"უამრავი აფხაზი არ აღიარებს, მაგრამ მაინც თვალს ადევნებს ქართულ ამბებს... სააკაშვილის მშვიდობიანი მმართველობის, ალბათ, არავის სჯერა" - კვირის პალიტრა

"უამრავი აფხაზი არ აღიარებს, მაგრამ მაინც თვალს ადევნებს ქართულ ამბებს... სააკაშვილის მშვიდობიანი მმართველობის, ალბათ, არავის სჯერა"

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა რამდენიმე დღეა ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს და ფიქრობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე განვითარებული მოვლენები პირდაპირ უკავშირდება აფხაზეთთან ურთიერთობას... ზოგიერთი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წარმატებულ რეფორმატორად მიიჩნევს და ხშირად არგუმენტად 2000-იან წლებში კრიმინალური სამყაროსთვის გამოცხადებული ბრძოლა მოჰყავს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ სააკაშვილი აფხაზებისთვის წინააღმდეგობრივი პერსონაა.

"ჩვენთვის ქართველები, საქართველო და მიხეილ სააკაშვილი საინტერესო აღარ არის", - წერს ოკუპირებული აფხაზეთის ინტერნეტგამოცემა telegra.ph-ი. Абхазия-центр-ის პუბლიკაციის თანახმად, "საქართველო აფხაზებისთვის შორეულ წარსულად დარჩა, ოღონდ მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. როგორი ლიდერიც უნდა მოვიდეს საქართველოს სათავეში, ეს მხოლოდ ქართველებს გამოადგებათ. თუმცა, გარკვეულწილად აისახება გალელების ცხოვრებასა და ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვინც საქართველოში ამა თუ იმ მიზნით ხშირად გადადის. დანარჩენებისთვის კი მთავარია სააკაშვილივით ომი არ დაიწყოს. სხვა მხრივ, ჩვენს უბედურებას თუ პრობლემებს შეჩვეული ვართ", - ამბობენ აფხაზები გამოცემასთან საუბრისას.

აფხაზური ინტერნეტგამოცემა Асаркьа აფხაზთა კიდევ ერთი ნაწილის განწყობას გადმოსცემს: "საქართველოსა და ქართველების საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არ დგას... თუმცა არის კატეგორია, რომელიც ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებს".

"რევოლუცია არა, მაგრამ ციხეში ჩაჯდომა გამოუვიდა..."

ნოდარ ჩანბა, ბლოგერი: "თუ როგორ წარიმართება და დასრულდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელი ძალა გაიმარჯვებს მწვავე დაპირისპირებაში, საბოლოოდ მაინც უკავშირდება აფხაზეთთან ურთიერთობას, ვინაიდან, ასეა თუ ისე, ქართულ მხარესთან ემოციური ბმა ჯერ კიდევ არსებობს და უამრავი აფხაზი არ აღიარებს, მაგრამ მაინც თვალს ადევნებს ქართულ ამბებს, უყურებს ქართულ ტელეარხებს და მიმდინარე მოვლენების საქმის კურსშია...

როგორც სოხუმის კაფეებში, თავშეყრის სხვა ადგილებში ადამიანები ამბობენ, აფხაზეთის ხელისუფლება მშვენივრად ალაგებს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. თავის მხრივ, არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება რაიმე საწინააღმდეგო, რადგან მოსკოვი საქართველოს სამ ახალ სახელმწიფოდ აღიქვამს და თუ ისინი ერთმანეთთან საერთო ენას იპოვიან, ეს რუსეთისთვის მისაღები იქნება. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის ფინანსური დახმარება აფხაზეთში 400 მილიონამდე, სამხრეთ ოსეთში კი 700 მილიონამდე რუბლს შეადგენს და 2022-23 წლებში მისი გაზრდა იგეგმება...

აფხაზური მედიის ცნობით, სხვა საკითხია ქართული არაპროგნოზირებადი ოპოზიცია, განსაკუთრებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც შესაძლოა ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში ყველაფერი აურიოს. სააკაშვილის გუნდმა შეიძლება აფხაზეთს საერთაშორისო დონეზეც კი შეუქმნას პრობლემები ეკონომიკასა და სხვა საკვანძო საკითხებში, რასაც რუსეთიდან აუცილებლად მოჰყვება რეაგირება, რადგან მოსკოვს, თავის მხრივ, ასე თუ ისე, სათავისოდ მაინც დალაგებული აქვს სიტუაცია ორივესთან და რაიმე მიმართულებით ცვლილებებს არ დაუშვებს. ერთი სიტყვით, საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში ვარაუდებიც კი ძნელი გასაკეთებელია...

მთავარი ინტრიგა მაინც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაა, რომლის წინააღმდეგაც არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ახლა კიდევ ერთი, საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაემატა. ასე რომ, "კავკასიაში ყველაზე წარმატებულ რეფორმატორს" რევოლუცია არა, მაგრამ ციხეში ჩაჯდომა გამოუვიდა... თუმცა დასამალი არ არის, რომ ის უმნიშვნელო პერსონა არ არის, სავარაუდოდ, არც დიდხანს ციხეში ყოფნას აპირებს და არც ქართველი მანდელას როლის თამაში აწყობს.

არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლებაზე დასავლეთისგან ძლიერი ზეწოლა დაიწყოს, რაც ამიერკავკასიაში ახალ ცვლილებებს განაპირობებს, აფხაზეთს კი ახალ-ახალ თავსატეხს გაუჩენს, მით უფრო, აფხაზეთი რუსეთის გარდა სულ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა და არავითარი გარანტია არ არსებობს, მით უფრო ბატონი სააკაშვილის მმართველობის პირობებში".

"სააკაშვილის მშვიდობიანი მმართველობის არავის სჯერა"

აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "რეაბილიტირებული "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი ქვეყნის სათავეში მოვლენ, არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ქართული არმია ენგურის საზღვარს მოადგეს: "ერთი სიტყვით, მუდმივად შიშში მოგვიწევს ცხოვრება. სააკაშვილის მშვიდობიანი და სტაბილური მმართველობის, ალბათ, არავის სჯერა", - წერს დაურ ბენია.

აფხაზეთში არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ კარგი იქნება, მათმა ხელმძღვანელობებმა "საქართველოს სააკაშვილის დროინდელ მმართველობას მიჰბაძონ რეფორმებში და კრიმინალის, კორუფციისა და ნეპოტიზმის აღმოსაფხვრელად გაბედული ნაბიჯები გადადგან.

"აფხაზეთში მილიცია დემორალიზებულია"

"კარგად მახსოვს, როგორ შეუტიეს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა კრიმინალურ ავტორიტეტებსა და შევარდნაძის დროინდელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომლებიც კანონს არაფრად აგდებდნენ. საქართველოში გადავდიოდი 90-იან წლებში, სააკაშვილის დროსაც და ახლაც მიწევს. განსხვავება ყველა სფეროში თვალში საცემია... ჩვენ ისეც უშუქობაში ვცხოვრობთ და გაზიფიცირება შესაძლოა თავისუფლების დათმობად დაგვიჯდეს. კრიპტომაფიამ ენერგეტიკულად გაგვაკოტრა, რუსეთზე დამოკიდებული გაგვხადა...

შედარებისთვის კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, სკანდალს, აფხაზეთის ომის ვეტერანების მონაწილეობით, რომელშიც დეპუტატი გარი კოკაია და ალმასხან არძინბაც მონაწილეობდნენ. გამარჯვების დღეს სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში დათვრნენ, ქუჩაში გამოვიდნენ და ცეცხლი გახსნეს. გარშემო უამრავი ადამიანი ირეოდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. როგორც სხვა ომის ვეტერანების "გამოსვლები", ესეც უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა ერთი ამბავი - ქალაქის სხვა რესტორანში ქეიფობდა პრეზიდენტი ასლან ბჟანია მეგობრებთან ერთად. თვითმხილველებმა შს თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა კოკაიასა და არძინბას მეგობარი ათამდე ვეტერანი, უმეტესობა აძიუბჟელი, მათ არ დაემორჩილა და შეურაცხყოფაზე გადავიდა, "თურმე მათი დამსახურებაა, თავისუფალ აფხაზეთში რომ ვცხოვრობთ". რამდენად თავისუფლები და ბედნიერები ვართ, ამაზე მსჯელობას არ ვაპირებ, მხოლოდ კანონის უპატივცემულობაზე ვსაუბრობ... შედეგიც მიიღეს - მოთმინებადაკარგული მილიციელები ყველას სასტიკად გაუსწორდნენ, ზოგ ცხვირი აქვს გატეხილი, ზოგს თავი. რამდენიმეს ნაკერებიც დასჭირდა. დიახ, ფეხებით შედგნენ. უნდა ვაღიარო, გამომსარჩლელიც ცოტა ჰყავდათ, ვინაიდან წლების განმავლობაში მათ უკიდეგანო პრივილეგიებს კარგი არაფერი მოუტანია აფხაზეთისთვის. სხვებმაც იბრძოლეს და ჩუმად არიან, ვიღაცები დახოცეს და რა? მათმა ოჯახებმა რა ქნან? უნდოდათ და იბრძოლეს, ოღონდ ომის შემდეგ რა გააკეთეს აფხაზეთისთვის? აღმოჩნდა, რომ ბევრი საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძოდა... მოკლედ, შესაძლოა ყველაფერი ძველებურად მიჩუმათებულიყო, მაგრამ ასლან ბჟანიას სტუმრებს შორის ანატოლი ბიბილოვიც იყო და შესაძლოა ამიტომაც გამოიდვეს თავი ჩვენმა მილიციელებმა, თორემ ჩვენი ქალაქის ქუჩებში სროლა ვის უკვირს. რესტორან "რინასთან" შს მინისტრი დმიტრი დბარიც მივიდა სპეცრაზმთან ერთად. მან დეპუტატ კოკაიას იარაღის ჩაბარება სთხოვა, რაც ვეტერანმა იუკადრისა და მილიციონერებმა გადაწყვიტეს იარაღი ძალით წაერთმიათ. მეორე დღეს ნაცემი დეპუტატი ალმასხან არძინბა სამსახურის ავტომანქანით მივიდა შს სამინისტროსთან და შენობას ავტომატის მთელი ჯერი დააცალა. ახლა კი აძიუბჟელები მთავრობის სახლთან აქციებს მართავენ, როგორ თუ თანასოფლელები, გმირი ვეტერანები გაგვილახეს, მოღალატე შს მინისტრი უნდა გადადგესო... დმიტრი დბარმა კი, ძალოვანმა მინისტრმა, რომელიც აფხაზეთის გავლენიან ქურდებსა და კრიმინალურ დაჯგუფებებთან აპირებდა ბრძოლას, გამოძიების პროცესში უფლებამოსილების დროებით შეჩერების თხოვნის განცხადება დაწერა. ფაქტობრივად, ეს გადადგომას ნიშნავს. აქციების გამო პრეზიდენტმა ბჟანიამ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და სოხუმში დაბრუნდა. ახლა მთელი მილიცია დემორალიზებულია, რადგან ვეტერანებს მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, იწერება ბლოგები, პოსტები, სტატიები, როგორ ექცევიან ცოცხალ გმირებს, ფეხქვეშ ვთელავთ ეროვნულ ღირსებასო... ჩვენ ვამბობთ, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და მომავალი გვაქვს? დარწმუნებული ვარ, არა! სააკაშვილმა საქართველოში ასეთი პრივილეგირებული კასტა ამოძირკვა - ან დააპატიმრა, ან ქვეყნიდან გააქცია. ჩვენთან კი შესაძლოა ამ ყველაფერს ხელისუფლების შეცვლა მოჰყვეს. ეს არის განსხვავება!" - წერს სოხუმელი იზა არღუნი.