"ამ ტრაგედიამ ორივე ძალიან გაგვტეხა. ვფიქრობ, მიშო სიმართლეს მიმალავდა, რადგან ასე მიცავდა, მაგრამ..."
"ამ ტრაგედიამ ორივე ძალიან გაგვტეხა. ვფიქრობ, მიშო სიმართლეს მიმალავდა, რადგან ასე მიცავდა, მაგრამ..."
ფოტო:ლენა რაქვიაშვილი-ჯოჯუა შვილთან ერთად
"გამომეხმაურეთ 1990 წლის ზაფხულში დაბადებულო გოგონებო!!! მე ვარ დედა და ვეძებ ჩემს გაუჩინარებულ, 3 დღის ქალიშვილს!!! მწამს, რომ ცოცხალი ხარ!!! გენში უსათუოდ გაქვს ორი, მკაფიოდ გამოხატული მონაცემი: მამისგან - სამსახიობო, დედისგან - მუსიკალური!!! ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი საბუთი მოვიძიე, რაც მაქვს ხელთ, და რაც უფრო მაჯერებს ჩემი პატარას და აწ უკვე სხვის ოჯახში გაზრდილი შვილის დედამიწაზე არსებობას!!! ზუსტ თარიღს, ადგილს და სამშობიაროს განგებ არ მივუთითებ, რადგან ამაოა და აზრს ვერ
ვხედავ!! არაადამიანების მიერ ყველაფერი ხომ ოსტატურად შეცვლილი გექნება, დე!!! გეძებ სრულიად საქართველოს (და არა მარტო!) მასშტაბით!!! ჩვენ თვითონ თავად ერთმანეთში გავერკვევით!!! ძალიან მიყვარხარ და მჭირდები!!! დიდი იმედი მაქვს, რომ შენც მეძებ, ჩემო პატარავ და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავიმარჯვებთ! გელი, როგორც არავინ, არავის, არასდროს!!!" -
ეს ამონარიდია მუსიკოსი ქალბატონის, ლენა რაქვიაშვილი-ჯოჯუას პოსტიდან, რომელიც მან ჯგუფში "ვეძებ" განათავსა. მან დღემდე ძალიან რთული გზა განვლო, საყვარელი ადამიანები ზედიზედ გამოეცალა ხელიდან, მაგრამ ტკივილებმა ვერ გატეხა, ცდილობს, პოზიტიურად იყოს დამუხტული, სხვების დასანახად მაინც, და თავად არის ბევრის ნუგეში... ამბობს, რომ ადამიანს არა აქვს დაცემის უფლება...

ქალბატონ ლენას და მის მეუღლეს, ცნობილ მსახიობ მიშო ჯოჯუას შეხმატკბილებული, ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ მერე შვილის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში პირველი ბზარი გააჩინა... ამ ყველაფერზე ქალბატონი ლენა გვიამბობს:

- ერთმანეთს იდეალურად ვეწყობოდით და ბედნიერად ვგრძნობდით თავს, სანამ თავს ქარბორბალა არ დაგვატყდა და ძლიერადაც გადაგვიარა... ჩვენი პირველი მზის სხივი, საბა 1983 წელს დაიბადა. 7 წლის გახდა, და ზუსტად სამ კვირაში შეგვეძინა გოგონა. სქესი წინასწარ ვიცოდით და ვაპირებდით მიშოს დედის სახელი, სოფიკო დაგვერქმია. სამწუხაროდ, ბავშვი დავკარგეთ.
მხოლოდ ერთხელ ვნახე - მაშინ, როცა ამ ქვეყანას მოევლინა. წონით პატარა იყო, 2.100, მაგრამ დღენაკლული არ გახლდათ, უცებ იტირა ლამაზი ხმით. ერთი შეხედვით, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. რას წარმოვიდგენდი, თუ ის პირველად და უკანასკნელად ვნახე... შვილი მეორე დღეს არ მომიყვანეს და ჩემს აღშფოთებულ კითხვაზე, რა მიზეზით არ მოჰყავდათ ბავშვი? მიპასუხეს, - სუსტია და ჩვენ თვითონ ვკვებავთ, დამოუკიდებლად ჯერ ვერ შეძლებსო... მესამე საღამოს, ჩაჩავას ინსტიტუტის ბნელ დერეფანში, დარდიან-ნაღვლიანი, ბარბაცით დავბოდიალობდი. ვერ ვისვენებდი, რადგან ბავშვი ჯერაც არ მენახა და უცებ ვიღაცამ მომაძახა: ნურანაირი იმედი ნუღარ გექნება, ჯობია სახლში დაბრუნდეო. გაგიჟებულმა გავამეორებინე ნათქვამი, მან კი ამ სიტყვებს დასძინა: ბავშვი აღარ არისო. მთლიანად დავბუჟდი და გავქვავდი. არ მახსოვს, სად ვიპოვე ტელეფონი სახლში დასარეკად. ამ ჯოჯოხეთს სასწრაფოდ მომაშორეთ-მეთქი! მოქანდნენ ჩემი ოჯახის წევრები და რასაკვირველია, წამიყვანეს. იქ კი დამხვდა ჩემი ხელით გამზადებული ბავშვის ვარდისფერი კუთხე და პატარისთვის დაწყობილი ყველანაირი ლამაზი ატრიბუტიკა. ხელცარიელი და გულდათუთქული შეუგნებლად ვუყურებდი ამას და არც მესმოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს.

- სავსებით ლოგიკურია, რომ იმ ღამეს არა, მაგრამ მომდევნო დღეს გარდაცვლილ ბავშვს მიაკითხავდნენ თქვენი ოჯახის წევრები...
- მეორე დღეს რომ გავიღვიძე, მიშო სახლში არ დამხვდა. არადა, დილის 9 საათზე ყოველთვის შინ იყო, თეატრში თერთმეტისთვის მიდიოდა. ერთ-ორ საათში დაბრუნდა: სამშობიაროში ვიყავი და ბავშვი დავკრძალეო. რაც დრო გადის, უფრო და უფრო არ მჯერა მისი ამ სიტყვების. რატომ? 1990 წელს არ არსებობდა არანაირი სარიტუალო მომსახურება. იყო სიბნელე, შიმშილი, მანქანებიდან ბენზინის მოპარვა. ეს კი ამბობდა, პატარა სასახლე შევუკვეთე და ტასიკოს (მიშოს ბებია) გულზე დავკრძალეო. უაზროდ, მექანიკურად ვუსმენდი. იმ პერიოდში არც მკვდრებში ვეწერე და არც ცოცხლებში. ვერაფერს ვაცნობიერებდი და თვალდახუჭულმა დავუჯერე. თან ის ისეთი დიდი წარმოსახვის ნიჭით დაჯილდოვებული მსახიობი იყო, რომ შეუძლებელი გახდა მის სიტყვებში ვინმეს ეჭვი შეპარვოდა, მით უმეტეს, ნახევრად გათიშულ ლენას. დღევანდელი გადასახედიდან კი ვცდილობ, ლოგიკური პასუხები მოვუძებნო კითხვებს: რატომ არავინ გაიყოლა? უმანქანოდ როგორ მოაგვარებდა ამ ყველაფერს? 2 საათი - ეს ხომ საკმარისი დრო ვერაფრით იქნებოდა იმისთვის, რომ ყიფშიძიდან ჩაჩავამდე მისულიყო, ვიღაც ენახა, ესაუბრა, ბავშვი წამოეყვანა, პატარა სასახლე ეშოვა, შიგ ჩაესვენებინა, ვაშლისჯვრის სასაფლაოზე მარტოს დაეკრძალა და სახლში დაბრუნებულიყო! წარმოუდგენელია, ფიზიკურად ვერ მოასწრებდა! ეტყობა, იქ მისულს უთხრეს, რომ ბავშვი უკვე დაკრძალეს (არარსებულ!) სასაფლაოზე, რასაც ჩვეულებრივ ეუბნებოდნენ ხოლმე მშობლებს, და ამან სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ოდნავ მაინც რომ დავემშვიდებინე, დამაჯერა, საფლავი მაინც გვექნებაო. ახლა ეგზგუმაციის ჩატარებას აზრი აღარ ჰქონია, რაშიც სამხარაულის ექსპერტებმა დამარწმუნეს, მაგრამ მე ისედაც წმინდად მჯერა, ისევე, როგორც სხვა უამრავ დედას, რომ მეც წამართვეს შვილი და ის ცოცხალია...

მაშინ კი, პატარა საბა ცალკე მეკითხებოდა: დეე, რატომ გაუშვი ჩვენი სოფიკო? მე ხომ ძალიან ველოდებოდი ჩემს დაიკოს. ანგელოზებს რომ მიჰყავდათ, ხელი მაგრად რატომ არ მოკიდეო?... საბასაც მოვაკელი ყურადღება, იყო მინდობილი დედაჩემს, დედამთილს, მამამთილს და ჩემს და-ძმას. შავებს არ ვიხდიდი, არაფერს ვაკეთებდი საიმისოდ, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. სამი თვე მიყურეს და შემდეგ, ოჯახის საბჭომ მოითათბირა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო და საბუკა და მე ბულგარეთში გაგვიშვეს დასასვენებლად, რომ იქ ნელ-ნელა აღმედგინა საკუთარი თავიც და შვილზე ძველებურად მეზრუნა. ასეც მოხდა.
მერე ძალიან დიდხანს ვცდილობდი და რაღაც პერიოდი მივაღწიე, ვისწავლე ის, რომ ამ მოგონებებს აღარ დავბრუნებოდი. თავი დავირწმუნე და ჩავთვალე, ჩემი ცხოვრების ეს ყველაზე ცუდი სიზმარი ხშირად არ გამეხსენებინა. მაგრამ ჩემში მაინც ყოველთვის იდო სოფიკოს დაკარგვით გამოწვეული უდიდესი ტკივილი.
ნიკო გომელაური და მიშო ჯოჯუა
- რაღაც პერიოდის შემდეგ საყვარელ ადამიანთან დაშორებაც მოგიხდათ. ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმა იქნებოდა თქვენთვის.
- ამას დარტყმაც აღარ ჰქვია... ჩემსა და მიშოს შორის თანდათან დაიწყო განხეთქილება. გაჩნდა ბზარი და რამდენიმე ხანში უფსკრულად გადაიქცა. მიშო ვერ შეეგუა ჩემს ასეთ ცვლილებას... მე მხოლოდ ის მანუგეშებდა, რომ მიშოსთან გვერდით გატარებული 11 წლის შედეგად გვყავდა საერთო, არაჩვეულებრივი არსება - ჩვენი შვილი საბა, რომელიც ცხოვრების სტიმულს მაძლევდა.

- სამწუხაროდ, ახლახან საბაც დაკარგეთ...
- ჩემი 37 წლის ვაჟკაცი, უკიდეგანოდ განათლებული და ნიჭიერი საბუკა შარშან ზაფხულში, 17 ივლისს დავკარგე თრომბოემბოლიით. მოსკოვში იყო, მის გვერდით რომ ვყოფილიყავი, მწამს, ეს ასე არ მოხდებოდა. გამთენიას დამირეკა: დე, ვერ ვარ კარგად, შენი ხმა გამაგონე, ცოტა დამელაპარაკეო... და მალევე გარდაიცვალა... 6 თვით ადრე დავკარგე დედა, რომელიც იყო ჩემთვის დედაც, მამაც და ყველაფერი დედამიწაზე. მისი დატირებაც კი ვერ მოვასწარი... მაგრამ საბას ასეთი უეცარი და მოულოდნელი წასვლით - უკვე მართლა გაუსაძლისი, ენით აღუწერელი ბედის დარტყმა მერგო წილად. გამიფრინდა ჩემი, არამც თუ შვილი, არამედ, პირველ რიგში, ცხოვრების იმედი, უერთგულესი მეგობარი და უჭკვიანესი მასწავლებელი. ახლა ისღა დამრჩენია, მოთმინებით ველოდო იმ წამს, როცა უფალი მოისურვებს საბუკასა და ჩემს შეხვედრას...
კიდევ მინდა ხაზგასმით ვაღიარო ის, რომ ამხელა, ცრემლიან, დარდიან, აქაურ ყოველდღიურ ერთფეროვან ყოფაში, მაინც მაქვს იმედის ნაპერწკალი ჩემი დაკარგულ გოგოს პოვნისა. ვგრძნობ, რომ ცოცხალია.

- უკაცრავად კითხვისთვის, მაგრამ ეს იმედი ამდენი წლის შემდეგ რამ გაგიჩინათ?
- ეჭვი მაშინაც მქონდა, სანამ მიშო ცოცხალი იყო. ამ თემატიკაზე გადაცემების შემყურე, ყოველთვის ვეძახდი და ახალ-ახალ ჯვარედინ დაკითხვას ვუწყობდი, მუქარით: თუ არ გინდა შენს თვალწინ, ახლავე, მეათე სართულიდან გადავხტე, სიმართლე მითხარი-მეთქი. ის კი, შეშინებული, ისევ და კვლავ იმ თავის პირველად შეთხზულ ვერსიას მიმეორებდა და შეურაცხადს, მამშვიდებდა. რა თქმა უნდა, ასეთი სცენები მისთვისაც არ იყო ადვილი... ეჭვს მიჩენს ის ფაქტიც, რომ როცა სოფიკოს საფლავი პირველად ვნახე, ვითომ "დაკრძალვიდან", დაახლოებით, ორი კვირის მერე, ახლა ვაანალიზებ, რომ მიწა სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ახალ გადათხრილს არანაირად არ ჰგავდა... თუმცა, მე, ყოველ ჯერზე ჯიქურ მიმქონდა უამრავი რამ: საწოვარები, ბოთლები, საჟღარუნო სათამაშოები, თოჯინები. მთელ საფლავს ასე ვრთავდი და ვალამაზებდი. ამ ყველაფრის შემყურემ, მიშომ დაიწყო სმა და ჩვენი ურთიერთობა უკიდურეს ზღვარს უახლოვდებოდა. ამ ტრაგედიამ ორივე ძალიან გაგვტეხა. ვფიქრობ, მიშო სიმართლეს მიმალავდა, რადგან ასე მიცავდა, მაგრამ თვითონაც ხომ უდიდესი სტრესი მიიღო ამით! ის 2008 წელს გარდაიცვალა და სამწუხაროდ, ახლა, როცა ჩემი ეჭვი უფრო საფუძვლიანი გახდა, ვეღარასდროს ვეღარ ვკითხავ, რა მოხდა იმ დღეს... ბედნიერია, საბას წასვლას რომ არ მოესწრო...

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც დავთანხმდი ამ ინტერვიუს: სულ მალე ვაპირებ გენეტიკური ტესტის ჩატარებას. მისი პასუხის საფუძველზე სავსებით რეალურია ჩემი გაუჩინარებული გოგონას პოვნა. მთავარია, თვითონაც უნდა ჰქონდეს ჩატარებული ეს მარტივი, მაქსიმალურად სანდო და ხელმისაწვდომი პროცედურა. ამიტომ ხმამაღლა მოვუწოდებ ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ეძებს თავის ბიოლოგიურ მშობლებს და აინტერესებს თავისი გენეოლოგია, გადადონ ყველა სხვა საქმე და უსათუოდ დაუყოვნებლივ ჩაიტარონ ეს ტესტი. საკუთარ ილუზიებში მყოფს ნუ ჩამთვლით, სრულიად ადეკვატურად ვმსჯელობ. და იმ კრიმინალებს კი, ვინც თავის დროზე ზღვარგადასული მომხვეჭელობის გამო ცოცხალი ჩვილების ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი, ახსოვდეთ, რომ ამქვეყნად თუ არა, იმ ქვეყნად მაინც არა რა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს...

პ.ს. თუ ვინმემ რაიმე იცით ამ ამბავთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 558 25-60-81. საჭიროების შემთხვევაში, ანონიმურობა გარანტირებულია.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (1)
ania
13 ოქტომბერი 2021 14:25
ქალბატონო ტქვენი შვილი სავარაუდოდ ცოცხალია! ასე მოატყეს და გაუყიდეს ბავშვები ბევრს, ნახეთ ფბზე ჯგ ''ვეძებ''

რუბრიკის სხვა სიახლეები