"კინაღამ გაგიჟდა, იქ რა მინდაო, თუმცა რომ ვეღარ­ ამოისუნთქა, ბედს შეეგუა და წავიდა" - კვირის პალიტრა

"კინაღამ გაგიჟდა, იქ რა მინდაო, თუმცა რომ ვეღარ­ ამოისუნთქა, ბედს შეეგუა და წავიდა"

85 წლისა გარდაიცვალა ამირან ქადეიშვილი - ოზურგეთის თეატრისა და ქართული კინოს მსახიობი, რომლის მხოლოდ გამოჩენაც კი სიხარულით ავსებდა ადამიანებს. ბავშვობიდან მომხიბვლელი, ნიჭიერი, მაგრამ ურჩი იყო, ამიტომ გურულმა ბებიებმა მასზე ხელი ჩაიქნიეს და რასაც ისურვებდა, ყველაფრის ნება დართეს. 16 წლისა ოზურგეთის თეატრშიც კი გაუშვეს სცენის მუშად, იქ კი, რეჟისორმა გრიშა ლაღიძემ შენიშნა, გაბრაზდა, როგორ შეიძლება ასეთი არწივივით ბიჭი მაყურებელს დავუმალოთო და სცენაზე გამოიყვანა, თანაც დაჭრილი არწივის როლი მისცა გამოსაცდელად. ამირანმა პიესა წაიკითხა და თვალები რისხვით აენთო, თეატრის დირექტორი კი აცრემლდა - თურმე როგორ ვაშავებდი, სამი თვე სცენის მუშად რომ გამუშავე, დღეიდან მხოლოდ მსახიობი იქნებიო.

ასე დაიწყო ამირან ქადეიშვილის მსახიობობა რაიონის თეატრის სცენაზე, იქიდან კი - კინოში და მთელმა ქვეყანამ შეიყვარა. თავად ამის გამო გულიც კი სწყდებოდა - თეატრში 120 როლი ვითამაშე, კინოში - მხოლოდ 30 და ხალხი მაინც კინოდან მიცნობსო.

მართალიც იყო. როდესაც ვერიკო ანჯაფარიძემ ამირან ქადეიშვილის სპექტაკლები ნახა, იქაურ ხელისუფლებას ერთი ამბავი აუტეხა, თქვენ არ იცით, ოზურგეთის თეატრის სცენაზე რა კაცი გყავთ, არ გაბედოთ, თეატრს თუნდაც მის გამო რამეზე უარი უთხრათო, თუმცა ამირან ქადეიშვილი მაინც კინოთი შეიყვარა საქართველომ, არადა, პროფესიული განათლებაც კი არ ჰქონდა. მას იწვევდნენ დიდი რეჟისორები და არც არასოდეს აგებდნენ. მაყურებელს რა დაავიწყებს რეჟისორ ნანა მჭედლიძის გენიალურ "პირველ მერცხალს", სადაც ფეხბურთის მატჩში დამარცხებული ამირან ქადეიშვილი გულამომჯდარი ტირის, ან ხირხალას გიორგი შენგელაიას ფილმში "სიყვარული ყველას უნდა", რომელმაც იქაურებიც კი გააკვირვა კახელის საუკეთესო განსახიერებით. ეუბნებოდნენ, შენა, ხირხალ, ალბათ, კახეთში ხარ ნაცხოვრები, თორე ე მაგ ციცქნა როლით როგორ დაგვჯაბნეო, არადა, მართლაც ასე იყო - სკოლის წლებში კახეთში გათხოვილ მამიდასთან ცხოვრობდა და მათ ხასიათსაც სწავლობდა.

მისი მეგობარი, ოზურგეთის თეატრის მსახიობი ჯემალ კეჭაყმაძე ამბობს, ხალხი ხშირად ამირან ქადეიშვილის გამო მოდიოდა თეატრშიო:

- ახალგაზრდობის მეგობარი დავკარგე. მთელი 60 წელიწადი ვიყავით ერთად ოზურგეთის თეატრის სცენაზე და მისი გარდაცვალების შემდეგ იქ შესვლა ძალიან გამიჭირდება. აღარ მყავს ამირანი, ნიჭიერი და კრისტალივით კაცი, რომელიც მთელ ოზურგეთსა და საქართველოს უყვარდა ნიჭისა და კაცობის გამო.

თავად ხშირად იტყოდა ხოლმე, მე რა ვარ, თეატრალური განათლებაც კი არა მაქვს, ნამდვილი მსახიობები ესენი არიანო და ჩამოთვლიდა მართლაც დიდ მსახიობებს, მაგრამ სინამდვილეში მათზე არანაკლები მსახიობი იყო. მთელი დარბაზი გაოცებული შესცქეროდა მის თამაშს. ის თვითმყოფადი ნიჭით იყო დაჯილდოებული და ამით ბრწყინავდა. სამშობლო განსაკუთრებულად უყვარდა. მასთან ერთად გასტროლებით ლამის ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი და ორი-სამი დღის შემდეგ ვერსად ისვენებდა - ჩემს საქართველოში უნდა წავიდეო.

- გული აწუხებდა... - ძალიან აწუხებდა და ოპერაციაც გაიკეთა. ერთხანს უკეთესად იყო და უხაროდა. მერე ექიმებმა კლიმატის გამო თბილისში გადასვლა ურჩიეს და კინაღამ გაგიჟდა, იქ რა მინდაო, თუმცა რომ ვეღარ ამოისუნთქა, ბედს შეეგუა და წავიდა. ვიცოდით, რომ იქ ცუდად იქნებოდა, მაგრამ მისი მეუღლის იმედი გვქონდა - ანზორ ერქომაიშვილის დის, რომელმაც ქმრის გამო ყველაფერი მიატოვა, მოსავლელად გაჰყვა და სიცოცხლე გაუხანგრძლივა. ალბათ, კიდევ აცოცხლებდა, რომ არა ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება. ძმებივით უყვარდათ ერთმანეთი და ამას ვერ გაუძლო. მე მგონია, იქაც ერთად იქნებიან და იქიდან მოეფერებიან იმქვეყნიურ და ამქვეყნიურ საქართველოს. ნათელში იყოს მათი სულები.