"მშობლებს მოვუწოდებ, იყვნენ ყურადღებით იმიტომ, რომ..." - რას ნიშნავს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და რა პოსტკოვიდურ გართულებებს იწვევს კორონავირუსი ბავშვებში - კვირის პალიტრა

"მშობლებს მოვუწოდებ, იყვნენ ყურადღებით იმიტომ, რომ..." - რას ნიშნავს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და რა პოსტკოვიდურ გართულებებს იწვევს კორონავირუსი ბავშვებში

გახდება თუ არა აცრა სავალდებულო, როგორი იქნება მეხუთე ტალღა და რა პოსტკოვიდურ გართულებებს იწვევს კორონავირუსი ბავშვებში? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება.

- დღევანდელი მდგომარეობა ქვეყანაში შეიძლება შეფასდეს ორი კომპონენტის გათვალისწინებით. ერთი - როგორია ინფიცირების მაჩვენებელი და როგორია მდგომარეობა საქართველოში მეოთხე ტალღის ზეგავლენის გათვალისწინებით და მეორე - აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და რა ბედი ელის იმ ძალიან კარგ ეროვნულ გეგმას, რომელიც გულისხმობდა 2021 წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლოების 60%-ის ორჯერ აცრას.

თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მაჩვენებელს, ნათელია, რომ საქართველომ გადალახა მეოთხე ტალღის პიკი, რომელიც გვქონდა 17 აგვისტოს, როცა საქართველოში იყო 6208 ინფიცირებული. ძალიან მძიმე იყო კვირა 17-დან 24 აგვისტომდე - დადასტურდა 61 000 აქტიური შემთხვევა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამ პერიოდში პრობლემები შეიქმნა ჰოსპიტალიზაციაშიც და საჭირო გახდა დამატებითი სივრცეების გამოყოფა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველომ თავი გაართვა ამ მძიმე ვითარებას და არ შექმნილა პრეცედენტი, როდესაც პაციენტი ვერ მოვათავსეთ საავადმყოფოში საწოლის არქონის გამო, ან მას ვერ გავუწიეთ სამედიცინო მომსახურება სტაციონარში. საბედნიეროდ, ჩვენ ეს პერიოდი გადავლახეთ. 17 აგვისტოდან დღემდე თანდათან მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხე ტალღა ძალიან გახანგრძლივდა. დღეში 1500-2000 ინფიცირებული საქართველოსთვის ბევრია და ეს შემაშფოთებელია.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, საქართველოში არა მხოლოდ მეოთხე ტალღის, არამედ მთელი პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა 3 სექტემბერს, როცა 86 ადამიანი გარდაიცვალა. ახლა ეს რიცხვი 3-ჯერ ნაკლებია, მაგრამ მაინც მაღალია.

- არსებობს მექანიზმი, რომ მეოთხე ტალღა უფრო სწრაფად შესუსტებულიყო? - რა თქმა უნდა, და ეს არის ვაქცინაციის ტემპი. ინფიცირებულთა დიდი რაოდენობისთვის ჩვენ უნდა გვეპასუხა ვაქცინირებულთა დიდი რაოდენობით. ეს, ერთი შეხედვით შესაძლებელი ჩანდა და მეც ასე ვფიქრობდი, როცა 21 აგვისტოს 30 550 ადამიანი ავცერით, მაგრამ ასე არ გაგრძელდა. ორ კვირაზე მეტია, აცრილთა დღიური რაოდენობა 20 ათასს ჩამოსცილდა. 20 000-ს იმიტომ გამოვყოფ, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, მოსახლეობის 60%, ანუ 1 691 000 ადამიანი უნდა აიცრასო და საქართველოში 800 ათასამდეა ორჯერადად აცრილი, შეგვიძლია გამოვთვალოთ, რა გვჭირდება, რომ 60%-იანი ზღვარი გადავლახოთ - ეს არის დღეში სწორედ 20 000 ადამიანის ვაქცინაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ განვაცხადოთ, რომ საქართველო გახდა ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის პანდემია გააკონტროლა. დამარცხებამდე დიდი დროა, მაგრამ კონტროლი შესაძლებელია. არის ქვეყნები, სადაც ვაქცინირებულია მოსახლეობის 80%. საქართველოში ჩვენი პირველი სამიზნე 60% იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ვერ მოვახერხეთ, რაც ნიშნავს, რომ კიდევ დიდხანს გვექნება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებელი. ასაცრელად მოსულთა უმრავლესობა მეორე დოზით იცრება, ეს კი ნიშნავს, რომ მომდევნო კვირებში ჩვენ დღიურად 10 000 აცრას ჩამოვცდებით და, ალბათ, კიდევ 6-8 თვე დაგვჭირდება, რომ 60%-იან ზღურბლს მივაღწიოთ.

ჩვენი მთავარი პრობლემა და მთავარი გულისტკივილი ის ადამიანები არიან, რომლებიც აცრას არ აპირებენ. ისინი, სავარაუდოდ, არ არიან ანტივაქსერები, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათი დარწმუნება, ვერც იმ ფაქტმა, რომ კორონავირუსით ასობით ადამიანი გარდაიცვალა. ეს ის ხარკია, რომელიც ქვეყანამ გადაიხადა და ამ რიცხვების შემცირების ტენდენცია ჯერ არ ჩანს. იმ ქვეყნებში, სადაც აცრილია მოსახლეობის 80% და მეტი, სიკვდილის შემთხვევა კვირაში ერთეულობით არის, ჩვენ კი დღეში 30 გარდაცვლილი გვყავს. ეს საქართელოსთვის ტრაგედიაა, დემოგრაფიული კატასტროფაა!

- რა არ გავაკეთეთ ისე, რომ მეტი ადამიანი აცრილიყო? - ინფორმაცია ვერ მივიტანეთ. ვერ დავარწმუნეთ მოსახლეობა, რომ ეს არის სერიოზული დაავადება, გარდაცვალების რისკი მაღალია და "კოვიდთან" ბრძოლაში სხვა არჩევანი არა გვაქვს. თუმცა ანტივაქსერები ის ხალხია, ვინც არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის გადაწყვეტილებას და ისინი არ უნდა იყვნენ საინფორმაციო კამპანიის სამიზნე. ჩვენ უნდა დაგვერწმუნებინა ის ადამიანები, რომლებიც ანტივაქსერები არ არიან და მხოლოდ სკეპტიკურად არიან განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. თავიდანვე ძალიან ცუდი როლი ითამაშა ჩვენი კოლეგების ბოლომდე ჩამოუყალიბებელმა პოზიციამაც. ერთი ექიმის განცხადება ვაქცინის წინააღმდეგ არის კატასტროფა, ექიმობა გულისხმობს, რომ ვაქცინაციის მხარდამჭერი უნდა იყო. როცა გვეუბნებიან, რომ ექიმები არ ვიდექით ერთ პოზიციაზე, არასწორია, მე ამ საყვედურს არ მივიღებ! ექიმები ნამდვილად იდგნენ ვაქცინაციის მხარეს და ვინც ამ მხარეს არ იდგა, მათ პროფესიონალიზმში ძალიან მეპარება ეჭვი. ჩემთვის ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ექიმი არ არის ექიმი. ამ ადამიანს ვერ მივიჩნევ ჩემს კოლეგად.

- რატომ გამოდგა დელტა შტამი ასეთი ვერაგი ბავშვების მიმართ?

- ტრენინგზე ჩვენს კოლეგებს ვაჩვენე მონაცემები - დელტა ვარიანტის შედარება ჩინურ ვარიანტთან. ჩინური ვარიანტის ბავშვებში გავრცელების მაჩვენებელი იყო 0,1%, დელტა ვარიანტის შემთხვევაში - 3,4%-ია. ეს შტამი ბავშვებში 300-ჯერ მეტად გავრცელდა, ვიდრე ჩინური ვარიანტი. ამან გამოიწვია მათი ხშირი ინფიცირება და გარდაცვალებაც. ასე მოხდა ყველა ქვეყანაში. აშშ-ში ბავშვების ინფიცირების მაჩენებალი 14% იყო და 22%-მდე გაიზარდა. გვქონდა ერთადერთი საშუალება, რომ ბავშვებში დელტა ვარიანტის გავრცელება თავიდან აგვერიდებინა - ეს იყო უფროსების აცრა, მაგრამ საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და ამან უფრო შეუწყო ხელი ბავშვებში ამ შტამის გავრცელებას.

- სკოლებში სწავლის დაწყება ხომ არ გამოიწვევს ბავშვებში დაავადების უფრო გავრცელებას? - შეიძლება უმნიშვნელოდ იმოქმედოს, ისე, რომ სტატისტიკაში არც აისახოს. სკოლა არ განიხილება ინფექციის წყაროდ. ვგულისხმობ იმ სკოლებს, სადაც დაცულია მარტივი მოთხოვნები და სწავლება მიმდინარეობს ნიღბებით. ჩვენ სწავლის განახლება უფრო ადრეც შეგვეძლო, არაფერი მოხდებოდა, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინეთ. დღეს პედაგოგების 60% აცრილია.

სავალდებულო ვაქცინაცია დანერგეს ჩვენზე დემოკრატიულმა ქვეყნებმა და ძალიან ეფექტიანადაც. რამდენიმე დღის წინ აშშ-ში გადაწყდა, რომ სახელმწიფო სამსახურში მოხელეები სავალდებულოდ აიცრებიან. საფრანგეთში გადაწყდა ექიმების სავალდებულო ვაქცინაცია. არის სფეროები (სასწავლო, სამედიცინო, პენიტენციარული დაწესებულებები, ძალოვანი სტრუქტურები), სადაც კონტაქტი ხშირია და რისკიც დიდია. ამ სფეროებში მომუშავეთა ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა და არც ერთი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს ეს არც დისკრიმინაციად მიუჩნევია, არც ადამიანის უფლებების დარღვევად. საქართველოს სახალხო დამცველმაც განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ შეიძლება დისკრიმინაციულ აქტად მივიჩნიოთ.

- ეს როდისთვის იგეგმება? - მომდევნო კვირაში შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს, ისევე, როგორც ბავშვების ვაქცინაციისა და რისკის ჯგუფებში ბუსტერის საკითხს.

- პოსტკოვიდურმა გართულებებმაც იმატა... - მე, ჩემი ლიცენზიიდან გამომდინარე, ამ კითხვაზე მხოლოდ ბავშვებთან დაკავშირებით გიპასუხებთ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რა ხდება მულტისისტემური ანთების სინდრომის - პოსტკოვიდური გართულების - დროს, ვინაიდან ამ ბავშვების 90% მკურნალობდა და მკურნალობს იაშვილის სახელობის კლინიკაში. ზუსტად შემიძლია ვთქვა, რაოდენ საშიშია ეს სინდრომი, როდის და როგორ ვითარდება და რომელი სისტემები ზიანდება. ბავშვებისთვის ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულება. ბავშვებში კორონავირუსი მაინც არ მიმდინარეობს ისე მძიმედ, როგორც ხანში შესულებსა და მოზრდილებში, მაგრამ, სამაგიეროდ, ბავშვებში შეიძლება განვითარდეს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ეს არის გართულება, რომელიც თავს იჩენს კორონავირუსის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ, ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ მულტისისტემური სინდრომის შემთხვევების მატება იქნება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. იაშვილის კლინიკაში ბოლო დღეებში კვირაში მინიმუმ 4-5 პაციენტი შემოდის მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, რაც შეესაბამება კიდეც აგვისტოს პიკს. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ორგანოსა და სისტემის დაზიანება, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ანთების მარკერების მკვეთრად მომატებული მაჩვენებლით, ლეტალობა 1%-დან 2%-მდეა, მაშინ, როცა თვითონ კორონავირუსის დროს ლეტალობის მაჩვენებელი მხოლოდ 0,1%-ია. ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით 60-70 ათასი ბავშვი დაავადდა და მათგან 90-ის შემთხვევაში განვითარდა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ გართულება სერიოზულია და მისი მართვა შეიძლება მხოლოდ საავადმყოფოში.

- რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ არაფერი გამორჩეთ? - როცა სრულიად ჯანმრთელ ბავშვს ეწყება ტემპერატურის მატება 38,5-მდე და მეტი, რაც გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, ამას კი ერთვის, მაგალითად, ღებინება, მუცლის ტკივილი, კანზე გამონაყარი, კიდურების შეშუპება, ხველა და ა.შ. მშობლებს მოვუწოდებ, იყვნენ ყურადღებით, იმიტომ, რომ ბევრმა მშობელმა, რომლებიც ჩვენთან მოხვდნენ, აქ გაიგო, რომ მათ შვილებს კორონავირუსი ჰქონდათ გადატანილი. შეიძლება ბავშვმა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანოს, მაგრამ შემდეგ მაინც განვითარდეს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

- მეხუთე ტალღაზეც ვისაუბროთ... - ჯერ მეოთხე არ დაგვიმთავრებია... მეხუთე ტალღა საშიში შეიძლება იყოს ერთ შემთხვევაში - თუ ინფიცირებულთა მაჩვენებელი იქნება უფრო მეტი, ვიდრე იყო მეოთხე ტალღის დროს. დღეისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ განიხილავს კორონავირუსის არც ერთ ვარიანტს, როგორც ახალი აფეთქების პოტენციურ საფრთხეს. საშიშმა მუტაციებმა - ალფა, ბეტა, გამა და დელტა ვარიანტებმა - უკვე გაგვაცნო თავი. რაც შეეხება მიუ მუტაციას, ის ცხრა თვეა ცნობილია და მთელ მსოფლიოში მხოლოდ 7 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, ანუ მიუ მუტაცია არ გახდა ისეთივე აგრესიული, როგორიც თუნდაც დელტა, რომელიც შეშფოთების ვარიანტად ორ თვეში იქცა. არავინ ამბობს, რომ კორონავირუსმა ამოწურა მუტაციის შესაძლებლობა, მაგრამ ამას დრო სჭირდება, დაახლოებით, 4-5 თვე, ამიტომ თუ მეხუთე ტალღა იქნება, ეს იქნება გამოწვეული არა ახალი მუტაციით, არამედ სეზონური ფაქტორით, რომლის უკან დგას აცივება, დახურულ სივრცეში მეტი ადამიანის თავმოყრა... ჩვენ ნიღბის გამოყენებაც ვერ ვისწავლეთ, არ მოერგო ეს ქართულ ხასიათს და თუ ადამიანები დახურულ სივრცეში უნიღბოდ იქნებიან, ჩათვალეთ, რომ ინფიცირების რისკი მომენტალურად გაიზრდება. ამას უნდა ველოდოთ ნოემბერ-დეკემბერში. პროგნოზი ძნელია, მაგრამ ეს ტალღა, ალბათ, არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც მეორე და განსაკუთრებით - მეოთხე ტალღა იყო.