"თითქოს მე ვმალავდი და ვფარველობდი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, არის მორიგი სიცრუე" - რას აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე? - კვირის პალიტრა

"თითქოს მე ვმალავდი და ვფარველობდი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, არის მორიგი სიცრუე" - რას აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე?

9 ოქტომბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" შაბათის ეთერში გასული სიუჟეტი, თითქოს მე ვმალავდი და ვფარველობდი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, არის მორიგი სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და მათ სახლში არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად, არც საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა ჩვენს სახლში, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ ჩემი მშობლები - 88 წლის მამა და 85 წლის დედა, რომლებიც შეძრულები არიან და ძალიან მძიმედ გადაიტანეს აღნიშნული ცილისწამების ტირაჟირება.

ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობამ შეძრა ჩემი ოჯახი ისევე როგორც მთელი ქვეყანა და ამ საქმეში ეჭვმიტანილების შეფარების დაბრალება ჩვენთვის ასმაგად მტკივნეულია.

ხაზგასმით ვაცხადებ, ეს არის ზღვარსგადასული, მორიგი მორალური ძალადობა და ჩემი და ჩემი ოჯახის რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და დღემდე გრძელდება აღნიშნული მედიასაშუალების პოლიტიკურად ანგაჟირებული მფლობელების მხრიდან პირადი შურისძიების მიზნით!“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

"ინტერპრესნიუსი"