"ადამიანი "არჩევნების და ქორწინების შემდგომ იშვიათად იღებს იმას, რაც სურდა" - რა განწყობით ელოდებიან მეორე ტურს საზოგადოების წარმომადგენლები - კვირის პალიტრა

"ადამიანი "არჩევნების და ქორწინების შემდგომ იშვიათად იღებს იმას, რაც სურდა" - რა განწყობით ელოდებიან მეორე ტურს საზოგადოების წარმომადგენლები

პოპულარულ გამონათქვამს თუ დავუჯერებთ, ადამიანი "არჩევნების და ქორწინების შემდგომ იშვიათად იღებს იმას, რაც სურდა". 2 ოქტომბრის არჩევნებმა ეს გამონათქვამი ზედმიწევნით გაამართლა: ოცამდე ქალაქში ოპოზიციამ მწვავე კონკურენცია გაუწია მმართველ გუნდს და ახლა კმაყოფილი არც ერთი მხარეა და არც მეორე. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 49% არჩევნებზე არ მივიდა, ახლა ყველა მეორე ტურის მოლოდინშია. როგორი განწყობით ეგებება მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურს, ამაზე ჩვენი რესპონდენტების ნაამბობიც მეტყველებს:

"კიდევ კარგი, იმედი არსებობს..."

ნინო თარხან-მოურავი, მსახიობი: - პოლიტიკა არ მაინტერესებს, რადგან 25 წლიდან ჩემ ირგვლივ სულ რაღაც ხდება, სულ კამათი და პოლიტიკური დაპირისპირებაა. ამ ყველაფრით ძალიან დავიღალე. საინფორმაციო გამოშვებებსაც აღარ ვუყურებ და სულ ვცდილობ სხვა, საინტერესო საქმით დავკავდე. მიუხედავად ამისა, არჩევნებზე ყოველთვის მივდივარ, 2 ოქტომბერსაც მივედი და მეორე ტურზეც წავალ, ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია. სხვა მხრივ, პოლიტიკაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება არ მინდა, მირჩევნია ეს პანდემია დასრულდეს, მირჩევნია ჩემი შვილები და შვილიშვილები კარგად იყვნენ და სულ არ მინდა ჩემი დრო გაურკვეველ ქიშპობას და დაპირისპირებას დავუთმო. ალბათ, ამიტომ, ვინც არჩევნებზე არ მიდის, იმ ხალხს ვერც გავკიცხავ და ვერც შევაქებ. შეიძლება ეს ერთგვარი ნიჰილიზმის გამოხატულებაც იყოს... მეორე ტურისგან რას ველოდები? - არაფერს. რისი მოლოდინი უნდა მქონდეს - უკეთესი მომავლის? კიდევ კარგი, იმედი არსებობს - ალბათ, მის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებდა!

"ჩემი თაობა საქართველოში ბევრ რამეს შეცვლის"

რუსკა ქარქაშაძე, ტელეწამყვანი: - 2 ოქტომბრის არჩევნებში ბევრი ჩემი თანატოლი ჩაერთო. როცა ახალგაზრდობა აქტიურობს, ძალიან კარგია. ახლა მეორე ტურიც მოდის და დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდების აქტიურობა ბევრ რამეს უკეთესობისკენ შეცვლის. ცვლილებები და განახლება აუცილებელია, რათა მთავრობას მოდუნების საშუალება არ მიეცეს, ხალხმა თავის ქვეყანაში ბედნიერად და კომფორტულად რომ იგრძნოს თავი. არჩევნებზეც ამიტომ წავედი, რადგან ვიცი, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია. ბევრს დაეზარა და არ მივიდა, ან არ იცის, ხმა ვის მისცეს. სხვას ვერ განვსჯი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: მე ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩემი ყოფნა იქნება საჭირო. ისიც ვიცი, რომ ჩემი თაობა საქართველოში ბევრ რამეს შეცვლის.

"გეკითხებით, მიშას დროინდელი საქართველო ჯობია?!"

გეგე სულხანიშვილი, მსახიობი: - მე მიმაჩნია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ნორმალურად ჩატარდა, ინციდენტები ყველგან ხდება, მაგრამ მთლიანობაში პირველი ტურის შედეგები ჩვენი ხალხის მიღწევა იყო. ეს ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ასეა. შესაძლოა "ოცნება" ბევრს არ მოსწონდეს, ალბათ, ვიღაცას ოცნებები არ აუსრულდა, მაგრამ მე გეკითხებით - ახლანდელი საქართველო ჯობია თუ მიშას დროინდელი? ისიც ვაღიაროთ, რომ კალაძისთანა მერი ჯერ არ გვყოლია! ამ ხნის კაცი ვარ, ყველაფერი მინახავს, მაგრამ კალაძის მსგავსი დახვეწილი ადამიანი არ შემხვედრია. ჩვენ ორად გაყოფილ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მესამე ძალა ვერა და ვერ გამოჩნდა და ამიტომაც ვფიქრობ, რომ მეორე ტურშიც ხმას კალაძეს მივცემ.

"მოჯადოებული წრე როგორმე უნდა გავარღვიოთ"

გოგა ჩანადირი, ფოტოკორესპონდენტი: - 30 ოქტომბერს მეორე ტური რომ უნდა გაიმართოს, ძალიან კარგია: ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა იზრდება, რომ ამომრჩევლების შეგნება გაიზარდა. ჯერ კიდევ გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ უმრავლესობით მოსული ერთი პირის მმართველობა არ ამართლებს. ამიტომ უკვე ბევრი ფიქრობს, რომ კოალიციური მთავრობა ჯობია. გერმანიაში, მაგალითად, კოალიციურმა მმართველობამ ძალიან გაამართლა. სამწუხაროდ, ჩვენთან არჩევნები ლანძღვა-გინების და ერთმანეთის დაკნინების გარეშე იშვიათად ტარდება, რაც ხალხში უნდობლობასა და ნიჰილიზმს იწვევს. 30 წელია ერთმანეთს ვლანძღავთ, ვაშინებთ და მტრის ხატების შექმნაზე ვკარგავთ ძვირფას დროს. ვინც 2 ოქტომბერს არჩევნებზე არ მივიდა, 30 ოქტომბერს მაინც მივიდეს, რომ მათი ბიულეტენები ვიღაცამ ბოროტად არ გამოიყენოს. სწორედ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენი ხნით დატოვოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა სათავეში. ახლა მთავარია, ეს მოჯადოებული წრე როგორმე გავარღვიოთ - მეორე ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ცნობილია, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩეველთა 49 პროცენტი საარჩევნო უბნებზე არ მისულა - ეს მართლა ცუდი შედეგია: როდესაც მოსახლეობის ნახევარი არჩევნებზე არ მიდის, ეს ჩვენი ქვეყნის მომავალზე დადებითად არ აისახება. მესმის, რომ საპროტესტო გამოსვლებმა ყველა ძალიან დაგვღალა, მაგრამ ხმის მიცემის კულტურა იქნებ 21-ე საუკუნის საქართველოში მაინც დავამკვიდროთ.