"თვითმკვლელი სახლების" სულისშემძვრელი ტრაგედია - კვირის პალიტრა

"თვითმკვლელი სახლების" სულისშემძვრელი ტრაგედია

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 9 კაცი, მათ შორის სამი ბავშვი. ორი დღის განმავლობაში მთელი ქვეყანა სუნთქვაშეკრული ელოდა, რამდენი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდნენ მაშველები, რომლებიც სამუშაოს სპეციფიკურობის გამო, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით მუშაობდნენ. ქართველი საზოგადოება წლების განმავლობაში ცხოვრების წესად ქცეული გულგრილობის, თითის ერთმანეთისკენ გაშვერის, წაყრუების შედეგად კიდევ ერთი მძიმე ტრაგედიის მომსწრე გახდა. ამიტომაც ახლა მთავარი კითხვაა - რას შევცვლით ხვალ? გავაგრძელებთ უნებართვო მიშენებებსა და დაშენებებს, სიცოცხლის რისკის ფასად გავაგრძელებთ საცხოვრებელი თუ კომერციული ფართობების გარემონტებასა და გაფართოებას, თუ ეს მწარე გაკვეთილი ჭკუას გვასწავლის?!

შვიდსართულიანად გადაკეთებული სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს მოულოდნელად ჩაინგრა. როგორც ამბობენ, სახლი რამდენიმე დღის განმავლობაში ზანზარებდა. ბათუმის მკვიდრი "კვირის პალიტრას" უყვება, რომ სარემონტო სამუშაოების გამო მხოლოდ გვერდით მდებარე შენობებიც ზანზარებდა, მაგრამ პატრონს არ შეუჩერებია სარდაფის გარემონტება, რომელიც კომერციული დანიშნულებისთვის უნდა გამოეყენებინა.

"ბავშვს ონლაინგაკვეთილები ჰქონდა, არადა, სკოლაში რომ წასულიყო, გადარჩებოდა"

ანა, ბათუმის მკვიდრი: - იმ კორპუსში ახლობელთან ვიყავი და სარდაფის ბურღვის გამო შენობის კედლები ისე ზანზარებდა, შემეშინდა და ლიფტში არ შევედი. ჩემს ახლობელს ვკითხე კიდეც, საშიში არ არის-მეთქი? ამ სახლმა იმდენ რამეს გაუძლო, იმედია, ამასაც გაუძლებს, ვიღაცამ იყიდა ფართობი და მგონი, სილამაზის სალონს აკეთებს, ხელოსნები მოიყვანა და ყველაფერს ანგრევსო. დაინგრა კიდეც... ახლა რომ ამბობენ, რატომ არავინ გაასაჩივრაო, საჩივარი ვის უნდა დაეწერა, როდესაც ყველას აქვს მიშენება, დარღვევა...

ჩემი ახლობლები, გია შომახიას ცოლ-შვილი, 9 ოქტომბერს ამოიყვანეს. გია, მთელი ღამე დაჩოქილი, დამუნჯებული იდგა დამცავ ხაზთან და ღმერთს ეხვეწებოდა ცოლ-შვილის პოვნას...

ნანგრევებიდან ჯერ მცირეწლოვანი შვილების დედა ინგა მეკეიძე ამოიყვანეს, იმედი გაგვიჩნდა, ვიფიქრეთ, რომ ჩვენც გვქონდა შანსი... შემდეგ ამოიყვანეს ზვიად თავდგირიძე. ზვიადი ახალგაზრდა და ძლიერი ბიჭია, იმედია, გამოძვრება. ინგას ბავშვების ცხედრები ბიძასთან ჩახუტებული რომ ამოიყვანეს, იმედი გადაგვეწურა. ინგა მეკეიძის მაზლი ახლახან დაბრუნდა უცხოეთიდან და სტუმრად იყო. ეტყობა, ბიძამ ამ უბედურებისგან ბავშვების დაცვა გადაწყვიტა, ორივე ჩახუტებული ჰყოლია. ინგას მესამე შვილი 5 წლის არის, მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი და სწორედ ამან გადაარჩინა მამა-შვილი. თითქოს უფალმა სიცოცხლე აჩუქა ცხოვრების გასაგრძელებლად.

რაც დრო გადიოდა, იმედი გვეწურებოდა. გია შომახია ნანგრევებთან იდგა და ჯიუტად ელოდებოდა მეუღლისა და შვილის შესახებ ცნობებს. ხავსს ვებღაუჭებოდით. გია მაშველებს ეკითხებოდა, უკვე აღარავის ხმა აღარ ისმის, თუ იმედი არისო? ისინი ამშვიდებდნენ, არის იმედი, ხმა გავიგეთ, ბავშვისას ჰგავდაო. ბავშვს ონლაინგაკვეთილები ჰქონდა. 12 წლის იყო. არადა, სკოლაში რომ წასულიყო, გადარჩებოდა.

"თითქმის ყველა ხუთსართულიან კორპუსს ორი სართული დაშენებული აქვს"

ირმა ზოიძე, სამოქალაქო აქტივისტი: - "ხრუშჩოვკების" პირველი სართულები კომერციული ფართობებისთვის გათვალისწინებული არ არის. ვინაიდან მცირე ფართობი კომერციული სივრცისთვის გამოუსადეგარია, ადამიანები მის გადიდებას იწყებენ კედლების გამონგრევის ხარჯზე. როდესაც მოქალაქეს თავად არა აქვს შეგნება, მონიტორინგი აუცილებელია. თითქმის ყველა ხუთსართულიან კორპუსს ორი სართული დაშენებული აქვს, მათ "ლექტორების სახლებს" ეძახიან. ეტყობა, თავის დროზე უნივერსიტეტის შეკვეთით აშენდა.

ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც ლოჯიები ჰქონდა მიშენებული, შუაღამისას ერთ სართულზე ჭერი ჩამოინგრა. საბედნიეროდ, ოჯახი სხვა ოთახში იყო და არავინ დაშავებულა. მაშინ მერიის სამსახურმა მცხოვრებლები გამოასახლა. რამდენიმე თვე ქირით ჰყავდათ, მაგრამ დიდხანს ვერც ქირა გადაიხადა და ხალხი ისევ იმ ჩამონგრეულ კორპუსში შესახლდა.

არ არსებობს პასუხისმგებელი პირი, რომელიც მიშენებებს აკრძალავს, ამ განუკითხაობაში თავად მოქალაქეებსაც დიდი წვლილი შეაქვთ. ამ საკითხზე ლაპარაკი აგრესიასაც კი იწვევს, რადგან ბათუმელების დიდი ნაწილის ბინებს მიშენებები აქვთ.

ბათუმში იმაზე იოლად იძლევიან ნებართვებს, ვიდრე თბილისში. რეგულაციები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ახლა ბათუმში უნებართვოდ ერთდროულად შვიდი მაღალსართულიანი კორპუსი შენდება. არის შემთხვევები, როდესაც 5-6 სართულზე იძლევიან ნებართვას, მაგრამ სამშენებლო კომპანია თვითნებურად ამატებს...

ქობულეთში, "ლეოგრანდის" შემთხვევის შემდეგ მეგონა, ყველაფერი გამოსწორდებოდა (2017 წელს სასტუმრო "ლეოგრანDდში" ხანძარი გაჩნდა, შედეგად დაიღუპა 11 კაცი, მათგან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქე იყო. დაშავდა 21 პირი, მათ შორის სამი მაშველი). იმდენი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა დაგვეღუპა და ცვლილებებს ნამდვილად ველოდით, მაგრამ უშედეგოდ. რიგით ჩინოვნიკზე, მეპატრონესა და მუშაზე კი არ უნდა გადატყდეს ჯოხი, სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა უნდა დაიწყოს.

"ყველა მიშენება ნელი მოქმედების ნაღმია"

ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე: - მიშენების ბუმი 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მაშინდელმა მთავრობამ ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად უკანონო მიშენებაზე თვალი დახუჭა და "თვითმკვლელი სახლების" პრივატიზაცია დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. ავარიული და ამორტიზებული სახლების დიდი ფოტომასალა მაქვს, 90%-ში ხალხი ცხოვრობს. 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ ავარიული სახლები აღიწერა და მათ ავარიულობის, შესაბამისად, 1, 2, 3 და 4 კატეგორიები მიენიჭა. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა, ის ხალხი კი ისევ იქ ცხოვრობს. 20-25 წელია ამაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ... ახლახან ბათუმში წყალდიდობა იყო და მაშინაც ვთქვი, როგორ გგონიათ, ეს წყალი სად მიდის, ფუნდამენტში ჩადის-მეთქი.

შენობას, რომელსაც სარდაფი გამოთხრილი აქვს, მზიდი კედელი არა აქვს და თუ კიდევ რამდენიმე სართულს დააშენებ, ლიფტის კონსტრუქციას მიაშენებ, მიწისძვრა არც სჭირდება, ისე დაინგრევა...

ლიფტი ისეთ შენობებს მიაშენეს, რომელთა კონსტრუქციაში არ იყო გათვალისწინებული. ლიფტს დიდი ვიბრაცია აქვს და ძირგამოთხრილ და დამძიმებულ შენობებს მუდმივად აზანზარებს. ეს მხოლოდ ბათუმში არ ხდება, მთელი საქართველოს რეალობაა. ბათუმში ჩამოშლილი შენობა პირველი სიგნალია და აუცილებლად მოჰყვება სხვა შემთხვევებიც - ჯერ თვეში ერთხელ, შემდეგ კვირაში ერთხელ. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია.

ვისაც როგორც უნდა, ისე გადააქვს კანალიზაციის მილი, ამტვრევს ფანჯრისთვის კედელს, ცვლის კონსტრუქციას. ამას ერთ კორპუსში რამდენიმე მობინადრე აკეთებს ხოლმე.

თბილისში სამბალიანი მიწისძვრაც რომ მოხდეს, სახლები მიწასთან გასწორდება. ეს ხდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. ჩვენთან ეს პოსტსაბჭოთა სენია. ევროპის ქვეყნებში მერიამ კიდევაც რომ გასცეს ამის ნებართვა, მოქალაქეები არ გააკეთებენ, რადგან სამოქალაქო შეგნება აქვთ. ჩვენთან კი იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ. თავად რომ იშენებ, კარგია, სხვა რომ აშენებს - ცუდი - ამ პრინციპით ვცხოვრობთ. ორივე რომ ცუდია, ამას ვერც ერთი მხარე ვერ ხვდება.

უკანონო მიშენებების კვალდაკვალ, ამორტიზებული ლიფტების ექსპლუატაციის 25-წლიანი ვადა 30 წლის წინ ამოიწურა. ეს ვადაც მოვლის შემთხვევაში აქვს, ჩვენთან კი არავინ უვლის და მაინც ამუშავებენ.

მალე, ალბათ, ლიფტების ჩაწყდომაც დაიწყება, ქვეყანაში ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა 18 ათასს აჭარბებს და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მკვლელი ლიფტების" შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო და არც ამაზე საუბარია პოპულარული.

უკანონო მიშენებების საქმეს რომელიღაც ხელისუფლებამ ხელი ხომ უნდა მოჰკიდოს? ხალხი უნდა გამოასახლოს, მიაყენოს ბულდოზერები და მიშენებები მოანგრიოს. ამით ძალიან იზარალებს პოლიტიკურად, მაგრამ მოქალაქეებს გადაარჩენს.

რას ამბობს საჯარო რეესტრი?

მას შემდეგ, რაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, გავრცელდა არაერთი მოსაზრება, რომ ნგრევა მშენებლობამ გამოიწვია. როგორც მერიაში ამბობენ, ბოლო წლებში ამ კორპუსზე მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა, პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ ბინის ერთ-ერთ მფლობელს, ზაურ ბუდატოვს (ზოგიერთ დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც ბუდაგოვი), სარდაფისა და ბინის გაერთიანება სურდა.

4 ოქტომბერს მან საჯარო რეესტრს მიმართა და 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე კორპუსის სარდაფის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. უწყებამ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, რადგან ბუდატოვს წარმოდგენილი არ ჰქონდა კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინისა და სარდაფის გაერთიანების შიდააზომვითი ნახაზი. ოღონდ, საჯარო რეესტრმა ეს პასუხი 8 ოქტომბერს 18:33 საათზე, ანუ მას შემდეგ გასცა, რაც კორპუსი უკვე ჩამონგრეული იყო. როგორც საჯარო დოკუმენტებით ირკვევა, ბუდატოვი ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე 73,03 კვმ და 36,18 კვმ ფართობის ბინებსა და 5,78 კვმ-იან სარდაფს ფლობდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ამ კორპუსში სამუშაოების ნებართვა არ გაუცია - ის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო არც არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. ადმინისტრაციული წარმოება კი მიმდინარე განაცხადზე მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარიმართა.

სავარაუდოდ, ნებართვის მიღებამდე ბუდატოვს სარემონტო სამუშაო დაწყებული ჰქონდა. ნგრევის თვითმხილველი ამბობს, რომ კორპუსის ჩამოშლამდე დაინახა, როგორ შეჰქონდათ შენობაში სამშენებლო იარაღები.

"დაკავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს"

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიება ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე ყველა მიმართულებით, მათ შორის გაცემული სამშენებლო ნებართვების გამო მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი - ფართობის მეპატრონე და ორი მუშა. თუმცა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს. უწყების განცხადებით, მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაო, რამაც ნგრევა გამოიწვია.

"ჩემთვის უცნობო აჭარელო ძმაო, მტკივა შენი ტკივილი"

პოეტი გელა დაიაური ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთAა ოჯახებს თანაუგრძნობს. შეგახსენებთ, 2010 წელს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ 7 ადამიანის, მათ შორის გელა დაიაურის მეუღლისა და მისი ორი ვაჟის სიცოცხლე იმსხვერპლა... "ჩემთვის უცნობო აჭარელო ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში... როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის!!! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა... რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიწევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი. სულით და გულით თანაგიგრძნობ და თანავუგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს!!! არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით!!!".