"აფხაზად აღზრდილი ქართველი ბიჭი მოწინააღმდეგის ბანაკში იბრძოდა და 20 წლის ასაკში ქართველებთან ბრძოლაში დაღუპულა - ხომ შეიძლება, სწორედ ჩემს ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა ჩემი შვილიო" - კვირის პალიტრა

"აფხაზად აღზრდილი ქართველი ბიჭი მოწინააღმდეგის ბანაკში იბრძოდა და 20 წლის ასაკში ქართველებთან ბრძოლაში დაღუპულა - ხომ შეიძლება, სწორედ ჩემს ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა ჩემი შვილიო"

"ერთმანეთთან შუღლში გართულებს გვავიწყდება სახელმწიფოს პრიორიტეტები, მათ შორის აფხაზეთი", - ამბობს სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია, - აფხაზები ჩვენს ნაბიჯებს ელიან, ჩვენ კი ისინი არ გვახსოვს, ან არ გვცალია, ამასობაში კი დრო გადის, რომელიც მტრის სასარგებლოდ თამაშობს".

- თითქმის 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველა პოლიტიკურ ცვლილებაზე მუდმივად გვაქვს შიში, რომ აზრთა სხვადასხვაობა, პოლიტიკური იქნება თუ საზოგადოებრივი, სამოქალაქო დაპირისპირების წინა პირობა გახდება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ჩვენსავით საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები იყვნენ და დამოუკიდებლობაც არცთუ დიდი ხნის წინ მოიპოვეს, ნებისმიერ საკითხს პრაგმატულად უდგებიან; სამოქალაქო ომი, თან იმ მასშტაბის, როგორიც 1991-1992 წლების საქართველოში იყო, არსად ყოფილა. ორ მხარედ გაყოფილი ქართველები თბილისში ეკლესიის გარშემო დავბანაკდით და ერთმანეთს ვესროლეთ. ყველა პოლიტიკურ ძალას მიუძღვის წვლილი, რომ მოსახლეობა ახლა ასეთი პოლარიზებულია. მცირედი მიზეზი გვჭირდება და ისევ წამოვენთებით, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადავეკიდებით ერთმანეთს. უახლესი ისტორიიდან ვიცით მშვიდობის ფასი და მაინც ერთმანეთთან სალაპარაკოდ ხან ევროკავშირი გვჭირდება, ხანაც გაერო.

სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი კაცი ვარ. ჩემ თვალწინ დაიწყო 90-იანი წლების ომი, მაგრამ მანამდე მახსოვს, რა გაფაციცებული უყურებდნენ სახელმწიფო ტელევიზიას აფხაზები, თუ როგორ მძვინვარებდა თბილისის მთავარ პროსპექტზე სამოქალაქო ომი. ქართველები ერთმანეთს ესროდნენ, ქუჩა დახოცილი ადამიანებით იყო მოფენილი, შენობები ინგრეოდა და იწვოდა. ეს აფხაზებსაც უკვირდათ. ქართველები ერთმანეთს ესვრიანო, მეუბნებოდნენ გაოცებული. მგონია, იმ დროს გაიბზარა საქართველო და იმ ბზარის გაგრძელება იყო სხვა პროცესები. ცხადია, ვერც რუსეთის ვერაგ პოლიტიკასა და დაქირავებული მეომრების ფაქტორს ავუვლით გვერდს, მაგრამ მომხდარში ქართველებსა და აფხაზებს ყველაზე დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი. უამრავ აფხაზს ვიცნობ, რომელთაგან ერთი ქართველების მხარეს იბრძოდა, მეორე - აფხაზების. ვიცნობ იმ ქართველ ძმებსაც, რომლებიც რუსთაველის პროსპექტზეც სხვადასხვა მხარეს იდგნენ. ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, მაგრამ ორივემ იცოდა ძმის პოლიტიკური შეხედულება. საბედნიეროდ, ისინი მარტივად შერიგდნენ, მაგრამ ორივეს უთქვამს, რუსეთმა რა გაგვიკეთაო.

- იგივე აფხაზებსაც აქვთ ნათქვამი? - დიახ, არაერთხელ. ამიტომ ორივეს გვჭირდება კათარზისი, სულის განწმენდა, უნდა მოვუხმოთ სინდისს. აფხაზები ქართულ მხარეს მიმდინარე პროცესებს დიდი ინტერესით აკვირდებიან. პოლიტიკურ მომავალს ყველა თავისებურად ხედავს, მეგობრულ საუბარში ქართულ მხარესთან ურთიერთობას სხვადასხვა კონტექსტში ახსენებენ; ქართველები და აფხაზები ერთმანეთს ბევრად ადვილად ვუგებდით, ვიდრე სხვა ერის წარმომადგენლები. თანაცხოვრებაზე დიალოგის დაწყება საჭიროც არის და აუცილებელიც, მაგრამ ჯერ თქვენ გაუგეთ ერთმანეთს და მერე დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან, ოღონდ ორივესთვის გვიანი არ იყოსო. ფრაგმენტულად გვახსენდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამასობაში, აფხაზ საზოგადოებაში რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ ინტერესი იზრდება, კავკასიელ დეპუტატებთან მიმოსვლა და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ჩვენთან კი დროის გასვლასთან ერთად დისტანცია იზრდება... ჩემს წიგნში "სოხუმში დაბრუნება" არაერთი რეალური ამბავი მაქვს აღწერილი.

რთულ სიტუაციაში ჩანს ადამიანის სახე და ვინც ღირსებას არ კარგავს, ის არის ჩემთვის ადამიანი, რაინდი... აფხაზეთში არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა აფხაზი და პირიქით. ხშირად მათ თავისიანები მოღალატეებად მიიჩნევდნენ და ხოცავდნენ, მტერი გადაარჩინაო. ზოგჯერ, როდესაც ასეთ ამბებს მიყვებოდნენ, მთხოვდნენ, გვარ-სახელი არ დაწეროთ, ვერ გავრისკავთო.

ადრე ვხატავდი და, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილი იყო ახალგაზრდა მხატვარი, თენგიზ ვადაქარია, რომელიც სადგურის წინ, ძიძარიას ქუჩაზე ცხოვრობდა. მას აფხაზი მეზობელი ჰყავდა, ვოვა... როდესაც მათ ქუჩაზე აფხაზები შემოსულან, თენგიზს შეეფეთნენ თურმე და კითხვები დააყარეს, ქართველი ხარ და იბრძოდი თუ არაო? ამ დროს ვოვა შემოვარდნილა, ჩემი მეგობარია, ერთად გავიზარდეთ, მთელი ომის განმავლობაში ჩემი ოჯახისთვის პური მოჰქონდა, მაროდიორებისგან გვიცავდაო. მათ ადამიანურად გაუგიათ ვოვასთვის, დაიცავი, როგორც შენ გიცავდა, მაგრამ მალე აქ მკვლელები შემოვლენ, გაფრთხილდითო. არ დავასახელებ ეროვნებას, მაგრამ სისასტიკით ცნობილი დაჯგუფება იყო. თენგო ღობესთან მიუყენებიათ დასახვრეტად, ვოვა წინ გადაუდგა თურმე, არ მოგაკვლევინებთ, ეს კარგი ქართველიაო. კარგი უნდა მოვკლათ, თორემ ცუდი არც მათ სჭირდებათო. ვოვა ვერ მოაშორეს და ესროლეს, მოკლეს თენგოც...

ასეთი უცნობი, უსახელო რაინდების საქციელზე არის ჩვენი მომავალი დამყარებული.

ასეთი შემთხვევაც მახსოვს: ქართველ კაცს არც სცოდნია შვილი თუ ჰყავდა. წლების შემდეგ ექიმისგან გაუგია, რომ ქალმა, რომელიც ძალიან უყვარდა, მაგრამ მიზეზთა გამო მათი ურთიერთობა ვერ შედგა, ბავშვი კი არ მოიშორა, აფხაზ ოჯახს მიაშვილა, მათ კი თავიანთი ტრადიციებით გაუზრდიათ... წლების შემდეგ ქართველმა კაცმა ეს ამბავი ექიმისა და სანაცნობო წრის დახმარებით გაარკვია, სად, ვისთან იზრდებოდა მისი შვილი... აღმოჩნდა, რომ აფხაზად აღზრდილი ქართველი ბიჭი მოწინააღმდეგის ბანაკში იბრძოდა და 20 წლის ასაკში ქართველებთან ბრძოლაში დაღუპულა. მის ნამდვილ მამას არასდროს უბრძოლია, მაგრამ ერთხელ გუმისთის ფრონტზე წასულა მეგობრის სანახავად. ღამე იქ დარჩენამ მოუწია, დაულევიათ და საერთო მეგობრებმა ავტომატი რამდენჯერმე ასროლინეს. პირველად უსვრია... შვილის სიკვდილის დრო მისი გუმისთის ფრონტზე ყოფნის პერიოდს დაემთხვა. შემდეგ დარდობდა თურმე, რომელი მეომარი მე ვიყავი, ხომ შეიძლება სწორედ ჩემს ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა ჩემი შვილიო. ეს ამბავი ჩემს რომანშიც აღვწერე, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი იმ ქართველი მამის სიტყვებს იმეორებს, რომ ორივე მხარემ იმ ომში საკუთარი შვილები დავხოცეთ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ზოგი დაიღუპა, ზოგს კი მომავალი წავართვით ჩვენც და აფხაზებმაც.

იქ ახლა მძიმე მდგომარეობაა ნარკო- და ალკოდამოკიდებულების მხრივ. ეს ომი უდიდესი შეცდომა და ტრაგედია იყო ორივე ხალხისთვის. ომში, როგორც წესი, ე.წ. საავტომატე ახალგაზრდები იღუპებიან. ჩვენგან განსხვავებით, როდესაც იქ შიდაპოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს, ისინი თავიანთ თავში პოულობენ ძალას, სადღაც, უკიდურეს წერტილში ერთმანეთს დაუთმონ, შეუნდონ და უკან დაიხიონ, იმიტომ, რომ იციან, ამას რა მოჰყვება. იქ თითქმის ყველას აქვს იარაღი, მათ შორის ახალგაზრდებსაც, და უფროსი თაობა ხვდება, რომ მისი რადიკალური პოზიციის გამო შესაძლოა მისი შვილების თაობა უარესად დაზარალდეს - კიდევ ერთ სისხლიან დაპირისპირებას რეგიონი ვეღარ გაუძლებს.

- სტრატეგიული ობიექტებით რუსეთის დაინტერესებას, თუნდაც ენერგორესურსების მართვის, ასევე უძრავი ქონების შესყიდვის უფლების რუსეთისთვის გადაცემას, რეგიონში "გაზპრომის" შემოსვლას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა. შეშინებული აფხაზები რუსიფიკაციაზე საუბრობენ... - დიახ, რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა სოფელი აიბგა, რომელიც აფხაზეთის რეგიონის ერთ-ერთ მაღალ წერტილშია, სამხედრო და სხვა მოტივაციით რუსეთის კანონიერ საკუთრებაში გადასულიყო. აფხაზების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთის აფხაზეთში გაძლიერება შეუქცევადი გახდა. ეს აისახა გზების, სამხედრო თუ სხვა დანიშნულების ობიექტების, პორტების მშენებლობაში. რუსული ყულფი უფრო და უფრო ვიწროვდება და ამას ხვდებიან აფხაზები.

ახალგაზრდა თაობას აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ მათი ქართველი თანატოლები, რა ინტერესები აქვთ... ალბათ, უხეში შედარებაა, მაგრამ ჩვენი თაობის არ იყოს, ამერიკის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას გვიბლოკავდნენ, ლამის მოღალატეობად გვითვლიდნენ დასავლური მუსიკის, რადიო "ამერიკის ხმის" მოსმენას, ჯინსების ჩაცმას, მაგრამ მაინც ვუსმენდით, ვკითხულობდით, მეზღვაურებში ჯინსის შოვნასაც ვახერხებდით, ვინაიდან ახალგაზრდას ყველაფერი აკრძალული აინტერესებს. ასე არიან აფხაზი ახალგაზრდებიც.

რუსეთი უკვე ნახეს, 30 წელია უყურებენ და დასკვნაც გააკეთეს. თითქმის 30-წლიანი განხეთქილების პერიოდი ერთი თაობის ასაკია. ინტერესი არსებობს და თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მთავარია, ქვეყანა ორიენტირებული იყოს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე. დაუსრულებელი შუღლი, რადიკალური გამოსვლები და რყევები მათ აფრთხობს.

ნაწილს შესაძლოა ჩრდილო კავკასიისკენ მიუწევს გული, ვინაიდან კავკასიელ ხალხსა და საქართველოს მოსახლეობას შორის ემოციური სიახლოვე ყოველთვის იყო, ომის შემდეგ კი, როდესაც ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, აფხაზები მათ უფრო მეტად დაუახლოვდნენ. თუმცა იმასაც აცნობიერებენ, რომ ჩრდილოეთი კავკასია ფეთქებადსაშიში რეგიონია შიდა კონფლიქტების გამო და ფრთხილობენ. მეც მყავს იქ მეგობრები და ვიცი, რომ მშვიდობისა და შერიგების, ასევე მოლაპარაკების კულტი აქვთ. აფხაზების ის ნაწილი, ვინც კავკასიისკენ იხრება, სწორედ ტრადიციების მსგავსებაზე საუბრობს, მაგრამ ისიც ესმით, რომ ევროკავშირი წარმატებული ქვეყნების გაერთიანებაა და უნდათ ისეთ პირობებში ცხოვრობდნენ. ამიტომ ნაწილი ძალიან მონდომებულია ინგლისური ისწავლოს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს რეგიონში ტრენდულია.

რუსეთისგან მომავალი გლობალური საფრთხეები ძალიან აწუხებთ, რუსიფიკაციაზე ღელავენ, შიშობენ, რომ თუ რუსული პროექტები იმ ფორმით განხორციელდება, როგორც კრემლში სურთ, აფხაზეთი ცუდ დღეში ჩავარდება და ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ. ამის ნიადაგზე მწვავე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები აქვთ საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში, მრევლშიც, მაგრამ ახსოვთ, რომ მცირერიცხოვანი ერია, იარაღის არსენალი ყველას აქვს და ერთი ტყვიაც რომ გავარდეს, სიტუაცია უმართავი გახდება.

ჯერ კიდევ გვაქვს ურთიერთობის აღდგენის პოტენციალი, ჩვენც ბევრი უბედურება ვნახეთ და მათაც, მაგრამ ვინ გაზომავს, ვის უფრო მეტად სტკიოდა შვილის სიკვდილი, მოყმის დედას თუ ვეფხვის მშობელს?! ვფიქრობ, ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომა ორივეს დაგვაზარალებს და ამით ჩვენი არაკეთილმოსურნე იხეირებს. ერთმანეთის ტკივილი უნდა გავიზიაროთ, რათა ახალმა თაობებმა ის შეცდომები არ დაუშვას, რაც ჩვენ დავუშვით. გაუაზრებელი ქმედებებით, ისედაც საკმარისად დავაზარალეთ ეს თაობა, ახლა მათ როგორმე მომავლის რწმენა უნდა ჩავუნერგოთ. რაც იქ ხდება, ჩვენც გვეხება და ერთმანეთის სიყვარული თუ აღარ შეგვიძლია, პატივისცემა და სოლიდარობა მაინც უნდა ვისწავლოთ. სხვანაირად ვერ გადავრჩებით.