აჭარული სამოთხე - კვირის პალიტრა

აჭარული სამოთხე

"საქართველოში ყველაზე მეტი ხანდაზმული მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს"

"ბედის ირონიაა - უკვე წლებია ტურიზმის დეპარტამენტი, ზოგიერთი ტურისტული კომპანია, ნებსით თუ უნებლიეთ, ნაცარას ფოტოებს სარეკლამოდ იყენებენ. არსად ამ მთის სახელი ნახსენებიც არაა. მსგავსი რელიეფი არსად გვხვდება", - ამბობს ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა.

- ხუთი წელია, რაც მაღალმთიან აჭარაში ვმოგზაურობ და ყოველ წელს გაოცებული ვრჩები. სრულიად უცხო ადამიანები თავიანთ ოჯახებში მთავაზობენ დარჩენას. მაღალმთიანი აჭარის სტუმარმასპინძლობის განსხვავებული ტრადიცია ისტორიული წყაროებითაც დასტურდება. ამის მაგალითია "მეიდან-ოდა" - სტუმრის ოთახი. მეცხრამეტე საუკუნეში მაღალმთიან აჭარაში საფეხმავლო-საქარავნე გზა გადიოდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს "მეიდან-ოდა" - სტუმრისთვის განკუთვნილ ოთახს ზოგჯერ ცალკე ასასვლელი კიბე ჰქონდა. გზაზე შემოღამებულ მგზავრს ნებისმიერ დროს შეეძლო მისულიყო, მაშინაც კი, თუ მასპინძელი შინ არ იყო ან ეძინა. როგორც კი "მეიდან-ოდაში" ჭრაქის შუქს შენიშნავდნენ, სოფელმა იცოდა, რომ სტუმარი ეწვია. უმალ საჭმელს მიართმევდნენ. თუგინდ ძებნილი ყოფილიყო, მას ხელს ვერავინ ახლებდა. სტუმარმასპინძლობის ინსტიტუტი იმდენად მძლავრი იყო, მტერსაც არაფერს დაუშავებდნენ. ცივილიზაციამ საფეხმავლო-საცხენოსნო გზები საავტომობილოთი ჩაანაცვლა, რამაც "მეიდან-ოდის" დანიშნულება გააქრო. თუმცა დღესაც არის სახლები, სადაც სტუმრის ოთახი აქვთ. ერთ სოფელში არის თავდაპირველი სახით შემორჩენილი 200 წლის "მეიდან-ოდა", სადაც ირანელი მგზავრის დატოვებული წარწერებია...

შარშან ჩირუხის მთაში შემთხვევით გავიგე საბერწია მთის არსებობა, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში, მარეთის ხეობაში შავშეთის ქედის ჩრდილო კალთაზე ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს. მთის კალთაზე სამი სოფლის: დღვანის, გოგინაურისა და კვიახიძეების საზაფხულო იაილები, ხის სახლებია. იქ კლდეზე საუკუნოვანი ჯარას სკები ყოფილა. მაღალ კლდეზე შეფენილი ხის მორისგან გამოთლილი სკები ისეთ სიმაღლეზეა, რომ დათვი ვერ შესწვდება. ჯარა უძველესი ქართული სკაა, რომელიც ბუნებრივად მიმსგავსებულია ფუტკრის თავდაპირველ საცხოვრისს, ხის ფუღუროს. საზღვარგარეთ ჯარას თაფლი ძალიან მოსწონთ, ბიოთაფლად ითვლება. შარშან ამერიკასა და კანადაში გაუტანიათ. ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს...

საბერწიის მთაზე ასვლის დროს ნისლი ჩამოწვა, რაც მოგზაურობას უფრო მისტიკურს ხდიდა. მემთეურებს სტუმრის მოსვლა გაუგიათ და სახელდახელოდ სუფრაც გაუშლიათ... იმ დღეს ამინდი არაერთხელ შეიცვალა, გაწვიმდა, ბუნებამ სეტყვაც არ დაიშურა, მთებზე ნისლი ჩამოწვა, აღარაფერი ჩანდა. დაღამებამდე ოციოდე წუთიღა იყო დარჩენილი, როცა ნისლი გაიფანტა და ღრუბლების ზღვა გამოჩნდა. შემაღლებულ გორაზე ავირბინე, რათა მაღლიდან მეხილა ეს სილამაზე... დილით მამლის ყივილზე გამომეღვიძა. მზის ამოსვლისას მეწამული ფერებით შეიმოსა ცა. ამ სილამაზეს შევყურებდი, როდესაც დაბლიდან ხმა შემომესმა, ჰეი, ახალგაზრდა, ჩამოდი, პური ვჭამოთო. ვიუარე, პანდემიაა და ვერიდები ოჯახებში სტუმრობას-მეთქი. ამომძახა, აქ კორონას რა უნდა, ავტომობილიც ძლივს ამოდის, ამ სუფთა ჰაერზე კორონა ვერ გაიჭაჭანებსო. სტაცა მაგიდას ხელი და მაგიდიანად გამოეშურა ჩემკენ...

მთაში უმეტესად მოხუცები და ბავშვები არიან. ბავშვები ცდილობენ ბებია-ბაბუებს შრომა შეუმსუბუქონ. იქ გავიცანი ანსამბლ "ფესვების" დამსახურებული წევრი, 80 წლის მიხეილ ფუტკარაძე. როგორც მიამბო, ერთ დროს მთაში ზაფხულობით 110 ოჯახი ამოდიოდა, ახლა მხოლოდ 17 ოჯახიღაა. ასაკის მიუხედავად, დღემდე მემთეურობს. რომ არა პანდემია, ამერიკაში უნდა გამგზავრებულიყო, ნამდვილად გააოცებდა ამერიკელებს აჭარული ცეკვით.

სტატისტიკურად საქართველოში ყველაზე მეტი ხანდაზმული, 100 წელს მიღწეული, სწორედ მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს. შარშან 106 წლის ბებოც გადავიღე.

საბერწიასთან კიდევ ერთი - ნაცარას მთაა. სასაზღვრო ზოლში მდებარეობს. აქ უკანასკნელი კერა 5 წლის წინ ჩაქრა. სახლების უმრავლესობა ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია, თუმცა აღარავინ ადის, მხოლოდ ჩვენი მესაზღვრეები აკონტროლებენ სასაზღვრო ზოლს. მსგავსი რელიეფი არსად გვხვდება და თუ ტურიზმი განვითარდება, ხალხი დაუბრუნდება მთას...