ეპიდემიები საქართველოში - კვირის პალიტრა

ეპიდემიები საქართველოში

რა პანდემიები გადაიტანა საქართველომ და როგორ უმკლავდებოდნენ მას? ამ თემაზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" ისტორიკოს ჯაბა სამუშიას დაუკავშირდა.

- საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიასა და ამ დაავადებით გამოწვეულ საფრთხეს უძველესი დროიდან იცნობდნენ. ის პირველად აღწერილია XI საუკუნის ქართულ სამედიცინო ძეგლში - "უსწორო კარაბადინში", სადაც მოხსენიებულია "ავი ჟამის" სახელწოდებით. მასში დაწვრილებით არის აღწერილი დაავადების კლინიკური ნიშნები, მითითებულია მისი ეპიდემიური ხასიათი: "ესე ჟამისა ნიშანი არის, ესე მჯდომი არის, ან გამოვა ყურის ძირს, ანუ ენისა ძირსა, ანუ ძუძუსა ძირსა, ან ღლიასა, ანუ საზარდულსა; ესე მჯდომი ნამეტნავად იქნების და საური შეიშლების და ავი ჟამი შეიქნების, ქალაქებშიგა გამოჩნდების, და მწოვედ ეწვებოდეს. ის ადგილისა ფერი წაუღოს და გულისა ძგერა გამოუჩნდეს, ბნედა გამოუჩნდეს; ნიშანი მისი, რომე მჯდომი გამოვიდეს, თუ ყურის ძირსა ან ყურსა უკანით, ან ძუძუსა, ან ღლიასა გამოვიდეს, ავი არის და მკულელი; და ფერი თუ მოშაოდ დაეცემოდეს, ავი არის; თუ წითელი იყოს და მოყვითალოდ სცემდეს ფერი, ისი უფრო წყნარი არის".

XI საუკუნის ქართულ სამედიცინო პრაქტიკაში შავი ჭირის სწრაფი გავრცელების მიზეზი მითითებული არ არის, თუმცა მითითება, რომ აუცილებელია, ავადმყოფს "კარგ სულთაგან" ასუნებინო, მიუთითებს, რომ ამ ძეგლის შემქმნელებიც, ისევე, როგორც შუა საუკუნეების ექიმები, მიიჩნევდნენ, რომ შავი ჭირის გადამდები იყო "გაფუჭებული ჰაერი". იგივე აზრი იკითხება XVI საუკუნის ძეგლშიც "იადიგარ დაუდი". აქაც ჟამის მიზეზად "ავი ჰავაა" მიჩნეული.

მე-13 საუკუნეში, მონღოლთა ბატონობის პირობებში, საქართველოში გავრცელდა შავი ჭირი. მას მუცლის სალმობის სა-ხელით იხსენიებდნენ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ნათქვამია, რომ XIV საუკუნის შუა პერიოდში ცუდი ჟამი გვედგა. ამ დროს შავი ჭირის ეპიდემია ჩვენთან ოქროს ურდოდან უნდა შემოსულიყო. ვირთხები იყვნენ ძირითადი გადამტანი შავი ჭირისა. ეს დაავადება თავის დროზე იტალიის პორტებში ყირიმიდან ჩასული გემების მეშვეობით გავრცელდა. ყირიმშიც ოქროს ურდოდან იყო შეტანილი. საქართველოს ჰქონდა ინტენსიური სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობა ოქროს ურდოსთან. ბუნებრივია, ვერ ასცდა ამ უბედურებას. 1346 წელს ბაიბურთში გადაწერილი სომხური სახარების მინაწერი ადასტურებს, რომ ამ დროს "ქართველთა ქვეყანაში" რაღაც საშინელება მძვინვარებს. ამ სენმა სამეფო კარზეც შეაღწია. ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, შავ ჭირს ემსხვერპლა ბაგრატ V-ის მეუღლეც. პანდემიის შედეგად დემოგრაფიული სურათი მკვეთრად შეიცვალა და არ გამოვრიცხავ, რომ რაკი დასაწყისში თემურ ლენგს ვერ გავუწიეთ სათანადო წინააღმდეგობა, შესაძლოა, ამანაც განაპირობა შავი ჭირის შედეგად სერიოზული დემოგრაფიული დარტყმა.

მომდევნო საუკუნეებშიც რამდენჯერმე აღირიცხა შავი ჭირის გავრცელების შემთხვევა. რუსეთთან შეერთების წინაც, 1797 წლის ზაფხულში, აღმოსავლეთ საქართველოში ჟამიანობამ იჩინა თავი. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. დიდი იყო მსხვერპლი თბილისში. ერეკლე II და სამეფო ოჯახი თელავში გაიხიზნა, სადაც გარდაიცვალა კიდეც მეფე ერეკლე 1798 წლის 20 იანვარს. ასეთ ეპიდემიურ ვითარებაში პატარა კახი 40 დღის განმავლობაში არ დაუკრძალავთ, რადგან ცხედრის თელავიდან თბილისში, სიონის ტაძარში გადასვენება ვერ ხერხდებოდა. თელაველებმა ის პირდაპირ მცხეთას გადააბრძანეს. გადმოცემის თანახმად, ლეგენდარულ მეფეს უკანასკნელ გზაზე, თელავიდან მცხეთამდე, 20 ათასი ჭირისუფალი მიაცილებდა. მათ პატარა კახის ნეშტი არაგვის პირას დატოვეს და გაბრუნდნენ. მდინარის გაღმა მცხეთელები ელოდებოდნენ ერეკლეს ცხედარს, მათ ფეხით გადალახეს არაგვი, მეფის ნეშტი გადაიბარეს და სვეტიცხოველში წაასვენეს. ტაძარში შესვლა სახიფათო იყო, სვეტიცხოველში იმხანად შავი ჭირით დაავადებულთა თავშესაფარი იყო. თელაველ ჭირისუფალთაგან პატარა კახის ცხედარს არავინ შეჰყოლია მისი მოძღვარის, ქრისტეფორეს გარდა, რომელმაც წესი აუგო.

- ეპიდემიასთან ბრძოლის რა ცნობებს ინახავს ჩვენი ისტორია? - მოსახლეობას ჰქონდა გამომუშავებული ის, რაც დღესაც აქტუალურია. კოვიდპანდემიამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი არის კარანტინი. ჩაკეტვა ხელს უწყობს ეპიდემიის ლოკალიზებას. ეს მეთოდი უწინდელ საქართველოშიც რომ ცნობილი იყო, ამაზე მითითებულია სვანურ წერილობით წყაროებში - ადამიანი, რომელიც იმ რეგიონიდან ჩამოვიდოდა, სადაც პანდემია მძვინვარებდა, ვალდებული იყო, გარკვეული ხნის განმავლობაში თემის გარეთ ეცხოვრა. არის გადმოცემა, მაგალითად, მთაში როგორ მიდიოდნენ დაავადებულები აკლდამებში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ატარებდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპიდემია იყო საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისში. მარტო თბილისში ასეულობით ადამიანი გარდაცვლილა. ამ დროს (ახალი დამყარებული იყო რუსული ხელისუფლება. ეს არის დაახლოებით 1803-04 წლები) ვისაც რამე ნიშანი ჰქონდა, შინ დატოვეს, ხოლო ჯანმრთელები გადაიყვანეს ორთაჭალაში, სადაც კუნძული იყო. ეს ყოფილი ციხეების ტერიტორიაა. იქ მდინარე მტკვარი ორად იტოტებოდა და შუა ნაწილი კუნძულად რჩებოდა. ცნობილი ორთაჭალის ბაღები რომ გვხვდება სხვადასხვა ლექსსა და სიმღერაში, აი, სწორედ ამ ორთაჭალის ბაღებში გაიყვანეს ჯანმრთელი მოსახლეობა, ვიდრე ეპიდემია არ ჩაწყნარდა.

- ქოლერის ეპიდემიაც ხომ გამოვიარეთ?

- არაერთხელ. ქოლერის ეპიდემია 1840 წელს გავრცელდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით, ოჯახები ორ-სამ დღეში წყდებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მთელი გვარი ამოწყდა. ქოლერის ეპიდემია საუკუნის ბოლომდე გაგრძელებულა, განმეორებით კი 1919 წელს იფეთქა. გადმოცემით, ამის მთავარი მიზეზი მტკვრის წყალი ყოფილა, რომელსაც სასმელად იყენებდნენ. თურმე, სიფრთხილის მიზნით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს მორჩილებმა მთიდან წყაროს წყალი ჩამოუტანეს. მას კი უთქვამს, ის წყალი უნდა ვსვა, რასაც ჩემი მრევლი სვამსო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე 1921 წლის 11 ივნისს ქოლერით გარდაიცვალა.

პატარა კახმა ერს "აჭრის" მაგალითი უჩვენა

საინტერესოა, საიდან იღებს დასაბამს ვაქცინა. ამის შესახებ ბევრი მითი არსებობს... მაშინ ადვილი არ იყო ადამიანების დათანხმება და სხვადასხვა ჯგუფს ირჩევდნენ, მათ შორის, პატიმრებსაც და ჰპირდებოდნენ გათავისუფლებას. აცრის ფორმა სხვადასხვაგვარი იყო. იოჰან გულდენშტედტის მიხედვით, აი, როგორ აკეთებდნენ საქართველოში აცრას, ანუ "აჭრას" - ამცრელი დიდი დანის წვერით საჩვენებელ და ცერა თითს შორის ჯვრის ფორმის ჭრილობას მონიშნავდა, შემდეგ დანის წვერით ყვავილის შრატს უსვამდა, ბამბას ადებდა და უხვევდა. ბავშვები სუფთა ჰაერზე გაჰყავდათ და ავადმყოფობის დროს ცხენისა და ვირის რძეს ასმევდნენ.

გულდენშტედტი იყო ცნობილი გერმანელი მეცნიერი, მოგზაური და ექიმი, რომელიც 1771 წლის სექტემბერში ჩამოვიდა საქართველოში და აქ 1772 წლის ოქტომბრამდე დაჰყო. მან მოიარა ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, იყო გურია-სამეგრელოს საზღვარზე; შეხვდა ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს. მას აქვს ორი ფუნდამენტური ორტომიანი ნაშრომი, რომლებიც გვიყვება იმდროინდელ საქართველოზე. მასში აღწერილია ქართული ყოფა, ეთნოგრაფია. ორი საუკუნის წინ ორი დიდი პანდემია მძვინვარებდა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. ეს იყო შავი ჭირი და ყვავილი. გულდენშტედტი მუშაობდა ერეკლე მეორის კარის ექიმად და ის აღწერს იმ წესებს, რომლებითაც საქართველო პანდემიას ებრძოდა. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში აცრა უკვე არსებობდა. მას ქართველები "აჭრას" ვეძახდით. პირველად ერეკლე მეფემ უჩვენა მაგალითი ერს და კათოლიკე პადრებს ნება დართო, მისი შვილი იულონი აეცრათ, ანუ აეჭრათ. შემორჩენილია მეფის წერილი, გაგზავნილი თავის მოხელე რევაზ ამილახორთან, სადაც ვკითხულობთ, ჩვენს შვილს, იულონს, "ყვავილი აუჭერით" და "დიახ, "გაცხელებული არის", ანუ სიცხე აქვსო. მაშასადამე, აცრის შემდგომ ცხელება იმ დროისთვისაც ჩვეულებრივი რეაქცია იყო.

აღსანიშნავია, რომ განრიდების ანუ იზოლაციის თემაც არ არის უცხო. მაგალითად, ერეკლე წერს, მრავალი ყვავილი გაჩნდა და გახიზვნას ვაპირებდითო. არსებობდა არაპროტოკოლური, მაგრამ სპეციალური სისტემები, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ბაზრობებისა თუ სხვა მასობრივი შეკრებების დროს, რათა შეჯგუფებებს ნაკლებად წასწყდომოდნენ.