- მოვდივართ ბარნოვის 124 - კვირის პალიტრა

- მოვდივართ ბარნოვის 124

ამ სახლში განუმეორებელი ისტორია იწერებოდა

საამაყო ქართველების სანაქებო მეზობლობა

სახლი ჩვეულებრივი იყო... მისამართიც იოლად დასამახსოვრებელი - ბარნოვის 124. ეს მსახიობების და ხელოვნების მუშაკთა სახლი გახლდათ. აქ ცხოვრება იმდენად საინტერესო და სახალისო იყო, ვერც ერთი სპექტაკლი რომ ვერ შეედრებოდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან ის დრო, როცა აქ ერთდროულად ცხოვრობდნენ მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჩახავა, კოტე მახარაძე, ლიანა ასათიანი, გუგული თორაძე, ეროსი მანჯგალაძე, მიხეილ თუმანიშვილი, ანდრია ბალანჩივაძე, ვახტანგ ფალიაშვილი, გიორგი გიგოლაშვილი, ვასო ყუშიტაშვილი, გიორგი თოლორდავა, დალი მაცაბერიძე, ნეიმანები - გაქრა! თუმცა მოგონებები ცოცხლობენ და ჯერ კიდევ შეიძლება სახიერად წარმოიდგინო, რა ხდებოდა იქ - ბარნოვის 124-ში.

მსახიობებს შორის ყველაზე ახალგაზრდა  დალი მაცაბერიძე იყო. თავად ამბობს, რომ გაუმართლა, ასეთი ხალხის მეზობლობა რომ ხვდა წილად. ამიტომ მინდა, ძალიან ბევრი მიამბოს მეზობლებზე... მზად ვარ, გრიმის გარეშე წარმოვიდგინო ისინი - ულამაზესი მედეა ჯაფარიძე და მედეა ჩახავა... ბავშვურად მიამიტი  ეროსი, განუმეორებელი სესილია თაყაიშვილი...

სწორედ დალი მაცაბერიძის მოგონებებს გავყევი მსახიობების სახლისაკენ... თავიდან ეზოში შევიხედეთ. სწორედ ისე ფრთხილად, სანუკვარ რელიკვიას რომ ეხება კაცი და ფიქრობს, უხეში მოქმედებით არაფერი ავნოს. ეზო ლამაზი იყო, მოვლილი.

კინოსტუდიის დირექტორი, გიორგი გიგოლაშვილი ქოთნებში ამრავლებდა ყვავილებს, მერე ეზოში ჩაჰქონდა, ამოთხრიდა ორმოს და გადარგავდა... მერე ბავშვებს დაუძახებდა,  - წყალი დაუსხითო...

KvirisPalitra.Geსესილია თაყაიშვილი დილიდან გადმოდგებოდა ლოჯიის ფანჯარაში და გამვლელ-გამომვლელს ელაპარაკებოდა. სესილია სტუმრად არ დადიოდა, ამიტომ ყველა მასთან იყრიდა თავს. მისი დაბადების დღე ხომ არავის ავიწყდებოდა. თვითონ დაბადების დღეს არ იხდიდა, ჩხუბობდა, - თავი დამანებეთო, მაგრამ ძალიან უყვარდა, რომ არ დაუჯერებდნენ და მაინც ეწვეოდნენ. განსაკუთრებით უხაროდა, ტორტს რომ მიართმევდნენ, არ ეჭმებოდა, მაგრამ მაინც შეიხვედრებდა ხოლმე პატარა ნაჭერს..

ახალი წელი რომ მოდიოდა, სად უნდა შეკრებილიყვნენ ბარნოვის 124-ელები, თუ არა სესილიასთან? ახალ წელს გიორგი გიგოლაშვილი იყო მისი მეკვლე. ამიტომ ყველას აფრთხილებდა, ან თორმეტამდე მოდით, ან დაელოდეთ, ჯერ გოგი შემოვიდესო. ზარის ხმაზე აღელვებული გარბოდა კარისკენ - თუ სხვა ხარ, ჯერ არ შემოხვიდე, არ გადამრიოო... შემოაბიჯებდა სახლში გოგი და ისიც შევებით ამოისუნთქავდა, - ახლა ვინც გინდა, შემოვიდეს, აღარ ვდარდობო...

ახალი ფილმი გამოჩნდებოდა კინოთეატრ "ყაზბეგში". ერთად უნდა ენახათ მეზობლებს. სესილია დარეკავდა: მოვდივართ ბარნოვის 124, 5 წუთი გვაგვიანდება, დაგველოდეთ, არ დაიწყოთო... ხუთი წუთი კი არა, ხან ნახევარი საათი ელოდნენ.

სესილიას კარის მეზობლები იყვნენ ნეიმანები. ეს მევიოლინეთა დინასტიაა. როცა ყველა წავიდა საქართველოდან, ვისაც წასასვლელი ჰქონდა, ლევ ნეიმანი, რომელსაც ორკესტრის თვალს ეძახდნენ, დარჩა... მეუღლის საფლავი ვერ მიატოვა. მისი მეუღლე - მარია ბულიგინა ბალერინა იყო, ბარნოვის 124-ის ბავშვებს განსაკუთრებით უყვარდათ. გადმოიხედავდა ლოჯიიდან, დაინახავდა რომელიმეს: - "ზალატოი, იდი სუდა, კანფეტკუ დამო..." საგანგებოდ ჰქონდა კანფეტები მათთვის. მიჩვეულები იყვნენ პატარები. დადგებოდნენ მისი ფანჯრების წინ და ეძახდნენ მარიას.

ულამაზესი ბავშვი იყო ივიკო მახარაძე...  6-7 წლისა იქნებოდა, თანადგომა გამოუცხადა მეზობლის ბავშვს, რომელიც ენას უკიდებდა და დაიწყო თავადაც ბორძიკით ლაპარაკი. შეშფოთებული მშობლები როგორ არ ეხვეწნენ, - ივიკო, ნორმალურად დაილაპარაკეო, ვერაფერს გახდნენ. ისევე ლაპარაკობდა, როგორც ის ბიჭი - ბიგიმას ეძახდნენ. ბიგიმას კი ეგონა, ივიკო მართლაც მასავით ლაპარაკობდა.

KvirisPalitra.Geჩახავებთან ხშირად მოდიოდნენ პაციენტები - მედეა ჩახავას მამა გინეკოლოგი იყო. უამრავ ადამიანს მკურნალობდა უფასოდ. ამიტომ ხშირად, მადლობის ნიშნად, მოსაკითხი მოჰქონდათ.

თუ ვინმე მეზობელს წააწყდებოდნენ - პირველ სართულზე დატოვეთ თოლორდავებთანო, - ეტყოდნენ ისინი.

უნდა გენახათ, როგორ ახალისებდა მეზობლებს ეს მოსაკითხი...

გადმოდგებოდა სესილია: - რა ვქნათ ახლა საახალწლოდ, ვიყიდოთ ინდაური თუ არაო... იყო წელი, როცა არც გოჭს ყიდულობდნენ მეზობლები, არც ინდაურს...

ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს ორი ნატვრა ჰქონდა, ერთი - უნდოდა, ცოტა გამხდარიყო... მეორე - ხილის საწური. ერთ დღეს გახარებული დაბრუნდა შენაძენით ხელში:

საწური ვიყიდეო, - დაუძახა მეზობლებს. დაიწყეს ხილის გაწურვა, ჯერ ბავშვებს დაალევინეს, მერე - უფროსებს... მეორე დღეს დალი მაცაბერიძეს მიაკითხა მედეამ ხილის საწურით: აი, ეს შენ, პატარა გყავს, გამოგადგებაო... რას ბრძანებთ, თქვენ გქონდეთო... არა, ამას ყოველდღე დაშლა და აწყობა ნდომებია და სად შემიძლია ეგო...

დაღამებისას, როცა ყველა ფანჯარა ჩაბნელდებოდა, ერთადერთი - თაბუკაშვილებთან ენთო სინათლე. გვიანობამდე იქ იყვნენ მეზობლები, საუბრობდნენ, მსჯელობდნენ... დილაობით ნელ-ნელა გამოიშლებოდნენ თავიანთ საქმეებზე... ანდრია ბალანჩივაძე ტრადიციულად ძაღლს, "გერას" გაასეირნებდა. ერთ დღეს, ბატონი ანდრია მარტო რომ გამოვიდა სადარბაზოდან, დალი მაცაბერიძის შვილმა, კახა თოლორდავამ ჰკითხა, - გერას მამა, გერა სად არისო. შეწუხდა დედა: ეს რა თქვიო! ანდრიამ: - არ გაუბრაზდეთ, ქალბატონო დალი, ძალიან გამახარა, ასე რომ მითხრაო და გულში ჩაიკრა ბავშვი. იმ საღამოს კანფეტები მიუტანა - გერამ გამოგიგზავნაო.

ერთი ამბავი იყო ბალანჩივაძეებთან ჯორჯ ბალანჩინი რომ ჩამოვიდა ამერიკიდან. მეზობლებმა სადარბაზო მორთეს ყვავილებით, გამოაცხვეს ტორტი, ვაშლის ღვეზელი. ბალანჩინი სადარბაზოში რომ შემოვიდა, ტაშით შეეგებნენ. კაცმა იტირა სიხარულით..

ერთხელ უცნაური ამბავი მოხდა ბარნოვის 124-ში, მერე მსგავსი სიუჟეტი ფილმში გამოიყენეს.

ლიანა ასათიანი ბინის გადაცვლას აპირებდა. მისი მეუღლე, გუგული თორაძე, იმ დროს საქართველოში არ იყო. ლიანამ გაცვალა ბინა და გადავიდა. ისე მოხდა, რომ ქმარს ეს ამბავი ვერ შეატყობინა. ჩამოვიდა გუგული. ტაქსით მივიდა შინ. გადმოდგა სესილია: - არ გადმოხვიდე, გუგული, აღარ ცხოვრობ აქო! რა გინდა, სესილია, რას მერჩიო, - განცვიფრდა გუგული. არაფერს გერჩი, მართლა აღარ ცხოვრობ აქო! ამ დროს დალი მაცაბერიძეც გამოჩნდა ეზოში. ახლა მას ჰკითხა გაოგნებულმა, - მითხარი, რა ხდება ჩემს თავსო. ლიანამ ბინა გაცვალაო...

ძალიან  უყვარდა ახალგაზრდები ეროსი მანჯგალაძეს... ბაზრიდან იმდენ სურსათს მოიტანდა, გაგიკვირდებოდა.

- რად გინდა ამდენი საჭმელი, ეროსი? - ჰკითხავდნენ.

- ბიჭებს უნდათ! - იყო პასუხი.

ეროსის ძაღლი მოუკვდა - ტანგო. დაასაფლავეს. ეროსი ტიროდა - რაღა ჩემს ბალიშზე და ჩემს ლოგინში მოკვდაო... ამიერიდან ძაღლი აღარ მიხსენოთო.

გავიდა დრო. ეზოს ძაღლმა ლეკვები დაყარა. დალი მაცაბერიძემ ერთი ამოარჩია და წაიყვანა თეატრში. იმ დღეს ეროსის სპექტაკლი ჰქონდა - "პეპო". შეუყვანა საგრიმიოროში და დაასვა გულზე. ეს რა არისო, - აბუხუნდა! ლეკვი შეშინდა, თუ რა იყო, დააფსა თეთრ მაისურზე. გაგიჟდა სიხარულით. უყურე რა ქნა... ჩემია, ჩემიო! სპექტაკლი დამთავრდებოდა თუ არა, ლეკვთან გარბოდა, - რას შვრება, როგორააო... აჭამეთ, ბუფეტიდან რამე მოუტანეთო... ეს ძაღლი ისე უყვარდა ეროსის, რომ გასტროლებზე რომ წავიდა უცხოეთში, იქიდან ერთი დიდი, წითელბაფთიანი ძვალი ჩამოუტანა.

ასეა ცხოვრება: ერთხელაც ყველაფერი მთავრდება... ბარნოვის 124-ში ცხოვრება ზოგისთვის როდის დამთავრდა, ზოგისთვის - როდის. თოლორდავები რომ ვაკის სასაფლაოსთან ახალ სახლში გადავიდნენ, ამის აღსანიშნავად  სუფრა გაშალეს. მეზობლები დაპატიჟეს. ეროსიმ: ვერ მოვალ: მაქედან სასაფლაო ჩანს... ჩვენ ვიქეიფოთ და იქ სასაფლაო იყოსო?! არ მივიდა...

P.S. ახლა, როცა ბევრი რამ იცვლება, როცა მეზობლობაც აღარ არის ძველებური, უფრო მეტად ვერ შეელევი ამ მისამართს - ბარნოვის 124. ამ სახლში ხომ განუმეორებელი ისტორია დაიწერა.