"უკრაინამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოს მოკავშირეა თუ კრიმინალის" - კვირის პალიტრა

"უკრაინამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოს მოკავშირეა თუ კრიმინალის"

"ამ არჩევნებით მიშელის დოკუმენტი უკვე საქართველოს მოსახლეობამ გააუქმა"

პოეტი დათო მაღრაძე "კვირის პალიტრასთან" გასული დღეების აქტუალურ თემებს მიმოიხილავს. ის რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა რომიდან, სადაც რომის პაპს შეხვდა და საქართველოზე, ქართულ ეკლესიასა და პატრიარქზე ესაუბრა:

- არასდროს უნდა დაავიწყდეთ პოლიტიკოსებს, რომ მახვილს ვინც იღებს, მასვე უბრუნდება, მეტადრე, როდესაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იღებ მახვილს, ატერორებ და მთელი ხმით, ყელის ძარღვებით გაჰყვირი, ყველანი ციხეშიო. როდესაც ასეთ არაჰუმანურ ფრაზას ისვრის პრეზიდენტი, მისი პოლიტიკური კარიერა ამით მთავრდება - ბოლოს თავად აღმოჩნდება ხოლმე ციხეში.

ჩემთვის უდიდესი პატივი იყო რომის პაპთან შეხვედრა, რომლის მთავარი გზავნილი იყო ფრაზა ჩემი პოემიდან "ბარაქიანი მიწა" - რომელშიც ვამბობ, რომ პოეზიის აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი დადის მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად... ეს წიგნი არაერთ ქვეყანაში გამოიცა. რომის პაპთან შეხვედრა ჩვენი ეკლესიის პატივისცემის, პატრიარქის მიმართ სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულების, ასევე ვატიკანში ჩვენი ელჩის, ქეთევან ბაგრატიონისა და მისი ოჯახის პატივისცემის და კიდევ ერთი, ქართული ლექსის მიმართ გამორჩეული დამოკიდებულების გამოხატულება იყო. რომის პაპმა უდიდესი სიყვარულით ისაუბრა საქართველოზე. მას დეკანოზ ალექსანდრე გალდავას ქართული კანონიკით დაწერილი უფლის ხატი მივართვი, ასევე ვუსახსოვრე ჩემი ხელმოწერილი წიგნი, მან კი ჯვარი მიბოძა...

ამ ამაღლებული განწყობისა და შეხვედრების შემდგომ სამშობლოში სწორედ არჩევნების დღეს დავბრუნდი, სადაც ბოლო დღეებში პროცესები ძალიან სწრაფად იცვლებოდა. თუმცა საქართველო ჩემი სამშობლოა და სადაც უნდა ვიყო, მის ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ, ყოველთვის ჩვენთან არის. ძალიან საინტერესო ქვეყანა გვაქვს, საინტერესო ამბებით დატვირთული. აქ ყოფნა მოსაწყენი არასდროს არის, რადგან სულ რაღაც ხდება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია.

- როგორია თქვენი შთაბეჭდილება ბოლო არჩევნებზე?

- ამ არჩევნებით შარლ მიშელის დოკუმენტი უკვე საქართველოს მოსახლეობამ გააუქმა. ქვეყანა მიდის დამოუკიდებლობისა და მშვიდობისკენ. ამ არჩევნების გამჭვირვალობითა და იმ ასპარეზით, რომელიც ხელისუფლებამ თავისუფალ არჩევნებს შეუქმნა, არაერთი განვითარებული ქვეყანა იამაყებდა. რიგგარეშე არჩევნების შესახებ ყველა შეკითხვა მოიხსნა, შინ და გარეთ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია ამოიწურა. ვინ რას ზეიმობს, არ ვიცი, მაგრამ მე მივესალმები არჩევნების შედეგებს, რადგან ქართველმა საზოგადოებამ სამწლიანი მშვიდობა მოიპოვა. ეს მონაპოვარი საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის და მმართველმა გუნდმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

- ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში მეორე ტური დაინიშნა. - ეს ძალიან საინტერესო პროცესია, ვინაიდან როდესაც პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებს სახელისუფლებო პარტია, ეიფორიაში ვარდება, ზედმეტად თავდაჯერებული და ამპარტავანი ხდება. ეს არის იმის გარანტია, რომ ხელისუფლება მოსახლეობას, მის პრობლემებს არ მოსწყდება. ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის 87-90 პროცენტით მოგებამ ქვეყანას სიკეთე არასდროს მოუტანა. გიორგი გახარიას შედეგებით გამოიკვეთა, რომ ჩვენს მოსახლეობაში მესამე ძალის გაჩენის სურვილი და ნიადაგი უკვე არსებობს. ორპოლუსიანი წრის გარღვევა დაიწყო და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ძალიან ღირსეული საზოგადოება გვყავს. ტელემედიებში არსებობს ირეალური, ისტერიკული და პარალელური ქვეყანა, ჩვენს ყოველდღიურობაში კი რეალური, სადაც ადამიანებს ნორმალური, მშვიდი, სტაბილური ცხოვრება სურთ. ტელესივრცეში არსებულ პარალელურ საქართველოში კი ცდილობენ მშრომელ ხალხს მშვიდი ცხოვრება არ აცადონ, თავიანთი მუდმივი ისტერიკით, რეჟიმითა და გრაფიკით აცხოვრონ.

ამ ისტერიკულ და პარალელურ საქართველოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდა, რაც ძალზე ლოგიკურია.

- რა შეიძლება ამას მოჰყვეს? - ის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეშია, მის საქმიანობას, მისი მმართველობის დროინდელ ნაბიჯებს და დანაშაულებრივ ქმედებებს მოჰყვა და ეს გადაწყვეტილება მისი საქმიანობის ლოგიკური გაგრძელებაა.

2012 წელს მასთან ურთიერთობა დავამთავრე, მაშინ, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად დავასრულე მისი პოლიტიკური კარიერა. არც საქართველოში და არც მის გარეთ ჩემთვის საინტერესო ადამიანებს, ვისაც ვხვდები, ის აღარ აინტერესებთ. 2012 წლამდე სააკაშვილი და მისი დამქაშები ისტორიულმა შემთხვევითობამ მოიყვანა ქვეყნის სათავეში. ძვირად დაგვიჯდა ის შემთხვევითობა და მის გაგრძელებას ვიმკით დღემდე.

იმდენად გაუტკბათ, რომ ვეღარ ეშვებიან მათთვის სანუკვარ წლებს და ყველაფრის ფასად ცდილობენ დაბრუნებას. თუმცა ქართველმა საზოგადოებამ არაერთხელ უარყო ბოროტება და სიმშვიდის, ქვეყნის სტაბილურობის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და სააკაშვილის პოლიტიკური ფინალიც ისეთი აღმოჩნდა, როგორიც ყველა დიქტატორის - მან ცხოვრება სრულიად დამსახურებულად გააგრძელა ციხეში.

- საზოგადოების ნაწილი მას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს... - კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. როდესაც ის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ხრიალით წარმოთქვა, არადემოკრატიული კი არა, არაადამიანურად სასტიკი დიქტატორული ფრაზა, ყველანი ციხეშიო, თუმცა ბოლოს თავად აღმოჩნდა ციხეში. ციხეში არავისი ყოფნა არ მახარებს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ ჰყავთ ხელისუფლება, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს და კანონს. კრიმინალი არავის არ უნდა შერჩეს.

რაც შეეხება უკრაინას, ის ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, უკრაინელები ქართველების მოკავშირეები და მეგობრები არიან. ხალხები არ შეიძლება მტრები იყვნენ, ყველა ნორმალურ საზოგადოებას სხვა ერთან მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა სურს. თუმცა უკრაინამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოს მოკავშირეა თუ კრიმინალის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია თუ კრიმინალის... ეს ფაქტი გავლენას ვერ იქონიებს ვერაფერზე, მათ შორის ვერც საქართველოს საგარეო იმიჯზე, ვინაიდან ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ამ გზაზე სწორ, გაბედულ ნაბიჯებს ვდგამთ.

ახლახან მან ევროსტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის დროებით გადაცემული მართვის სადავეები დაიბრუნა, დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულდა. თუ გადავხედავთ უახლოეს წარსულს, რადიკალურმა ოპოზიციამ არაერთხელ სცადა ვითარების დაძაბვა და შემდეგ სათავისოდ გამოყენება, მაგრამ არ გამოუვიდა, ქართველმა ხალხმა არ მისცა ამის მოტივაცია და უფლება. რევოლუციას შეეცადნენ, მაგრამ საზოგადოებამ უპასუხა, ევოლუცია გვჭირდებაო. შევიცვალეთ, გავიზარდეთ, მაგრამ ამას მუდმივად რევოლუციაზე ორიენტირებული ოპოზიცია ვერ ხვდება, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავის საზოგადოებას, გნებავთ, ამომრჩეველს დაშორდნენ და ღირებულებებში ასცდნენ.

არ ვიცი და არც მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა. ეტყობა, საქართველოში ისევ თავისი დანაშაულებრივი რეჟიმის დამყარება სურდა. მე მისი ვნებები და მისი უინტერესო სამყარო არ მაინტერესებს, არც იმაზე მსჯელობას ვაპირებ, რა ეგონა და რას ელოდა. მისი ვნებების ლაბირინთებში გარკვევა ჩემი ინტერესის სფერო არ არის, თუმცა, რაც მოხდა, ლოგიკურია - ყველას ციხეში გზავნიდა და ბოლოს თავად აღმოჩნდა იქ. ასე რომ, რევოლუცია და ყველანაირი ჩანაფიქრი, რომელიც მიზნად ისახავს ქაოსს, განწირულია მარცხისთვის.

- წაგებასა და მოგებაზე კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებში საზოგადოებამ გაიმარჯვა თუ ორი უარესისგან უკეთესი უარესი აირჩია? - "ოცნებას" აქვს პრობლემები, თანაც არაერთი და ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ პრობლემის მოგვარება შეიძლება. "ნაცმოძრაობა" თავისი ამჟამად უკვე ციხეში მყოფი ბელადის მეთაურობით ტრაგედიაა და მას ვერ მოაგვარებ, უნდა გადაიტანო. კი ბატონო, გადავიტანეთ ის რამდენიმე წელი, მაგრამ ახლა არჩევანი პრობლემის მოგვარების სასარგებლოდ გავაკეთეთ, ანუ ქვეყნის განვითარების ნელი, მაგრამ მშვიდობიანი გზა ავირჩიეთ.

ეს არის იოანე საბანისძის უკვდავი ფორმულა "მამულისა ჩვეულებისაებრ სლვაი". გიორგი მერჩულემ მეათე საუკუნეში თქვა: "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების"; ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნეში "მამული, ენა, სარწმუნოებად" "გადათარგმნა". ნიშანდობლივია, რომ სავარაუდოდ, ილია არ იცნობდა გიორგი მერჩულეს ფრაზას, ვინაიდან ნიკო მარის მიერ ადრეულ წლებში აღმოჩენილი მისი მოღვაწეობა სამეცნიერო წრეებში ილიას მოკვლიდან სამი წლის შემდეგ, 1910-იან წლებში გახდა ცნობილი. ასე რომ, ამ ფრაზის "მამული, ენა, სარწმუნოება" გენეტიკური და კულტურული კოდი იმდენად დიდია, რომ მე-10-დან მე-19 საუკუნეში ილიამ იგივე ფორმულა დასახა. ამ ტრიადაში ჩვენი ქვეყნის კულტურული კოდი იკვეთება.

ასე რომ, კარგი იქნება, ქართული პოლიტიკური ველი უფრო მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე ორპოლუსიანობის გარღვევა ვერ ხერხდება. მეც ვცადე ჩემი წვლილი შემეტანა, მაგრამ მატერიალური და შესაძლოა ადამიანური რესურსიც არ აღმოგვაჩნდა მოცემულობის შესაცვლელად. იქნებ მომავალში ჩვენი პოლიტიკური ველი უფრო მრავალფეროვანი გახდეს და საზოგადოების ხმა პოლიტიკაში უფრო მკაფიოდ გაისმას.

თუ ორპოლუსიანობის სისტემა სხვადასხვა შენაკადით შეივსება და მათ მხარდამჭერები გამოუჩნდება, საზოგადოებას არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა ექნება.

ვფიქრობ, ახლა ქვეყანა დამოუკიდებლობის გზით მიდის. ასე თუ ისე, ხელისუფლებამ დამოუკიდებლობისკენ გადახარა ვექტორი. ამიტომაც ვერ იქონიებს გავლენას საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვერანაირი ფაქტი. არაერთხელ მითქვამს, ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით და არა ბატონის ცვლილებისთვის. ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ გზას მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელმაც გააცნობიერა გასული წლების მმართველობები.