აზერბაიჯანის საგარეო უწყება ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანის საგარეო უწყება ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქალაქ ბათუმში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციამ ძალიან დაგვამწუხრა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო უწყება საქართველოს სოლიდარობას უცხადებს.

"გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გამოვხატავთ სოლიდარობას მეგობარი საქართველოს მიმართ,"- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე 3 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზაურ ბუდატოვმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის 2 პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი პირი კი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი მძიმე მდგომარეობაშია.

"ინტერპრესნიუსი"