიღაცის დახმარება მჭირდება, რომ ვიზა თუ მოქალაქეობა მივიღო შვილებისთვის. თუ ასეთი კავშირები მაქვს, იქით უნდა ვეხმარებოდე ხალხს. სხვისი დახმარება რაში დამჭირდებოდა?! ეს ხომ აბსურდია!

- ლაპარაკობენ რუსეთთან რამდენიმე სასულიერო პირის კავშირზე, თანხის გადმორიცხვის ფაქტებიც კი გამოქვეყნდა. გახმაურდა კონკრეტული სასულიერო პირების პირადი ცხოვრების უმძიმესი დეტალებიც. თუ განიხილეთ საპატრიარქოში ეს საკითხები და სინოდის რა რეაგირება მოჰყვება ამას? - ჩვენ არ გვაქვს ასეთი საკითხების კვლევის საშუალება. ზნეობრივ საკითხებს აუცილებლად გამოვიკვლევთ, მაგრამ ფინანსურ საკითხზე საუბრების გამოკვლევის მექანიზმები ჩვენ არ გვაქვს.

- საპატრიარქო თუ სწავლობს სასულიერო პირების ქცევას, მათ პირად ცხოვრებას და თუ სჯის მათ? - რა თქმა უნდა, საპატრიარქოში არის კომისია, რომელიც ასეთ საკითხებს სწავლობს. მსგავსი ფაქტები გამოვლენილა და რეაგირებაც ყოფილა. ეს მუდმივი პროცესია. ჩვენთან საჩივრები შემოდის. ზოგჯერ გამოგონილი და უსაფუძვლოც, ყველა შემთხვევას, რომლებიც დადასტურდა, რეაგირება მოჰყვა...

- გამორიცხავთ, რომ შეიძლება რამდენიმე სასულიერო პირს რუსეთთან კავშირი ჰქონდეს? - ამდენი ხნის კავშირი არსებობდა რუსეთთან და ცალკეულ ადამიანებს შეიძლება დღემდე შემორჩათ ეს ურთიერთობა, მაგრამ მტკიცება, თითქოს ეს არის ერთობლივი ინტერესი, უსაფუძვლოა. სულ ვამბობთ - თუ რამე აქვთ, გვაჩვენონ. ყველაზე მეტი ითქვა პატრიარქის მდივან-რეფერენტზე, მაგრამ არ დასტურდება ის, რასაც ამბობენ. თუ რამე საპირისპირო აქვთ, იმასაც განვიხილავთ. ბრალდებები ძალიან მძიმეა.A არ შეიძლება ადამიანს ეძახო ქვეყნის მოღალატე და რუსეთის აგენტი, როცა არანაირი საბუთი არ გაქვს. ეს ცალკე დანაშაულია. დღეს მედიასივრცეში ბრძოლა არის უსამართლო და უთანასწორო.

როცა აგორდება ახალი თემა და დაიწყება კამპანია, მათ დიდი უპირატესობა აქვთ, ჩვენი საბრძოლო საშუალება კი არის სიმართლის თქმა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება. ბევრი საკითხი, რომლებიც ბოლო პერიოდში წამოიჭრა ეკლესიის წინააღმდეგ, ახლა მივიწყებულია, იმიტომ, რომ პასუხები არ აქვთ. რამდენს ლაპარაკობდნენ ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე! მერე ვინმე დაინტერესდა ამ ამბით? სად არის ბავშვებზე ძალადობა? მკვლელობა? ან თუ მოიკითხა ვინმემ, ეს ბავშვები სად წავიდნენ! ეს იყო ეკლესიის დისკრედიტაცია! ამბობდნენ, მოკლეს ბავშვი და დამალესო! რას უნდა ემსახურებოდეს ეს?!

მზრუნველობამოკლებული ბავშვები 20 წლის განმავლობაში საპატრიარქოს ბავშვთა სახლის ჭერქვეშ იყვნენ შეფარებული და ეს კეთდებოდა მაშინ, როცა სახელმწიფოს მსგავსი საშუალება არ ჰქონდა და კეთდებოდა შიშველი ხელებით! პედაგოგები ისე ზრდიდნენ მათ, როგორც ზრდიან თავიანთ შვილებს, მადლობის ნაცვლად კი ლანძღვა-გინება და ცილისწამება მიიღეს. მიიყვანონ თავიანთი ჟურნალისტური გამოძიება ბოლომდე, გაიგონ, სად არიან ეს ბავშვები და თქვან ხმამაღლა! სად არის მკვლელობა ან სექსუალური ძალადობა?!

უკრაინის თემა გავიხსენოთ... ალბათ, გახსოვთ, რა ამბავი იყო! მესამე წელია და რამდენმა ეკლესიამ აღიარა? ჩვენთან რომ გადავლა იყო, ასე არც ერთი ქვეყნის ეკლესიას არ მოჰქცევიან. ჩვენ ვამბობდით, უკრაინელებმა თვითონ გადაწყვიტონო და მოღალატეებად გამოგვაცხადეს. სად არიან ახლა ეს ჟურნალისტები? რატომ არ ამბობენ, რა ხდება უკრაინის ეკლესიაში? მარტო საქართველოს ეკლესია იყო სალანძღავი? თემები ერთმანეთს ცვლიდა, პათოსი და რესპონდენტები კი არ იცვლებოდნენ. ეს არის ჯგუფი, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობს.

თურმე ეს ტელევიზიები თეოლოგებთან გადიან კონსულტაციებს, რომ ეკლესიაზე მძაფრი სიუჟეტები მოამზადონ და ნიუანსები ტექნოლოგიურადაც დახვეწილი იყოს. თუ ამ თეოლოგებს დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ისინი ხან ეპიდემიოლოგები არიან, ხან - პოლიტიკოსები. სფერო არ არსებობს, სადაც თავიანთ სიტყვას არ იტყვიან. მთელი კვირა ისხდნენ ტელევიზიებში და ამბობდნენ, ამ დოკუმენტებით მტკიცდება ის, რასაც ამდენი წელი ვამბობდითო. მერე, როცა აღმოჩნდა, რომ ამ ჩანაწერებში მათზეც არის რაღაც საშინელებები, ერთი ამბავი ატეხეს, როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკიო... F

- სოსო გოგაშვილმა თქვა, რომ პატრიარქს აიძულებდნენ, გადამდგარიყო. - ამ ფაილებში ჩანს, რომ პატრიარქმა რამდენჯერმე თვითონ დააყენა საკითხი ცვლილების თაობაზე. მე შემსწრე ვარ, ძალიან ვიწრო წრეში როგორ სცადა პატრიარქმა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მღვდელმთავრებმა მამაშვილურად სთხოვეს, ამაზე აღარაფერი ეთქვა და ყველაფერი დარჩენილიყო ისე, როგორც არის. ვიცი, რომ სხვა დროსაც ჰქონდა მას ეს წინადადება თუ სურვილი, მაგრამ არ შეიძლება, ეს ყოფილიყო ინიციატივა გარედან - ეს სრულიად გამორიცხულია.

გარწმუნებთ, პატრიარქისადმი მღვდელმთავრების დამოკიდებულება ისეთია, არავის მიეცემა საშუალება, გარედან რამის შეცვლა სცადოს. ბატონი გოგაშვილი საპატრიარქოში მომხდარს არ ჰყვება, დაწვრილებით არაფერი უთქვამს...

- გოგაშვილმა 5 ივლისის ამბებზეც ილაპარაკა და არ გამორიცხა, რომ ეს დღე სახელმწიფომ მოუწყო ეკლესიას... - ჩვენ ვხედავდით, რომ აქტიურობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, პირდაპირ ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ, მიუხედავად ჩვენი განცხადებებისა, პროვოკაციებს მორიდებოდნენ, რომ სამოქალაქო დაძაბულობა თავიდან აგვერიდებინა. ნინოწმინდის ამბებით დაიწყო და მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეკლესიის ლანძღვა-გინება. მიზანი იყო ე.წ. პრაიდის დღეებში ეკლესიის საბოლოო დისკრედიტაცია. საბოლოოდ სახელმწიფომ უარი თქვა ე.წ. პრაიდის ჩატარებაზე. როდის ჯობდა ამ უარის თქმა, ჩემთვის ძნელი სათქმელია. არ ვიცი, ვისთან რა კონსულტაციას გადის სახელმწიფო, მაგრამ ფაქტია, სცადეს, ყველაფერი ეკლესიისთვის დაებრალებინათ და არავის გაახსენდა, რომ წინა დღეებში არც ერთი სასულიერო პირი არ გამოჩენილა. არც 6 ივლისს, როცა ხალხი სპონტანურად შეიკრიბა, ეკლესიას განცხადება არ გაუკეთებია.

5 ივლისზე თუ ვილაპარაკებთ, უნდა ვთქვათ, რომ ხალხი მთელი თვე აღიზიანეს, ცდილობდნენ პროვოცირებას, რომ ისინი ქუჩაში გამოსულიყვნენ და ეს მარში გაეპროტესტებინათ. და რა უნდა ექნა ეკლესიას - უგულებელეყო ამდენი ხალხის თავშეყრა, მხარი დაეჭირა მარშისთვის თუ შეერთებოდა მათ, ვინც პროტესტს აცხადებდა?

თუ მარში იგეგმებოდა რუსთაველის გამზირის ერთ ბოლოში, ეკლესიამ მეორე ბოლოში დაუძახა ხალხს პარაკლისის გადასახდელად. პარაკლისი დანიშნული იყო 5 საათზე, მერე მეორე პარაკლისი დაინიშნა პირველ საათზე, ჟურნალისტებს კი სცემეს 10-11 საათზე. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ, ყოფილიყო სიმშვიდე, მაგრამ მაინც სცადეს, ყველაფერი ეკლესიისთვის დაებრალებინათ. დღემდე ცდილობენ, ჟურნალისტის გარდაცვალება ეკლესიას დაუკავშირონ. ამას აკეთებენ ისინი, ვინც პარლამენტთან იდგნენ და აცხადებდნენ, მღვდლები გასაპარსები არიან და ეკლესია ყარსო.

- გოგაშვილმა მარიხუანას ლეგალიზაციაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ პარლამენტში ეს საკითხი ეკლესიისგან ფარულად განიხილეს. - ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, ასეთი რაღაცები რომ გაატარო, მაშინ ქვეყანაში ეკლესია არ უნდა გქონდეს. გამოვაცხადოთ ნარკოტიკების ლიბერალიზაცია, თავისუფლად ფუნქციონირებდნენ კაზინოები - ამ ყველაფერზე ჩვენ თუ ხმა არ ამოვიღეთ და არ ვთქვით, რომ მომავალი თაობა იღუპება, მაშინ რისთვის ვართ?!