ვახტანგ გომელაური:"ბათუმში მაშველებმა ამ ეტაპზე ორი გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს, სავარაუდოდ, ნაპოვნია ერთი ცხედარი" - კვირის პალიტრა

ვახტანგ გომელაური:"ბათუმში მაშველებმა ამ ეტაპზე ორი გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს, სავარაუდოდ, ნაპოვნია ერთი ცხედარი"

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ორი გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ნაპოვნია ერთი ცხედარი.

„გიდასტურებთ, ორი ცოცხალი ადამიანია ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში არიან, თუმცა, ცოცხალი და კონტაქტურები, ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი. ჩვენი ვარაუდით დაახლოებით, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. სამუშაო გაგრძელდება, სანამ არ მივიყვანთ ბოლომდე. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით პირიქით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს და რამე არ დავუზიანოთ. მძიმე სამუშაოა, ვინაიდან ორ კორპუსს შორის დგას ჩამონგრეული კორპუსი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, უფრო სწრაფად ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

(ნანგრევებში) უნდა იყოს 2-3 ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ოღონდ ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს“, - განაცხადა შს მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"